თურქეთში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. იმავე დღეს, რაც გაზეთ "ბუგუნში" ერდოღანის ხელისუფლებასა და ისლამურ სახელმწიფო შორის არსებულ სავარაუდო კავშირებზე სენსაციური მასალა გამოქვეყნდა, ამ გაზეთის მფლობელ მედია-ჰოლდინგში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა.
სპეცოპერაცია ანკარაში ბაზირებული ერთ-ერთი უდიდესი, და ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი კრიტიკული, "იფეკის" ჰოლდინგის რამდენიმე ოფისში ჩატარდა. დაკავებულია 6 ადამიანი, ხოლო მისი მფლობელი აკინ იფეკი, ადგილობრივი პრესის ცნობით, ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება.
"კოზა-იფეკის" მედია-ჰოლდინგი, გარდა "ბუგუნისა", ფლობს კიდევ სამ გაზეთს, ორ ტელევიზიასა და კიდევ რამდენიმე ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემას.
აღსანიშნავია, რომ ამ სპეცოპერაციას წინ უძღოდა გაზეთ "ბუგუნში" სენსაციური ფოტომასალის გამოქვეყნება, რომელიც, გაზეთის მტკიცებით, ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას ერდოღანის მთავრობის მიერ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერისა.
კერძოდ, ამ ფოტომასალაზე აღბეჭდილია თურქეთ-სირიის საზღვარზე, ერთ-ერთ აკჩაკალეს გამშვებ პუნქტზე იარაღის სავარაუდო ტრანზიტი თურქეთიდან სირიის ტერიტორიის მიმართულებით. გაზეთი ირწმუნება, რომ ამ იარაღის ადრესატი ისლამური სახელმწიფოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტული ორგანიზაცია, და რომ ეს ყველაფერი სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ხდებოდა.
სულ პოლიციური რეიდები 20-მდე მედიაგამოცემაში ჩატარდა. ერდოღანის ხელისუფლება ამ მედია-ჰოლდინგს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარ იდეოლოგიურ ოპონენტთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ გიულენი არის თურქეთში პოპულარული თეოლოგი და ზომიერი ისლამის თეორეტიკოსი, რომელსაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ქვეყნის ინტელექტუალურ წრეებსა და ძალოვან უწყებებში. ის ამჟამად დევნილობაშია და ამერიკის პენსილვანიის შტატში ცხოვრობს.
პრეზიდენტი ერდოღანი, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეტევის მორიგი ტალღის გამო, მსოფლიოს მედიის კრიტიკის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა.