მოსაზრება
26.10.2015

 გიორგი გიგაური

ხელოვნებათმცოდნე, ეთნოგრაფი

"არა უწიგნურნ იყვნენ ქართველნი ვიდრე ფარნავაზამდე

არამედ იგინიცა წერდნენ უხუცესთა მათ წერილითა"

(მატეანე შემეცნებათა)

გრაკლიანის წარწერა ჯერ ბოლომდე არაა გამოჩენილი და უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში. სპეციალისტებისგან თუ არასპეციალისტებისაგან წარმოიშვა არაქართული ვერსიებიც, ნიშანთა მსგავსების გამო, არამეულთან თუ სემიტურთან და სხვა. ჩვენი წერილიც სწორედ ამიტომაც დაიწერა და გვინდა ჩვენი მოკვლევის მიმართულებაც გავაცნოთ სპეციალისტებს და მივანიშნოთ საკითხის სერიოზულობის დონე. სწორი კვლევა უმთავრესია მეცნიერებაში და მათ შორის პალეოგრაფიაში.

გრაკლიანის არქეოლოგიური გათხრები (ხემძღ. ბ-ნი ვ. ლიჩელი) რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აქ მიწისქვეშ რამდენიმე კულტურული ფენის ნაშთებია აღმოჩენილი. ობიექტი სხვადასხვა სპეციალისტების ყურადღების არეალში ბევრჯერ მოექცა. ახლა კი აღმოჩნდა წინაქრისტიანული ტაძრის წარწერა, რომელიც არქეოლოგების მონაცემებით ძვ.წ. 7 საუკუნისაა. გამოჩნდა ე.წ. "საკურთხევლები", რომელთან მიტანილია შესაწირები.

საკურთხევლის წინა მხარეს, ძირზე, სწორედ საინტერესო წარწერის ფაქტებიც დაფიქსირდა (იხ. ფოტო 1). ტექნიკურად ასეთი შესრულების წარწერა იშვიათია და პირველ რიგში ყურადღება ამან მიიქცია. წარწერის სიმაღლე 10 სმ-მდეა და ნიშნები ბარელიეფურია. წარწერა გაკეთებულია რბილ ქვაში (გაქვავებული თიხა), რომელიც სპეციალურად ამ ადგილისთვის შეასრულეს.

წარწერა შესრულდა დახურულ შენობაში და მისი აღქმა ანუ "წაკითხვა" შორიდანაც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. ნიშნების მოხაზულობა მონუმენტურია და აქცენტი შინაარსის მიმართ უფრო ჩანს, ვიდრე გარეგნულ ფაქტორზე ანუ მხატვრულობაზე ნაკლებად ნაფიქრია.

"ამოჭრა" ქვაზე "დაწერა" ძველ ქართულში (ჭრა და წერა პარალელური გამოთქმებია ძველ ქართულად. ხელწერილი, ხელთქმნა, ხელდებული) და მათ შორის ეთნოკულტურაში ცნობილია, მაგ. ქვის გამოსახულებები მთის სალოცავებიდან. სვანური "ლიფანალის" ნიშნები ხელით კეთდებოდა ნაცრიან ან ფქვილიან ქვის ზედაპირზე. ცნობილია ძველ ქართულად თითის ავადმყოფობა "საწერელი".

წარწერა რადგან რბილ (თიხა) ქვაშია შესრულებული, ჩანს, რომ ის დამსკდარია, ამოტეხილია და დეფორმირებულიცაა. დეფორმირება შეიძლება მოხდა მიწის დიდი ფენის დაწოლის შემდეგ. ამიტომ აქ პალეოგრაფიული სპეციალური კვლევები უნდა ჩატარდეს. ჯერ საჭიროა დიდი სიფრთხილით განთავისუფლდეს მიწიდან და შემდეგ ქვის სპეციალისტების აზრია საჭირო, თუ როგორ შეიძლება მისი მაქსიმალურად შენარჩუნება და ბარელიეფის თავდაპირველი ფორმების ამოცნობა. ამის ამოცნობა კი სწორად წაკითხვის საწინდარია. ობიექტის სათანადო მკვიდრად გადახურვა და იქ მუზეუმის მოწყობა სწორი აზრია.

