საქართველში გაძვირებული ცხოვრების ფონზე საარსებო მინიმუმი შემცირდა. ივლისში ივნისთან შედარებით ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6 ლარით შემცირდა, ხოლო საშუალო ოჯახის - 11 ლარით. ეს მაშინ, როდესაც "ბიგ მაკის" ინდექსით საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის თვეში 155 ლარი უნდა ეყოს. სტატისტიკოსების გათვლებით, ერთსულიანი ოჯახისთვის საკმარისია 137 ლარი, ორსულიანმა ოჯახმა 220 ლარი უნდა იკმაროს, სამსულიანისთვის - 248 ლარია გაწერილი, ოთხსულიანმა ოჯახმა კი 275 ლარით უნდა იცხოვროს.
აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა კი არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის ადამიანის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.
ამ გათვლებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა, მაგრამ ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან ერთად, საქართველოში პროდუქტის გაძვირება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
"ბიგ მაკის" ინდექსის მიხედვით, საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა, ამერიკის დონეს კი 63%-მდე. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების დონე ასევე მსოფლიო მაჩვენებლის 50%-მდეც ვერ აღწევს.
შეგახსენებთ, რომ "ბიგ მაკის" ინდექსს 1986 წლიდან იყენებენ და ამ ინდექსით ცხოვრების დონის განსაზღვრა 160-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. სისტემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა "მაკდონალდსის" ჰამბურგერი.
ექსპერტების განცხადებით, 1999 წელს საქართველოში არსებული ფასები მსოფლიო ფასების დონესთან 58%-ის ფარგლებში იყო, 2002 წელს - 79%-ის ფარგლებში, 2007 წელს - 80,5%-ის, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 85%-თან მერყეობს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკასა და ევროპაში საშუალო ხელფასი და საარსებო მინიმუმი რამდენჯერმე აღემატება საქართველოში ანალოგიურ მაჩვენებელს.
სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ევროპაში საშუალო ხელფასი 2900-3000 დოლარია (6000 ლარი), ამერიკაში - 3350 დოლარი (6700 ლარი), საქართველოში კი 773 ლარი. მაგალითად, ამერიკაში ერთსულიანი ოჯახის წლიური საარსებო მინიმუმი 10 800 დოლარია, ანუ თვეში 1660 დოლარი (3300 ლარი), საქართველოში კი ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 137 ლარია. ჩვენი საარსებო მინიმუმი ამერიკისას დაახლეობით 20-ჯერ ჩამორჩება.
"საქართველოში არსებული ფასები საერთაშორისო ფასების დონესთან არც ისე შორს დგას. მეორე საკითხია ეს მაჩვენებელი მაღალია თუ დაბალი. ყველაფერს განსაზღვრავს ჩვენი მსყიდველუნარიანობა. ამ მხრივ კი ვერაფრით დავიკვეხნით. საქართველოში საშუალო შემოსავალი მსოფლიო დონის ნახევარზე ნაკლებია. ჩვენ ერთეული პროდუქტის შესაძენად უფრო მეტის გადახდა გვიწევს", - ამბობს სოსო არჩვაძე.
რაც შეეხება რეგიონს, საქართველოზე ძვირი ქვეყანა აზერბაიჯანია, ხოლო იაფი - სომხეთი. ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანში, ენერგოწყაროების გათვალისწინებით, შემოსავლების საერთო დონე საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ეს ფაქტორი ფასების გაზრდაზე გავლენას ახდენს. "აზერბაიჯანში სამომხმარებლო პროდუქტი დაახლოებით 15%-ით ძვირია, ვიდრე საქართველოში. ერევანი კი ჩვენთან შედარებით მოკრძალებულ მდგომარეობაშია", - ამბობს სოსო არჩვაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, 2012 წლიდან მოყოლებული, ფასების დონე მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს 2011 წლის ზაფხულში მიაღწია და 11.4% შეადგინა. პიკის შემდეგ ინფლაციამ კლება დაიწყო, დეფლაციის ნიშნულამდე დაეცა და 2013 წლის ბოლომდე ასეთად დარჩა. ამ დროისთვის, ინფლაციის მაჩვენებელი 4,9%-ის დონეზეა.