2003 წლის შემდგომი პერიოდი დამანგრეველი აღმოჩნდა საქართველოს აკადემიური სამეცნიერო სისტემისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოშალა ყველა არსებული სტრუქტურა და პოლიტიკური სანდოობის მიხედვით მაქსიმალურად შეცვალა ამ ეროვნული ინსტიტუტების ადმინისტრაციული და აკადემიური შემადგენლობა, ულმობლად გაანადგურა ადამიანური და მატერიალური რესურსები...
ამ "რევოლუციური" ნგრევის პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ერთგვაროვანი არ ყოფილა რეაგირება თვით უნივერსიტეტისა და აკადემიური ინსტიტუტების იმ პროფესიული შემადგენლობის მხრივ, რომელთაც ეს განსაცდელი დაატყდა თავს. სამწუხაროდ, ჩვენი აკადემიური საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად, ერთობლივ გაეწია წინააღმდეგობა სრულიად აშკარა გამანადგურებელი პროცესებისათვის. ამიტომაც დასაფასებელია თითოეული ის სიტყვა და ნაბიჯი, რომელიც დღეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ უახლოესი დროის სამეცნიერო-პედაგოგიური საზოგადოება ბოლომდე გატეხილი და სულიერად დაცემული არ ყოფილა...
ფაქტია, რომ მეცნიერებისა და განათლების სფეროში დღეს იმ ნგრევის უმძიმეს შედეგებს ვიმკით. ამავე დროს, აშკარაა ერთი რამ: ყველაზე მეტად გადარჩნენ ის ინსტიტუტები, რომელთაც აღმოაჩნდათ ღირსება და ნებელობა, ყველა უაზრო მითითებას არ დამორჩილებოდნენ; მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკვდავი ჭეშმარიტება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი...
ეროვნული სამეცნიერო სისტემის დაშლის შემდომ გადარჩენილი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი - ეს არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. სწორედ აკადემია იყო დასაყრდენი იმ საღი აზრისა, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნული სამეცნიერო სისტემის რაციონალურ რეფორმირებას და ყველანაირად უწევდა წინააღმდეგობას დამანგრეველთა მზაკვრულ გეგმებს.
იმედია, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორი მაღალი მეცნიერული და მოქალაქეობრივი ღირსებით დაუპირისპირდნენ ოფიციოზის ფსევდორეფორმატორულ გეგმებს ისეთი სახელგანთქმული მეცნიერები, როგორებიც იყვნენ აწ განსვენებული აკადემიკოსები - თენგიზ სანაძე და შოთა ნადირაშვილი და, მიუხედავად უმძიმესი პოლიტიკური ფონისა, მისხლითაც არ დაუთმიათ სამართლიანი პოზიცია.
მათ ამგვარ პრინციპულობას, საბედნიეროდ, არაერთი კოლეგა ედგა ერთგულად გვერდით; მათ პირადი მსხვერპლი გაიღეს (აკადემიური მდგომარეობის, კარიერის, ჯანმრთელობის სახით) და ამით დააზღვიეს ბევრი რამ საბოლოო განადგურებისაგან.
საზოგადოება უთუოდ გაიხსენებს თუ რამდენად უმძიმეს პირობებში მოუხდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პოსტის ჩაბარება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს.
ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ დღეს მეცნიერებათა აკადემია შენარჩუებულია, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი თამაზ გამყრელიძის მაღალ მეცნიერულ ავტორიტეტს, მოვლენებისადმი ფხიზელ დამოკიდებულებასა და, ზოგჯერ, მოქნილ ტაქტიკასაც მიუძღვის...
გავიხსენოთ ჯერ კიდევ ის დრო, როდესაც 9 აპრილის ჭრილობებმოუშუშებელი მთელი ჩვენი ქვეყანა იმედით შეჰყურებდა ქართულ დეპუტაციას იმპერიის დედაქალაქში; მაშინ იქ მთელი საქართველოს სათქმელი თქვა აკად. თამაზ გამყრელიძემ. ძნელად ვინმეს დაავიწყდება 9 აპრილის ჯალათების მამხილებელი მისი გამოსვლა მოსკოვში, გამძვინვარებული უზენაესი საბჭოს წინაშე...
