სირიაში რუსეთის მოქმედებები საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნის - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები და ამბობენ, რომ ლოკალური კონფლიქტი უკვე რეგიონული მასშტაბის ომად იქცა. ისინი არც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ საჰაერო ოპერაციებიდან რუსეთი სახმელეთოზე გადავა, რაც ომში მთელი ამ ქვეყნის ჩართვას გამოიწვევს.
მოგეხსენებათ, რუსული თვითმფრინავები სირიის ტერიტორიაზე მოქმედ ისლამისტურ დაჯგუფებებს უკვე რამდენმე დღეა ბომბავენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რუსული ბომბები არა მხოლოდ ისლამისტებისათვისაა განკუთვნილი, არამედ სირიის ოპოზიციისთვისაც. შესაბამისად, რუსეთის ქმედება უკვე მოინათლა როგორც არა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევად, არამედ ასადის რეჟიმის შენარჩუნების მცდელობად.
გუშინ კი გამოცემა "გარდიანმა" თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
საგარეო უწყების ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. თვითმფრინავის დაფიქსირებისთანავე თურქეთის სამხედრო უწყებამ ორი გამანადგურებელი "ეფ-16" გააგზავნა.
თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი მიიწვიეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ოფიციალურმა ანკარამ ასევე მოუწოდა რუსეთს, მომავალში მსგავსი ინციდენტები აღკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, ინციდენტის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფერიდუნ სინირლიოღლუ რუს კოლეგას სერგეი ლავროვს, ასევე ნატოს პარტნიორებს ესაუბრა.
ალიანსის საჰაერო სივრცის მთლიანობის პატივისცემისაკენ მოუწოდა რუსეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა.
"ნატო თურქეთის უსაფრთხოების მტკიცედ ერთგული რჩება. მოგვიანებით ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომას მოვიწვევ, რათა სიტუაცია განვიხილოთ. რუსეთის ქმედებებს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში წვლილი არ შეაქვს.
"მოვუწოდებ რუსეთს, მიიღოს აუცილებელი ზომები, რომ მისი ძალისხმევა გათანაბრდეს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევასთან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში", - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში, რომელსაც გენმდივნის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ისედაც რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტი დაძაბულება შეიტანა. იმისათვის, რომ გავიგოთ რამხელა ხიფათი შეიქმნა ამ რეგიონში, პოლიტოლოგისა და კავკასიოლოგის, მამუკა არეშიძის აზრით უნდა ვიცოდეთ თუ რა ძალები არიან მთელ ამ პროცესში ჩართულები.
გარდა იმისა, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ერთმანეთს სირიის ხელისუფლება და ე.წ. ზომიერი ოპოზიციაა დაპირისპირებული, მისი თქმით, კიდევ არიან სხვადასხვა ტიპის ისლამისტური ძალებიც, რომლებიც ორივეს უპირისპირდებიან და ხშირ შემთხვევაში - ერთმანეთსაც. ამას ემატებიან ქურთებიც. შესაბამისად, არეშიძის თქმით, ერთმანეთს თავად სირიაშივე რამდენიმე ძალა ებრძვის.
ამას კი აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის აქტიურობაც ერთვის, რომელშიც 69 ქვეყანა შედის. უშუალოდ ბრძოლებში, ამ კოალიციიდან რამდენიმე წევრი მონაწილეობს. მაგალითად: საფრანგეთი, აშშ, იორდანია, საუდის არაბეთი და ა.შ.
"ახლა კი ამ სივრცეში უცებ თავი რუსეთმა და მისმა მოკავშირე ირანმა ჩარგო. პირველ დღეებში, ტაქტიკური თალსაზრისით რუსეთმა მოიგო, რადგან შექმნილი წონასწორობა დაარღვია, მაგრამ ეს წარმატება ხანმოკლე პერსპექტივაზეა გათვლილი. სამომავლოდ მას უამრავი პრობლემა შეექმნება, შესაძლოა კატასტროფულიც კი.
"კერძოდ კი ის, რომ რუსეთი დღეს შიიტების მხარეზე იბრძვის და ეს ძალიან სერიოზული თემაა, რადგან თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი ყოფილ მოკავშირე ქურთებს და თავის ტერიტორიაზე მცხოვრები სუნიტების გადამწყვეტ უმრავლესობას გადაიკიდებს. ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები სუნიტები კი უკვე გადაკიდებული ჰყავს.
"ახლო აღმოსავლეთში რუსეთის აქტიურობას თურქეთი ძალიან უარყოფითად ხვდება. არადა, პირველ ნოემბერს მათ რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს - სამხრეთ ნაკადის შესახებ უნდა მოაწერონ ხელი. მოკლედ, რუსეთმა სიტუაცია არია და ვერც ვხედავ პერსპექტივას, თუ როგორ უნდა დაალაგოს", - აცხადებს ის.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან სახმელეთო ოპერაციებიც, არეშიძე პასუხობს, რომ შეიძლება რუსეთი სახმელეთო ოპერაციებში შეიტყუონ. მისი თქმით, ოპერაცია არა, მაგრამ სახმელეთო ბრძოლა უკვე ჩაატარა, როცა მის მიერ კონტროლირებად საავიაციო ბაზას ისლამისტებმა შეუტიეს. თუმცა, ეს ფრაგმენტია და სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, არეშიძის აზრით, რუსები მომავალში გეგმავენ.