გრაკლიანის წარწერაში გამოჩნდა ჯერ ერთი ხაზის ნაწილი და მეორე საკურთხევლის წარწერის რამდენიმე ნიშანი. შესაძლებელია მარცვლოვანი ან სილაბურიც იყოს, რადგან ერთ ხაზზეა წარწერა, თუმცა, შერეულიც არ გამოირიცხება. საინტერესოა, რომ გრაკლიანზე ამ პერიოდის კერპები გამოკვეთილად არსად ჩანს ან რაიმე მსგავსი ფიგურები. აქ საღვთო წარმოდგენა და მისადმი მიმართვა უმთავრესი ნიშნებით ხდებოდა. ეს კი მიუთითებს საღვთო ისეთი კულტურის არსებობას, რომელიც სამწერლო, გადაცემითი მაღალი განვითარების საფეხურია.

გრაკლიანის წარწერის გვერდით ყველაფერი იქცევს ყურადღებას, მათ შორის კერამიკა და ზედ დატანილი გეომეტრიული ორნამენტები. ჩვენი აზრით, კერამიკა ადგილობრივია და ორნამენტებიც ადგილობრივი ხალხის ნახელავია. გეომეტრიული ორნამენტები ვინც გააკეთა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ წინაპართა თვალწინ გაიარა უძველესმა შუამდინარეთულმა და ფრიგიულმა კერამიკის მორთულობამ.

იმ დროის რა ინფორმაცია ინახება ძველ ქართველ ხალხებზე ძველ ბერძნულ წყაროებში? ძალიან მცირე, მაგ. ჰ. მილეტელი "მესხები მატეანეების გვერდით ცხოვრობდნენ და კოლხურ ტომს მიეკუთნებიანო" ძვ.წ. მე-6 ს. ანტიკურ მწერლობაში მე-6 საუკუნიდან მოყოლებული იხსენიებიან ასევე "ტიბარენები", ხოლო "ტიბარებს მზის აღმოსავლეთით (პონტოს ზღვის აღმოსავლეთით) მხრიდან ესაზღვრებიან "მოსვინიკები". ასევე ამ დროისაა "მაკრონები", "სასპირები", "კოლხები", "შკვითინები" (შვიდი სოფლის ხალხი) და ა.შ. აქედან "ტაბალებიძ" ძველ იდეოგრამულ დამწერლობაში წყლის სიმბოლოთი აღინიშნებოდნენ (ე. ფორერი ვშუ იურშაშთსრუ იშდვუკთსთრკშაე.) .

მსგავს ნიშანზე და მის შესაძლო სემანტიკაზე გვექნება საუბარი შემდეგში. ძვ.წ. 8 საუკუნეში ცნობილია ფრიგიაში ქართველი ხალხის "მუსკების" (ქართ. მესხი) არსებობაც, კიმერიელების შემოსევის და გორდიონის დაქცევის შემდეგ მათი დიდი ნაწილი ჩრდილოეთისკენ თვისტომებისკენ წამოვიდა.

გორდიონის დაცემა მოხდა ძვ.წ. მე-7 საუკუნეში. ქართლის ძველი მესხური მოსახლეობის შესახებ კვლევა ისტორიული თემაა და ამაზე ბევრი სამეცნიერო შრომებიც არსებობს, ხოლო ჩვენი ინტერესი ამჯერად პალეოგრაფიულ ხაზს შეეხება.

ჩვენი ინტერესის სფერო ძველი დამწერლობის ნიშნებია და მათ შორის გრაკლიანის წარწერის ერთი გამორჩეული ნიშანი, რომელიც უძველეს დამწერლობის ნიშნებში და ქართულ ეთნოკულტურაში საინტერესო მსგავსებას წარმოაჩენს. როგორც ცნობილია, დამწერლობა ისტორიულად განვითარების რამდენიმე საფეხურს ითვლის. დამწერლობა 5 საფეხურს მოითვლის და ჯერ გასარკვევია ძველებურ რა გენეზისსა და რა სტილს მიეკუთნება აღნიშნული წარწერა.