ასე იყო ზემოხსენებული "რევოლუციური" მოვლენების დროსაც:
- ის იყო, დედა უნივერსი-ტეტის ნგრევა იწყებოდა და მისი წერილი - "ივანე ჯავახიშვილის "მესამე სიკვდილი", რომელიც 2005 წლის 6 ივლისს გამოქვეყნდა, ისტორიული განაჩენი აღმოჩნდა იმ ეროვნული უბედურების "შემოქმედი" "ნაციონალური" ხელისუფლებისათვის.
- ამას მოჰყვა არანაკლები ბრალდების შემცველი პუბლიკაცია: "ნუ ვათქმევინებთ შთამომავლობას, რომ "ვარდების რევოლუციამ" დაანგრია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და მოსპო ქართული მეცნიერება" ("საქ. რესპ.", 16 ივლ., 2005).
- მალე აკადემიის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, ჩართო რა საქმეში ევროპული სამეცნიერო საზოგადოება; იგულისხმება: "მიმართვა ნიდერლანდების ხელოვნებისა და მეცნიერებათა სამეფო აკადემიას, ქ. ამსტერდამი; სრულიად ევროპის მეცნიერებათა აკადემიების ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ პიტერ დრენთს", თბ. 2005, 30 სექტემბერი. ბატონი თამაზის ამ მიმართვას სერიოზული აქტიურობა მოჰყვა მითითებული ორგანიზაციების მხრივ...
- იმავე 2005 წლის 30 სექტემბერს "საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა თამაზ გამყრელიძის ინტერვიუ: "არც "მეცნიერთა ასოციაცია", არც "სტიპენდიანტთა კლუბი", რომელიც ეხებოდა 2006 წლის ბიუჯეტსა და იმ რეალურ საფრთხეს, რასაც ეს სამეცნიერო სისტემას უმზადებდა.
- და აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ კიდევ ერთხელ შემოჰკრა განგაშის ზარი 2005 წლის ბოლოს, როდესაც გამოაქვეყნა: "თწთ: ინგრევა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ქართული მეცნიერება!" ("საქ. რესპ.", 16 დეკ., 2005; "რეზონ.", 16 დეკ., 2005).
დააკვირდით ამ პუბლიკაციათა თარიღებს: სანამ შესაძლებელია რამის გადარჩენა, აკადემიის პრეზიდენტი მცდელობას არ აკლებს, როგორც იტყვიან, მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს. ცხადია, მხოლოდ ამ პუბლიკაციებით არ ამოიწურებოდა იმ დროს მისი აქტივობა... ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მან მოგვიანებით იმ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააწნა სილა, როცა მაღალ სახელმწიფო ჯილდოზე თქვა უარი...
სამწუხაროდ, არავინ იყო იმ დროს არც ასეთი მაღალი ავტორიტეტის, არც ასეთი კომპეტენტური პოზიციის, უბრალოდ, არც საღი აზრის მომსმენი!
დღეს ჩვენ ყველანი - იმ ავბედით დროს ხმის ამომღებნიც და პირში წყალჩაგუბებულნიც, თავგამოდებულნიც და შეშინებულნიც... - იმ კატასტროფის ნანგრევების მძევლები ვართ... დღეს იმჟამინდელი სულისკვეთების ხალხიც ნაკლებად არის დარჩენილი, ამიტომაც შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს კიდეც, რომ გუშინდელი მოვლენები დაიჩრდილა, დავიწყებას მიეცა...
სწორედ ამიტომ უნდა შევახსენოთ დროდადრო ერთმანეთს სიმართალე, ვუთხრათ ერთმანეთს არა დამთრგუნველი, არამედ გამამხნევებელი სიტყვები: ბოროტების განსაცდელი ხანმოკლეა ("ვცან სიმოკლე ბოროტისა" - რუსთაველი), ხოლო მეცნიერება საქართველოში დღეგრძელია, რადგან ღრმა და მკვიდრი ფესვები აქვს, ის ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი, დომინანტური ნიშანია...
ავთანდილ არაბული
ერეკლე გამყრელიძე
აველინა დავითულიანი
ივანე კიღურაძე
ჯემალ მებონია
მაია ნათაძე
თემურ ნანეიშვილი
დათო ქარქაშაძე
გოგი ჩაგელიშვილი
ალექსანდრე ხარაზიშვილი
მერაბ ჯიბლაძე
თამაზ ჯოლოგუა