მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი დღეს აფეთქების ზღვარზეა და შესაძლოა ძალიან ცხელ დაპირისპირებაში გადავიდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებია, დაღუპული და დაშავებულები არიან მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
ორივე მხარე პროვოკაციას ერთმანეთს აბრალებს და გაჩერებას ჯერჯერობით არც არავინ აპირებს.
ორშაბათ ღამით კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, რომელმაც რამდენიმე ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა დაღუპულ-დაშავებულთა რაოდენობაზე როგორც ყარაბაღი, ისე ოფიციალური ბაქო განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ორშაბათ ღამით ბრძოლა გამწვავდა, რის შედეგადაც არსებობს მსხვერპლი. გარდაცვლილია აზერბაიჯანის ეროვნული არმიის 3 ჯარისკაცი, სომხეთის მხრიდან დაღუპულია 7.
აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათ ღამით გადაწყვეტილება მიიღეს, აქტიური ღონისძიებები გაეტარებინათ და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკაზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა შვიდი სომეხი ჯარისკაცი და დაიჭრა სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აზერბაიჯანული არმია სიტუაციას მთელ ფრონტის ხაზზე სრულად აკონტროლებს.
თავის მხრივ, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელების მხრიდან დაბომბვისას 7 ყარაბაღელი ჯარისკაცი გარდაიცვალა.არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების პრესსამსახური აცხადებს, რომ "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიას დანაკარგი არ აქვს, ბაქოს მიერ გავრცელებული ცნობა ტყუილია" და გასულ დღეს დახოცილები და დაშავებულები მხოლოდ აზერბაიჯანის მხარეს ჰყავდა.
"აზერბაიჯანული მხარის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ, ყარაბაღის თავდაცვის არმიის მოწინავე ქვედანაყოფებმა სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართეს, რის შედეგადაც აგდამის რაიონში დახოცილი და დაშავებულია 10-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი", - ნათქვამია მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია გასულ კვირას გამწვავდა. 25 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების 4 ჯარისკაცი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. ერთი დღით ადრე კი, ხუთშაბათს, აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად ყარაბაღში დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, 4 კი დაშავდა.
მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის დაღუპვაზე განცხადება ბაქომაც გააკეთა. აზერბაიჯანის მტკიცებით, კვირას სომხეთის მხრიდან სროლის გამო აგდამის რაიონში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. რაოდენობა არ დაკონკრეტებულა.
ცნობისათვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებული მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკიდან გასვლა გამოაცხადა.
1992-94 წლებში კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, ტანკებისა და ავიაციის გამოყენებით. ომში აქტიურად მონაწილეობდნენ რუსი სამხედროებიც, თანაც ორივე მხარეს.
თავდაპირველად აზერბაიჯანის ჯარმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ავტონომიური ოლქის დედაქალაქი, სტეპანაკერტი, ფაქტობრივად ალყაში მოაქცია.
თუმცა მალე ომის სასწორი სომხური მხარისკენ შებრუნდა, რომლებმაც არა მარტო ოლქის ტერიტორია დაიკავეს, არამედ ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ კიდევ 7 აზერბაიჯანული რაიონი თითქმის მთლიანად დაიპყრეს, რასაც ტოტალური ეთნიკური წმენდა მოჰყვა.
მანამდე კი ეთნიკური წმენდა განხორციელდა ბაქოსა და სხვა აზერბაიჯანულ ქალაქებში, საიდანაც ათეულ ათასობით სომეხი გააძევეს.
აზერბაიჯანი ომის წაგებას რუსეთის ჩარევას აბრალებს, რასაც სომხური მხარე კატეგორიულად უარყოფს.
ამის შემდეგ მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ის არავის უღიარებია, სომხეთსაც კი, რომელიც მისი მთავარი დონორია.
ბოლო წლების განმავლობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. კონფლიქტის ხაზზე და ასევე ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარზე სროლა მუდმივად მიმდინარეობს.
ამ ბოლო დღეების სროლების გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ-მა და ეუთო-მ და კონფლიქტის ორივე მხარეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.
ეუთოს მისია აღიარებს, რომ არ შეუძლია გაარკვიოს, ვინ დაიწყო ძალადობა, და ბაქოსა და ერევანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საომარი მოქმედებების ესკალაციისაგან.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორის, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ის, რაც დღეს მთიან ყარაბაღში ხდება, მიანიშნებს ტენდენციაზე, რომ შესაძლოა სასაზღვრო სროლა ორ ქვეყანას შორის ღია ომში გადავიდეს.
ექსპერტის თქმით, ორივე მხარე სამხედრო დოქტრინის დონეზე რეალურ აგრესიულ პოლიტიკას აღიარებს. როგორც ბაქოს, ისე ერევანს სამხედრო დოქტრინაში დაფიქსირებული აქვთ, რომ თუ მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტი დაიწყება, ამ გამოწვევას სამხედრო ძალით უპასუხებენ.
