"საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები, შესაძლოა, ერთ-ერთი სამიზნე გახდეს"
თაკო მათეშვილი
26.11.2015

 თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვას ელოდებიან და რუსეთის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის სამხედრო პასუხს გამორიცხავენ. პოლიტოლოგთა აზრით, სამაგიეროს გადასახდელად რუსეთს სხვა მრავალი ბერკეტი აქვს.

ელიან სანქციებს რუსეთში პრიდუქციის შეტანაზე, ტურისტული ნაკადის შეზღუდვას, ენერგოკოლაფსს და ა.შ. ეს ყველაფერი კი, მათი აზრით, თურქეთის ეკონომიკას საკმაოდ დიდ დარტმას მიაყენებს.

რაც შეეხება საქართველოს, პოლიტოლიგების თქმით, თუკი საქმე ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციამდე არ მივიდა, ჩვენს ქვეყანას წესით ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს. მეტიც, არ გამორიცხავენ, რომ არსებული სიტუაციიდან საქართველომ სარგებელიც კი მიიღოს.

მოგეხსენებათ, ორი ქვეყნის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი "სუ-24" ჩამოაგდეს, რომელიც თურქეთში სირიის მხრიდან შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა და ახლა მთელი მსოფლიო მის პასუხს ელის.

თურქული მხარე ამტკიცებს, რომ სიტუაციის ესკალაცია არ სურს და რომ მხოლოდ უსაფრთხოებას იცავდნენ, ვინაიდან რუსულმა "სუ-24"-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ყველა ძალისხმევის განახორციელების პირობა დადო თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ვოლკან ბოზქირმაც.

მოვლენებს გაცილებით მწვავე შეფასებას აძლევენ მოსკოვში. მათი განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების ქმედების შედეგად საფრთხე არა მხოლოდ რუსეთ-თურქეთის, არამედ რუსეთ-ნატოს ურთიერთობასაც შეექმნა.

"შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ზარალის ანაზღაურება რთული იქნება. ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა გახდეს უარის თქმა მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე. თურქულმა კომპანიებმა კი შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

"რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს, - ეს განცხადება კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, რუსული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

სამხედრო რეაგირება გამორიცხეს, თუმცა "გარდაუვალ შედეგებზე" ყურადღება გაამახვილეს. პრეზიდენტმა პუტინმა პირობაც დადო, რომ რუსეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყველა საშუალებას მიმართავს. მისი თქმით, თუ მსგავსი შემთხვევა კვლავ განმეორდა, რუსეთი ამაზე რეაგირებას მოახდენს.

დუმის ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ლევიჩევმა კი თურქეთიდან ტურისტების ევაკუაცია, რუსეთ-თურქეთს შორის ავიამიმოსვლის დროებითი შეწყვეტა და უვიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვა. ასევე, მისი თქმით, უნდა გაიყინოს ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, თუკი თურქეთი ოფიციალურად არ მოიხდის ბოდიშს "სუ-24"-ის ინციდენტთან დაკავშირებით.

"პირველად "ცივი ომის" დასრულების შემდეგ, ნატოს წევრმა სახელმწიფომ გამიზნულად ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა აგრესიულ აქტს. თავის მართლება ათჯერ გაფრთხილების შესახებ - ზღაპარია. ამ თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატური, მაგრამ მკაცრი ზომებით", - განაცხადა ვიცესპიკერმა. მისივე თქმით, ეს ინციდენტი თურქეთის ხელისუფლების მიერ არის პროვოცირებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, 15 დეკემბერს რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს.

სწორედ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გართულებას მიიჩნევენ მოსალოდნელად ქართველო ექპსერტები და ამბობენ, რომ ამის ნიშნები უკვე სახეზეა. სამხედრო ოპერაციის დაწყებას, ოფიციალური მოსკოვის მსგავსად, ისინიც გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მოსალოდნელია თურქეთის, როგორც ქვეყნის და როგორც ასევე სატრანზიტო ქვეყნის ენერგეტიკული დესტაბილიზაცია. მისი აზრით, შესაძლოა მილსადენები, რომელთა ნაწილიც საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე გახდეს, მათ შორის ტერორისტული აქტების მეშვეობითაც, რომლის უკანაც თავად რუსეთი იქნება.

გარდა ამისა, ლაგაზიძის თქმით, მოსალოდნელიაა რუსეთმა უარი თქვას იმ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც ბოლო თვეებში რუსეთ-თურქეთის დამთბარი ურთიერთობის ფონზე განიხილებოდა.

"თეორიულად განიხილება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა, რომელიც თურქეთის მიერ მოხმარებული საერთო რაოდენობის 57%-ს შეადგენს. ეს თურქეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს. თუმცა, ამას რუსეთის ეკონომიკისთვისაც მძიმე შედეგი ექნება, რადგან გაზპრომისათვის მძიმე დანაკარგი იქნება.

