ზაალ ანჯაფარიძე
11.11.2015

თითქმის დეტალურად მახსოვს, როგორ მივედი 1992 წლის დეკემბრის ბოლოს, ერთ სუსხიან დღეს ჩემი სტატიით "რეზონანსის" რედაქციაში, რომელიც მაშინ აღმაშენებელზე მდებარეობდა, "თბილქალაქპროექტის" შენობის ორ ოთახში.

ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ მყარად იყო შებოჭილი საბჭოური მენტალიტეტის არტახებში, მოწყურებული იყო ცენზურისგან თავისუფალ სიტყვას და აზრს. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა უკვე ომშია ჩაბმული, თუმცა საზოგადოება ომით არ ცხოვრობს.

რატომ გადავწყვიტე ჟურნალისტობა? ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს წერა და რაღაც დაუოკებელი შინაგანი მოთხოვნილება მქონდა, ხალხისთვის მეთქვა, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო, მეთქვა ჩემი თვალით და გონებით დანახული და აღქმული სინამდვილე. ეს მოთხოვნილება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გადაწონა ყველა ეჭვი და შიში იმაზე, შევძლებდი თუ არა.

მოკლედ, მივიტანე სტატია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხებოდა, რუსეთი და დასავლეთი გავლენის სფეროებს იყოფდნენ და თემა აქტუალურად ჟღერდა. სტატია მოეწონათ და დავიწყე მუშაობა, ასე დაიწყო ჩემი და "რეზონანსის" თანაცხოვრება, რომელიც მთელი ექვსი წელი გაგრძელდა. ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახდა ჩემს ცხოვრებაში და პროფესიულ კარიერაში, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ამ ხნის განმავლობაში გავიარე საინტერესო, მღელვარე და გამოწვევებით სავსე გზა "რეზონანსის" კოლუმნისტიდან მისი ინგლისური ვერსიის რედაქტორობამდე. ამისათვის გაზეთს ჩემი უდიდესი მადლობა.

"რეზონანსის" 25 წელი დახუნძლული იყო ძალიან საინტერესო და ზოგჯერ დრამატული მოვლენებით, ეს იყო გზა ჟურნალისტური რომანტიზმიდან პრაგმატულ, პროფესიულ ჟურნალისტიკამდე. გაზეთმა და მისმა კოლექტივმა წარმატებით გაუძლო სხვადასხვა სახის გამოწვევებს, მათ შორის, ღია მუქარებსა და გაზეთის დახურვის არაერთ მცდელობას. ყველა ამ რთული სიტუაციიდან გამარჯვებული "რეზონანსი" გამოვიდა, მისი არაკეთილმოსურნეები კი კარგა ხანია ისტორიის არქივში არიან. "რეზონანსის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი, საწინდარი კი იყო და არის ის შესანიშნავი ადამიანური რესურსი, რომელმაც გაზეთში თავი მოიყარა მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე.

მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო "რეზონანსს". მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×