ახლო აღმოსავლეთში ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე იზრდება - ნოემბრის ვადამდელი არჩევნების წინ პრეზიდენტ ერდოღანს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები ერაყის ტერიტორიაზე გადააქვს. მანამდე თურქეთის არმიამ იგივე მიზნით სირიის საზღვარი გადაკვეთა.
"თურქეთს ძალიან რომ მოენდომებინა, დაეშს ("ისლამური სახელმწიფო" - რედ.) ამაზე დიდ საჩუქარს ვერ გაუკეთებდა," - ასე შეაფასა ეს ოპერაცია თურქეთის პროქურთული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნაზმი გურმა. ქურთების შეარაღებული დაჯგუფებები ბრძოლის ველზე "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.თურქული მედიის ინფორმაციით, გუშინ ერაყის საზღვარი სპეციალური დანიშნულების რაზმის ორმა ბატალიონმა გადაკვეთა, თურქი სამხედროები პროვინცია დახუკში შევიდნენ და სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, რომელიც "ქურთისტანის მშრომელთა პარტიის" წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ამ ოპერაციას წინ უძღოდა სავარაუდოდ ქურთი მეამბოხეები მიერ პოლიციის მიკროავტობუსის აფეთქება, რის შედეგად 14 სამართალდამცველი დაიღუპა. სულ, ბოლო სამ დღეში შეტაკებებში 31 თურქი ძალოვანი დაიღუპა.
გუშინდლამდე ქურთი ამბოხებულების ბაზების წინააღმდეგ თურქეთის ავიაცია მოქმედებდა. ბოლო თვეების განმავლობაში თურქულმა ბომბდამშენებმა ერაყში არსებული ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები დაბომბეს. თურქი სამხედროების განცხადებით, ამ ავაიდარტყმების შედეგად 300-ზე მეტი ამბოხებული განადგურდა.
მედიაში იწერება ის, რომ თურქ სამართალდამცველებზე თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც ქვეყანა ოფიციალურად ჩაერთო "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში. პარალელურად თურქეთი სპეცოპერაციებს ქურთთა მუშების პარტიის წინააღმდეგაც ახორციელებს.
თურქეთმა დიდი ხნის ყოყმანის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა აგვისტოს ბოლოს გამოთქვა - მან სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო რეიდები განახორციელა და თავდასხმებისათვის სირიის საზღვართან მდებარე საკუთარი საჰაერო ბაზაც დაუთმო აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას.
თუმცა ამ ძალისხმევას კამპანიური ხასიათი არ მიუღია. მეტიც თავად თურქეთში დემოკრატიული ძალები და დამოუკიდებელი მედია სულ უფრო ხმამაღლა ადანაშაულებს ერდოღანის მთავრობას "ისლამურ სახელმწიფოსთან" ფარულ გარიგებაში.
მაგალითად, წინა კვირას გაზეთმა "ბუგუნ" ერდოღანის ხელისუფლებასა და ისლამურ სახელმწიფო შორის არსებულ სავარაუდო კავშირებზე სენსაციური მასალა გამოქვეყნდა. კერძოდ, ამ ფოტომასალაზე აღბეჭდილია თურქეთ-სირიის საზღვარზე, ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე იარაღის სავარაუდო ტრანზიტი თურქეთიდან სირიის მიმართულებით. გაზეთი ირწმუნება, რომ ამ იარაღის ადრესატი ისლამური სახელმწიფოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტული ორგანიზაცია, და რომ ეს ყველაფერი სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ხდებოდა.
იმავე დღეს, რაც ეს ფოტომასალა გამოქვეყნდა, ძალოვნებმა გაზეთის რედაქციაში სპეცოპერაცია ჩაატარეს, ისევე როგორც "ბუგუნის" მფლობელი მედია-ჯგუფის "კოზა-იფეკის" 20-მდე ობიექტში, მათ შორის სხვა მედია-ორგანიზაციებში, დააკავეს 6 ადამიანი, ხოლო მედია-ჰოლდინგის მფლობელი აკინ იფეკ დაკავებას იმიტომ გადაურჩა, რომ იმ დღეს ბრიტანეთში იმყოფებოდა.
ქურთთა ლიდერებიც აცხადებენ, რომ ერდოღანი რეალურად ისლამისტების წინააღმდეგ კი არა ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ქვეყნის ავიაცია ქურთთა პოზიციებს ბომბავს იმ დროს, როდესაც ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან.