"ამასთან ერთად, კიდევ ერთი სუსტი რგოლი, რომლის გამოყენებასაც რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ეცდება, ქურთული მოძრაობაა. მოგეხსენებათ, თურქეთში რამდენიმე მილიონი ქურთია, რომლებიც დიდი ხანია ავტონომიას ითხოვენ", - ამბობს ლაგაზიძე.

ტურისტული ნაკადების შეწყვეტით კი, პოლიტოლოგის განცხადებით, თურქეთს რამდენიმე მილიარდის შემოსავალი მოაკლდება.

"რუსულ მედიას თუ გადავხედავთ, სხვა ტიპის ეკონომიკურ სანქციებს, ტურიზმის შეწყვეტის გარდა, ნაკლებად ვარაუდობენ. წერენ, რომ სხვა ყველაფერს თავად რუსეთისთვისაც უარყოფითი შედეგი ექნება", - დასძენს იგი.

თურქეთში ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია - ეკონომიკური სანქციები, ტერორისტული აქტების სერია, თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის მოშლა, ქურთული სეპარატიზმის ხელშეწყობა და ა.შ. რამაც შესაძლოა ფართომასშტაბიანი მღელვარება და შედეგი გამოიწვიოს, სპეციალისტის აზრით, საქართველოსთვისაც საფრთხეს ქმნის.

უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ თურქეთთან უვიზო რეჟიმი გვაქვს და იქიდან ლტოლვილების წამოსვლის შემთხვევაში საქართველოს ახალი გამოწვევებისათვის შესაბამისი სტრატეგია დასჭირდება.

"ერთადერთი დადებითი, რაც ამ სიტუაციას საქართველოსათვის შეიძლება მოჰყვეს, ისაა, რომ რუსეთთან საქართველოს რაღაცაზე "გაცვლა" ნაკლებად რეალისტური ხდება. მოგეხსენებათ, რუსეთ-თურქეთი ბოლო ხანებში მეტად ხმაშეწყობილი იყო და საქართველოს ინტერესები უკანა პლანზე იყო გადასული. ამ სიტუაციის ფონზე კი, საქართველო ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

"თურქეთში არასტაბილურობა იმას მოასწავებს, რომ ამერიკას თავისი ბაზებისათვის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორი სჭირდება. ასე რომ შეიძლება სიტუაცია ისე განვითარდეს, საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი სამხედრო თვალსაზრისითაც გახდეს. მე დაახლოებით ისეთ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობ, როგორიც იაპონიასა და აშშ-ს შორის არსებობს.

"ასე რომ, ჩვენ წინაშე უზარმაზარი რისკებია, თუმცა შეიძლება ამ ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმიდან ისეთი შანსები მოგვეცეს, როგორზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით", - დასძენს ლაგაზიძე.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ თურქეთისადმი რუსეთის პასუხი ნატოსადმი პასუხში გადაიზარდოს, ლაგაზიძე გვპასუხობს, რომ ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან რუსეთის შესაძლებლობები დღეს საკმაოდ შეზღუდულია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ერთიან ანტიტერორისტულ კოალიციაშია ჩაბმული, რომლიდან გამოსვლაც მის ინტერესებში არ შედის. ნატოსთან დაპირისპირება კი ამ კოალიციდან გამოსვლას და ისლამური ტერორიზმის საფრთხესთან პირისპირ დარჩენას ნიშნავს - "ასე რომ, სიტუაცია ნატოსთან დაპირისპირებაში არ და ვერ გადაიზრდება", - დასძენს იგი.

ნიკა ლალიაშვილი (ექსპერტი, უშიშროების სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი): "სამხედრო პასუხი ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. ამ შემთხვევაში რუსეთი ალბათ მხოლოდ ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციებით შემოიფარგლება. განცხადებები ტურისტული ნაკადის შეწყვეტაზე უკვე გაკეთდა. ასევე, შესაძლოა შემოღებულ იქნას სანქციები თურქეთიდან რუსეთში რიგი პროდუქტების შეტანაზე. მოკლედ, ყველაფერი დიპლომატიური ურთიერთობის გართულებამდე მიდის. ეკონომიკური და დიპლომატიურ რეაქციაზე შორს წასვლას არ ველოდები.

თუკი მოვლენები სამხედრო დაპირისპირებით განვითარდება, რაც უკვე გამოვრიცხე, რა თქმა უნდა, საფრთხე საქართველოსაც დაემუქრება, რადგან გეოგრაფიული მდებარეობა ასეთი გვაქვს. ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გართულება კი საქართველოზე არანაირ გავლენას არ მოახდენს."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×