მოსაზრება
04.12.2015

რამაზ გახოკიძე

საერთაშორისო ქიმიური საზოგადოების წევრი

როგორც წინა წერილში აღვნიშნავდით, ღვინო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. დიდმა წმინდანმა სვიმონ მესვეტემ ათეულობით წელიწადი ქვის სვეტზე ფეხზე მდგომმა გაატარა. მის საკვებს მხოლოდ პურის ნამცეცები შეადგენდა, რომელსაც წმინდანი ღვინოში ასველებდა და ისე ჭამდა. კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის ლეგენდას მრავალი ინტერპრეტაცია აქვს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) იმ კლდეზე მიაჯაჭვა, რომელიც ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური იყო. ამირანი ასწლეულების განმავლობაში ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა.

საფრანგეთში, სადაც ძლიერ განვითარებულია ღვინის მოხმარების კულტურა, სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ფრანგებში ორნახევარჯერ ნაკლებია ამერიკელებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაციონალური სამზარეულოს კერძები შეიცავს ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობას. ისინი ოთხჯერ მეტ კარაქს და სამჯერ მეტ ღორის ქონს ჭამენ, მათი საყვარელი კერძია ბატის ცხიმიანი ღვიძლი და უფრო მეტსაც ეწევიან. ფრანგების რაციონი უხვად შეიცავს ხილს, ბოსტნეულს და, რაც მთავარია, წითელ ღვინოს.

ქვემოთ მოცემულია წითელი და თეთრი ღვინოების სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში.

წითელი ღვინოები. ითვლება, რომ წითელი (მშრალი) ღვინო, რესვერატროლის მაღალი შემცველობის გამო, უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი (მშრალი) ღვინო, თუმცა რესვერატროლი უფრო მეტია ყურძნის წვენში. წითელი ღვინო, საშუალოდ, შეიცავს 0,2-5,0 მგ/ლ რესვერატროლს, თეთრი ღვინო კი მნიშვნელოვნად ნაკლებს. რესვერატროლს კარგად გამოაქვს ზედმეტი წყალი ორგანიზმიდან და ასუსტებს მადას. ვინც რეგულარულად და ზომიერად სვამს წითელ ღვინოს, ნაკლებად აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და გასუქება.

წითელი ღვინო, ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, გამოიყენება ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რადიაციული დაზიანების თავიდან ასაცილებლად. იგი ასევე ზრდის კიბოს თერაპიის ეფექტიანობას. ამერიკელი მეცნიერების რჩევით, მკერდის კიბოთი დაავადებულმა ქალებმა, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას, უნდა მიიღონ ორ ბოკალამდე წითელი მშრალი ღვინო დღეში. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად 1 ჭიქა წითელი ღვინის დალევით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება. წითელი ღვინო მწეველთა ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს ჩანასახშივე ანადგურებს.

წითელი ღვინო კარგია წყლულის დროს. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. წითელი მშრალი ღვინის მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება. წითელი ღვინო იცავს კბილების ემალს, მასში შემავალი პროანტოციანიდების შემცვლელობის გამო, ბაქტერიები (მათ შორის, სტრეპტოკოკები) კბილებზე ვერ ჩერდებიან. ამიტომ წითელი ღვინის რეგულარულად მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ კარიესი. წითელი ღვინის მცირე რაოდენობა ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკს და გააჩნია ტკბილი დაგაზული სასმელების საწინააღმდეგო ეფექტი, რომლებიც იწვევს თირკმელებში ქვების დაგროვებას.

წითელი ღვინო ადუნებს და ამშვიდებს, გვეხმარება გადაღლასთან ბრძოლაში. წითელი ღვინით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის, ასევე ძალების აღდგენა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. წითელი ღვინის სამკურნალო დოზა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 50 გრამს (3 სუფრის კოვზი). შეიძლება ერთად დალევა ან 3-ჯერ დღეში სუფრის კოვზით ჭამის დროს. დასუსტებული ორგანიზმის აღსადგენად სასარგებლოა გლინტვეინის მიღება, რომლის დამზადება შესაძლებელია შემდეგი რეცეპტურით: ქვაბში ათავსებენ ათ მიხაკს, დაფქვილ მუსკატის კაკალს და დარიჩინს (შეიძლება ხილის ნაჭრების დამატებაც) ასხამენ მინიმალური რაოდენობის წყალს და ხარშავენ ნელ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში. ნახარშს აყოვნებენ გაცივებამდე. ერთ ბოთლ წითელ ღვინოს ათბობენ ქვაბში (არ ადუღებენ) და უმატებენ საკაზმს და ოთხ კოვზ თაფლს. სვამენ ბოკალებით ან ფაიფურის ფიალებით. უხდება ფხვიერი ნამცხვრები.

