მოსაზრება
13.11.2015

პაატა კოღუაშვილი პროფესორი

დემურ ბახტაძე პროფესორი

პურეულ მარცვლეულს მიეკუთვნება - ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და სიმინდი. ეს მარცვლეული კულტურები ბუნებაში ველური სახით არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისინი წარმოშობილი უნდა იყვნენ 10-15 სახის სხვადახვა მცენარისაგან, რომელთა უმრავლესობა სადღეისოდ გადაშენებულია. ატლანტოლოგები ვარაუდობენ, რომ ადამიანის მიერ ამ კულტურების გამოყვანა უნდა მომხდარიყო წარღვნამდე დიდი ხნით ადრე მითიურ "ატლანტიდაზე".

ქვემო ქართლში, არუხლოს არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე ათასწლეულში კულტივირებული ხორბლის ნაშთები - კულტურული ხორბლის ინიციალური სახეობები - კილიანები, მახა და ძველკოლხური ასლი, ერთმარცვალა და ორმარცვალა ასლი, სპელტა, შიშველმარცვლიანები: რბილი ხორბალი, ჯუჯა ხორბალი, ქერი, ფეტვი, ღომი, შვრია და კულტურულ მცენარეთა თანმხლები სარეველები და ჭვავი.

ახლა ჩვენ არ შევუდგებით იმის მტკიცებას, რაც ისედაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო არის პურისა და ღვინის სამშობლო. ქართველები ოდითგანვე პურ-ღვინით ხვდებოდნენ ახალშობილს და პურ-ღვინითვე კრძლავდნენ მიცვალებულს. ეს ორი პროდუქტი საკრამენტალურია. სათავე პრეისტორიულ წარსულში უნდა ვეძიოთ.

შუმერისათვის პური "სიცოცხლის სათავეა", რომელიც ადამიანმა "ბედის დასაზღვრით" მიიღო ღვთაებისაგან. "პურ" ფუძის სიტყვების სემანტიკა ინდოევროპულში ავლენს მსგავსება-იდენტურობას ხორბლის ქართულ სახელწოდებასთან. ინდოევროპულში "პურ" ფუძიანი სიტყვები ნიშნავს სუფთას, განწმენდილს, შეურყვნელს, დაუსვრელს, ნათელს, შეურეველს, წაუბილწავს, უმწიკვლოს, გამჭვირვალეს; ძველბერძნულში - ცეცხლს, ციურ ცეცხლს, ალს, სამგლოვიარო ცეცხლს და ასევე - ხორბალს, ხორბლის მარცვალს, (ნ. ბრეგაძე). ფუძე "პურ" ქართული წარმოშობისაა და არა ინდო-ევროპულიდან შეთვისებული (გ. როგავა).

ქართველთა პრეისტორიულ ნათესავს - ებრაულ ეთნოსს პურ-ღვინის მადლი არასდროს დაუკარგავს. ძველ აღთქმაში მელქისედეგი ასრულებს პურისა და ღვინის საკრამენტულ რიტუალს, ახალ აღთქმაში ქრისტე წყალს ღვინოდ გარდასახავს, მისი ხორცი პურია, ხოლო სისხლი - ღვინო.

ბუნებაში მოწესრიგებულია სასიცოცხლო რითმი, ბიოსფერო ცვალებადობს დედამიწის გეოგრაფიული სარტყელების შესაბამისად. ეკოსისტემაში ადამიანის ადგილი მკაცრად განსაზღვრულია. ვთქვათ, ესკიმოსის კვება მათ ბუნებრივ სასიცოცხლო გარემოში მკვეთრად განსხვავდება იმ ადამიანების კვებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ტროპიკებში. ესკიმოსისა და ევროპელის კვების რაციონის ურთიერთშეცვლა მათ ჯანმრთელობაზე კატასტროფულად აისახება.