ახლა ანკარა შეერთებული შტატებისგანაც მოელის მხარდაჭერას. თუმცა პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონმა თურქეთს ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში დაუჭიროს მხარი, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ ქურთების დასუსტება "ისლამურ სახელმწიფოს" კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამ მოვლენებს თურქეთში მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
"ჩემი ვარაუდით, ანკარას ეს გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ერდოღანი ძალიან გაწბილებულია წინა არჩევნების შედეგებით, რომელიც მან ცალსახად ვერ მოიგო, 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა. მალე განმეორებითი არჩევნები იქნება და იმედი აქვს, რომ ქურთების წინააღმდეგ ნაციონალისტური ტალღის აგორება არჩევნებში წარმატებას მოუტანს," - მიიჩნევს ნოდია.
სტატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის თქმით, მართალია თურქეთის გენშტაბის უფროსმა განაცხადა, რომ როგორც სირიაში, ისე ერაყში, თურქული სამხედრო შენაერთების შესვლა დროებითია, მაგრამ მას ეჭვი ეპარება, რომ ეს დროებითი გამოდგეს.
არეშიძის თქმითვე, როგორც ჩანს თურქეთის ხელისუფლებისთვის მთავარი ხიფათი არა "ისლამური ხალიფატის" შეიარაღებული ძალებია, არამედ ქურთისტანის მუშათა პარტია, რომლის საყრდენი ბაზები ძირითადად ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს.
მამუკა არეშიძე: "ერაყის ჩრდილოეთში არა მარტო ქურთების ბაზებია, არამედ ერაყის ქურთისტანს, ბარზანის მეთაურობით, ქურთისტანის მუშათა ძალა მართავს. ამ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფები აქტიურობენ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქურთებთან ერთად. სწორედ მათ მიეწერებათ ის თავდასხმები, რომლებიც თურქეთის ჟანდარმერიის თანამშრომლებზე, სამხედროებზე განხორციელდა. უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკურ თურქეთის ქურთების დიდი რაოდენობა უჭერს მხარს. ქურთი რადიკალების აქტიურობა რომ შეაჩეროს, თურქეთმა ჩათვალა, რომ ქურთული დაჯგუფებები ძალები ჯერ სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე უნდა გაანადგუროს. 10 დღის წინ ჯარი სირიაში შეიყვანა, ახლა კი ერაყის ტერიტორიაზე ჩაატარა სამხედრო ოპერაცია. თურქეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, როგორც სირიაში, ისე ერაყში, თურქული სამხედრო შენაერთების შესვლა დროებითია. თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ ეს დროებითი გამოდგეს."
მისი თქმით, ქურთულ-თურქულმა დაპირისპირებამ აშშ-სა და თურქეთს შორის წარმოშვა უთანხმობა, რასაც ანკარა არც მალავს.
"ერაყში ქურთულ ჯარს ამერიკელები ეხმარებიან, მართალია თურქეთის ხათრით მძიმე შეიარაღება არ მისცეს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ქურთებს აშშ-სგან აქვთ. ერდოღანმა ორი დღის წინ გამოაცხადა, მიუხედავად ამერიკის დაინტერესებისა, თურქეთი მაინც იქნება ძლიერი სახელმწიფოო. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი სურათი ლაგდება: აშშ ქურთულ მოძრაობას უჭერს მხარს, მაგრამ თურქეთისა და სირიისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ეს პროცესი მიუშვეს, მაშინ დამოუკიდებელი ქურთისტანი გაჩნდება, რაც ამ ქვეყნებისთვის ხიფათს წარმოადგენს. ასევე სირიისთვის და ირანისთვისაც. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და ერაყი აშშ-ის მოკავშირეები არიან, ცდილობენ თავისი პოლიტიკა გაატარონ - ქურთული რადიკალიზმისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოლონ. რაღაც მომენტში გამოდის, რომ აშშ მხარს უჭერს ქურთებს და ებრძვის მათ მოწინააღმდეგე "ისლამურ ხალიფატს" და თურქეთი "ხალიფატსაც" ებრძვის, ყოველ შემთხვევაში ამის იმიტაციას აკეთებს, მაგრამ უფრო მეტად ცდილობს ქურთული მუშათა მოძრაობის შეიარაღებული რაზმები დაამარცხოს. ქურთების რაოდენობა თურქეთში დაახლოება 10-15 მილიონია."