პროსტატის კიბოს დაავადების დაბალი დონეა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც ჭამენ ბევრ ბოსტნეულს, ხილს და ცოტა ხორცს, ხოლო წითელ ღვინოს სვამენ, როგორც მინიმუმ, ორჯერ მეტს, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 45-იდან 69 წლამდე 80 ათას მამაკაცზე ჩატარებული დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველები, რომლებიც დღეში სვამდნენ მინიმუმ ერთ ბოკალ წითელ ღვინოს, ორჯერ უფრო იშვიათად ავადდებოდნენ კიბოთი, ვიდრე მწეველები, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ დადებითი ეფექტი მხოლოდ წითელ ღვინოს ჰქონდა. თეთრს ანალოგიური თვისებები არ აღმოაჩნადა.

წითელი ღვინის დადებით თვისებად ითვლება:

- კიბოსგან დაცვა;

- ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა;

- ანემიის პროფილაქტიკა (დღეში 2 ჭიქა);

- ავიტამინოზის პროფილაქტიკა;

- ყოველდღიურად 50 გრამი ცხელი წითელი ღვინის მიღებით წარმატებით შეიძლება ტუბერკულოზის მკურნალობა;

- გაცივებასთან, პნევმონიასთან, გრიპთან, ბრონქიტთან საბრძოლველად კარგია წყლით განზავებული თბილი წითელი ღვინო (50გრამი 3-ჯერ დღეში) ან ცხელი წითელი ღვინო შაქრით ან თაფლით;

- წითელი ღვინო (სასურველია განზავებული) სპობს ხოლერის, პოლიომიელიტის, კოკსაკის, ჰერპეს-ვირუსებს.

- ფაღარათის დროს რეკომენდებულია 50 გრამი ცივი წითელი ღვინის დალევა 3-ჯერ დღეში (შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებების გამო);

- უძილობისას მიიღეთ 30 გრამი ტკბილი ან ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ძილის წინ;

- დაჟეჟილის სწრაფად აღსადგენად და ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია ცივი წითელი ღვინის კომპრესები.

ამგვარად წითელი ღვინის ორი ბოკალი შესანიშნავი საშუალებაა მთელი რიგი დაავადების პროფილაქტიკისთვის. წითელი ღვინო არა მარტო ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ ადამიანს იცავს გულის პრობლემებისგან, კიბოსგან, დიაბეტისგან, ალცჰაიმერის დაავადებისგან და ა. შ.

წითელი ღვინის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელთაც შეუძლიათ თავის ტკივილის და მძინარობის გამოწვევა, მაშინ, როცა თეთრ ღვინოს ასეთი მოქმედება არ გააჩნია. წითელი ღვინო უფრო კალორიულია, ამიტომ მისით მეტისმეტად გატაცებამ შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. წითელი ღვინო ასევე შეიცავს ალერგენებს.

თეთრი ღვინოები. მართალია, თეთრი ღვინო ანტიოქსიდანტებს მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ უკეთ შეიწოვება, ვიდრე წითელი ღვინო, რადგან თეთრი ღვინის ანტიოქსიდანტები უფრო მცირე ზომისაა.

თეთრი ღვინის სასარგებლო თვისებებია:

- აძლიერებს მადას;

- ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭის ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებას;

- აფართოვებს სისხლძარღვებს;

- აძლიერებს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციას;

- ანადგურებს ბაცილებს კუჭ-ნაწლავში;

- იცავს გულის კუნთს;

- აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას;

- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას;

- სასარგებლოა ანემიის დროს (მძიმე ფორმის დროს შეიძლება დღეში ორი ჭიქის მიღება ჭამის დროს, არა უმეტეს ერთი კვირისა).

თეთრი ღვინის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი აზიანებს კბილებს. ასეთი ღვინო, როგორც წესი, მომატებული რაოდენობით შეიცავს შაქარს და მჟავებს, რაც იწვევს ემალის დაშლას. თეთრი ღვინის დიდი რაოდენობით მიღება არღვევს ღვიძლს, თირკმელებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითად ფუნქციებს და იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს. ასეთი ღვინის მიღება არ შეიძლება დიაბეტის, ნიკრისის ქარის, ღვიძლის და თირკმლების ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში.

