ვახტანგ შამუგია
25.11.2015

რუსეთი თურქეთს მტრად აღიქვამს და მასთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. რუსეთიდან თურქეთში ფრენა შეწყვეტილია. რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როგორ დააბრუნონ სამშობლოში თურქეთში მყოფი 10 ათასამდე რუსი ტურისტი.

რუსული არმიის სარდლობის გადაწყვეტილებით, სირიაში დამატებითი სამხედრო ძალები იქნება გადასროლილი. ასევე გაიზრდება რუსი სამხედროების კონცენტრაცია ყირიმში. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. ფლოტის სარდლობა აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან თურქი სამხედროების მოქმედებას შავ ზღვაზე და გაანადგურებენ ნებისმიერ სამიზნეს, რომელიც საფრთხედ იქნება აღქმული.

მოსკოვში, თურქეთის საელჩოსთან ანტითურქული აქცია გაიმართა, ხოლო ანკარაში რუსეთის საელჩოსთან - ანტირუსული.

ჯერჯერობით ეს შედეგი მოჰყვა თურქეთ-სირიის საზღვარზე გუშინ, შუადღისას მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

"დღეს ჩვენ ზურგში დანა ჩაგვარტყეს, ეს ისლამისტთა მხარდამჭერებმა გააკეთეს, სხვა ახსნა ამას არ აქვს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა იორდანიის მეფესთან გამართულ შეხვედრაზე თურქული ავიაციის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ფაქტის კომენტირებისას.

თურქების მიერ ჩამოგდებული "სუ-24"-ის ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. მოგვიანებით ერთ-ერთი პილოტის ცხედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა თურქმენმა მეამბოხეებმა გაავრცელეს.

კადრებზე კარგად ჩანს, რომ დაღუპულ მფრინავს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. ეკიპაჟის მეორე წევრის ბედი ამ დრომდე უცნობია. სავარაუდოდ, იგი მეამბოხეებს ჰყავთ ტყვედ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ჰაერში გაშლილი ორი პარაშუტი, რომლის მიმართულებითაც მეამბოხეები ისვრიან. ჯერჯერობით უცნობია, რუსი სამხედრო ჰაერშივე, კატაპულტირებისას დაიღუპა, თუ ხმელეთიდან მისი მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად.

დაღუპული რუსი მფრინავი მაიორი სერგეი რუმიანცევია, რომელიც ჩელიაბინსკში, შაგოლის ავიაბაზაზე მსახურობდა და სირიაში სექტემბრის ბოლოდან იმყოფებოდა.

მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა ცნობა კიდევ ერთი ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის შესახებ, საუბარია "მი-8" ტიპის საბრძოლო-სატრანსპორტო შვეულმფრენზე, რომელსაც "სუ-24" მფრინავის ევაკუირება უნდა მოეხდინა.

"რუსი მფრინავების ევაკუაციის მიზნით ჩატარდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ორი "მი-8" ტიპის ვერტმფრენის გამოყენებით. ოპერაციის მსვლელობისას ერთ-ერთი ვერტმფრენი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების შედეგად დაზიანდა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე იძულებითი დაშვება განახორცილეა. შედეგად ერთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა, რომელიც საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსული თვითმფრინავი გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12 საათზე ჩამოაგდეს. თურქული ტელეარხის "ჰაბერტურკის" მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს, თუ როგორ ვარდება ალმოდებული "სუ-24" დიდი სიმაღლიდან.

თვითმფრინავის განადგურების პირველივე წუთებიდან რამდენიმე ვერსია გაჩნდა.

 რუსული ვერსია

თავდაპირველად რუსულმა მხარემ, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, "სუ-24" ტიპის ბომბდამშენი ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ჩამოვარდა.

"თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა", - აცხადებდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყებაში.

თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მომხდარის კომენტირებისას აღიარა, რომ ქვეყნის აერო-კოსმიური ძალების თვითმფრინავი "ჰაერი-ჰაერის" კლასის რაკეტით "ფ-16" ტიპის თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.

"ჩვენი თვითფრინავი იმყოფებოდა სირიის საჰაერო სივრცეში, მიჰქონდა იერიში ლატაკიას მიდამოებში, სწორედ აქ არიან რუსეთის მოქალაქე ისლამისტები ძირითადად თავშეყრილნი. "სუ-24" სახელმწიფო საზღვრიდან 1 კმ-ს მოშორებით, 6 000 მ-ის სიმაღლეზე იყო. შესაბამისად, ის თურქეთისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ვიმეორებ, თვითმფრინავს არ დაურღვევია თურქეთის საჰაერო სივრცე და ამის დამადასტურებელი ობიექტური კონტროლის საშუალებების მონაცემები ჩვენ გვაქვს", - განმარტა ვლადიმერ პუტინმა.

 თურქული ვერსია

თავდაპირველად, თურქულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო არა რუსეთის სამხედრო-საჰაერი ძალების, არამედ სირიის არმიის კუთვნილი თვითმფრინავი. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს იყო "სუ-24" ტიპის რუსული საფრონტო ბომბდამშენი.

