საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია "ქართული ოცნების" მოსვლისას მეც გამიჩნდა ილუზია, რომ გამარჯვებულებს, "ნაციონალებისაგან" განსხვავებით, ჩემს დიდ საწუხარს (სამეცნიეროს) გავაგებინებდი.
"რეზონანსის" მეშვეობით (2012 წლის 26 დეკემბერს) მივმართე განათლებისა და მეცნიერების იმჟამინდელ მინისტრს, მოგეხსენებათ, ამჯერად საქართველოს პრეზიდენტს და პარლემენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ივანე კუღურაძეს, რათა გამომხმაურებოდნენ დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში შექმნილი სერიოზული პრობლემების თაობაზე.
გაზეთში განცხადების დაბეჭდვას არ დავჯერდი და მომდევნო წლის დასაწყისში სამინისტროსა და პარლამენტის კომიტეტს წერილობითი სახითაც მივმართე. სამინისტროს კანცელარიაში განმიცხადეს, რომ სათანადო პასუხს ორ კვირაში მაცნობებდნენ. მაგრამ, გავიდა სამი თვე და არავითარი პასუხი არ მიმიღია.
მაშინ სამინისტროს ერთი ნაცნობი თანამშრომლის მეშვეობით ორჯერ შევხვდი მეცნიერების სამმართველოს უფროსს. ვისაუბრეთ თითქმის ერთი საათის განმავლობაში. რაც მართალია, მართალია, უკანასკნელი ჩემს საწადელს ადვილად მიმიხვდა და ჩემეული განცხადება შემდგომი მსვლელობისათვის ზემდგომ ინსტანციაში, მინისტრის პირველ მოადგილესთან გადაამისამართა.
იმხანად ეს თანამდებობა ეკავა ჩვენს ამჟამინდელ პოლიტიკაში საკმაოდ "ცნობად სახეს" (როგორც იტყვიან) დავით ზურაბიშვილს, რომელმაც ჩემი თხოვნა მიაჩუმათა. შეგახსენებთ, რომ ეს ის პირი გახლავთ, რომელიც 1995 წლის ერთ გახმაურებულ, თითქოსდა რევოლუციურ სულისკვეთების კრებულში დიდი რიხით აცხადებდა - ივანე ჯავახიშვილი საშუალო ნიჭის ისტორიკოსი იყო და ოდენ ქართული ისტორიოგრაფიის დაბალი დონის გამოისობით წარმოჩნდა დიდ ისტორიკოსადო.
გავიდა ხანი. ქართველი მარკუს ავრელიუსი (დიდ რომაელ ფილოსოფოსთან ფორმალური მსგავსების გამო, ისევე როგორც ბელარუსის პრეზიდენტი, განათლებით ისტორიკოსი, ალექსანდრ ლუკაშენკო - ჰეროდოტესთან მიმსგავსებით) სხვა თანამდებობაზე აღმოჩნდა, მინისტრობის პოსტი კი დაუტოვა თავის პროტეჟეს, როგორც ამბობენ, სპეციალური განათლებით ბუხჰალტერ თამარ სანიკიძეს.
ამჯერადაც ახალი მინისტრისაგან, ისევე როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარისაგან პასუხი კვლავაც არ ისმოდა. ამაზე ჩემი აღშფოთება გამოვხატე რეპლიკით "ბიუროკრატიული ქცევის იშვიათი ნიმუში", რომელიც ორჯერ დავბეჭდე "რეზონანსსა" და "ლიტერატურულ საქართველოში", თუმცა ამანაც არავითარი, აბსოლუტურად არავითარი შედეგი არ გამოიღო.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე "ლიტერატურულ საქართველოში" გამოვაქვეყნე ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი, სადაც მოკლედ მოვახსენებდი სათხოვარის არსს. შესაბამისი განცხადება გაზეთში გამოქვეყნებული ტექსტითურთ ჩავაბარე პრეზიდენტის კანცელარიას, რომელსაც პასუხისათვის 7 კვირის შემდეგ (27 ივნისს) მივაკითხე.
დიდად "ოპერატიულმა" კანცელარისტებმა მირჩიეს, დავკავშირებოდი ერთ-ერთ დეპარტამენტს, თითქოს მსგავს საკითხებს რომ განიხილავს. როცა აქ დავრეკე, მითხრეს, კვლავ დამეწერა განცხადება და შემეტყობინებინა ჩემი თხოვნის არსი. ამან დიდად აღმაშფოთა და, გამოგიტყდებით, უდიერად მივმართე, დავუკიდე ტელეფონიც.