სახმელეთო ოპერაცია კი, პოლიტოლოგის თქმით, ისეთი რამეა, რაც მთელ სახელმწიფოს დიდ ომში აუცილებლად ჩაითრევს. მაგალითად კი ავღანეთი მოჰყავს, სადაც რუსეთმა ასევე შეზღუდული რაოდენობის ჯარებით დაიწყო ბრძოლა და მერე უკვე იძულებული გახდა, იქ მთელი არმია შეეყვანა.
"რუსების გენშტაბში ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ საჰაერო დარტყმებით მათი განადგურება შეუძლებელია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს სახმელეთო ოპერაციის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ეს კი რუსეთისათვის ძალიან დიდ პრობლემას ნიშნავს, რადგან მას ამერიკისაგან განსხვავებით არ აქვს ფინანსური რესურსი, რომ ომი დიდხანს აწარმოოს. არა მხოლოდ სახმელეთო, საავიაციოც კი", - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.
გამოსავალზე საუბარი უჭირს, რადგან უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ლოგიკურად, მისი თქმით, რუსეთი აშშ-სთან ერთად კოალიციაში უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, რადგან რუსეთს სხვა გეგმები აქვს. ამიტომ, დღეს გამოსავლის ძიება ნაადრევია.
აქვე იმასაც გვახსენებს, თუ რა მიზეზით დაიწყო ომი.
"მისი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ევროპას რუსული გაზი არ უნდოდა და სახმელეთო გზით გაზის დივერსიფიკაცია სჭირდებოდა. ყველაზე მომგებიანი მარშრუტი კი ყატარიდან გატანა იყო. თუმცა, ყატარიდან ევროპამდე მისასვლელად გაზსადენს სირია უნდა გაევლო. მის ტერიტორიაზე გაზსადენის გატარებაზე სპარსეთის ყურის ისლამურმა ქვეყნებმა უარი თქვეს, რადგან სირიაში მოსკოვის სატელიტი ასადი ზის და ევროპისათვის გაზის მიწოდება პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული.
"ამიტომ, ასადის წასვლა იყო საჭირო და მთელი ეს სამოქალაქო ომიც ამის გამო დაიწყო. ახლა ამაში რუსეთი ჩაერთო, რათა ასადი შეინარჩუნოს და გაზმა სირიის ტერიტორიის გავლით ევროპამდე არ მიაღწიოს. ასეთი ჩვეულებრივი, ტრივიალური მიზეზი აქვს ამ ომს. ადამიანის უფლებების დაცვა, ვიღაცების შევიწროება და ა.შ. მეასეხარისხოვანია და მსოფლიოს მოსატყუებლადაა გათვლილი. სანამ ნამდვილი მიზეზი არ აღმოიფხვრება, კონფლიქტი მანამდე გაგრძელდება", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართვით რეგიონში საფრთხის მატებას ელის სამხედრო ექპერტი ვახტანგ მაისაიაც და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა უკვე სხვანაირი სახე მიიღო, რადგან აქამდე თუ ლოკალური კონფლიქტი იყო, ახლა რეგიონული მასშტაბის ომად გადაიქცა.
აქვე იმასაც დასძენს, რომ ერაყის მთავრობა რუსეთის მხრიდან მათ ტერიტორიაზე არსებული ისლამური ხალიფატის ბაზების დაბომბვაზე თანახმაა. ამით კი რუსები თავიანთი მოქმედების არეალს გაზრდიან.
თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე საუბრისას აცხადებს, რომ მისგან წინააღმდეგობას არ ელის, თუნდაც რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე ისევ დაარღვიოს. ფიქრობს, რომ თურქეთი "ამ პროვოკაციას" არ აჰყვება.
იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ საჰაერო ოპერაციებიდან რუსები მალე სახმელეთოზე გადავლენ და ამბობს, რომ გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას საამისოდ უფრო აქტიურად გამოიყენებენ.
"ჩემი აზრით, ახლაც იყენებენ. ვფიქრობ, ამ ბაზიდან მებრძოლებსა და ტექნიკას გადაისვრიან ასადის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი საქართველოსაც შეეხოს.
"არც ისაა გამორიცხული, რუსეთი სამგზავრო ლაინერების სახით საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდეს, რადგან სამგზავრო ლაინერების კონტროლი საქართველოს ამ ეტაპზე ცოტა გაუჭირდება. რუსეთმაც შეიძლება ეს გამოიყენოს და გარკვეული კომპონენტები საქართველოს გავლით გიუმრიში გადაისროლოს, იქიდან კი უკვე ირანსა და სირიაში", - აცხადებს მაისაია.