პაატა კოღუაშვილი
პროფესორი
აგრარული სექტორის ეკონომიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ქართული სოფლისა და მისი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას: გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი არიან მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის - შპს-ს სახით, მოგების გაზრდის მიზნით ახდენენ გლეხობისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვას რაც შეიძლება დაბალი ფასით. ეს კი ხშირ შემთხვევაში, ვერ ანაზღაურებს პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც. ისინი, პრაქტიკულად, გადაიქცნენ გადაულახავ ბარიერად გლეხობასა და თავისუფალ ბაზარს შორის. ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია საბჭოთა ეპოქიდან გადმოყოლილი სასოფლო-სამეურნეო სისტემის არასწორი, ორგანიზაციული მოწყობით, მნიშვნელოვანწილად გახდა საფუძველი, ერთი მხრივ, სოფლებიდან მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციისა და მეორე მხრივ, აგრარული წარმოების პარალიზებისა.
საწარმოო ურთიერთობათა ასეთი ფორმის განვითარება და გლეხობისგან პროდუქციის შემსყიდველი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ხელშეწყობა სოფლის მოსახლეობისთვის, საბოლოო ანგარიშით, უკუშედეგის მომტანი იქნება. სოფლის მოსახლეობას (განსაკუთრებით მიწის წვრილ მესაკუთრეებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ) საბოლოოდ დაუკარგავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციას და რაც მთავარია, სოფლად ცხოვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.
საქმე ეხება ათიათასობით წვრილ გლეხურ (ოჯახურ) მეურნეობას, რომლებსაც არც გამოცდილება და არც ფინანსური საშუალებები არ გააჩნიათ დამოუკიდებლად ფეხზე დადგომისა. სწორედ ასეთ ვითარებაშია სახელმწიფო ვალდებული ქმედითი დახმარება გაუწიოს გლეხთა კოოპერაციულ გაერთიანებებს და იზრუნოს მათი ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ დაცლილ სოფლებს, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ქვეყნის ინტერესებში.
კოოპერატივების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნილებების ადეკვატური. სახელმწიფოსათვის იგი წარმოადგენს ძლიერ და სანდო პარტნიორს სოფლად რთული ეკონომიკური და ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებისას.
ამ მიზნის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერაციული გაერთიანებების შექმნისა და მათი გადამმუშავებელ საწარმოებთან ინტეგრირების გზით (წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლი). კოოპერაციული წარმოების ორგანიზაციული ფორმა უნდა იყოს იმდენად სრული, რომ ადგილს არ უტოვებდეს საწარმოო პროცესში სხვის (არაადგილობრივის) დიქტატს.
ამ პროექტის განხორციელებით მიღებული სინერგიული ეფექტი რეალურად გამოიხატება:
1. ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ინტენსიურ განვითარებაში;
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნაში, სადაც პირველადი პროდუქციის მწარმოებლები ყოველგვარი შუამავალი რგოლების გარეშე მიიღებენ გაზრდილ შემოსავალს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან;
3. ევროპული ტიპის, ვერტიკალური ინტეგრირების პრინციპზე დაფუძნებული, ორდონიანი კოოპერაციული სისტემის ჩამოყალიბებაში, რომლის ფარგლებში მოხდება პირველადი პროდუქციის მწარმოებელთა სახელმწიფო მხარდაჭერა არა მხოლოდ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხში, არამედ ამ პროდუქციიდან ლიკვიდური, მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნით, რაც გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ფერმერს, ასევე ქვეყანას;
4. დემოკრატიული და სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის კლასიკური შიდასაწარმოო ურთიერთობების დანერგვაში;
5. შედარებით წვრილი 3-5-წევრიანი კოოპერატივების ნაცვლად (დღემდე დაფუძნებული კოოპერატივების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასეთია), მრავალწევრიანი (მინიმუმ 50 წევრი) კოოპერატივების სტიმულირებაში და პირველი დონის კოოპერატივების მიერ საწარმოო და მარკეტინგული ფუნქციებით აღჭურვილი მეორე დონის კოოპერატივის შექმნაში;
6. სისტემურ-სინერგიული ეფექტი მიიღწევა შემდეგი ძირითადი კომპონენტების ერთობლიობის საფუძველზე: ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი, პროექტის სიცოცხლისუნარიანობა.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს და მოახდენს მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ხელშეწყობას, "იაფი სესხისა" და "თანადაფინანსების" პროგრამების ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში:
1. ვერ მოხერხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა;
2. აგროსექტორი, პრაქტიკულად, ჩაიკეტება კოოპერაციული, სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული და ცივილიზებული შიგასაწარმოო ურთიერთობების განვითარებისთვის. ის გადაიქცევა ფეოდალური საწარმოო ურთიერთობების ასპარეზად, სადაც აგრომწარმოებლებიდან ნედლეულის შესყიდვა მოხდება იმ ფასით, რომელსაც მათ უკარნახებს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული გადამმუშავებელი საწარმო;
3. ცხადია ასეთი მიდგომა მხოლოდ უკუშედეგის მომტანი იქნება, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქართული სოფლის ინტერესებს. სასოფლო-სამეურნეო სისტემის განვითარებაში კოოპერატივს, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვა ფორმებს შორის.
სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროცესი ამ სექტორში მიმართული იქნება არა გლეხთა შემოსავლების ზრდაზე, არმედ მათი ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვით გადამმუშავებელ საწარმოთა (შპს) მეპატრონეების გამდიდრებაზე. საწარმოო კოოპერაციისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი სიკეთე, პრაქტიკულად, მიუწვდომელი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. იგი მოხმარდება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის კიდევ უფრო გამდიდრებას.
შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების განვითარებას, რა თქმა უნდა, თავისი ადგილი გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ, როცა არსებობს აგროწარმოების განვითარების სხვა, უფრო ძლიერი სოციალური და ეკონომიკური მოტივები, მათი იგნორირება სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული სოფლის მეურნეობის დახმარების ღონისძიებათა წარმატებით განხორციელება დიდად არის დამოკიდებული რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სისტემის სწორი ორგანიზაციული მოდელის შერჩევა, ანუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დახმარების უკუგების ყველაზე მაღალ ხარისხს. სამწუხაროდ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს საშიშროება, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების შემთხვევაში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედობაუნარიანობის მქონე ან სულაც უკუშედეგის მომტანი, როგორც ხდებოდა ამ ბოლო ათწლეულში.
სწორედ ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ე.წ. "იაფი სესხისა" და "თანადაფინანსების" (10/40/50) პროგრამებთან მიმართებაში, სადაც დაფინანსებული პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ ფორმებზე, ძირითადად, შპს-ებზე მოდის და მათ შორის არ არის არც ერთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ახლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და გლეხობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რიგი მიზეზების (უპირველეს ყოვლისა კომერციული ბანკებისთვის არამიმზიდველი საგარანტიო უზრუნველყოფა) გამო, პრაქტიკულად, არ გააჩნია პერსპექტივა დააკმაყოფილონ ბანკების მოთხოვნები იაფი კრედიტის მიღებაზე. ამიტომ აუცილებელია მოიძებნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი სხვა გზები.
ერთ-ერთ ასეთ მიმართულებას, ხელშეკრულების საფუძველზე, არსებული სახელმწიფო თუ კერძო საწარმოების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პირველადი პროდუქციის (ნედლეულის) გადამუშავება წარმოადგენს, სადაც გადამუშავებული საბოლოო პროდუქტი, შესაძლოა, იყოს კოოპერატივისა და საწარმოს ერთობლივი წილობრივი საკუთრება (თუმცა ხელშეკრულებაში შეიძლება იყოს საბოლოო პროდუქტის თანამესაკუთრეობის სხვა ფორმაც). გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის (მოგების) გარკვეული ნაწილი მოხმარდება ამ კოოპერატივის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადანაწილდება კოოპერატივის წევრებზე მათ მიერ გადამმუშავებელ საწარმოზე მიწოდებული ნედლეულის ღირებულების პროპორციულად.
