რამაზ გახოკიძე
ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი
დიდი ექიმი ჰიპოკრატე ამბობდა: "ღვინო სასწაულებრივად ეგუება ჯანმრთელობასაც და ავადმყოფობასაც, თუ იგი დროულად დაინიშნება სათანადო რაოდენობით". მან შეადგინა ღვინოების კლასიფიკაცია და მიუთითა რომელი ღვინო, როგორი პროპორციით და რა დაავადების დროს უნდა იქნას გამოყენებული. შინაგანი მოხმარების გარდა, ძველბერძენი მკურნალი რეკომენდაციას იძლეოდა ღვინო გამოყენებული ყოფილიყო კომპრესებისთვის, ჭრილობის სამკურნალოდ, ასევე რევმატული ტკივილების დროს. ძველმა ბერძნებმა შემოიღეს ტერმინი: "სამედიცინო ღვინოები". ღვინის სამკურნალო თვისებებზე წერდნენ: გალენი, ავიცენა, პარაცელსი და სხვები. "ღვინო ყველაზე ჯანმრთელი და ჰიგიენური სასმელია", - აღნიშნავდა ლუი პასტერი.
ყურძენს და მისგან მიღებულ ღვინოს, მათი უნიკალური ქიმიური შედგენილობის გამო, ახასიათებს პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებები. ღვინო ბიბლიაში განიხილება როგორც ადამიანისთვის აუცილებელი პროდუქტი, როგორც ღვთის საჩუქარი. ფსალმუნში ნათქვამია, რომ იგი "ახალისებს ადამიანის გულს" (ფს.103:15). მოციქული პავლე, თავის მოწაფეს ტიმოთეს ურჩევს: "ნუღა სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურობის გამო" (1.ტიმ. 5:23). ებრაელები ყოველი ჭამის წინ სვამდნენ განზავებულ ღვინოს. ჰომეროსის ილიადაში ნახსენებია ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ასმევდნენ ღვინოს და ღვინით უმუშავებდნენ ჭრილობებს. პლატონი ღვინოს მოხუცების რძეს ეძახდა.
ძველად ქოლერისგან თავს წყალგარეული წითელი ღვინით იცავდნენ. არსებობს მკურნალობის სპეციალური დარგები: ენოთერაპია (ღვინით მკურნალობა) და ამპელოთერაპია (ყურძნით მკურნალობა). დადგენილია, რომ ყურძენი და ღვინო იცავს ორგანიზმს რადიაციული დაზიანებისგან, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებისგან, სტრესებისგან, დაბერებისგან. წითელი ღვინო კიბოს დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ღვინო საუკეთესო გერონტოლოგიური პროტექტორია, განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთა ძილის ნორმალიზაციისა და ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციისთვის. ღვინის ზომიერი მოხმარება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის ალბათობას ამცირებს 40%-ით, ხოლო ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული საკვდილიანობისას - 20%-ით.
ღვინოში, ისევე როგორც ნებისმიერ რთულ ბიოქიმიურ სისტემაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს რთული ქიმიური პროცესები და, როგორც ყველა ცოცხალი სისტემა, გადის სასიცოცხლო ციკლის ხუთ ეტაპს: ახალგაზრდა ღვინის წარმოქმნა, მისი ფორმირება, მომწიფება, დაბერება და კვდომა. ღვინო შეიცავს ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც გახსნილია ბიოლოგიურად სტრუქტურირებულ წყალში. წითელი ღვინო შეიცავს 600-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, აღსანიშნავია ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა), ვიტამინები (ს, ზზ, ი1, ი2, ი5, ი6); მჟავები (ღვინის, ვაშლის, ლიმონის, ქარვის, რძის, აქროლადი მჟავები); მიკრო და მაკროელემენტები (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, კობალტი, რუბიდიუმი, ტიტანი, ოქრო, იოდი, ფტორი). წითელ ღვინოში აღმოჩენილია სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ამინმჟავა.