 ჩვენი დაინტერესება მთიანეთში სალოცავებში შემორჩენილ პიქტოგრაფიულ ნიშნებთან ზოგიერთმა მსგავსებამ და გამორჩეულად ერთმა განსაკუთრებულმა ნიშანმა მიიქცია, რომელიც ჯვრის მსგავსია. ზემოთ მხრებს შორის გასწვრივი ორი ტირეა გაკეთებული. ორი ტირე ამ ნიშანს ეკუთვნის აშკარად (იხ. ფოტო 2).

ნიშანი ასოა, მარცვალია, სილაბურია თუ პიქტოგრაფიულია (შეიძლება ლიგატურაც იყოს), ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ქართულ ეთნოგრაფიაში და იბერიული დამწერლობის (ესპანეთი) ნიშნებში გვაქვს ასეთი მსგავსება და არა მარტო მსგავსებაც, ასევე რაღაც გადმოცემის მსგავსიც. ნათქვამია ეთნოგრაფია ხელის გულივით ინახავს ხალხის წარსულს და ეს მართლაც ასეა, ჩვენი აზრით. ჯერ უძველეს გამოსახულებებზე ვთქვათ, ანუ დამწერლობის კულტურაში თუ იყო სადმე ასეთი ნიშანი, რომელსაც ზედა გასწვრივი ორი ხაზი ერთვის?

პირველი, ჯვრის მსგავსი დამწერლობის ნიშანი ორი ზედა გასწვრივი ტირეთი არამეულ და სემიტურ დამწერლობაში არსად არ ფიქსირდება.

მეორე, ნიშანი, რომელიც ზედა გასწვრივი ორი ტირეთია აღნიშნული, ზოგადი მიმსგავსებით შუმერულ და მოჰენჯოდაროს უძველეს ნიშნებშია. ასევე იბერიულ (ესპანეთის) დამწერლობის ნიშნებშია მსგავსი ჯვარი, ოღონდ ტირეების გარეშე, მაგ. ტარტესის დამწერლობაში, სამხრეთ ესპანეთი. ძვ.წ. 5 საუკუნის არტეფაქტი დაცულია სან-სებასტიანის მუზეუმში (ვერცხლის ფირფიტა).

მესამე, ჯვრის ნიშანი ერთი ან ორი ხაზით, ან წერტილით ფიქსირდება საქართველოს ეთნოკულტურაში. მათ შორის სალოცავებში დაცული ქვის ძველ პიქტოგრაფიულ ნიშნებში და გვიანი დროის ხის ნაკეთობაზეც. ეს უკანასკნელი უფრო გახალხურებული სიმბოლოებია და საღვთო წარმოდგენის გამომსახველია (იხ. ფოტო 3. "ხევსურული საბეჭავი").

უძველეს შუმერულ დამწერლობის ნიშნებში ასეთი ფიგურა საღვთო სიმბოლოა, რომელიც "წყლიდან ამოსული ღვთაების" აღმნიშვნელია. "ზე"-აღმოსვლა ან "ზე"-აღსვლა, რაღაც ზღვრულის არღვევა. რაც შეეხება იბერიულ-ტარტესის დამწერლობას, მისი გაშიფვრა სავარაუდოდ მარცვლოვანია და ბოლომდე არ გახლავთ დამტკიცებული (ბილინგვა არ არსებობს).

ქართულ ენაში ზოგი სახელწოდება საღვთო ტერმინოლოგიებიდან ჩანს გადმოღებული, რომელსაც შესაძლოა თავისი შესატყვისი ხატოვანი დამწერლობის ნიშანიც ჰქონიყო. ამის თქმის უფლებას გვაძლევს საქართველოს მთიანეთის (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი, სვანეთი) შემორჩენილი ქვის ძველი გამოსახულებები, რომელიც აშკარად საღვთო დამწერლობის კვალია. აქედან როცა ჩვენ აღმოსავლეთ მთიანეთის ქვაზე ამოჭრილი ნიშნების ზუსტი დათარიღება ვერ მოხერხდა, ამ დროს ჩვენ დავემოწმებით ანალოგიურ მრგვალი ქვის ამულეტის ნიშნებს ქვემო სვანეთიდან.

