ლელა ოჩიაური
11.11.2015

25 წლის "რეზონანსი"! ასეთ დროს ამბობენ ხოლმე - "რა დრო გასულა!", "როგორ სწრაფად გაირბინეს ამ წლებმა", "უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი!". ნამდვილად ასეა, მაგრამ რამდენი რამ მოხდა ამ ხნის განმავლობაში, ცხოვრებაში, ქვეყანაში, საზოგადოებაში და დღეს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის 25 წელიწადს ჩვენი გაზეთის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხარისხისა და დასახელების ქაღალდზე დაბეჭდილი მასალები ინახავს.

კარგად მახსოვს "რეზონანსის" პირველი გამოჩენაც და ყველა მისი სახეცვლილებაც, "შვილობილების" (გაზეთები, ჟურნალები) დაბადებაც და ყველა, ვისაც აქ უმუშავია - კარისკაცებიდან დაწყებული, ფოტოგრაფებითა და ჟურნალისტებით დამთავრებული.

პირადად ჩემთვის "რეზონანსი" 1996 წელს დაიწყო.

ელიავას ქუჩა. ჩაბნელებული და გაყინული თბილისი. დიდ ოთახში გასათბობად "სალიარკის ფეჩი" (ასე ვუწოდებდით ყველა) გვედგა და, რა თქმა უნდა, ხრჩოლავდა. იმ პერიოდში "რეზონანსი" ახალ ცხოვრებას იწყებდა და ჟურნალისტების დიდ ნაკადს იღებდა. ეს ჯგუფი ძველებს - პირველებს - მალევე შეუერთდა და ერთ გუნდად იქცა.

მაშინ მთელ რედაქციაში 3-4 კომპიუტერი იდგა, რომლებსაც ჩვენი გოგოები მისხდომოდნენ და ხელით დაწერილ მასალებს გულმოდგინედ გვიბეჭდავდნენ. შემდეგ გავფართოვდით. თანდათან ოთახებში - განყოფილებეში - გადავნაწილდით და კომპიუტერების "იძულებით" ათვისებაც დავიწყეთ. თანდათან გვიმტკიცდებოდა განცდა, რომ "რეზონანსი" ჩვენი გაზეთია და რომ მისი განვითარებისთვის, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გაგვეღო. საქართველოში მიმდინარე არც ერთი დიდი თუ პატარა მოვლენა უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა, ქვეყნის ცხოვრების მსვლელობის მთლიანი პროცესი გაგვეშუქებინა და გვეუწყებინა არა მხოლოდ აწმყოსთვის, მომავლისთვისაც.

მართალია, დრო არ გვქონდა, მაგრამ ჯერ განყოფილებებისა და შემდეგ მორიგე რედაქტორების, შემდეგ კი ჩვენი დამკაბადონებლების - აჩიკოს, ლევანის, მალხაზის ერთსულოვანი "ტერორის" მიუხედავად (ჩვენ დროზე ჩაგვებარებინა მასალები და რედაქტორებს კი - გვერდები), მაინც ვახერხებდით ერთმანეთთან "სტუმრად" სიარულს. "კულტურა" "ეკონომიკას" შეუვლიდა, "სამართალი" - "პოლიტიკას", "სპორტი" - "კულტურას"... დერეფანში "რადიო 105-ი" გამოეფინებოდა ხოლმე და ახალ-ახალ სკეტჩებს სახელდახელოდ თხზავდა, "მწვანე ოთახიდან" კი "სახეს", იმ დროს ძალიან პოპულარული სიმღერების ხმა გამოდიოდა. კარგი დრო იყო. კარგი, დაძაბული, საინტერესო და მხიარული.

ელიავაზე გატარებული წლების შემდეგ რედაქციამ ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა. ყოველ ჯერზე ახალ უბანს, ახალ გარემოს, ახალ "სახლს" ვეჩვეოდით და გაზეთიც სახეს იცვლიდა. ხალხიც იცვლებოდა. ძველები მიდიოდნენ და მოდიოდნენ ახლები. ზოგი ნამდვილ რეზონანსელად იქცეოდა და ზოგისთვისაც ჩვენი გაზეთი დროებითი თავშესაფარი იყო წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პირველ თაობაში (ახლაც ასეა) ყველა ახალგაზრდა იყო, ყველაფერი რომ წინ ჰქონდა - კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. მათი უმეტესობა წარმატებული ადამიანია, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე. უმეტესობას ბედნიერი ოჯახები აქვს. წლების განმავლობაში "რეზონანსული" წყვილებიც შეიქმნა და ეს ყველას საერთო სიხარული იყო - როდესაც ვხედავდით, ჩვენ თვალწინ როგორ იწყებოდა, ვითარდებოდა და გვირგვინდებოდა "ჩვენების" კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია. ზოგს უკვე იმხელა შვილები ჰყავს, არ გამიკვირდება, რომელიმემ ერთ დღეს რედაქციის კარი შემოაღოს და ისიც რეზონანსელად იქცეს.