თურქულ გაზეთ "ჰურიეთთან" საუბრისას, მეამბოხე თურქმანთა ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერმა ოსმალ სალიჰმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი მისმა მებრძოლებმა ჰაერსაწინააღმდეგო გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდეს. თუმცა, ეს თავიდანვე საეჭვო იყო, რადგანაც ვერცერთი მსგავსი ტიპის საზენიტო რაკეტა 6 000 მეტრის სიმაღლეზე ვერ შესძლებს საფრენი აპარატის ჩამოგდებას.

ოფიციალური ანკარის ინფორმაციით კი, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე ხუთი წუთის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში შეჭრილი რუსული "სუ-24" ათჯერ გააფრთხილეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ კი დამრღვევის მიმართულებით თურქულმა გამანადგურებელმა რაკეტა ისროლა, რის შედეგადაც რუსული საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

თურქული მხარის ცნობით, რუსული თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში 2-3 კილომეტრის სიღრმეში შეფრინდა. თურქი სამხედროებისა და ოფიციალური პირების განცხადებებიში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მათ არ იცოდნენ ვის ეკუთვნოდა ეს თვითმფრინავი.

სწორი და პროფესიონალური უწოდა თურქული არმიის ქმედებებს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ.

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და გავაფრთხილეთ ყველა, რომ ჩვენი საჰაერო სივრცისა თუ სახმელეთო საზღვრის დარღვევის ნებისმიერი ფაქტისადმი გვექნება შესაბამისი პასუხი. ჩვენ წავალთ ნებისმიერ მსხვერპლზე ამის თავიდან ასაცილებლად, ეს ჩვენი მოვალეობა და მისიაა", -განაცხადა დავითოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაეპ ერდორანმა აღნიშნა, რომ თურქეთი არ დაუშვებს თავისი საზღვრების დარღვევას.

"ყველამ პატივი უნდა სცეს თურქეთის უფლებას, დაიცვას თავი საფრთხეებისგან. ამოუცნობმა თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ხუთი წუთის განმავლობაში მან ათი გაფრთხილება მიიღო. რეაგირების მიღებული წესების ფარგლებში მას გაეწია წინააღმდეგობა. ეს გაკეთდა ჩვენი საზღვრების საფრთხეზე რეაგირების წესების ფარგლებში", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

წინაპირობა

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინცინდენტი რეგიონში ადრეც მოხდა. კერძოდ, 2013 წლის ზაფხულში, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა, მათ საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული არმიის კუთვნილი "ფანტომის" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შედეგად ორი თურქი პილოტი დაიღუპა. ამ ფაქტმა ანკარის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა სამხედრო ხასიათსი კონტ-რეაქცია ამ შემთხვევას არ მოჰყოლია.

რუსული ავიაცია კი რეგიონში თავისი გამოჩენის პირველივე დღეებიდან არღვევდა თურქეთის საჰაერო სივრცეს. ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის ელჩს თვითმფრინავის შემოჭრასთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა. კრემლის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი განაპირობა ავდარმა და რუსულმა თვითმფრინავმა მხოლოდ რამდენიმე წამით გადაკვეთა თურქეთის საჰაერო საზღვარი.

ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთის ელჩი თურქეთში ვლადიმერ ივანოვსკი დაიბარეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას გადაეცა თურქული მხარის უკიდურესი შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ რუსული ავიაიერიშები ხორციელდებოდა სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე ტერიტორიაზე, სადაც თურქმენები ცხოვრობდნენ, რომლებიც ებრძოდნენ როგორც "ისლამურ სახელმწიფოს", აგრეთვე ბაშარ ალ ასადი ერთგულ ჯარებს. ავიადაბომბვებს თან ახლდა მსხვერპლი ადგილობრივ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

შეფასება, შედეგი და გამოსავალი

რა შედეგი მოჰყვება რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას და რა საპასუხო ნაბიჯს გადადგამს რუსეთი - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემას პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ცდილობენ. იმაზე, რომ მოსკოვი ნატო-ს წევრ და საკმაოდ ძლიერი არმიის მქონე თურქეთთან აშკარა სამხედრო კონფრონტაციას მოერიდება, თითქმის ყველა თანხმდება. ამაზე მეტყველებს რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებიც.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტს რაიმე სახის სამხედრო რეაგირებაზე არაფერი უთქვამს. მას ასეთი საუბარი არ დაუშვია. მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ თურქეთის ასეთ არამეგობრულ მოქმედებებს გარდაუვალი შედეგები მოყვება", - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში ესკალაცია თავიდან უნდა ავირიდოთ.

"დილით გაეროს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ვესაუბრე. საჭიროა რუსეთსა და თურქეთს შორის ესკალაცია თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა მოგერინიმ.

