მოსაზრება
05.11.2015

ანზორ დუნდუა
2014 წლის 17 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო #400 დადგენილება, "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020" დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე", რომლითაც სამინისტროებს და მთავრობას დაქვემდებარებულ შესაბამის უწყებებს დაევალათ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები (ცხადია ენერგეტიკის სფეროშიც), მაგრამ ვიდრე უშუალოდ ენერგეტიკის საკითხებზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებში, რომლებსაც თითოეული დარგისათვის გზამკვლევის როლი აკისრია, ყველა ის ძირითადი ინდიკატორი უნდა იყოს გამოყენებული, რომელსაც, შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შემთხვევაში, კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია.
დოკუმენტში, "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020", აღწერილია ის პრიორიტეტები და პრობლემები, რომელთა გადაჭრა საჭიროა გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად" ხოლო, "ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მთავარი ამოცანა საქართველოს ეკონომიკის შემაფერხებელი ყველაზე კრიტიკული პრობლემების იდენტიფიკაცია და დაძლევაა."
ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკის შემაფერხებელი, ერთ-ერთი ის სფერო, რომლის განვითარება აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისათვის.
სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს თითოეული რეგიონის მდგომარეობის და მისი პოტენციალის შესახებ, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით, თუმცა ამაზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. ასეთი ინფორმაციის მისაღებად ჩასატარებელია ქვეყნის არსებული ენერგეტიკული მდგომარეობის და პოტენციალის ინვენტარიზაცია და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება. მსგავსი ნაშრომი, ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების გზამკვლევის როლის შესასრულებლად, აუცილებლად ანალიტიკური მუშაობის შედეგი უნდა იყოს. სიტუაციური ანალიზი უნდა გვაძლევდეს საშუალებას გავარკვიოთ, სად ვიმყოფებით დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და რისი მიღწევა გვინდა!
საქართველო სათბობ-ენერგეტიკული პოტენციალით მსოფლიოს ღარიბ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ქრონიკულად იმპორტზეა ორიენტირებული.
ენერგიის მოხმარების მაჩვენებლის მაქსიმუმი ქვეყანაში დაფიქსირებულია 1989 წელს, როდესაც მოხმარებული იყო 19,2 მლრდ. კვტსთ ელექტროენერგია და 6,5 მლრდ. მ3 ბუნებრვი აირი(ეს მაჩვენებელი იმ დროისათვის საშუალო ევროპული მაჩვენებლის რიგის იყო და სრულად აკმაყოფილებდა ქვეყნის მოთხოვნებს). დღეს ეს რიცხვები 1989 წლის მაჩვენებლის 30%-ს შეესაბამება, ამასთან ქვეყანა საკუთარი რესურსების სახით, მის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 32-35%-ს აკონტროლებს, დანარჩენი 65-68% იმპორტირებული ენერგორესურსებია. ცხადია, ასეთი მწირი ენერგორესურსების ბაზის პატრონი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება ძალზე მყიფეა, ხოლო ენერგოდამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკას რადიკალური გარდაქმნა სჭირდება, ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს მემკვიდრეობისაგან, ის აღარ არის დიდი ქვეყნის ენერგოსისტემის ნაწილი, უნდა ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ქვეყნის, საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მთელ პერიოდში დარგის სტრუქტურებში მსგავსი არაფერი ხდება.
ჩვენ ენერგეტიკის ნგრევა დაახლოებით 25 წლის წინ დავიწყეთ, ენერგოობიექტების გაუაზრებელი პრივატიზაციით, შემდეგ შემოვიყვანეთ საეჭვო წარმოშობის და რეპუტაციის ინვესტორები და ბოლოს, დარგი საბოლოოდ დავასამარეთ, როცა გავანადგურეთ ყველა სახის ინსტიტუტები და პროფესიონალურ კადრებზე დამყარებული ინსტიტუციები, რამაც კომპეტენტური კადრების წარმოუდგენელი დეფიციტი შექმნა.
არც ამჟამად მიმდინარეობს (ყოველ შემთხვევაში საჭირო ტემპებით) მუშაობა ენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუციაზე. დარგში სრული სტაგნაციაა:
- ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის თვალსაზრისით;
- კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;
- არ არის გამოკვეთილი პრიორიტეტები.
დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020" დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე", სამწუხაროდ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ენერგეტიკის მიმართ არ არის სერიოზული დამოკიდებულება.
პირველ რიგში არ ჩანს არანაირი გამოკვეთილი ანალიზი ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის შესახებ, ენერგეტიკული ბალანსის გათვალისწინებით (რომლის რეგულირების სფეროშიც შევა ყველა სახის ენერგორესურსი), მაშინ როდესაც "ეკონომიკის ცალკეულ დარგთან ენერგეტიკული კომპლექსის ორგანული კავშირი სწორედ ენერგეტიკული ბალანსის მეშვეობით ხორციელდება. ენერგეტიკული ბალანსი ახასიათებს ამ კავშირების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მხარეს. იგი მოიცავს ყველა სახის სათბობ-ენერგეტიკულ რესურსს".
ასე მაგალითად, დოკუმენტში (გვ. 36) წერია - "ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობა ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებულ შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს" და თითქმის იქვე ნათქვამია, რომ "ქვეყანაში დღეისთვის წარმოებული ენერგია ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არასაკმარისია." გაუგებარია, რომელს უნდა დავუჯეროთ თუ უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ ენერგიის სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი (?!), ასევე ტექსტში არ არის გამოკვეთილი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ცნებების მნიშვნელობები, რაც ახლად შექმნილი ენერგოსისტემის "საშინაო" და "საგარეო" პოლიტიკის ჩამოყალიბების ქვაკუთხედი უნდა გახდეს.