ძველებიდან კი თანდათან თითქმის ყველა წავიდა და დაიფანტა. სად, რომელ სფეროში არ აღმოვაჩენთ მათ - ტელევიზიებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამინისტროებში, კერძო სტრუქტურებში, არასამთავრობოებში, სამოქალაქო თუ სახელმწიფო სექტორებში. ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ექსპერტი, სხვადასხვა პროფილის კომპანიებისა და სააგენტოების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები.

ცნობილი და წარმატებული მწერლები, დრამატურგები, პოეტები, მხატვრები - გიო ახვლედიანი - აკა მორჩილაძე, ბასა ჯანიკაშვილი, რატი ქართველიშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ლევან რამიშვილი, ეკა ქევანიშვილი, თეა თოფურია, კახა ჭაბაშვილი, მალხაზ რუსაძე - ყოფილი რეზონანსელები არიან.

სამწუხაროდ, ზოგი ჩვენიანი - ციცინო ნაცვლიშვილი, გიო სანაია, თორნიკე ამბოკაძე, სერგო ბელოუსოვი, ბატონი გოგი და ბატონი ოთარი ამქვეყნად აღარაა.

დრო გადის. ყველაფერი იცვლება და ეს ასეც უნდა იყოს. ზოგი ჟურნალისტი, რომელიც დღეს ჩვენთან მუშაობს, ალბათ მაშინ, როდესაც "რეზონანსი" პირველ ნომრებს უშვებდა, დაბადებულიც არ იყო. 25 წლის წინ, რაც ადამიანისთვისაა ბევრი - ვიღაცისთვის - მთელი ცხოვრება და გაზეთისთვის, მით უმეტეს.

ზოგჯერ, როდესაც ძველი რეზონანსელები საგანგებოდ ან შემთხვევით ერთმანეთს შვხვდებით, აუცილებლად ვკითხულობთ - "ჩვენებს ნახულობ"? ეს "ჩვენებს" ნამდვილ "ჩვენებს" ნიშნავს, სხვადასხვა დროის რეზონანსელებს, რომლებიც, სადაც უნდა იყვნენ, დიდი ხნის უნახავები, რა დროცა და მანძილიც უნდა იყოს ჩვენ შორის, მაინც ყოველთვის "ჩვენიანებად" რჩებიან.

რა თქმა უნდა, რედაქციის ცხოვრება არ იყო მშვიდი და, სხვათა შორის, არც უსაფრთხო. ხან რომელი მამხილებელი სტატიით უკმაყოფილოები გვეწვეოდნენ და ხან რომელი. ხან ხელისუფლების წარმომადგენლები და ხან განრისხებული მოქალაქეები. თავდასხმებიც იყო და მუქარაც. სასამართო პროცესებიც და გაფრთხილებებიც "ზემოდან". დაშინებაც და აჭედილ-შედუღებული კარიც. თვალთვალიც და დახურვის საშიშროებაც. არაერთხელ.

როგორც საერთოდ ცხოვრებაში, "რეზონანსის" ისტორიაშიც ყველაფერი იყო - ცუდიცა და კარგიც, სასიხარულოცა და გულსატკენიც, მძიმე და წინააღმდეგობრივიცა და გამარჯვებებიც და ჩვენ ამ ყველაფრის მონაწილეები ვიყავით. ერთად ვქმნიდით გაზეთს და ეს წლები ნამდვილად არ იყო არც ცარიელი და არც ფუჭად გატარებული.

P.S. რამდენჯერ მიფიქრია, რომ იქნებ დროა, "ბარგი" ჩავალაგო და ჩემი მყუდრო კუთხე, ნათელ და მზიან ფანჯარასთან, საიდანაც ყვავილები და ხეები მოჩანს და ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, დავტოვო და მეც "ყოფილად" ვიქცე. მაგრამ აქ "ჩემები" არიან, ჩემი მრავალი წლის მეგობრები - მედეა, ზვიადი, ია, ნინო, აჩიკო, რობერტი, მაიკო, თამრიკო, ეკა, მაკა, მარი, თინიკო, ელზა, მახო, გიო, კაკო, ლაშა, ბესო, ზურა, არიან ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაც მიხარია და მსიამოვნებს მუშაობა. თან გადავთვალე და აღმოვაჩინე - 1 წლის შემდეგ პირადად მე და "რეზონანსს" 20 წლის იუბილე გვაქვს!!! და რა თქმა უნდა, "ბარგის ჩალაგება" კიდევ ერთხელ გადავიფიქრე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×