ღვინით მკურნალობისას აუცილებელია ისეთი პროდუქტების შემცირება, როგორებიცაა: ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილი, შაქარი; უნდა გაიზარდოს მცენარეული საკვებისა და ზღვის პროდუქტების მოხმარება. ღვინით მკურნალობა უკუნაჩვენებია მისთვის, ვისაც აწუხებს ღვიძლი, თორმეტგოჯა ნაწლავი, კუჭის წვნის მაღალი მჟავიანობა. ენოთერაპია კატეგორიულად ეკრძალებათ ალკოჰოლიკებს, ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს, რადგან სპირტს, ბავშვის ორგანიზმში მოხვედრისას, შეუძლია გამოიწვიოს თავის და ხერხემლის ტვინის შეუქცევადი დაზიანება.

ღვინო უნდა იყოს სუფთა და ნატურალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. ალბათ, გახსოვთ, დონ კიხოტის რჩევით სანჩო პანსამ ღვინოში წყლის შერევისთვის სიკვდილით დასჯა დააწესა.

მოგვყავს საოჯახო პირობებში ღვინის ხარისხის შემოწმების რამდენიმე ხერხი: 1. ღრმა თასი გაავსეთ წყლით, მოათავსეთ ღვინო მცირე ზომის სინჯარაში ან რომელიმე ვიწროყელიან ჭურჭელში. სინჯარას დააფარეთ თითი და ჩადევით წყალში. შემდეგ მოაცილეთ თითი. სუფთა ღვინო არ უნდა შეერიოს წყალს განსხვავებული სიმკვრივის გამო. სასმელი თუ შეღებავს წყალს, მაშინ იგი ფალსიფიცირებულია. 2. ღვინოს დაამატეთ გლიცერინი (ხუთი ერთთან თანაფარდობით) და დაელოდეთ ჭიქის ძირზე ნალექის წარმოქმნას. ღვინო თუ ხარისხიანია, ცვლილება არ ხდება, თუ ნაყალბევია, მაშინ გლიცერინი იძენს ყვითელ, წითელ ან იისფერ ელფერს. 3. ბოთლი მკვეთრი მოძრაობით გადაატრიალეთ ყელით ქვევით და პირუკუ. გავხედოთ სინათლეზე. ბევრი ნალექის წარმოქმნა ღვინის ცუდ ხარისხზე მიუთითებს. მაღალი ხარისხის ღვინო, ჩვეულუბრივ, შეიცავს მცირე რაოდენობით ღვინის ქვის ნალექს, რომელიც შენჯღრევის შემდეგ სწრაფად ილექება ფსკერზე. 4. ბოთლი შეანჯღრიეთ როგორც ზემოთ არის ნაჩვენები და ღვინო ჩამოასხით ბოკალებში. ყურადღება მიაქციეთ ქაფს. ხარისხიან ღვინოში იგი ცენტრში გროვდება და სწრაფად ქრება. სასმელი თუ ყალბია, მაშინ ქაფი დიდხანს ილექება კედლებზე. 5. ჯამში ჩაყარეთ მცირე რაოდენობით სოდა და დაასხით ჩაის კოვზი წითელი ღვინო. ხარისხიანი ღვინის ფერი შეიცვლება, გამუქდება, რუხი ან მოცისფრო გახდება. 6. ღვინოში ხელოვნური საღებავის აღმოსაჩენად ცარცზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ღვინო და დააყოვნეთ. გაშრობის შემდეგ ლაქა თუ გაუფერულდა, ღვინო ხელოვნურ საღებავებს არ შეიცავს, ხოლო ლაქამ თუ ფერი არ შეიცვალა, მაშინ საღებავებს შეიცავს. 7. განზავებულია თუ არა ღვინო წყლით, შეგიძლიათ დაადგინოთ ღვიის საშუალებით. ღვინიან ჭიქაში მოათავსეთ ღვიის რამდენიმე კენკრა და დააკვირდით მათ ქცევას. ზედაპირზე თუ იტივტივებს, მაშინ ღვინო არ არის განზავებული, ფსკერზე თუ ჩაიძირება, მაშინ წყალი აქვს დამატებული. 8. ღვინო მცირე რაოდენობით ჩაასხით ჭიქაში და ღიად დატოვეთ რამდენიმე დღე. ღვინო თუ ნატურალურია, დროთა განმავლობაში მოფრინდებიან ხილის ღინღლები და ზედაპირზე გაჩნდება ობის სოკო. ქიმიურ სუროგატს კი ქინქლები ახლოსაც არ ეკარებიან. 9. ბოკალში ღვინის ბრუნვისას კედლებზე ჩამოდენილი წვეთების კვალი თუ გაჩნდა, ღვინო საკმაოდ მკვრივია, რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. 10. ზოგიერთი თეთრი ღვინო შეიცავს ნახშირორჟანგის ბუშტუკებს, რაც წარმოადგენს დუღილის პროცესში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ნარჩენებს, რომელიც ბოთლის გახსნის შემდეგ თავისუფლდება. ნახშირორჟანგის ბუნებრივი შემცველობა მიუთითებს, რომ ღვინო ახალი და საღია. 11. კარგი ღვინო პირველივე ყლუპიდან არ ათრობს, დალევის შემდეგ არ ტოვებს სპირტის გემოს და დიდხანს ინარჩუნებს სურნელებას. 12. და კიდევ ერთი მაჩვენებელი. კარგი ღვინო არ შეიძლება ძალიან იაფი ღირდეს.