რაც შეეხება სოფელ დარჩელის თხილის მწარმოებელ კოოპერატივს, იგი უნდა ჩამოყალიბებულიყო, როგორც მეორე დონის ინტეგრირებული კოოპერაციული საწარმო (თხილის წარმოება, დასაწყობება, შრობა, ნამტვრევ-ნაჭუჭისაგან გათავისუფლება, დაკალიბრება, მოხალვა, დაფქვა სხვადასხვა ფრაქციად, ვაკუუმური შეფუთვა-დაფასოება და რეალიზაცია) და არა ისე, როგორც შეიქმნა, მხოლოდ თხილის წარმოება, დასაწყობება, ნამტვრევ-ნაჭუჭისაგან გათავისუფლება და შრობა. ეს არის შეკვეცილი, არასრული (გამესამედებული) საწარმოო ციკლი.
გლეხები, პრაქტიკულად, დაუცველი პოზიციების გამო იძულებული იქნებიან დათანხმდნენ თხილის შესყიდვის შეთავაზებულ ფასს, რაც ავტომატურად გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციისა და ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოშლას და რაც მთავარია, სოფლად ცხოვრების გაუფასურებას. საბოლოოდ, გლეხს შემოსავალი ან იგივე იქნება ან უმნიშვნელოდ გაეზრდება. კოოპერატივის წევრებს, ხვედრით წილად მხოლოდ თხილის მოვლა-გაშენება და მოყვანა დარჩებათ, რაც საბოლოოდ საფრთხეს შექმნის იმისას, რომ გლეხი თხილის პლანტაციას გაყიდის და სოფლიდან აიყრება.
ამ ეტაპზე გამოსავალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გადამმუშავებელ საწარმოებთან (შპს) კოოპერირების სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობა (70/30).
"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონმა არ განსაზღვრა კოოპერატივების შიგა საწარმოო ურთიერთობათა რეგულირების მექანიზმები და არ გაითვალისწინა არანაირი ეკონომიკურ-ფინანსური მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მიზნით. მათ გარეშე კი კოოპერატივების განვითარების პროცესის დაწყება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
მოგვიანებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
აქვე გთავაზობთ ინფორმაციას დანიაში სახამებლის მწარმოებელი კოოპერატივის შესახებ:
დანიაში კარტოფილის სახამებლის წარმოების 85% გადის ექსპორტზე და იყიდება 40-ზე მეტ ქვეყანაში. წელიწადში 170 000 ტ კარტოფილის სახამებელს აწარმოებს 5 საწარმო, რომლებიც ეკუთვნის კოოპერატივს და აერთიანებს 3000-ზე მეტ ფერმერს.
- ფერმერი არის აქციების მფლობელი;
- თითოეული აქცია აძლევს უფლებას და იმავდროულად ვალდებულებას 100 კგ კარტოფილის ჩაბარებაზე (10 აქციის მფლობელს აქვს უფლება და ვალდებულება ჩააბაროს 10ყ100 ! 1000 კგ კარტოფილი);
- კარტოფილის ჩაბარების რიგს განსაზღვრავს საწარმო და ადგილზევე ანაზღაურებს პროდუქციის მინიმალურ ღირებულებას;
- სახამებლის გაყიდვის შემდეგ მიღებული მოგება ნაწილდება აქციების რაოდენობის მიხედვით;
- აქციების გაყიდვა ან გასხვისება ნებადართულია. აქციის ფასს განსაზღვრავს კარტოფილის ფასი გაყიდვის მომენტისათვის;
- კოოპერატივის მართვას ახორციელებს კრება, რომელიც ირჩევს საწარმოს მმართველ დირექტორატს კოოპერატივის წევრებიდან;
- კოოპერატივის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა და ეს დამოკიდებული არ არის აქციების ფლობის რაოდენობაზე.
მსგავსი მოდელი უნდა დაინერგოს საქართველოში, რადგან არ იზღუდება ფერმერთა თავისუფლება და "კოლექტივიზაციის" შიში თითქმის არ არსებობს. ასევე დასაშვებია გავაუქმოთ პროდუქციის ჩაბარებაზე მკაცრი ვალდებულება და დავუშვათ კოოპერატივის არაწევრებისაგან პროდუქციის შეძენა, თუ ამის აუცილებლობას დირექტორატი ხედავს.