მანამდე "ლიტერატურულ საქართველოში" გამოვაქვეყნე სპეციალური განცხადება ჩემი მოხსენების წაკითხვის შესახებ, რომელიც 12 მარტს უნდა გამართულიყო ეროვნულ ბიბლიოთეკის დარბაზში. გაზეთის ნომრის ჩვენებით და ზეპირი შეტყობინებითაც განათლება-მეცნიერების სამინისტროს ვამცნე, ვინმე დასწრებოდა ჩემს მოხსენებას. რასაკვირველია, იქიდან ამისთვის არავინ გარჯილა.
მოხსენებას სამოცამდე პირი (უმთავრესად ისტორიკოსები) დაესწრო, რომელთაც ერთხმად გაიზიარეს ჩვენი მეცნიერების უძველეს დარგის ჩემეული ხედვა.
და ბოლოს, გეტყვით ერთ აბსურდსაც. ამა წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით მოგვიწვიეს იმდროინდელი (1992-1995 წლების) მოწვევის პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. ვისარგებლე შემთხვევით და ჩემი სათხოვარის თაობაზე მოვახსენე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წევრს, ხშირად რომ ვხედავთ ხოლმე ტელევიზიის საშუალებით. მან მითხრა, რომ საქმეს გაეცნობოდა და აუცილებლად დამიკავშირდებოდა. მაგრამ კვლავაც "არსაიდან ხმა, არსით ძახილი".
ცხადია, ვერ წარმოვიდგენდი თუ ყოველივე ზემოთქმულს დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაში ადგილი ექნებოდა. მსგავსი რამ, ჩემი მტკიცე რწმენით, არ მოხდება არა თუ ევროპა-ამერიკასთან ოდნავ მაინც მიახლოებულ საზოგადოებაში, არამედ აფრიკის რომელიმე ქვეყანაშიც კი.
შევეცდები მკითხველებს მოკლედ აგიხსნათ ჩემი საწუხარი. საბჭოური პერიოდის მანძილზე ქართულ საისტორიო მეცნიერებაში (ეთნოლოგია/ეთნოგრაფია არქეოლოგიის ჩათვლით) თუმცა პროგრესსაც უთუოდ ჰქონდა ადგილი, მაგრამ პრიმიტიულმა ე.წ. მარქსისტულ-ლენინურმა იდეოლოგიამ და მკაცრმა ცენზურამ მკაცრი დაღიც დაასვა აღნიშნულ დარგს.
უწინ ისტორიკოსების პროფესიონალიზმი თითქოს ადვილად მისაღწევი ჩანდა, ახლა კი ძნელია სხვადასხვა მიმდინარეობათა შორის არჩევანის გაკეთების გამოისობით. დროის გამოწვევა სათანადო პასუხს ითხოვს ისტორიკოსთა და სხვათაგან, უპირველესად თეორია-მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, დღემდე მოწმენი ვართ იმისა, რომ ძველი თაობის წარმომადგენლებს - დოქტორ-პროფესორებს და აკადემიკოსებს სათანადო ქმედებანი არ ძალუძთ, უფრო ახალგაზრდები კი უკეთეს შემთხვევაში ოდენ სუროგატულ პასუხს (რეფერატულ დონეზე) ჯერდებიან, შედეგს კი ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ზოგადი ისტორია ძირითადად უწინდელი სქემით იწერება და ცვლილებებს მხოლოდ რაოდენობრივი და არა თვისებრივი ხასიათი აქვთ. ამასთანავე, ერიდებიან პრობლემური საკითხების თაობაზე დისკუსიების გამართვას.