"მთიან ყარაბაღში სიტუაცია დიდ დაძაბულობამდე მივიდა. სამწუხაროდ, აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გაყინული კონფლიქტია. უფრო მეტიც, ამ კონფლიქტმა შესაძლოა რეგიონული ომის სახე მიიღოს. თუკი ადრე მთიანი ყარაბაღი ლოკალური ომის კონფლიქტად მიიჩნეოდა და საუბარი იყო მარტო აზერბაიჯანის რეგულარულ არმიასა და ადგილობრივ სომეხ სეპარატისტებს შორის ბრძოლაზე, ამ ეტაპზე ეს საკითხი ორ სახელმწიფოს შორის ომის დონეზე გადადის.
"დღეს სროლა მარტო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ ხდება, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივაც, ე.წ. ზანგეზურის კორიდორის მიდამოებში. ამდენად, კონფლიქტის ეპიცენტრი არა მთიან ყარაბაღში, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონებში შეიძლება გადავიდეს და აქიდან დაიწყოს ორ სახელმწიფოს შორის ახალი სრულმასშტაბიანი ომი", - ამბობს მაისაია.
ექსპერტი აცხადებს, რომ გაყინული კონფლიქტის ცხელ დაპირისპირებაში გადასვლა შარშან ზაფხულში დაიწყო.
ვახტანგ მაისაია: "სიტუაცია შარშან დაიძაბა, როდესაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთს ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს, ყარაბაღში დაიწყო შეტაკებები და მდგომარეობა ბეწვზე ეკიდა.
"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იდეა იყო გაეთავისუფლებინა ჯერ ის 4 რაიონი, რომლებიც ყარაბაღის ირგვლივ მდებარეობს და აზერბაიჯანის შიდა ტერიტორიად ითვლება, თუმცა ყარაბაღს აქვს ოკუპირებული. ასეთი სულ 7 რაიონია და იმ შვიდიდან 4-ის გათავისუფლება ჰქონდა აზერბაიჯანს გადაწყვეტილი.
"ეს გეგმა ჩაიშალა და აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეები დე ფაქტო საომარი მდგომარეობის პირობებში გადავიდნენ. დღეს კონფლიქტი გაყინული აღარ არის და შესაძლებელია ნებისმიერ დროს აფეთქდეს და ამან საქართველოზე პირდაპირი ნეგატიური გავლენა იქონიოს. ეთნიკური უმცირესობების ფაქტორს ორივე ქვეყანა საკუთარი ინტერესების გამომდინარე გამოიყენებს".
მაისაიას თქმით, ბაქოსაც და ერევანსაც აქვთ ზურგის გამამყარებელი ფაქტორები. ბაქოს ზურგსუკან თურქეთია. მათ შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი არსებობს და ანკარას გარანტია აქვს მიცემული, რომ სომხეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში კონფლიქტში ჩაერევა.
სომხეთს კი რუსეთთან კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულება აქვს დადებული, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებაც ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას. ამიტომაც არის საუბარი ტენდენციაზე, რომ თუკი საომარი მოქმედებები ფართომასშტაბიანი გახდება, ის რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება.
მართალია, მაისაია თვლის, რომ არც რუსეთს და არც თურქეთს ეს კონფლიქტი ხელს არ აძლევს, მაგრამ შესაძლოა მხარეებმა წამოიწყონ ომი და სამოკავშირეო ვალდებულებები აიძულებს მოსკოვსა და ანკარას ომში ჩაერთონ.
"ამიტომაც ახლა საერთაშორისო საზოგადოება შეეცდება ჩაერიოს და ფართომასშტაბიანი კონფლიქტისაგან თავის დასაღწევად ყველაფერი იღონოს.
"თუკი ადრე სომხეთი და აზერბაიჯანი დასავლეთის მოწოდებებს ითავლისწინებდნენ, ახლა ეს საკითხი ასე არ დგას. რუსეთს საკუთარი პრობლემები აქვს უკრაინასა და სირიაში. თურქეთსაც აქვს ქურთებთან დაპირისპირება, ამდენად დღეს ბაქო და ერევანი პირისპირ მარტო არიან დარჩენილი. ამიტომ არის საშიში მდგომარეობა, რომ მთიან ყარაბაღში პერმანენტული სროლა შეიძლება რეალურ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმდებებში გადაიზარდოს.
"შარშან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეჩერება დიდი ძალისხმევით მოხერხდა, ომი ფაქტობრივად დაწყებული იყო. ახლა რამდენად ეყოფა საერთაშორისო საზოგადოებას ამისათვის ძალა, ვნახოთ. დღეს საერთაშორისო საზოგადოება სირიასა და უკრაინას შორისაა გაყოფილი და შესაძლოა დასავლეთმა ვეღარ შეძლოს სამხრეთ კავკასიისათვის ძალისხმევის მოკრება. ევროპას კიდევ სხვა პრობლემებიც აქვს, მიგრანტების ამბავი და ასევე ევროკავშირშია განხეთქილება. აშშ კი სამ კონფლიქტშია ჩართული, უკრაინა, სირია და ახლა უკვე კორეაშიც არის დაძაბული სიტუაცია. ამ დროს მთიან ყარაბაღში ომის ზღვარზე არიან. თუ მარტო სომხეთი და აზერბაიჯანი ჩაერევიან ომში, კიდევ კარგი, მაგრამ თუკი რეგიონული სახელმწიფოებიც ჩაერევიან, მაშინ ძალიან რთული სიტუაცია იქნება", - დასძენს მაისაია.