ელისო ჩაფიძე
11.11.2015

არასდროს მიოცნებია პოლიტიკოსობაზე. პოლიტიკაში ყოფნა უბრალოდ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ემსახურო საკუთარ ხალხს, იმ ადამიანებს, ვისი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაც გინდა. პოლიტიკაში ყოფნა შესაძლებლობაა, შეცვალო სამყარო ისე, როგორც შენს წარმოდგენებში გინდოდა, ყოფილიყო შენი ქვეყანა.

ნოემბრის აქციების დროს, როცა რუსთაველი კიდევ ერთხელ აჯანყდა, აიქოჩრა, კარვები გაიშალა, მზესუმზირის ჩენჩოთი და სიგარეტის ნამწვავებით გადაიფარა, მახსოვს, ერთხელ მეგობარმა მკითხა - მოგწონს ახლა ეს ხალხი? და იმ წუთში მივხვდი, რომ შესაძლოა, არც მომწონდა ბევრი რამ, რაც აქ ხდებოდა, მაგრამ მიყვარდნენ ეს ადამიანები. ისეთი მშობლიური სიყვარულით, არასოდეს არავინ რომ არ გეყვარება, შენივე ისტორიის, ენის, კულტურისა და სისხლის ადამიანის მსგავსად.

მაშინ ჟურნალისტი გახლდით. საერთოდ, ეს ის პროფესიაა, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. აი, ხომ არიან ადამიანები, ვისაც სიმღერა ან ხატვა ცხოვრების ყველაზე დიდ ვნებად უქცევია, ჩემთვის ასეთი ჟურნალისტიკა და მოგზაურობა იყო. ჟურნალისტობა, ესაა შესაძლებლობა, ეძებო და მოყვე ისტორიები, გადასცე ადამიანური ამბები, ინფორმაცია სხვებს, ამბების გახმაურებით თავიდან აიცილო შესაძლო ბოროტება და დანაშაული. და როცა ახალგაზრდა ხარ, როცა შენი ოცნებები უფრო მეტია, ვიდრე შენი მიღწევები, როცა გგონია, რომ მთებს გადადგამ, თუკი ამას მოისურვებ, სწორედ "რეზონანსი" იყო ის ადგილი, სამყაროს საყრდენი წერტილი, საიდანაც შემეძლო, ჩვენი მკითხველისათვის ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ სიმართლე მომეთხრო.

მაგრამ ამბავი, ისტორია, თუნდაც მართალი, გადამოწმებული და რეალური არაფერია, თუკი მას გარკვეული მიზანი და მისწრაფება არ ამოძრავებს. ამ მიზნებითა და ამოცანებით, იდეებითა და გამოწვევებით სავსე იყო 90-იანი წლების მედია. მე მერგო პატივი, მემუშავა ადამიანების გვერდით, რომელთაც ადამიანის უფლებების დაცვის სურვილით დამმუხტეს. ადამიანებისა, რომლებიც მკითხველისა და ჩვენი სტატიის პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრებას გვაიძულებდნენ. სწორედ "რეზონანსმა" მომცა საშუალება, ჩემი ცხოვრების დიდი დრო გამეტარებინა სასამართლოებში, სადაც 90-იანი წლების ისტორიის შემოქმედთ ასამართლებდნენ. უპასუხისმგებლობა იყო მათი კოლექტიური სახელი. ადამიანებისა, რომელთაც ხშირად პირადი ამბიციები უფრო მაღლა დაეყენებინათ, ვიდრე სახელმწიფოებრივი ამოცანები.

"რეზონანსმა" მომცა საშუალება, მევლო ციხეებში და აღმომეჩინა იქ არსებული გაუსაძლისი პირობები.

და როცა რომანტიზმის დრომ გაიარა ქართულ ჟურნალისტიკაში, გამოძიებას ჩავუღრმავდით. გამოძიებას, რომელიც ისევ ჩვენი ეპოქის მოვლენებში ღრმად ჩახედვისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილების საშუალებას იძლეოდა.

ყოველთვის ბედნიერი ხარ, როცა აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს. ფუფუნებაა, როცა ამ საქმის კეთებაში ხელფასსაც გიხდიან. პოლიტიკაშიც იმის გამო წავედი, რომ დამეცვა საქმე, რომელიც მიყვარდა და რომლის კეთების საშუალებასაც აღარ მაძლევდნენ.

ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ჩემი წარმოდგენები ჟურნალისტიკასა და "რეზონანსზე" ზედმეტად ძველმოდურია, შესაძლოა, ეს მართლაც უბრალოდ ბიზნესია, ახალი ამბებისა და გართობის ბიზნესი, სადაც იმარჯვებს ის, ვისაც საუკეთესო რეკლამა და გაყიდვა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს, ვერასდროს შეძლებს, 18 წელი ემსახუროს საქმეს და ყოველდილით ახალი სიხარულით დაიწყოს წერა იმ იმედით, რომ ხვალ სამყარო უკეთესი გახდება. "რეზონანსი" ამის ასპარეზს იძლევა და ზოგჯერ უფრო მეტად, ვიდრე პოლიტიკა, სადაც ინდივიდუალიზმს ხშირად კოლექტივიზმი სჭარბობს.

მინდა, "რეზონანსი" მუდამ ამ ინდივიდუალობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდეს. შესაძლოა, ოდესმე გაზეთები ქაღალდზე აღარ დაიბეჭდოს, მაგრამ ახალი ამბების ინდუსტრია არასდროს მოკვდება. არც "რეზონანსი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×