ზემოჩამოთვლილი ნივთიერებების გარდა, ბიოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა პოლიფენოლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ღვინის გემოს და ფერის წარმოქმნაში. მათი შემცველობა 1 ლიტრ წითელ ღვინოში 0,5 გრამამდეა, ხოლო თეთრში - 5-ჯერ ნაკლები. პოლიფენოლები ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ე.ი. გააჩნია თავისუფალი რადიკალების - უჯრედების დამაზიანებელი ნაწილაკების შებოჭვის უნიკალური თვისება. თავისუფალი რადიკალები ორგანიზმის დაბერების, ავთვისებიანი და გულსისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მიზეზია. პოლიფენოლებს წითელი ღვინო შეიცავს დაახლოებით 2500 მგ/ლ-ს, თეთრი - 10-ჯერ ნაკლებს, რაც გამოწვეულია გადამუშავების დროს წითელი ყურძნის კანთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტით. პოლიფენოლებს დიდი ოდენობით შეიცავს წიპწა (60%-ს, მარცვლის კანი - 20%-ზე მეტს), რის გამოც წიპწის ზეთი კარგად ატენიანებს კანს, ათავისუფლებს თავისუფალი რადიკალებისგან, აფერხებს დაბერებას.
პოლიფენოლებიდან აღსანიშნავია: ფენოლური მჟავები, რომლებიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებს, ახასიათებს ანტიბაქტერიული, კარდიოტონიკური, დიურეტიკული აქტიურობა.
ფლავანოიდები, რომელთაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტივირუსული და ანტიკანცეროგენური თვისებები, სელენზე, ს და უ ვიტამინებზე ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ისინი აფერხებენ თრომბების წარმოქმნას სისხლძარღვებში, აქვეითებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, გულსა და ღვიძლს იცავენ დაავადებებისგან, ხელს უწყობენ ფილტვების მუშაობას და იცავენ ანთებისგან. ფლავონოიდებიდან აღსანიშნავია კვერცეტინი, რუტინი, ცინინდინი. კვერცეტინი ხელს უშლის სისხლის შედედებას და ათეროსკლეროზის განვითარებას. რუტინი გამოიყენება ვენების ვარიკოზური გაგანიარების და სისხლძარღვთა დისტონიის სამკურნალოდ, ათეროსკლეროზის პროფილაკტიკისთვის.
ფლავონოიდების მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია კატეხინები, რომლებიც აძლიერებს იმუნტეტს და ახასიათებს ზ-ვიტამინური, კაპილარების გამაფართოვებელი, ანტივირუსული თვისებები. პოლიფენოლებს შორის ყველაზე აქტიურად ითვლება ეპიკატეხინგალატი. იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ახასიათებს მავნე ნივთიერებათა დეტოქსიკაციის გამაძლიერებელი აქტიურობა, რის გამოც მნიშვნელოვნად აქვეითებს სარძევე ჯირკვლების, პროსტატის, ნაწლავების და ა.შ. სიმსივნეების განვითარების რისკს.
ანტოციანები - ფლავანოიდების ყველაზე აქტიური ჯგუფი - წითელი ღვინოების ძირითადი საღებავი ნივთიერებებია. ისინი იცავენ კოლაგენის (ცილა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილს სიმტკიცეს ანიჭებს) სტრუქტურას, ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. მათი ანტიოქსიდანტური აქტიურობა უ ვიტამინზე 50-ჯერ მეტია, ს ვიტამინზე კი 20-ჯერ მეტი. ისინი მცირე რაოდენობითაც კი ავლენენ ანტიბიოტიკების თვისებებს და ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მათთანაა დაკავშირებული გულსისხლძარღვთა დავადებათა (მათ შორის, მიოკარდის ინფარქტის) თავიდან აცილება, სისხლში ქოლესტერინის შემცირება, მიკროცირკულაციის გაუმჯობესება.
ბიოლოგიური თვალსაზრისით მაღალი აქტიურობით გამოირჩევა სტილბენები, რომელთაც მიეკუთვნება რესვერატროლი. მას გამოყოფს ზოგიერთი მცენარე პარაზიტების, სოკოების და ბაქტერიების, ასევე ექსტრემული პირობების (მაგალითად, დაბალი ტემპერატურები, ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება) საწინააღმდეგოდ. იგი შედის კაკაოში, ნიგოზში, თხილში, არაქისში, შტოშში, ჟოლოში, მოცვში, სოკოებში. ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ყურძნის კანში. რესვერატროლს გააჩნია მრავალმხრივი მოქმედება: იგი ანტიოქსიდანტია; ნორმაში მოყავს ქოლესტერინის დონე სისხლში; ახასიათებს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება (აშშ-ში ილინოისის შტატის მეცნიერთა გამოკვლევებით, რესვერატროლი 50%-ით ზრდის სარძევე ჯირკვლების, ღვიძლის, კუჭის და პროსტატის კიბოს მკურნალობის ეფექტიანობას); ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ამცირებს თრომბოციტების შეწებებას და, შესაბამისად, თრომბოზის განვითარებას; ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას; აფერხებს დაბერებას; ზრდის სტრესებისადმი ორგანიზმის მდგრადობას; აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს; ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების - ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებათა განვითარების რისკს; ავლენს სიმსივნისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს. რესვერატროლი დადებით გავლენას ახდენს მიტოქონდრიის - უჯრედის ე.წ. ენერგეტიკული სადგურის - მუშაობაზე, რომლის მთავარი ფუნქციაა ორგანულ ნივთიერებათა დაჟანგვა და მათი დაშლით გამოყოფილი ენერგიის გამოყენება ორგანიზმის მიერ. როცა თაგვებს გაუკეთეს რესვერატროლის ინექცია, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-50%-ით გაიზარდა.
