თურქეთში გამომავალ გაზეთ "ჯუმჰურიეთის" მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და ამავე გაზეთის ანკარის წარმომადგენელი ერდემ გიული ქალაქებში ადანაში და ჰატაიში თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერებით იარაღის გადაზიდვასთან დაკავშირებით მომზადებული სტატიის გამო დააპატიმრეს.
მათ ბრალად ედებათ "ტერორისტული ორგანიზაციის შეგნებულად და ნებაყოფილობით დახმარება მასში გაწევრიანების გარეშე"და "გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის ჯაშუშობის მიზნით მოპოვება და გახმაურება". ასეთი მძიმე ბრალდების მთავარი მტკიცებულება კი მხოლოდ გაზეთის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციაა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავის მოკლე გამოსვლაში დუნდარი ამბობდა:
"არ ინერვიულოთ, ეს ჩვენთვის ღირსების მედალია. შიგნითაც და გარეთაც ბრძოლას გავაგრძელებთ", - ასე მიმართა კოლეგებს დაპატიმრებისას "ჯუმჰურიეთის" მთავარმა რედაქტორმა.
როგორც დუნდარმა აღნიშნა, მის წინააღმდეგ საჩივარი თავად პრეზიდენტ ერდოღანმა შეიტანა,
"ხელისუფლება თუ იტყუება, საზოგადოებას ამის ცოდნის უფლება აქვს. ჩვენ ამ უფლების დასაცავად მოვედით. ჩვენ ჯაშუშები და მოღალატეები არ ვართ, ჩვენ ჟურნალისტები ვართ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თავიდან ბოლომდე მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობაა. მათ წინაშე იოლად გასაჩუმებელი გაზეთი და ჟურნალისტები არ არიან", - განაცხადა ჯან დუნდარმა.
ადანაში და ჰატაიში ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერების ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ჯუმჰურიეთმა" მაისში გამოაქვეყნა. კამერით გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ ტრაილერებიდან ჯერ სამედიცინო პრეპარატების ყუთები გამოჰქონდათ, ყუთების ქვეშ კი ხელყუმბარებისა და ნაღმმტყორცნების გარდა კონტეინერებში მძიმე ტყვიამფრქვევის ტყვიები იყო.
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სტამბულის მთავარი პროკურორის მოადგილე ირფან ფიდანმა "ჯუმჰურიეთის" წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
"ამ ინფორმაციის გამომქვეყნებელ ადამიანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება, ამას ასე არ დავტოვებ", - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზო პროგრამაში მონაწილეობისას.
თურქ ჟურნალისტთა დაკავება კრიტიკულად შეაფასეს ვაშინგტონში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია:
"ჩვენ შეშფოთებული ვართ ავტორიტეტული თურქული გაზეთის "ჯუმჰურიეთის" წამყვან რედაქტორთა დაკავებით. გამოძიება, მათთვის წაყენებული ბრალი და დაკავება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია თურქეთის ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპებისადმი".