"ლტოლვილების მეშვეობით კონფლიქტი უკვე ევროპასაც მიუახლოვდა და საქართველომდეც ადვილად მოაღწევს"
თაკო მათეშვილი
20.10.2015

 სირიის კონფლიქტის დინამიკაზე დაკვირვებით არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მალე იგი რეგიონის ფარგლებსაც გასცდეს და მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს - პოლიტოლოგების აზრით, სიმშვიდის მიზეზი ნაკლებად გვაქვს, ვინაიდან საომარ მოქმედებებში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ერთვება.

მოგეხსენებათ, რუსული თვითმფრინავები სირიის ტერიტორიაზე მოქმედ ისლამისტურ დაჯგუფებებს უკვე რამდენმე დღეა ბომბავენ. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რუსული ბომბები არა მხოლოდ ისლამისტებისათვის იყო განკუთვნილი, არამედ სირიის ოპოზიციისთვისაც. შესაბამისად, რუსეთის ქმედება უკვე მოინათლა როგორც არა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევად, არამედ ასადის რეჟიმის შენარჩუნების მცდელობად.

სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები და მოსაზრებები მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან დაკავშირებით. ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებ გარეთაც ამას სულ უფრო მეტი პოლიტოლოგი მიიჩნევს რეალურად.

სირიის კონფლიქტი ქვეყნის ტერიტორიიდან უკვე გასულია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით და მას უკვე რეგიონული კონფლიქტს უწოდებს. ამბობს, რომ ომი ნელ-ნელა ცენტრალური აზიის მიმართულებით მიიწევს, რადგან ისლამური ხალიფატი უკვე ცენტრალურ აზიაშიც გამოჩნდა.

ავღანეთსა და სირიაში, მაისაიას თქმით, იდენტური სიტუაციაა. გარდა ამისა, სიტუაცია იემენშიც დაიძაბა და არ გამორიცხავს, რომ იგი აფრიკის კონტინენტზეც გადავიდეს და სამხრეთ აზიის მიმართულებითაც.მისი თქმით, მიგრანტთა ნაკადების მეშვეობით კონფლიქტი უკვე ევროპასაც მიუახლოვდა და დარწმუნებულია, რომ საქართველომდეც ადვილად მოაღწევს. შედეგად კი, ექსპერტის აზრით, ის ორი მილსადენი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის, ტერაქტის საშიშროების ქვეშაა.

კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დავდგეთ, მაისაია გვპასუხობს, რომ ერთი რამ ცხადია - კონფლიქტი უკვე რეგიონული მასშტაბისაა.

"აქ მთავარი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებია. მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მათ თუ საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამან შეიძლება მესამე მსოფლიო ომიც კი გამოიწვიოს. ფაქტია, რომ რუსეთი კონფლიქტის გაღვივებას ხელს უწყობს.

"ამას კი ისლამური ხალიფატის ფაქტორიც ემატება. სირიის კონფლიქტი ლოკალურიდან რეგიონულ ომად უკვე იქცა და ახლა მთავარია, გლობალური არ გახდეს და როგორმე რეგიონული ომის ფორმატში დაკონსერვდეს", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში არსებულ სიტუაციას არამდგრადს უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ამ საბრძოლო მოქმედებებში სულ უფრო მეტი სუბიექტი ერთვება, რაც სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

"სირიას პლანეტარულ მასშტაბში აგორებულ საბრძოლო თეატრის სცენაზე უნიკალური როლი აქვს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საკუთარი თავნებობით ცივილიზებული სამყარო შეაძრწუნა. ყველა დარწმუნდა, რომ რუსული ბომბდამშენები უმეტესად არა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ ასადის შინაური ოპოზიციის წინააღმდეგ. ამის შემდეგ აშშ-ს ლიდერების განცხადებები სულ უფრო მწვავე გახდა.

"თავად სირია ამ ვითარების დასაშოშმინებლად რუსეთზე დიდ როლს ირანს აკუთვნებს, რომელიც რეგიონის ლიდერი თანდათან უფრო მკაფიოდ ხდება. ცნობილია, რომ დღევანდელი ერაყის ლიდერები რამე სერიოზულ გადაწყვეტლებას არ იღებენ, თუკი ის ირანის ხელისუფლების მიერ ხელდასხმული არაა. ახლა სირიაც ირანის ხელისუფლების ჩართვას ითხოვს. მოგეხსენებათ, ირანი ის ქვეყანაა, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ძალის გამოყენება პირველმა დაიწყო", - ამბობს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, დევნილები ევროპას სერიოზულ თავის ტკივილად გადაექცა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სოლიდარობის მუხტი ჰქონდა. ეს ყველაფერი კი, პოლიტოლოგის შეფასებით, იმაზე მიანიშნებს, რომ ცივილიზებულ სამყაროს ამ სიტუციიდან განრიდება გაუჭირდება.

ამ ყველაფერში იგი მნიშვნელოვანს უწოდებს თურქეთის როლსაც და ამბობს, რომ თუკი რეგიონის მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ეს შიში საფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა.

"გონიერების მოხმობა ერთადერთი გამოსავალია. სირიაში ერთპიროვნული ჰეგემონიის დამყარების შესაძლებლობა არავის ექნება. საჭიროა სამშვიდობო მოლაპარაკებები და გაეროს ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სამხედრო ძალის გამოყენებით გარკვეული სტაბილიზაციის მიღწევა. თუმცა, მეტ-ნაკლები მშვიდობის დამყარების შემთხვევაშიც კი, რეალურ მშვიდობამდე გრძელი გზა იქნება გასავლელი", - აცხადებს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×