გარდა ზემოჩამოთვლილი ნივთიერებებისა, ღვინო, როგორც ალკოჰოლური სასმელი, შეიცავს ეთილის სპირტს (ღვინის სპირტი). იგი ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივი პროდუქტია, ადამიანის სისხლსა და ქსოვილებში (თუნდაც აბსოლუტურად არ სვამდეს) შედის 30-დან 60 მგ/ლ-მდე რაოდენობით.
ეთილის სპირტი კანცეროგენია, თუმცა მცირე რაოდენობით მიღებისას (არა უმეტეს 30-50 მლ დღეში) ავლენს სასარგებლო გავლენას გულსა და სისხლძარღვებზე. კიბოს წარმოქმნას იწვევს ეთილის სპირტის მეტაბოლიტური გარდაქმნით წარმოქმნილი აცეტალდეჰიდი (ძმრის ალდეჰიდი), რომელიც უშუალოდ უკავშირდება დნმ-ს და იწვევს მის მოდიფიცირებას. ალკოჰოლის ხშირი მოხმარებით ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ძმრის ალდეჰიდი გროვდება ღვიძლში, რასაც დროთა განმავლობაში შეუძლია სერიოზული დაავადებების, მათ შორის, ციროზის გამოწვევა.
ღვინის ზომიერად მიღება სისხლში ზრდის "კარგი" ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) შემცველობას და ორგანიზმიდან გამოაქვს "ცუდი" ქოლესტერინი (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები), რითაც ორგანიზმს იცავს ინსულტისა და ინფარქტისგან. ქოლესტერინი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის, მონაწილეობს უჯრედების შექმნაში. მის გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია ვ ვიტამინის, სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. იგი აუცილებელია სეროტონინის (სიხარულის ჰორმონი) გამოსამუშავებლად, რაც კარგ განწყობას იწვევს. მისი ნაკლებობით ვითარდება დეპრესია და სუიციდისადმი მიდრეკილება. ამერიკელებმა სენსაციური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც გადაჭარბებული მკურნალობით მინიმუმამდე დაუყვანეს ქოლესტერინის დონე, ყველაზე ხშირად ვარდებოდნენ დეპრესიაში და საცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდნენ. ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი მჭიდროდ არის დაკავშირებული "ცუდ ქოლესტერინთან", ვიდრე საერთო ქოლესტერინთან. "კარგი ქოლესტერინი" ახორციელებს ცხიმების, მათ შორის, საერთო ქოლესტერინის, გადატანას ერთი უჯრედიდან მეორე უჯრედში, მაგალითად, სისხლძარღვებიდან, გულის კუნთიდან, ტვინის არტერიებიდან და სხვა პერიფერიული ორგანოებიდან - ღვიძლში, სადაც ქოლესტერინიდან წარმოიქმნება ნაღველი.
ქალები, რომლებიც ზომიერად სვამენ ღვინოს, უფრო სწრაფად ორსულდებიან, რადგან ღვინო გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ყოველდღიურად 200 მლ ღვინო ქალს იცავს გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისგან და ანელებს დაბერების პროცესს. შვედი მეცნიერების მიერ 40 წლის განმავლობაში 1500 ქალზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ ქალებში, რომლებიც პერიოდულად მოიხმარდნენ ალკოჰოლს, ასაკობრივი ჭკუასუსტობის შემთხვევები, პრაქტიკულად, არ გვხვდება.