საქართველოს სინამდვილეში პურეულის მოხმარების თავისებურებებს ისტორიულად განსაზღვრავდა ეკოლოგიური და სამეურნეო პირობები. სხვა ხალხებისგან განსხვავებით, პურის მოჭარბებული მოხმარება ქართველთა ხასიათშია, პურზე მოთხოვნილების ეს განსაკუთრებული თავისებურება დასაბამს შორეულ წარსულში იღებს. "ძველი მესოპოტამიის რაციონის სისტემების" (ი. ჰელბი) მიხედვით შუმერელი მუშა ყოველდღიურად ჭამდა 1.4 კგ პურს. ტყვე ქალს და შრომისუნარიან ბავშვს ყოველდღიურად აძლევდნენ 1 კგ პურს. აღმოსავლეთ საქართველოში მეცამეტე, მეცხრამეტე საუკუნეებში ერთი სული მოსახლის ყოველდღიურ საზრდოს შეადგენდა 0.9 - 1.4 კგ პური.

ქართველთა პურის მოხმარების თავისებურებაში ვლინდება ეროვნულ თვითშეგნებაში გამოხატული სასიცოცხლო უზრუნველყოფის კულტურის მემკვიდრეობითი ღირებულება. პურწარმოების ეროვნულ გამოცდილებაში წარმოდგენილია ეკოლოგიური, სამკურნალო, გერონტოლოგიური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეურნეო მხარეები და რელიგიური და სოციალური ასპექტები.

წინა აზიაში ხორბლის პური უმთავრესი, ყოველდღიური პროდუქტია. ისტორიულად ირანში, გარდა ხორბლისა, პურს აცხობენ აგრთვე ქერისგან, იშვიათად ჭვავისგან. გამონაკლისს წარმოადგენს ავღანეთის, ბადახშანისა და ნურისტანის მთიანეთი. ჩრდილოეთ ირანის მოსახლეობის ნაწილში პური არ ითვლება ძირითად საკვებად.

ინდოევროპელები ხორბალს გაეცვნენ მცირე აზიის ახალსაცხოვრისი ადგილებიდან. ევროპაში ხორბალმა წინა აზიიდან შეაღწია, შესაბამისად, ინდოევროპელებმა პურცხობა ადგილობრივი მოსახლეობისგან შეისწავლეს.

არქეოლოგიური მასალა, რომელიც შვიდი ათასწლეულით თარიღდება, ადასტურებს, რომ შუამდინარეთში პურცხობა მაღალ საფეხურზე იდგა. შუმერელი ამაყობდა პურით - ცივილიზებული შრომის ნაყოფით. გილგამეშმა, ურუქის მეფემ, გადაწყვიტა ადამიანურ კულტურას აზიაროს ენქიდუ და გაუმასპინძლდა შუმერული შრომის ნაყოფით, პურითა და ღვინით. ენქიდუმ, რომელიც მუდამ ნადირთა რძეს შეექცეოდა არ იცოდა პურს როგორ ჭამენ და როგორ სვამენ ღვინოს და გაოცებული უყურებდა მირთმეულ ძღვენს.

უძველესი ბერძნები ხორბალს პელაზგებისგან ეზიარნენ, ხოლო პურცხობის ხელოვნება ეგვიპტელებისგან შეითვისეს. ძველი ბერძნები პურს აცხობდნენ სპეციალურ ქოთნებში "ქლიბანოსში". აქედანაა წარმოშობილი ძველგოთური სიტყვა "ქლაიბს", რომელიც მათგან მიიღეს ძველმა გერმანელებმა ("ხლაიბ") და სხვა ხალხმა (ესტონელებმა - "ლეიბ"), მათ შორის რუსებმა "ხლებ". პურცხობის საქმე რომაელებმა ბერძნებისგან შეითვისეს, შემდეგ მისი გავრცელება მოხდა ჩრდილოეთით. ამრიგად, პურს - ცივილიზებული შრომის ნაყოფს, ევროპელები ეზიარნენ პროტოქართველებისაგან.

