"რუსეთს უკვე აქვს დანაკარგიც, ბრძოლებში ათამდე მებრძოლი დაღუპული, 30-მდე კი დაჭრილია"
თეა ბეჟიტაშვილი
28.09.2015

 სირიის ტერიტორიაზე მყოფი რუსული არმიის ნაწილები ღიად ჩაერთვნენ საბრძოლო მოქმედებებში. რუსული და არაბული მედიის ცნობით, ხუთშაბათს, დილით რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 810-ე ბრიგადის მებრძოლებმა დაჯგუფება "ჰეზბოლას" წევრებთან ერთად სირიის დედაქალაქ ალეპოსტან მდებარე ქალაქ ხალების აეროპორტზე მიიტანეს იერიში, რომელსაც დღეისათვის "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აკონტროლებენ.

აღსანიშნავია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ის დანაყოფი, რომელიც ქალაქ ხალებს და მის აეროპორტს აკონტროლებს, ძირითადად ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული, მისი მეთაური კი პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ იგი ქართულ არმიაში მსახურობდა და 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მონაწილეა. 2012 წელს კი "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა და დღეისათვის ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაურია.

ამ ბრძოლის შედეგებზე ამ ეტაპისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსი მედესანტეებისა და "ჰეზბოლას" იერიში არც ისე წარმატებული გამოდგა, რადგანაც აეროპორტს კვლავ "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. სხვა წყაროების ცნობით კი, რუსებმა ამ შეტაკებისას პირველი დანაკარგები ნახეს.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსული საზღვაო ქვეითები განლაგებულია სირიაში, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები სექტემბერის დასაწყისშივე ავრცელებდნენ, მაგრამ რუსული მხარე ამას უარყოფდა. თუმცა, რუსეთის ერთ-ერთი ცენტრალური არხის გადაცემაში 23 სექტემბერს კრემლის სამხედრო ექსპერტებმა ღიად განაცხადეს, რომ რუსეთი იბრძოლებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ "ბოლომდე, ყველანაიარი იარაღის გამოყენებით".

პარალელურად რუსულ სოციალურ ქსელებში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება პროპაგანდისტული განცხადებები, რომელთა ავტორებიც სამხედრო გამოცდილების მქონე მამაკაცებს სირიაში მოხალისეებად წასვლისაკენ მოუწოდებენ. მთავარი მოთხოვნებია ასაკი 18-დან 40 წლამდე, კარგი ფიზიკური ფორმა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, პატრიოტული შეხედულებები.

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის თქმით, თარხან ბათირაშვილი ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობს და მისი როლი მიმდინარე მოვლენებში ბურუსით არის მოცული. მისივე თქმით, რუსეთს აწყობს, რომ მისთვის პოტენციურად სახიფათო ადამიანები, იგივე ბათირაშვილი და სხვა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები იყვნენ არა რუსეთის ფედერაციაში - ჩრდილო კავკასიაში, არამედ შორეულ სირიაში.

"რუსეთი პირიქით, ხელს უწყობს, რომ რადიკალურად განწყობილი მუსლიმი მებრძოლები სირიასა და ერაყში გადავიდნენ და რუსეთის ტერიტორიაზე არ დარჩნენ. წინა წლებთან შედარებით, ბათირაშვილზე ინფორმაცია ძალიან შეზღუდულად ვრცელდება, თუმცა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", - ამბობს კვახაძე.

მისი თქმით, რუსეთი სირიაში სერიოზულ ბრძოლებში არ ჩაერთვება:

"რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ერთი შეუსაბამობაა. მათი ცნობით, რუსული სადესანტო ჯარების გარკვეული ნაწილი ლატაკიის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ იბრძვის. მაგრამ, საქმე ისაა, რომ თვითონ ლატაკიის პორვინციას ასადის რეჟიმი აკონტროლებს იმიტომ, რომ ის შიიტების ერთ-ერთი განშტოებით, ალავიტებით დასახლებული ტერიტორია. შესაბამისად, იქურობას "ისლამური სახელმწიფო" ისედაც არ აკონტროლებს და ეს ძალიან საეჭვო ფაქტია.

"მას შემდეგ, რაც რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის გეგმა ჩაუვარდა და უახლოეს პერიოდში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაკავებული ტერიტორიების გაფართოება მოსალოდნელი არ არის, რუსეთს თავის მოსახლეობაში შიდა პიარი სჭირდება, რომ თითქოს ის არა მარტო "რუსული სამყაროს", არამედ მსოფლიოში მშვიდობის გარანტი და ტერორისტებთან მებრძოლი სახელმწიფოა. ამიტომაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის იმიტაციას ქმნის.

 "რეალურად კი სირიაში შეზღუდული რაოდენობის რუსული სამხედროები იმყოფებიან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რაიმე სახის სერიოზულ ბრძოლებში არ მონაწილეობენ", - ამბობს ალეკო კვახაძე.

მისი თქმით, რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მყარი პოზიციები არ აქვს და სირიის კონფლიქტისა და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის დეკლარირებით ის აშშ-სთან საერთო შეხების წერტილების მოძებნას ცდილობს.

კავკასიოლოგის თქმით, რუსეთს აშშ-სთან ამ წერტილების ფონზე სურს შერჩეს ის, რაც უკრაინაში გააკეთა:

"თუნდაც ყირიმის ოკუპაცია, თუნდაც დონბასისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, რუსეთი ამერიკასთან გარკვეულ დაახლოებას შეეცდება და მის დაყოლიებას იმის თაობაზე, რომ სანქციები შეუმსუბუქდეს. ასევე იმის წარმოჩენას, რომ თითქოს მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის".

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი თავდაცვითი სტრატეგიის წარმოებაა, ანუ მოწინააღმდეგე დაამარცხოს მისსავე ტერიტორიაზე. მისივე თქმით, რუსეთს სურს ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ლიკვიდაცია და განადგურება, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მხარეზე იბრძვიან.

"რუსეთი უკვე დიდი ხანია სირიაში მიმდინარე მოვლენებშია ჩართული. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ძირითადი ბრძოლები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აქვთ. მათი ამოცანაა ლატაკიის პროვინციის დაცვა და "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებებისთვის სირიის საზღვაო სანაპიროებზე გადასვლის შეჩერება.

"რუსეთს უკვე აქვს დანაკარგიც, ბრძოლებში ათამდე მებრძოლი დაღუპული, 30-მდე კი დაჭრილია. ეს პირველი შეტაკებების შედეგია. იქ უკვე გადასულია ორი ესკადრილია, ანუ საბრძოლო თვითმფრინავები, ძირითადად არის საფრონტო დანიშნულების ბომბდამშენები - "სუ-24" და "სუ-25".

"რუსეთმა სირიაში გააგზავნა სამხედრო მრჩევლები, ტექნიკური პერსონალი, საბრძოლო შენაერთები, რომლებიც იცავენ კომუნიკაციებს, ანუ სამხედრო- საზღვაო ბაზა ტარტუსს.

"ამას გარდა, ლატაკიაში, ქალაქ ჰომთან რუსებმა სამხედრო-საჰაერო ბაზა შექმნეს, მაგრამ რეალურად რუსი სამხედრო პირები სრულმასშტაბიანად არ მონაწილეობენ. არაა გამორიცხული, რუსეთმა ახალი სამხედრო თვითმფრინავები გამოიყენოს, სავარაუდოდ, "სუ-34" ტიპის თვითმფრინავი", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×