შესაძლებლობების გაზვიადება თუ რეალური საფრთხე - "ისლამური სახელმწიფოს" ახალი მუქარის შემცველ ვიდეორგოლებს ქართველი სპეციალისტები აფასებენ და ამბობენ, რომ უდიდესი და უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციის რესურსის ამოწურვამდე ჯერ შორია.
მათი აზრით, ჭკვიანური დაგეგმვის შემთხვევაში მათ მართლაც შესწევთ ძალა, სისრულეში მოიყვანონ ის არაერთი თავდასხმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქზე, რაზეც გავრცელებულ ვიდეოებში საუბრობენ.
აცხადებენ, რომ "აისის"-ის დამარცხება მთელი მსოფლიოს გაერთიანებითა და მასშტაბური შეტევითაა შესაძლებელი, რომელიც საჰაერო დარტყმების გარდა სახმელეთო ოპერაციებსაც მოიცავს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ იდეოლოგიურ ომს, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" წარმატებით ახორციელებს. მათი თქმით, მსოფლიომ ისინი პირველ რიგში ამ ბრძოლაში უნდა დაამარცხოს.
13 ნოემბრის მასშტაბური ტერაქტების შემდეგ არ წყდება მუქარის შემცველი ვიდეოები, რომელთაც "აისისი" ავრცელებს და სხვადასხვა ადგილას სისხლისღვრით იმუქრებიან. ტარდება სპეცოპერაციები და საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპირებენ.
გუშინ ისლამისტების კიდევ ერთი ვიდეორგოლი გაავრცელეს და ნიუ-იორკზე თავდასხმები დააანონსეს. ვიდეოს თანახმად, მათი სამიზნე თაიმს სქვერი და ჰერალდ სქვერი გახდება.
თავის მხრივ, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ტერორისტების მიზანი "დემოკრატიული საზოგადოების დაშინებაა", რასაც აშშ არ დაუშვებს. მისი თქმით, ნიუ-იორკს "კონკრეტული" საფრთხეები არ ემუქრება. ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა უილიამ ბრეტონმა კი განაცხადა, რომ ისლამისტების მუქარაში "ახალი არაფერია". გერმანული გამოცემა "ბილდი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 17 ნოემბერს ჰანოვერში, გერმანია-ნიდერლანდების ამხანაგური მატჩის დროს მასშტაბური ტერაქტის განხორციელება იგეგმებოდა. ამის შესახებ გამოცემა საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც გერმანულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისგან, მატჩამდე ორი საათით ადრე მიიღეს.
"ბიბისი" კი იტყობინება, რომ ტერაქტები შესაძლოა იტალიაშიც განხორციელდეს. მისი ინფორმაციით, აშშ-მ საფრთხეების შესახებ იტალიის ხელისუფლება უკვე გააფრთხილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსტრემისტების სამიზნე შესაძლოა, საჯარო თავშეყრის ადგილები, მათ შორის ღირსშესანიშნაობები გახდეს. პოტენციური სამიზნეების სიაში ჩამოთვლილია წმინდა პეტრეს ტაძარი, "ლა სკალას" საოპერო თეატრი და მილანის საკათედრო ტაძარი. მილანსა და ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
უსაფრთხოების ზომები შვედეთმაც გააძლიერა. ქვეყნის უშიშროების პოლიციამ ტერორისტული საფრთხეების დონე ხუთბალიან შკალაზე მეოთხე ნიშნულამდე ასწია. შვედეთის პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიიღეს კონკრეტული ინფორმაცია არსებული საფრთხეების შესახებ. მანამდე უსაფრთხოების დონე დანიის ხელისუფლებამაც აამაღლა.
ახალი ტერაქტებით "აისისი" საფრანგეთსაც კიდევ ერთხელ დაემუქრა. ვიდეომასალაში "ისლამური სახელმწიფოს" ფრანგულენოვანი წევრები აცხადებენ, რომ ისინი პარიზზე თავდასხმებს კვლავ განახორციელებენ. ისლამისტების თქმით, მათ პარიზის ტერაქტები იმ ტანჯვის საპასუხოდ განახორციელეს, რომელიც საფრანგეთმა მუსლიმებს მიაყენა. მათ ასევე, საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს "მოთმინებისკენ" მოუწოდეს.
პასუხად ოლანდმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მთელს მსოფლიოს მოუწოდა. მან დაადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღეს ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ავიამზიდი "შარლ დე გოლი" გააგზავნეს. ოლანდის თქმით, ამით მათი შესაძლებლობები რამდენჯერმე გაიზარდა.
მისივე თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთი კოალიციას შექმნის. ამ მიზნით ფრანსუა ოლანდი უახლოეს პერიოდში ჯერ აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთს ეწვევა.
საფრანგეთის პრემიერმა მანუელ ვალსმა კი არ გამორიცხა, რომ ტერორისტული დაჯგუფებები საფრანგეთის წინააღმდეგ ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს გამოიყენებენ.
როგორც ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან ჩანს, ევროპის ქვეყნები "ისლამური სახელმწიფოს" მუქარას სერიოზულად განიხილავენ და თავის დასაცავად საგანგებოდ ემზადებიან.
საქართველოს ხელისუფლებასაც იგივეს ურჩევენ ქართველი სპეციალისტები და "აისისის" შესაძლებლობებზე საუბრისას ამბობენ, რომ მუქარა გაზვიადებული სულაც არაა და ორგანიზაციას დანაქადნების შესრულების ძალა რეალურად შესწევს.
"ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის დირექტორი" ბადრი ნაჭყებია ამბობს, რომ საქმე ორგანიზაცია-სახელმწიფოსთან გვაქვს, აქედან უკვე ჩანს საშიშროების ხარისხიც.
მისი თქმით, ფრანგულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტებს ფაქტიურად ვერაფერი დაუპირისპირეს, მათი კოლაფსი აშკარაა და ამას თავად ფრანგებიც აღიარებენ. ნაჭყებია ამბობს, რომ ის, რაც საფრანგეთს წლების განმავლობაში უნდა გაეკეთებინა, არ გაკეთდა - ცოტა ხნის წინ "შარლი ებდოზე" იყო თავდასხმა და ზომები არც ამის შემდეგ მიუღიათ.
იგი ფიქრობს, რომ მთელ ევროპაში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებები იწყება.
"ისლამური სახელმწიფოს" რესურსებზე საუბრისას გვახსენებს, რომ ის ყველაზე მდიდარი ორგანიზაციაა და აგენტურული ქსელის სახითაც უზარმაზარი რესურსი გააჩნია. რაც მთავარია, ნაჭყებიას თქმით, "აისისი" სხვა ტერორისიტული ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებს. ეს კი მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.
"ტერორისტული აქტი ჩვენ მხოლოდ აფეთქება და ტყვიის სროლა არ უნდა გვეგონოს. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ გაზეთში ბოლო მოწოდება ასეთი იყო - მქადაგებელი მიმდევრებს ეუბნებოდა, რომ მათ მოსახლეობის მოწამვლაც შეუძლიათ. მაგალითად, ისრაელში ტერორისტები ხალხში მანქანებით ვარდებიან და ჭყლეტენ მათ. ასე რომ, მათ არაორდინარული მეთოდების გამოყენებაც შეუძლიათ.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერაქტის დროს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური იყო, ერთი ტყვიაც კი არ გავარდნილა. ტერორისტებმა თვითმფრინავები გამოიყენეს, სადაც ქაღალდის საჭრელი დანებით შეიარაღებულები შევიდნენ. ამიტომ მსოფლიო ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს", - ამბობს ნაჭყებია.
მისივე თქმით, ტერორისტები არა მხოლოდ იარაღით, არამედ იდეოლოგიურადაც იბრძვიან და მსოფლიოს მასშტაბით ხალხის იდეოლოგიური დამუშავება მიმდინარეობს. ამბობს, რომ ეს ბრძოლა არანაკლებ მნიშვნელოვანია და მსოფლიომ ეს იდეოლოგიური ომი თუ არ მოიგო, ძალიან გაუჭირდება.
რაც შეეხება კოალიციას, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, ნაჭყებია მიიჩნევს, რომ მას "აისისის" დასამარცხებლად პერმანენტული და ფართომასშტაბიანი ოპერაციები დასჭირდება.
"ისლამური სახელმწიფოს" განადგურება ადვილი ნამდვილად არ იქნება. ავღანეთში შევიდნენ, მაგრამ შეძლეს ტერორისტების განადგურება? "აისისს" 80 ათასამდე მებრძოლი და რამდენიმე მილიონი მხარდამჭერი ჰყავს. ამ ხალხის განადგურება ხომ შეუძლებელია. ამას პერმანენტული ბრძოლა სჭირდება, რასაც მესამე მსოფლიო ომიც შეიძლება ვუწოდოთ", - აცხადებს ბადრი ნაჭყებია. "ისლამური სახელმწიფოს" შესაძლებლობებზე საუბარს რთულს უწოდებს პაატა დავითაია და ამბობს, რომ თუკი ის ყველაფერი, რაზეც ტერორისტები ვიდეორგოლებში საუბრობენ, მაღალ დონეზე მომზადდება, მაშინ შესრულება შესაძლებელია.
"13 ნოემბრის ტერაქტები ძალიან მაღალ დონეზე მზადდებოდა. ტერორისტები ინტერნეტითაც კი არ სარგებლობდნენ, ისე ამყარებდნენ კავშირს. ამის მიუხედავად, ისინი ფლობდნენ დეტალურ ინფორმაციას, თუ სად და როგორ უნდა ემოქმედათ. ე.ი. მომზადების დონე მაღალი იყო და მათ შემდგომი ნაბიჯებიც გათვლილი ექნებოდათ - თუ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს.
"თუმცა, არც ისაა გამოსარიცხი, რომ შეიძლება მუქარა გაზვიადებული იყოს. სამწუხაროდ, მე სიტუაციას ასე ოპტიმისტურად არ ვუყურებ. თუნდაც ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა განვიხილოთ. დაიდო იმ ბომბის ფოტოები, რაც აფეთქდა. იგი ახალი ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელიც კვალს თითქმის არ ტოვებს. საფრანგეთის ტერაქტებმაც ბევრ რამეში დააბნია სპეცსამსახურები. ამიტომ, საფრთხე რეალურია და იმის თქმა, რომ ეს უბრალოდ მუქარაა, არასწორად მიმაჩნა", - ამბობს დავითაია. "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების ერთადერთ გზად იგი მთელი მსოფლიოს გაერთიანებას მიიჩნევს და ამბობს, რომ სანამ ეს არ მოხდება, საფრთხე ყოველთვის, ყველგან იქნება.