ცაიშის ძვ.წ. მე-4 საუკუნის ქვა ამულეტის ნიშნები ისეთივეა, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სალოცავებშია დაცული ნიშნები. მრგვალი ქვა ამულეტი დაცულია მესტიის მუზეუმში. ჩანს ქართველ იბერიელ-კოლხებს ნამდვილად ჰქონდათ საღვთო დამწერლობის კულტურა. ამაზე ჩვენ 2010 წელს გამოცემულ ჩვენს მონოგრაფიაშიც გვქონდა საუბარი (ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. 2010. გ. გიგაური).

პირაქეთ ხევსურეთის ჭალაისოფელის "კარატის" სალოცავში საკურთხეველთან იგივე ქვის "სახუცო ტაბლაზე" შემორჩენილია პიქტოგრაფიული ნიშნები (4 ერთეული ნიშანი). ქვებზე შემორჩენილ ხატოვანი (პიქტოგრაფიულ) დამწერლობის ნიშნებში ზოგან გასწვრივი ტირეც ერთვის, მაგ თუშეთის სოფ. ფარსმის სალოცავის ციხის კედელში დაცული ქვის ნიშნებში.

ასევე წერტილ-ტირეებია პირაქეთ ხევსურეთის სოფ. ბლოს სალოცავის დარბაზთან დაცული ქვა სკამის (შესაძლოა სატრაპეზო ქვაც იყო) 5 ერთეული, ერთ ხაზზე განლაგებული ნიშნები და სხვა.

"აღსანიშნავია, რომ არსებობს ძველი წიგნები, სადაც ჩამოთვლილია აზიისა და ევროპის ხალხები, რომელთაც აქვთ თავისი დამწერლობა. ერთ-ერთ ასეთ ნუსხაში ვკითხულობთ "ხოლო თავისი დამწერლობა აქვთ კაბადოკიელებს, იბერებს, ლათინებს, ელინებს, ესპანელებს, მიდიელებს". აკად. ს. ყაუხჩიშვილი ფიქრობს , რომ აქ უთუოდ საქართველოს იბერები იგულისხმებიან და არა ესპანეთის იბერები" (შ. ძიძიგური. ბასკები და ქართველები. 1978).

ფაქტია, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას აღმოჩენილია ძველი დამწერლობის ნაშთები და გრაკლიანის წარწერა კი წინაქრისტიანული ტაძრის კუთვნილებაა. საერთოდ, ძველ ქართველნი როცა წერდნენ, ისინი მაგარ საგანზე "ამოჭრიდნენ" და სახელწოდება "წერაც" ჩანს აქედან მომდინარეობდა.

"დაჭვრეთილის ღვთის წესით" (დაწერილის ღვთის წესით) ესაც მთის წესებშია შემორჩენილი, მაგ. მიცვალებულის სულის ტაბლაზე სათქმელ ტექსტშია.

მივუბრუნდეთ გრაკლიანის წარწერის აღნიშნული ნიშნის თავისებურებას და მის მსგავს მე-19 საუკუნის ხის ნაკეთობის ("საბეჭავი") სიმბოლოებს, რომელიც შინაარსის შემცველია. შინაარსი კი ჩვეულებრივი არ გახლავთ, რადგან რაღაც საღვთო წარმოსახვის შემნახავია. მთის რეგიონი და მათ შორის ხევსურეთი ძველ ტრადიციებს ინახავდა და ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის გადასაცემი ნიშნები შემორჩა სალოცავების კედლებში, ქვის სახუცო ტაბლებზე და ქვა-სკამის ზედაპირებზე (გუდანი, ხადუ).

ქართულ ეთნოგრაფიულ საკულტო ობიექტებზე დედაბოძებზე, სახლის თავხეებზე, კიდობნებზე, სკივრებზე შემორჩენილია გეომეტრიულ ორნემენტურ დეკორში გადასული უძველესი პიქტოგრაფიული სიმბოლოები. მათ შორისაა ასეთი "ღვთაების" წყლის სიმბოლოსთან ტეხილ ხაზებთან ან საკრალურ "კარით" ამოსვლის (გადმოსვლის) გამოსახულებები.

"კარის" და "ზღურბლის" საკრალურობა მთის სალოცავებთან დღესაც შემორჩენილია და ხევისბერი (ან ხუცესი) ისე არ შედის სალოცავში, სანამ "კარის" გადასასვლელს ცალკე წესს არ "დაუყენებს" (შეასრულებს).

იბადება კითხვა, არსებობდა მთაში რაიმე გადმოცემა ღვთიშვილებთან და წყალთან დაკავშირებით? ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ორგვარია და გვიანი შუასაუკუნეების დროს გამოთქმულია, ასეთი შინაარსისაა:

"დავგვეხსენ ზურაბ ბატონო,

"ნარჩომ ორთ შენის ხმლისანი,

"თორემ ჩვენც შემოგეცდებით

"მესხნი ჩვენაც გვყვან წყლისანი."

მეორე ვარიანტია:

"თორემ ჩვენც შემოგეცდებით,

ხორეჯნ ჩვენც გვისხენ ღვთიშვილნი".

(ქართული ხალხური პოეზია).

ამ ლექსის შინაარსი ეხმიანება უძველეს გადმოცემებს, ასევე ხსნის "მესხი" - "მებრძოლი" და "ღვთიშვილი" - "წყლისანის" ურთიერთმიმართებას და კავშირს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძველ ქართულად "ღვთიშვილების" წყლიდან ამოსვლის და მათი ხატოვანი გამოსახულებაც ასევე ღრმად საღვთო წარმოდგენაა.

მესხნი ასევე მებრძოლნია, რომელიც "მზეს და მთვარეს" ებრძვიან (ხევსურული ლექსიკონი. ალ. ჭინჭარაული 2000.). ასევე საინტერესოა, ქართულ ძველ დედაბოძებზე სიმბოლოები, დატალღული ხაზოვანი სიმბოლოების შუაში მანათობელი დისკოები ან ბორჯღალოებია გამოსახული (იხ. ფოტო 4).

გრაკლიანის წარწერის გაყოლებაზე ქვემოთა ხაზი არა სწორხაზოვან და თითქოს ტალღოვან ამოკვეთილ ტირეებსაც შეიცავს და ამით მთელი წარწერა (ასევე შინაარსი) თითქოს ჰგავს წყლის ზედაპირსაც. წყლის ზედაპირზე "მოძრავი" ან "ამოსული" საღვთო სახელის და ლოცვის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, ჩვენი აზრით.

გრაკლიანის წარწერა საიდან და როგორ წასაკითხია, მომავლის საქმეა, მაგრამ ჯვრის მსგავსი ნიშანი ორი ტირეებით, რომელიც შუაშია მოთავსებული შინაარსობრივად, ადგილობრივი საღვთო სახელის მიმანიშნებლად წარმოგვიდგება, ეს უდავოა. ჩვენი აზრით, ამავე რეგიონში წარწერის ნაშთები კიდევ იქნება და შესაძლოა ბილინგვაც (ორენოვანი) აღმოჩნდეს და ამით წარწერის წაკითხვასაც გაადვილებს.

ამ წერილით შევეცადეთ გვეთქვა, რომ გრაკლიანის წარწერა ძველ ქართულად ნაწერია და ამის დამამტკიცებელი ბევრი მასალა გვაქვს. აქ მოტანილი მასალა მცირედია იმათგან და მეტი რწმუნებულების დასადგენად კიდევ შეიძლება სხვა არტეფაქტების დამოწმებაც, ქართული ეთნოკულტურიდან.

და ბოლოს, გრაკლიანის წარწერის აღმოჩენა დიდად მნიშვნელოვანი ფაქტია და ჩვენი აზრით, მომავალში ახალი ინფორმაციული სამეცნიერო აღმოჩენები მოჰყვება. მომავალი მეცნიერების თაობა იტყვის საინტერესო სიტყვას, რომელიც ძველი ქართველების ისტორიოგრაფიულ კულტურას შეეხება და მსოფლიოს ძველი ხალხის დამწერლობის კულტურასთან კავშირურთიერთობას წარმოაჩენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×