დოკუმენტში არ ჩანს მიმართულებათა პრიორიტეტების განაწილების მოდელები. ცნობილია, რომ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე მოსული ელექტროენერგიის რაოდენობით ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეულად დეფიციტური ქვეყანა ვართ ევროპაში და ამ დროს ორიენტაციას ექსპორტზე ვაკეთებთ. გვაქვს აქცენტი გაკეთებული იაფი თვითღირებულების ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარებაზე და უარს ვამბობთ ამ ენერგიით ენერგოტევადი პროდუქციის წარმოებაზე, ენერგიის ნედლეულის სახით, ექსპორტზე გაყიდვის სანაცვლოდ.
ქვეყნისათვის, რომელიც დეკლარირებს, რომ "ენერგეტიკის სფეროს თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ინსტიტუციური მოწყობის და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის მიზნით, განხორციელდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების თანამიმდევრული შესრულება", სრულიად არაადეკვატურია არატრადიციული ენერგეტიკის თემის სრული იგნორირება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ხელშეკრულების პრეამბულაში მინიშნებულია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ენერგოდაზოგვა და ენერგოეფექტურობა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მთლიანად, ქვეყნის ენერგოსტრუქტურა მნიშვნელოვანწილად ამორტიზებულია, ამ მოთხოვნების რეალიზაციისათვის, გარდა კანონებში რადიკალური ცვლილებებისა, აუცილებელია ენერგეტიკული სისტემის ყოვლისმომცველი ტექნიკური მონიტორინგის მოდელის ჩამოყალიბება, რეალური მდგომარეობის და უსაფრთხოების მექანიზმების ინსპექტირების ჩათვლით.
ერთადერთი სექტორი, რომელიც ორ ათეულ წელიწადზე მეტია თავდაუზოგავად "იბრძვის" ქვეყნის გადასარჩენად, ენერგეტიკული კრიზისის მთელ პერიოდში, საქართველოს ტყეა. "საქართველო 2020"-ში წერია, რომ "ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული სოფლის მეურნეობის, ჰიდროენერგეტიკის, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარება" და ამ დროს მერქნის საწვავის წილი საქართველოს საერთო ენერგეტიკულ ბალანსში, დღეის მდგომარეობით, ჰიდროელექტროენერგიის წილის რიგისაა, რაც მისთვის შეუსაბამოდ დიდი ტვირთია და თუ არ იქნება მიღებული სასწრაფო, რადიკალური ღონისძიებები, როგორც პროფესიონალი მეტყევეები ამბობენ, კატასტროფა გარდაუვალია და ამიტომ ამ დარგს სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს.
ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს სრულად შეეწირა ან დაკნინდა ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ინსტიტუციები, რის გამოც დარგში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების კუთხით ჩვენი ჩამორჩენა გარდაუვალი იყო, ამიტომ სტრატეგიაში აუცილებლად უნდა აისახოს ის ღონისძიებები, რაც დარგს ამ ჩიხიდან გამოიყვანს.
სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ყველაზე უფრო ხელშესახებ შედეგებს შორის ჰიდრონერგეტიკული პროექტები მოიაზრება და, როგორც ჩანს, მომავალშიც მთელი ძალისხმევა, ენერგეტიკის სფეროში, მიმართული იქნება ამ სეგმენტში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ.
როგორც ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, "საქართველოში ჰიდროენერგეტიკა ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია. პროექტების განხილვის გარდა, ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობას უნდა ჰქონდეთ გრძელვადიანი სტრატეგია, თავისი გამოწვევებით, შეფასებებითა და მოსალოდნელი შედეგებით. საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ინვესტორებთან ურთიერთობაში."
ეს პოსტულატი ნამდვილად არის მხედველობაში მისაღები იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინვესტორის ინტერესები იშვიათად არის თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან. ვფიქრობთ, რომ "ენერგოგანაწილების ინფრასტრუქტურაში არსებული ე.წ. ტექნიკური სირთულეები" სწორედ ამ მოსაზრების ნათელი მაგალითია "დისტრიბუციის ბაზარზე კონკურენციის არარსებობასთან ერთად".
პრობლემა კომპლექსურია, ცოტას ნიშნავს იმის თქმა, რომ აუცილებელია ქვეყნის განვითარების სტრატეგიის გადახედვა ენერგეტიკული პრობლემების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის დიდი საფრთხეები, რაც შეიძლება ქვეყანას დაატყდეს ენერგეტიკული კრიზისის პირობებში.
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობს, მხოლოდ ჰიდროენერგეტიკის და თუნდაც მხოლოდ ელექტროენერგეტიკის განვითარებით ენერგეტიკული პრობლემები ვერ გადაიჭრება. უნდა ვიზრუნოთ სრულ ენერგეტიკულ ბალანსზე. ამ თვალსაზრისით კი, ჩვენი დღევანდელი მიდგომით და ტემპებით, ენერგოუზრუნველყოფის კუთხით 1989 წლის სასტარტო მდგომარეობას, სავარაუდოდ, 40-50 წლის შემდეგ დავუბრუნდებით.

ანზორ დუნდუა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის კოორდინატორი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×