კავკასიაში ძველად ღვინის კასრებში ათავსებდნენ გახურებულ დანებს და უჟანგავი ფოლადის ნივთებს. ღვინო ცხელდებოდა და სპირტი ორთქლდებოდა. ასეთ სასმელს აძლევდნენ ბავშვებს ნივთერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, ასთენიის სამკურნალოდ. დეალკოჰოლიზებული თეთრი ღვინო სატონიზებელი საშუალებაა. მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიის ჰოსპიტლებსა და სანატორიუმებში ღვინო შედიოდა აუცილებელი კვების რაციონში. ღვინოს, სამკურნალო თვისებების გასაძლიერებლად, უმატებდნენ ნიგვზის ნაყოფისა და ფოთლების გამონაწურს. ამ პროცედურის შედეგად ღვინოში მკვეთრად იზრდება ს ვიტამინის შემცველობა და, შესაბამისად, მისი სამკურნალო ეფექტი.
ღვინოს ახასიათებს გამოკვეთილი ანტიბაქტერიული, ასევე კიბოს და შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები, აფართოვებს სისხლძარღვებს და აქვეითებს წნევას, დაბერებისგან იცავს თვალის ბადურას, აუმჯობესებს სისხლს. ეპიდემიების დროს იმ ადამინთა შორის, რომლებიც რეგულარულად იღებენ ღვინოს, ბევრად დაბალია სიკვდილიანობა. ღვინო ანადგურებს ტუბერკულოზის, ხოლერის, მალარიის და ა.შ. გამომწვევ მიკრობებს. იგივე ეფექტს იძლევა ორჯერ წყლით განზავებული ღვინოც. მშრალი, სუფთა ღვინო კარგად კლავს წყურვილს. ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაცივების და ქრონიკული დაავადებების (გრიპი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება და სხვა) დროს. ამ დროს სასურველია მიიღოთ გლინტვეინი და ცხელი წითელი ღვინო სანელებლებთან და შაქართან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს სასარგებლოა მთრიმლავ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის მქონე წითელი ღვინოები. ასეთი ღვინოები ავლენს შემახორცებელ მოქმედებას კუჭის წყლულის და ნაწიბურების შემთხვევებში.
ექიმები დიდხანს ფიქრობდნენ, გულსისხლძარღვთა დაავადებათა დონე ბევრად დაბალი რატომ არის საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში, ვიდრე მეზობელ ევროპულ ქვეყნებში. მათი ნაციონალური სამზარეულო კერძები შეიცავს ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობას, რასაც აყოლებენ წითელ ღვინოს. მისი რეგულარული მოხმარება იცავს არტერიის კედლებს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. მცირე რაოდენობით ღვინის მიღება ძილის წინ, მასში მელატონინის (ძილის ჰორმონი) შემცველობის გამო, კარგად მოქმედებს უძილობის დროს.
ღვინოს ორგანიზმიდან გამოყავს წიდები და ტოქსინები. ღვინო აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ინფექციური დაავადებებისადმი გამძლეობას. დანიელი მეცნიერების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ორ ბოკალ ღვინოს შეუძლია გრიპის ხუთი ნაირსახეობის დამარცხება. ფრანგი მეცნიერების დაკვირვებით, ჭამის დროს დღეში ორი-სამი ბოკალი ღვინის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ავლენს სატონიზებელ ეფექტს, ანტიბაქტერიულ თვისებებს. რატომ ურჩევენ დიეტოლოგები ღვინის დალევას სწორედ ტრაპეზის დროს? ცარიელ კუჭში მოხვედრისას ღვინო მაშინვე იწოვება სისხლში, რაც ცუდად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ღვინო კარგად აითვისება და ამჟღავნებს საუკეთესო თვისებებს თუ წინასწარ მიიღებთ ყველს, კარაქს, ქონს ან ერთ კოვზ ზეითუნის ზეთს.
ნახევრად ტკბილი წითელი და თეთრი ღვინოები, გაჯერებული ნახშირორჟანგით 2 ატმოსფერულ წნევაზე, რეკომენდებულია მიოკარდის ინფარქტის, გრიპის, მალარიის, გულის უკმარისობის დროს. ნერვული სისტემის მოშლის შემთხვევაში კარგია გაცივებული მშრალი შამპანური. ცივი შამპანურით შეიძლება განუწყვეტელი გულისრევის შეჩერებაც. შამპანური ასევე აძლიერებს მადას ციებისა და ტუბერკულოზის დაავადებათა დროს და აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას სასუნთქი ცენტრის აგზნებით. იგი ასევე კარგია ხოლერის და სისხლის დიდი რაოდენიბით დაკარგვის შემთხვევებში. მსუბუქი ღვინოები (განსაკუთრებით შამპანურის ღვინოები) ამაგრებენ დასუსტებული გულის მუშაობას. მავნებელია შამპანურის უზმოზე დალევა, რადგან იწვევს მჟავიანობის მომატებას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებას. ფრანგმა პარფიუმერებმა დაიწყეს შამპანურის დამატება სახის კრემში, რადგან მასში შემავალ პოლიფენოლებს შეუძლია კანის გაახალგაზრდავება და კოსმეტიკაში გამოყენებული ბოტოქსის შეცვლა. შამპანურის აბაზანები დიდხანს უზრუნველყოფს კანის სინორჩეს და სიმკვრივეს. კანის გასაახალგაზრდავებლად და თმების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა საღამოს ნახევარი ჭიქის მიღება.
