ანუ შეგვიძლია თუ არა ვებრძოლოთ ენერგომაფიას
მოსაზრება
28.09.2015

თამაზ აქუბარდია

დღეს ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ, პირველ რიგში, ენერგომატარებლებზე აისახა, - ელექტროენერგიაზე, გაზზე და საწვავზე, ანუ, იქ, სადაც ისტორიულად ყველაზე დიდი ფული კეთდებოდა და კეთდება და რომელთა პატრონები ტრანსნაციონალური კომპანიების სათავეებთან დგანან და მათ წინააღმდეგ "გაფართხალება" არა თუ პიროვნებებს, არამედ ქვეყნებსაც წაშლის მსოფლიო რუკიდან.

აქედან გამომდინარე, ჭკუათამყოფელ ადამიანს ვერ მოვსთხოვთ მათ წინააღმდეგ წასვლას და არც მიდიან! ამ დროს კი ქვეყანა იქამდე მიდის, რომ შესაძლოა სოციალური აფეთქება მოხდეს და, ამდენად, ასეთი შედეგი მათთვისაც არ უნდა იყოს მისაღები. სწორედ ამიტომ, იქნებ ისინიც დავარწმუნოთ (თავსზემოთ ძალა არ არის და სხვა რა ვქნათ), რომ ასეთი სიტუაცია ნამდვილად შეიძლება მოხდეს და თუ მათი მიზანი ქვეყნის განადგურება არ არის, ყურად იღონ ჩვენი შეგონება, - ბატონებო, სახიფათო თამაშს თამაშობთ და ეს შესაძლოა ცუდად შემოგიბრუნდეთ!

ალბათ ყველას გახსოვთ ისტორიული მატერიალიზმის ერთი იდეოლოგიური შეგონება, - "ისტორიას ხალხი ქმნის", - და, რომც არ ვიკამათოთ ამ პარადიგმის ჭეშმარიტებაზე, მისი სრული უსუსურობა სულ სამად სამი სიტყვით წარმოჩინდება, - "და მას პიროვნებები წარმართავენ". ანუ, სრულიად საწინააღმდეგო დასკვნამდე მივდივართ ამ სამად სამი სიტყვის დამატებით, რაც საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდება, - "ისტორიას ხალხი ქმნის და მას პიროვნებები წარმართავენ".

ანუ, მართალია, ისტორიის შემომქმედი ხალხია, მაგრამ თუ როგორი ისტორია იქმნება, ამას უკვე ის ცალკეული პიროვნებები წარმართავენ, რომელნიც ამა თუ იმ პერიოდში ხელისუფლების სათავეში დგანან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს ჩრდილო და სამხრეთ კორეა წარმოადგენს. მოკლედ, ეს საკითხი მგონი საკამათო არ უნდა იყოს.

არის საკითხები, სადაც მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა თავისივე ქვეყნის შიგნით ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფალი არ არის, მაგრამ იქ, სადაც შენივე ქვეყნის მოქალაქეები ყოვლად უსინდისოდ წველიან შენსავე ქვეყანას, აქ გულზე ხელდაკრეფით ყოფნა ნამდვილად არ შეიძლება და წინა ხელისუფლების მოუსავლეთში გაგზავნის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, - ელიტარული კორუფციის მრავალწახნაგიანი სისტემა, რომლის მეტასტაზებს დღესაც თვალნათლივ ვგრძნობთ თითოეული ჩვენგანი და, რომლის უცხადეს მაგალითს ელექტრიენრგიაზე ტარიფის უსწრაფესი ცვლილება წარმოადგენს.

თუ მე რაიმე მესმის ამ ქვეყანაზე, ეს სულაც არ არის არც ენერგეტიკის მინისტრის ან რომელიმე სხვა უწყების ხელმძღვანელობის ბრალი( ერთადერთი თეორიული ბრალდება შესაძლოა ის იყოს, თუ რატომ არ იძახიან ამას ხმამაღლა, რაც ცხადია, არასერიოზულია). აქ ისეთი ძალებია ჩართული, რომ უკეთეს შემთხვევაში შენ თუ გადმოგიგდეს სამადლოდ რამე, მთელი მონდომებით კუდი უნდა უქიცინო. თუმცა ხალხის აღშფოთებას ისინიც ხედავენ და, თუ არ ვცდები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ შემოსული უცხოური ინვესტიციებით იმ ახალი ჰესის მშენებლობის დამთავრებიდან, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 35(?) წლის შემდეგ ეს ჰესი საქართველოს გადაეცემა უსასყიდლოდ (თუმცა ძალიან ცუდად მენიშნა ვიცე-პრემიერის იმავე შინაარსის განცხადებაში სიტყვა "შესაძლოა").

ანუ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თორემ რა უნდა ლარის გამყარების ღონისძიებებისკენ მიმართული გადაწყვეტილებების მიღებას.

ვთქვათ, სახელმწიფომ გამოაცხადა ნენსკრა ჰესის მშენებლობა, რომელიც, ვთქვათ, ჯდება 200 მლნ დოლარი. გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო ორგანიზაციის მიმართებით, მაგრამ ჰესი სახელმწიფოს საკუთრებაა და მშენებლობის დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში აპრობირებული, ცივილიზებული სამყაროსათვის რამდენიმე საუკუნის მანძილზე ცნობილი გზით, აქციების გამოშვების გზით, წავიდეს. გამოუშვას, ვთქვათ, 20 მილიონი აქცია, თითოეული აქციის ნომინალის ღირებულებით - 10 დოლარი და ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდოს. ოღონდ ისე კი არ გაყიდოს, რომ ყველა, ვთქვათ, ბეჟუაშვილმა ან ივანიშვილმა იყიდოს. ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიცია, ენერგეტიკოსებზე უკეთ ვინ იცის, რა მომგებიანია და ვინ არ იყიდის ასეთ აქციებს.

როცა თითოეული მოქალაქე დარწმუნებული იქნება, რომ 10 დოლარიანი აქციიდან წლის ბოლოს 1 დოლარი ექნება დივიდენდის სახით, ის სულ არ იდარდებს ლარის გაუფასურებას, პირიქით, გაუხარდება კიდეც.

ასევე შეიძლება ხუდონჰესის პრობლემის გადაჭრაც. როდესაც სვანებს საარსებოდ აღარაფერი არ რჩებათ, და, თავის დროზე იძულებულები იყვნენ არსებობისათვის ხე-ტყე ეჩეხათ უმოწყალოდ, საიდანაც მხოლოდ ერთეულებმა იხეირეს, მისცენ ხუდონჰესის მშენებლობისას პრივილიგირებული აქციები, რათა გარანტირებული შემოსავალი ჰქონდეთ და ნახავთ, როგორ გვერდში დაუდგებიან ხელისუფლებას, მითუმეტეს, თუ ისეთი პროექტი განხორციელდება, რომელიც ეკოლოგიურად ნაკლებად საზიანო იქნება.

ამას მე თუ ვხვდები, ერთი გასაცოდავებული ეკონომისტი, რომლისთვისაც ყველა კარი დახშულია ამ გაზეთის ფურცლების გარდა (რაც ძალიან მიკვირს და რისთვისაც დიდი მადლობა მათ), ცხადია, ხელისუფლებაში მითუმეტეს ხვდებიან, თანაც როდესაც ქვეყანას ისეთი ენერგიული და ქვეყნის მოყვარული პრემიერი ჰყავს, როგორიც ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×