საქართველოში, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობის აკვანს უწოდებენ, ღვინო ერთ-ერთ უძველეს სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. მას მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა, გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით. უპირატესობა წითელ ღვინოს ენიჭებოდა. ქართული ღვინოები ხასიათდება დიაბეტის, გლაუკომის, თირკმლების, ღვიძლის, ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემის სამკურნალო თვისებებით. სისხლძარღვთა დაავადებისას სასარგებლოა მინერალური წყლით განზავებული რქაწითელი.

ღვინის ხარისხი ვენახში იწყება. ვაზს ძალიან ბევრი დაავადება და მავნებელი უჩნდება, ამიტომ პესტიციდების გამოყენების გარეშე ვაზის მოსავალი თითქმის მთლიანად დაიღუპება. არ არსებობს ადამიანისთვის უვნებელი პესტიციდი. ჭრაქის საწინააღმდეგო ყველაზე გავრცელებული პრეპარატი შაბიამანიც კი კანცეროგენურია, ე.ი. იწვევს კიბოს.

ძველად ჩვენში ვაზი არ იწამლებოდა და მოსავალიც ხარისხიანი იყო. პირველად ვაზის მავნებელი მწერი ფილოქსერა საქართველოში შემოვიდა ამერიკიდან ყ|ყ საუკუნის ბოლოს. ამერიკული ვაზი გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც მას ფილოქსერისგან იცავს, თუმცა ამერიკული ვაზის ყურძენი ბევრად ჩამოუვარდება ჩვენსას. ევროპაში ვაზის მოწამვლა მკაცრად არის რეგლამენტირებული, ჩვენთან კი უკონტროლოა და მევენახეები ხშირად წელიწადში 12-13-ჯერ წამლავენ. 1948 წელს პოლ მიულერს დდტ-ს (იგივე დუსტი) პესტიციდური აქტიურობის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიენიჭა. ერთი წლის შემდეგ აშშ-ში აიკრძალა მისი გამოყენება, რადგან მაღალი კანცეროგენური (კიბოს წარმომქნელი) აქტიურობა აღმოაჩნდა. როგორც ცნობილია, თელავსა და სხვა ქალაქებში დდტ, სამწუხაროდ, დღესაც იყიდება!

ღვინის მაღალ ფასს მსოფლიო ბაზარზე განსაზღვრავს ეკოლოგიური სასუფთავე და რესვერატროლის შემცველობა. 2000 წელს სან-ფრანცისკოს (აშშ) ღვინის მაღაზიაში ვნახე, რომ ერთი ბოთლი (0,75ლ) ღვინო ღირდა 900 დოლარი. ჩემი გაოცება რომ შეამჩნია, გამყიდველმა მეორე ბოთლი მაჩვენა, რომლის ფასი 1500 დოლარი იყო. მაშინ დავინტერესდი რესვერატროლის შემცველობით ქართულ ღვინოებში. პროფ. ნ.შაყულაშვილის მონაცემებით, რესვერატროლის შემცველობა ჩხავერში შეადგენს 20,5 მგ/ლ-ს, საფერავში - 16 მგ/ლ-ს, მაშინ, როცა სახელგანთქმულ ფრანგულ კაბერნეში მისი შემცველობაა 12,4 მგ/ლ-ია. შესანიშნავი მეცნიერის გ. ელიავას მიერ გამოვლენილი და აღწერილია ათეულობით უძველესი კოლხური ვაზის ჯიში, რომელთა ნაწილის შენარჩუნება მოხერხდა "ბიორაგის" გამოყენებით. წინასწარი მონაცემებით, შესაძლებელია მათგან ისეთი ჯიშების შერჩევა, რომელთაგან წარმოებული ღვინოები, მათი უნიკალური ქიმიური შემცველობის გამო, კონკურენტუნარიანი გახდება მსოფლიო ბაზარზე.

