ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
უხსოვარი დროიდან დღემდე მსოფლიოში მატერიალურ დოვლათსა და სიმდიდრეს, ძირითადად, ქმნიდნენ მცირე მეწარმეები, რომლებიც ყველა დროსა და ეპოქაში სარგებლობდნენ ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით. ცნობილია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2100 წელს ბაბილონის მეფე ხამურაბმა მეწარმეთა (რომლებიც უმეტესად მცირე მეწარმეებს წარმოადგენდნენ) დასაცავად 300 კანონისგან შემდგარი კოდექსი შემოიღო. წარმოიდგინეთ, ძველი წელთაღრიცხვით 21-ე საუკუნეში ბაბილონში მცირე მეწარმეს იცავდა 300 კანონი! 42 საუკუნის შემდეგ კი, ახალი წელთაღრიცხვით 21-საუკუნეში, საქართველოში მცირე მეწარმეს იცავდა ჩვენი დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული ერთადერთი კანონი და ცნობილი ეკონომიკური მკვლელის, ნოღაიდელის უდიდესი ზეწოლით სააკაშვილის ხელისუფლებამ 2006 წელს ისიც გააუქმა!
ამრიგად, 9 წელიწადია საქართველოში გაუქმებული და კანონგარეშედ გამოცხადებულია დღეს მსოფლიოში მსოფლიო ეკონომიკის 70%-ის შემქმნელი მცირე მეწარმეობა. სწორედ ამაზე აქვს ნათქვამი გენიალურ გოეთეს: "ყველაზე დიდი უბედურება არის ამოქმედებული უმეცრება". დიახ, 9 წელიწადია ხელისუფლება ქართველ ხალხს ამ "ამოქმედებულ უმეცრებასა" და "ყველაზე დიდ უბედურებაში" აცხოვრებს.
მეორე დიდი უბედურება ისაა, რომ მცირე მეწარმეობის ამ 9-წლიანმა საკანონმდებლო ვაკუუმმა საქართველოში გამოიწვია მცირე მეწარმეობის ტოტალური გაუცხოება და მცირე მეწარმეობა დღეს აღარავის ახსოვს: არც მთავრობას თუ პარლამენტს, არც სპეციალისტებსა თუ ექსპერტებს, არც სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არც პრესისა თუ ტელევიზიის ჟურნალისტებს.
როგორც ჩანს, ამ ტოტალურ გაუცხოებაში და "ყველაზე დიდ უბედურებაში" ცხოვრება მოგვიწევს მინიმუმ 2020 წლამდე და ეს ჩაწერილია საქართველოს მთავრობის მიერ დამუშავებულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომლის სათაურია "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (2013-2020 წწ)". ამ 85-გვერდიან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირე მეწარმეობა არაფრის მთქმელი სიტყვებით ფორმალურად მოხსენებულია მხოლოდ 2 წინადადებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მცირე მეწარმეობის აღდგენასა და განვითარებას მომავალში სტრატეგიულადაც კი არ გეგმავს. არადა, საყოველთაოდ ცნობილი და ისტორიულად დადასტურებული მსოფლიო ჭეშმარიტებაა, რომ ქვეყანას, რომელსაც არა აქვს მცირე მეწარმეობა, არა აქვს მომავალი!
გვჭირს მესამე "დიდი უბედურებაც", როცა ხელისუფლება არც თვითონ არის მცირე მეწარმეობის პრობლემების მომგვარებელი, არც სხვას უსმენს და მასზე გადმოსულია ძველი ებრაული წყევლა: შენ არ გესმოდეს და სხვას არ უსმენდეო! 17 წელიწადია მოქმედებს ეს წყევლა. ამ ხნის განმავლობაში დღემდე ყველა ხელისუფლება მცირე მეწარმეების სასიკეთოდ თვითონ არაფერს არ აკეთებს და იგნორირებას უკეთებს 1998 წელს დაარსებული ჩვენი ასოციაციის წევრებს, რომლებსაც მცირე მეწარმეობის პრობლემების მოგვარების თემებზე ამ 17 წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული გვაქვს 700-ზე მეტი პუბლიკაცია და დეპონირების წესით დამუშავებულ-დაპატენტებული გვაქვს 7 უნიკალური პროგრამა!