გასულ საუკუნეებში ევროპაში ხორბლის პურს გაცილებით ნაკლებად მოიხმარდნენ, ვიდრე ჭვავისას. მაგალითად, 1893 წელს ჭვავისა და ხორბლის პურის მოხმარების შეფარდება იყო 67:33, ანუ ორჯერ მეტ ჭვავის პურს მოიხმარდნენ. ადრეულ პერიოდში, სავარაუდოდ, შეფარდება გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო ჭვავის სასარგებლოდ. 1970 წელს ამ შეფარდებამ შეადგინა 25:75, ანუ ამ პერიოდში ევროპა ხორბლის პურს სამჯერ უფრო მეტს ჭამდა, ვიდრე ჭვავისას. გერმანიაში 1800 წელს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მოიხმარდნენ 300 კგ პურს, 1910 წელს მხოლოდ 157 კგ-ს, ხოლო 1970-1977 წლებში მხოლოდ 62 კგ-ს.

ქვეყნის ეკოლოგიური და სამეურნეო პირობები განსაზღვრავს პურის მოხმარების თავისებურებას. ამ მხრივ პურეულის მოხმარება მრავალფეროვანი იყო საქართველოში. მოხმარების თავისებურებას განაპირობებს გეოგრაფიული გარემო. ხორბალი ხარობს შედარებით თბილ მხარეში, ჭვავი - შედარებით ცივში. ასევე, ნიადაგობრივი თავისებურება განაპირობებს ფეტვისა და ღომის მოყვანას. ამის გამო აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობაში დომინირებდა ხორბლის პურის მოხმარება; დასავლეთ საქართველოს ბარში - ღომი და მჭადი; აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ქერისა და ჭვავის ნაზავი პური; დასავლეთ საქართველოს მთაში - მჭადი და ქერის პური.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აცხობდნენ: ხორბლისა და ფეტვის ნაზავი ფქვილისაგან "მჭადპურას", ქერისა და ხორბლის ნაზავით - "ქერჭრელას", ქერისა და ჭვავისაგან - "ქერსვილს", ქერისა და დიკისაგან "კერდიკას". ხორბალში ზოგჯერ სოლონჯსაც ურევდნენ, რაც მეტ სურნელებას აძლევს პურს. აღმოსავლეთ საქართველოში ერთი სული მოსახლე ჭამდა ყოველდღიურად 1.4 კილოგრამ პურს. პურზე მოთხოვნილების ეს თავისებურება დასაბამს იღებს პრეისტორიულ წარსულში, იგი შორეული წინაპრის შუმერულ-ქალდეური გენეტიკის კოდშია ჩანერგილი და ჩვენს ქვეცნობიერშია ჩაბეჭდილი.

ადამიანი ნაყოფისმჭამელი არსებაა, მისი თავდაპირველი საკვები მარცვლეული და ხილი იყო. მარცვლეული და ხილი უნდა მივიჩნიოთ მთელი მცენარეული სამყაროს უმთავრეს წარმომადგენლებად. ერთლებლიანი და ორლებლიანი არიან შროშანისებრთა და ვარდისებრთა წარმომადგენლები, რომლებიც ქმნიან ადამიანის უმთავრეს მცენარეულ საკვებს. შემთხვევითი არ არის, რომ ქალდეველების, შეუმერების და იუდეველების უმთავრესი თავდაპირველი საკვები იყო შროსანისებრთა და ვარდისებრთა წარმომადგენლები. ეს მცენარეები აღაგზნებენ ნივთიერებათა ცვლას და ნერვულ სისტემას, ავითარებენ აზროვნებას. შროშანისებრთა მონათესავენი არიან პურეული მარცვლეული კულტურები. ისინი გვკვებავენ მზისმიერი საკვებით - სახამებლით, მისგან ჩვენ ვიღებთ კოსმიურ ენერგიას. პურეული მარცვლეული მწიფდება ვერტიკალურად მდგომი, მცენარის ყველაზე მაღალ, მზისკენ მიმართულ ნაწილში. ამიტომ პურეული მარცვლეულის ყველა სახე არის ადამიანის კვებაში უნივერსალური. "პური ჩვენი არსობისა" - არის ადამიანის სამშენებლო საკვები და სულიერებასთან დამაკავშირებელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×