ქართულ ღვინოებში რესვერატროლის მაღალი შემცველობა, ბიოგენეტიკური წარმოშობისა და სპეციფიკური აგროკლიმატური პირობების გარდა, დამოკიდებულია ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზეც. მაგალითად, ევროპული ტიპის თეთრი ღვინის დაყენება, კახურისგან განსხვავებით, ხდება უჭაჭოდ. რადგან რესვერატროლს შეიცავს ყურძნის კანი, ამიტომ უჭაჭოდ დაყენებულ ღვინოში იგი, პრაქტიკულად, არ გვხვდება. ევროპული ტიპის წითელი ღვინის დაყენების დროს კი ტკბილის სპირტულ დუღილში მონაწილეობს ყურძნის მარცვლის სტრუქტურული ელემენტები (კანი, რბილობი, წიპწა), ხოლო კახური ტიპის წითელი ღვინის დაყენების დროს ზემოჩამოთვლილი კომპონენტების გარდა, დამატებით მონაწილეობს კლერტი.

ღვინის ხარისხს არანაკლებ განაპირობებს მისი დავარგების ადგილი. ღვინის დაყენება ქვევრში პირველად საქართველოში დაიწყეს. მიწაში ჩაფლულ ქვევრში ალკოჰოლური დუღილისთვის აუცილებელი მუდმივი ტემპერატურაა (13-15 გრადუსია). მასში ბუნებრივად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნებში სპეციალური დანადგარებით და რეაქტივებით ახორციელებენ. ყ|ყ საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შემოიტანეს ევროპული მუხის კასრი. ის მარტო ჭურჭელი არ არის, იგი ღვინის დავარგებაშიც მონაწილეობს და აუმჯობესებს გემოს.

საქართველოში ვაზი ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, რადგან ზიარებისას მიღებული ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. საქართველოს გარდა არსად არსებობს ვაზის ჯვრის კულტი. მრავლად გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესიებში. მეფე დემეტრე |-მა საგალობელი "შენ ხარ ვენახი" ღვთისმშობელს მიუძღვნა. ძველ საქართველოში ღვინო ღვთის შესაწირავი იყო. მეზვრე ვენახს რომ მოკრეფდა და დაწურავდა, ერთ ქვევრ ზედაშეს საყდრის ეზოში ჩაფლავდა რომელიმე წმინდანის სახელზე. ქვევრი მხოლოდ ხატობაში მოიხდებოდა და ამ ღვინით ადიდებდნენ იმ წმინდანს, ვის სახელზედაც იყო ზედაშე ჩამოსხმული.

ღვინო, როგორც თვით ცხოვრების კვინტენსეცია, სამყაროზე დაკვირვების პრიზმაა. იგი, პირველ რიგში, იმ ადგილის ინფორმაციას ატარებს, სადაც იშვა. თუ გსურს შეიგრძნო ქართული ღვინო, უნდა იცნობდე ხალხურ მუსიკას, პოეზიას... ღვინო მხოლოდ შაქრის, მჟავებისა და ექსტრაქტულ ნივთიერებათა განსაზღვრული რაოდენობის შემცველი პროდუქტი როდია. იგი ყურძენში მატერიალიზებული მზეა! ამიტომაც ამბობენ, ყურძენს თავის პატრონის ჩრდილიც უყვარსო. ღვინოს, როგორც მეგობარს, ისე სჭირდება ალერსი. მაშინ კი თვითონაც გაგიხსნის გულს, თავის ყველა ღირსებით წარმოჩინდება და სიცოცხლესაც, პოეტის თქმისა არ იყოს, "უანკარეს ღვინისფრად" გიქცევს, "რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია".

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×