ამ პროგრამებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ახლახან გარდაცვლილი ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული "მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა", რომელიც ჩვენ მიერ მიგნებული სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მოახდენს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის კაპიტალიზაციასა და ადგილობრივ ინვესტირებას ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოებისათვის. ეს უზრუნველყოფს ამ საწარმოთა მუშაობას გარანტირებულ მოგებაზე და მიღებული მოგების ხარჯზე დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებას ჩვენ მიერ დამუშავებული სქემით: ზარალის იურიდიულად დასაბუთება, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ინდექსირება და აღიარება სახელმწიფო შიდა ვალად; აღიარებული შიდა ვალის ანგარიშში გაყიდვის უფლებით დაზარალებულებისათვის ზარალის შესაბამისი სახელობითი თამასუქების უფასოდ დარიგება, რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ახლადგახსნილ სამრეწველო საწარმოებში საგადასახადო გადასახადების ჩასათვლელად; საგადასახადო თამასუქების გამოყენებით ახალი რენტაბელური სამრეწველო საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და კონკურენტუნარიანი სამრეწველო პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია.
"ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ გამოეხატა პოლიტიკური ნება და ერთობლივად დაგვეწყო ამ მეგაპროგრამის განხორციელება, 1998 წლიდან დღემდე გაუნაღდებელი 1,2 მილიარდი ლარის აღიარებული სახელმწიფო შიდა ვალი უკვე კაპიტალიზებული იქნებოდა ახლად გახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოების საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებად, ანუ ადგილობრივ ინვესტიციებად. საგადასახადო თამასუქების გამოყენების გამო გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ამ სახელმწიფო საწარმოებში შეიქმნებოდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილები და დამატებით 4-ჯერ მეტი სამუშაო ადგილი კი ავტომატურად გაჩნდებოდა არასამრეწველო ბიზნესებში, რამეთუ მსოფლიო სტატისტიკით სამრეწველო ბიზნესში 1 დასაქმებული არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად დამატებით ასაქმებს 4 კაცს (ზოგიერთი მონაცემებით 5-6 კაცს!).
რაც მთავარია, ჩვენი ეს მეგაპროგრამა ამ 2-3 წლის განმავლობში უკვე დაქოქილი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული მილიარდობით ლარის ზარალის მუდმივი კაპიტალიზაციისათვის (შესაბამისად, დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის მუდმივი ანაზღაურებისათვის ზარალის საბოლოო ანაზღაურებამდე!), ასობით ახალი რენტაბელური საწარმოების ამუშავებისა და ათასობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის!
ცნობილი გამოთქმაა, რომ რევოლუცია ჭამს თავის შვილებს. ასევე მცირე მეწარმეობაც ჭამს თავის ხელისუფლებას, რომლებიც მას იგნორირებას გაუკეთებენ. ამ მიზეზით შეჭამა მცირე მეწარმეობამ შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობები და რიგში დგას დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ანთებული აქვს გამაფრთხილებელი წითელი შუქი. თუ ქართული ოცნება სასწრაფოდ არ აღადგენს მცირე მეწარმეობის გაუქმებულ ერთადერთ კანონს და არ გამოაცხადებს ტენდერს მცირე მეწარმეობის საუკეთესო პროგრამაზე, მცირე მეწარმეობა მალე შეჭამს და მოინელებს ამ ხელისუფლებასაც!
რაც მთავარია, საქართველოში თუ არ აღდგება მცირე მეწარმეობა, წყალში ჩაიყრება დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაწეული უზარმაზარი შრომა, მამასისხლად გამოძებნილი ფინანსური რესურსები და, დიდი ალბათობით, ჩაფლავდება ისეთი სამთავრობო პროგრამები, როგორიცაა "აწარმოე საქართველოში", "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში", "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის", რომლებიც ეფუძნებიან კანონგარეშედ გამოცხადებულ, არარსებულ და განულებულ მცირე მეწარმეობას. არადა, ამ პროგრამების წარმატებით ამოქმედებას მართლაც ჰაერივით სჭირდება ჩვენი მეგაპროგრამა, რომელიც საქართველოში ფორსირებულად ააღორძინებს ლარის კურსის ძირითად გამამყარებელ, ადგილობრივ წარმოებას. ამიტომ შეკითხვაზე - საქართველოში როდის გამყარდება ლარის კურსი - მაქვს ცალსახა პასუხი: საქართველოში ლარის კურსი გამყარდება მაშინ, როცა მკვდრეთით აღდეგა და გამყარდება კანონგარეშედ გამოცხადებული მცირე მეწარმეობა.
ზყთყ სამწუხაროდ, 2006 წელს ხელისუფლების დანაშაულებრივად გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღსადგენი დაფინანსება 2013, 2014 და 2015 წლების მსგავსად ახალმა ხელისუფლებამ 2016 წლის ბიუჯეტშიც არ გაითვალისწინა და თავისი მმართველობის 4-წლიან ციკლს ამთავრებს მცირე მეწარმეობის სრულ საკანონმდებლო ვაკუუმში.