საქმე მარტო აღნიშნულ გარემოებაში როდია. სტუდენტობას - მომავალ ისტორიკოსებსა და მეცნიერ-მუშაკებს არ მიეწოდებათ ცოდნა ისტორიის თეორია-მეთოდოლოგიის სფეროში. ასე რომ, ისინი ამ მხრივ სულაც არ დგანან წინ წინამავალ თაობებთან შედარებით. თუ ამ თვალსაზრისით მათ დიდი ხარვეზები გააჩნდათ, ვინ უშლის ხელს, რომ დღევანდელ პირობებში ის გამოვასწოროთ? თუნდაც რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე დავაარსოთ თეორიულ-მეთოდოლოგიური სემინარები, რომლებზედაც სათანადო დონის ისტორიკოსები და ფილოსოფოსები (ცხადია, თუკი ასეთები გვყვანან) სტუდენტობას გაანათლებდნენ. საჭიროა ვიზრუნოთ სათანადო ქართული სახელმძღვანელოს შექმნაზედაც.
საუბედუროდ, ჩანს, რომ ამ უბრალო გარემოებას განათლება-მეცნიერების გონებაჩლუნგ ბიუროკრატიას (თუმცა, ცხადია, ევროპელობის პრეტენზიებით) ვერ გააგებინებ. ნუთუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის ირგვლივ მყოფებმა, რომელთაც, ალბათ, ინტელექტუალურ შტაბად მიაჩნიათ თავი, ეს ვერ უნდა გააცნობიერონ? ამათგან განსხვავებით, ქართული ისტორიოგრაფიის კრიტიკულ ვითარებაზე წერდა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთ ეპისტოლეში.
რასაკვირველია, ჩვენი დღევანდელი ისტორიკოსები საერთოდ მოწოდების სიმაღლეზე რომ იყვნენ, აკადემია (ეროვნული) რომ აკადემიობდეს, უნივერსიტეტი (თსუ-ს ვგულისხმობთ) რომ უნივერსიტეტობდეს, მისი რექტორი რექტორობდეს, საქმე ამ დონეებზე მოგვარდებოდა. მაგრამ რაკი ეს არ ხდება, ჩვენი თხოვნაა, ხელისუფლება მოგვეხმაროს დისკუსიის მოწყობაში, მისი მასალების გავრცელებაში.
მოგახსენებთ, რომ პრესაში გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმადაც განზრახულია "საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტებიდან ევროპელი მკვლევარების ჩამოყვანა, მათ მიერ რეგულარული ლექცია-სემინარების ჩატარება", რომ პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მხარდაჭერით სრულდება (იხ. "ახალი თაობა", 15 მაისი, 2015). ჩანს, უპრიანად ჩათვალეს, რომ ნოვაცია ე.წ. ილიაუნიდან დაიწყონ.
თავის დროზე ნაციონალებმა ის დიდი ბედოვლათობაც დაუშვეს, რომ განათლება-მეცნიერების რეფორმა განიზრახეს შესაბამისი დარგების სერიოზული ცოდნის გარეშე, პროფანი "სპეციალისტების" მეშვეობით. ერთი სიტყვით, რეფორმები ისე ჩაატარეს, თითქოს ამ მხრივ მსოფლიოს ჩამორჩენილ ქვეყანასთან ჰქონდათ საქმე და საშველად უცხოელ ძიებს მიმართეს.
იგივენაირი ტენდენცია გრძელდება დღესაც, ახალი ხელისუფლების პირობებში. ამდენად, კვლავაც გრძელდება იგივენაირი ნიჰილისტური მიდგომა ეროვნული სამეცნიერო პოტენციალისადმი, ამით - "შინაური მღვდლისადმი დამოკიდებულების" სინდრომი.
დასასრულ იმედს ვიტოვებთ, იქნებ რამე ჩავაგონოთ მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, კერძოდ, გავაგებინოთ, რომ განათლება-მეცნიერების მართვას სათანადო ცოდნა და ნიჭი ესაჭიროება. იქნებ მათ რამენაირად შეისმინონ ჩვენი შესაბამისი ტრადიციის საფუძვლიანობა, მათ შორის, ჩვენი გამოჩენილი ფილოსოფოსისა და მეცნიერის, შალვა ნუცუბიძის 1922 წელს დაწერილი სიტყვები: "დასავლეთისათვის (!) ინტელექტუალურ დამონებას ბოლო უნდა მოეღოს. რა თქმა უნდა ეს შესაძლო გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შიგნიდან დავძლევთ დასავლურ აზროვნებას. უნდა დამტკიცდეს, რომ საამისოდ არა მარტო ისტორიული, არამედ ფაქტიური საბუთიც არსებობს."
როგორც იტყვიან, კაცი იმედით ცოცხლობს!
გურამ ყორანაშვილი