მშრალი ღვინოებით შეიძლება ავიტამინოზის მკურნალობა. ცნობილია, თირკმლის კენჭოვან დაავადებას მკურნალობენ ვერმუტით. ათეროსკლეროზის დროს გამოიყენება წყლით განზავებული 0,4ლ ღვინო (1/3 ღვინო 2/3 წყალზე) ყოველდღიურად. ღვინის გამოყენება შეიძლება ონკოდაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. როგორც ფრანგი და ამერიკელი ექიმების გამოკვლევებმა აჩვენა, ისინი, რომლებიც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ლოთები ან არამსმელები.
ტიფის ნებისმიერი გამომწვევი მშრალ ღვინოში რამდენიმე წუთში იღუპება. ძლიერ განზავებულ ღვინოშიც კი იღუპებიან ხოლერის ვიბრიონები. წყლით განზავებული ღვინის მიღება მიზანშეწონილია დიზენტერიისა და კუჭ-ნაწლავთა სხვა დაავადებების დროს.
სასარგებლოა ღვინის მიღება მოგზაურობისას, მაგალითად, გადაფრენის დროს, როცა იცვლება საათის სარტყელი, რადგან კლიმატის ცვლილებისას ხდება ორგანიზმის გაუმარილება და მარილოვანი ბალანსის აღსადგენად აუცილებელია გამგზავრების დღეს და მომდევნო დღეს დაახლოებით 0,75ლ მშრალი ღვინის მიღება.
ბევრი ფიქრობს, რომ ღვინის მოხმარება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. წნევის აწევა მხოლოდ იმ პირებს აღენიშნებათ, რომლებიც სამ ბოკალზე მეტ ღვინოს სვამენ ყოველდღე. ისინი, რომლებიც ღვინოს არ სვამენ, 40%-ით უფრო მაღალი წნევა აქვთ, ვიდრე მათ, რომლებიც ზომიერად მოიხმარენ ღვინოს.
ღვინოს სარგებლობა მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა ზომიერად სვამენ. ნახევარ ლიტრზე მეტი ღვინის (ქალებისთვის ამის ნახევრის) ყოველდღიურად მიღებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. ღვინის უზომოდ სმა იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ღვიძლის მუშაობის, ფსიქიკის დარღვევებს.
სასარგებლო თვისებები არ გააჩნია ყურძნის გავრცელებულ ჰიბრიდულ ჯიშებს: იზაბელას და ნოას (თეთრ იზაბელას). ამ ჯიშის ყურძნის დუღილის პროცესში წარმოიქმნება არა მარტო ეთილის სპირტი, არამედ მეთილის სპირტიც (ხის სპირტი) დიდი რაოდენობით, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძლიერ ტოქსიკურია. იზაბელას ყურძნიდან ღვინის წარმოება აკრძალულია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მეთილის სპირტის მაღალი შემცველობის გამო, რომელიც აზიანებს ღვიძლს, თირკმლებს, მხედველობით ნერვს და სხვა ორგანოებს. მეთილის სპირტი წარმოიქმნება დუღილის დროს (ყურძენი საშიში არ არის), რომელიც საჭმლის მონელების დროს გარდაიქმნება კიდევ უფრო ძლიერ შხამად - ფორმალდეჰიდად (ჭიანჭველას ალდეჰიდი). მეთანოლით მოწამვლა წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. იზაბელას ნაყოფის წვენს ახასიათებს ძლიერად გამოხატული ანტიბაქტერიული (ფიტონციდური თვისება). ანალოგიურად, შხამად შეიძლება გარდაიქმნას უალკოჰოლო სასმელებში ფართოდ გამოყენებული შაქრის შემცვლელი ასპარტამი, რადგან 30 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებით იგი გარდაიქმნება მეთილის სპირტად და ჭიანჭველას ალდეჰიდად.