ამასთან, პენტაგონში განაცხადეს, რომ თურქეთმა აშშ-ს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მიშელ ბოლდანსის განცხადებით, პენტაგონი ადასტურებს, რომ აღნიშნულ ინციდენტში აშშ-ის ძალები არ მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით, თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო არა როგორც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში აშშ-ის პარტნიორმა კოალიციაში, არამედ სახელმწიფომ, რომელიც იცავდა საკუთარ საჰაერო სივრცეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერი. მისი თქმით, ინციდენტი საფრთხის ქვეშ აყენებს რეგიონში მშვიდობის დამყარების ისედაც სუსტ პერსპექტივას.

"ეს სერიოზული შემთხვევაა. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ არა მხოლოდ უკან გადავდგამთ ნაბიჯს სირიის საკითხის დარეგულირებაში, არამედ იმ იმედის ჩრდილიც კი დაინგრევა, რაც აქამდე არსებობდა", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

თავის მხრივ ანკარა, თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის, ვოლქან ბოზქირის თქმით, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით დაინტერესებულია.

"რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი ყველა ძალისხმევას განახორციელებს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები უკეთესი იყოს. მინდა, რომ ამ პრობლემამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მიაყენოს ზიანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში ყველა ეს მოვლენა გამოძიებული იქნება და გაკეთდება სათანადო განცხადებები", - განაცხადა ბოზქირმა.

თურქეთის მიერ რუსეთის "სუ-24"-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. შეხვედრის დასრულებისთანავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერდა თურქეთსა და მის სუვერენიტეტს.

"თურქეთის ელჩმა მოგვაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. ასევე ვესაუბრე თურქეთის პრემიერ-მინისტრს. თურქეთმა მოგვახსენა რუსეთის ბომბდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ ყველაფერზე, რასაც რუსეთი ნატოს საზღვრებთან ახლოს ახორციელებს, იმ სამხედრო ოპერაციებზე. იმედია, მომავალში ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდება.

ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის - ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას. გავაგრძელებთ ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგს ძალიან ახლოს. ველოდები, რომ შედგება შემდგომი კონტაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის. მოვუწოდებ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელმაც აგრეთვე განაცხადა, რომ თურქეთს აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი საზღვრები.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ რუსეთმა და თურქეთმა დაიწყონ ერთმანეთთან საუბარი და გაარკვიონ, კონკრეტულად რა მოხდა და მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან მომდევნო ესკალაცია. თურქეთს, ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანას, გააჩნია უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე", - თქვა ბარაქ ობამამ.

საინფორმაციო სააგენტო "ტასს"-ის ცნობით სტამბოლში, რუსული სამხედრო სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის საკონსულოსთან შეგროვდა რამდენიმე ათეული ადამიანი, პროტესტის გამოსახატად იმ ოპერაციების წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ატარებს თურქმანებით დასახლებულ სირიის რეგიონებში.

დემონსტრაციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "ძმები თურქმანები მარტო არ არიან!", "მკვლელი რუსეთია, გაეთრიეთ სირიიდან!"

მოსკოვში კი თურქეთის საელჩოსთან ჩატარდა მოსკოველების საპროტესტო აქცია, თვითმფრინავის განადგურებასთან დაკავშირებით.

რუსულ-თურქული დაპირისპირება და საქართველო

რა შეიძლება ეგულისხმა პუტინს "სერიოზულ შედეგებში" და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამ, ამ საკითხზე "რეზონანსს" პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.

იგი მოვლენების სამხედრო სცენარით განვითარების ალბათობას უმნიშვნელოდ მიიჩნევს. მისი აზრით რუსეთი ძირითადად დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლება.

"ამ ორ ქვეყანას აქვს სერიოზული ეკონომიკური კავშირები. მაგალითად, 2013 წლის მონაცემებით, რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა აჭარბებდა 40 მლრდ აშშ დოლარს, ყოველწლიურად ოთხ მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ისვენებს თურქულ კურორტებზე, თურქეთის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 60% "გაზპრომის" მიერ მიწოდებულ გაზზე მოდის და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა გაზის საფასური მნიშვნელოვნად გაზარდოს.

"აგრეთვე, რუსეთმა შესაძლოა თავისი ელჩი დროებით თურქეთიდან გამოიწვიოს, თურქი ელჩი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნეს დაბარებული", - ვარაუდობს ნიკა ჩიტაძე.

მისი თქმით, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავება საქართველოს ძირითადად ეკონომიკური სახის პრობლემებს შეუქმნის.

"რუსული და თურქული კომპანიები სახმელეთო ტვირთების გადაზიდვას ძირითადად საქართველოს გავლით ახდენენ, რისთვისაც გარკვეულ თანხას იხდიან ბიუჯეტში. ამ ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში კი ტვირთების გადაზიდვა შეჩერდება, რაც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობაზე ნეგატიურად აისახება.

"რაც შეეხება მოვლენათა სამხედრო სცენარით განვითარებას ეს ძალიან არარეალურია. შესაძლებელია სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო შენაერთები გადაიყვანონ გაძლიერებულ სამხედრო რეჟიმზე, სხვა მხრივ, საქართველოზე ეს ყველაფერი არანაირ გავლენას არ ჰპოვებს", - ვარაუდობს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×