ვოიცეხ გურეცკის წიგნი "აფხაზეთი" უთუოდ სასარგებლო გამოცემაა
მოსაზრება
20.07.2015

ვოიცეხ გურეცკი პოლონელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგოსი გახლავთ. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთაგან (მიუხედავად არც ისე სოლიდური ასაკისა, დაბადებულია 1970 წელს) ჩვენთვის ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესონი არიან: "პლანეტა კავკასია" (დაიბეჭდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების შესახებ, 2002 წელს), "წინაპრების სადღეგრძელო" (საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანზე, 2010 წელს) და "აფხაზეთი".

ფრიად მისასალმებელია, რომ სამივე დასახელებული წიგნი ქართულად არის ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მთარგმნელია ეკონომისტი ამბროსი გრიშიკაშვილი - საქართველოში პოლონური კულტურის თავგამოდებული პოპულარიზატორი.

ჩვენ ამჯერად შევჩერდებით ვოიცეხ გურეცკის ბოლო წიგნზე, აფხაზეთის შესახებ რომაა დაწერილი.

წიგნი არ წარმოადგენს ოდენ რეპოტაჟების კრებულს, რომელიც ცალკეულ მიმდინარე ემპირიულ მოვლენებს ეხება. მისი ავტორი არ გაურბის ამ მოვლენათა სიღრმეების ჩვენებას. ამისათვის, რასაც, ცხადია, მეტი განათლებულობა ესაჭიროებოდა ისტორიის, პოლიტოლოგიისა და კულტუროლოგიის სფეროებში. ამ თვალსაზრისით პოლონელი ავტორი ნამდვილად მისაბაძია ქართველი ჟურნალისტებისათვის.

მიუხედავად აღნიშნულისა, ვოიცეხ გურეცკის აშკარად ეტყობა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა თემის გაშუქებასთან დაკავშირებით. აკი წიგნში აღნიშნულია კიდეც: "აფხაზეთს რომ ჩუღრმავდე, თვეები, წლებია საჭირო" (ქართული თარგმანი, თბილისი, 2014, გვ. 134); "სულ მეჩვენება, რომ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი" (გვ. 108).

ამ მხრივ ავტორის თვითგვემა იქამდეც კი მიდის, რომ მთელი გულახდილობით წერს: "ჩემგან მეცნიერი არ გამოვა" (გვ. 159). მაგრამ უდავოა თემისადმი მისი დიდი ინტერესი. იგი წერს: "განსაკუთრებით ის მაინტერესებს, თუ როგორ მივიდა საქმე აქამდე, როგორ მოხდა, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს ყელში სწვდნენ. საიდან დაგროვდა მათში ამდენი ზიზღი" (გვ. 230). შესაბამისად, "ისიც ძალზე მაინტერესებს, რით დასრულდება ეს ყველაფერი" (იქვე).

რასაკვირველია, აღნიშნული წიგნის დაწერისას ვოიცეხ გურეცკის თავისებურ სკილასა და ქარიბდას შორის "ცურვა" მოუხდეობდა - ერთი მხრივ, აფხაზობასა და მეორე მხრივ ქართველობას შორის. ზედაპირული, პოლიტიკანური თუ დიპლომატიური მოსაზრებებით კი იგი ფონს ვერ გავიდოდა. ამისათვის, ჩანს, მას სინდისიც არ მისცემდა ლავირების საშუალებას.

ავტორისდა სასახელოდ, იგი ცდილობს ობიექტურობა დაიცვას ორივე დაპირისპირებული მხარისადმი მიმართებაში. იგი გულწრფელია თავის სიმპათიებშიც, ცდილობს რა, ასეთი განწყობა-განწყობილება ორივე მათგანზე გადაანაწილოს. წიგნი ეძღვნება ავტორის მეგობრებს, რომლებიც მას უხვად ეგულება აფხაზთა და ქართველთა შორის.

მაინც როგორ გაართვა თავი ჩვენმა მეგობარმა (ასევე აფხაზებისაც) დასახულ ამოცანას, რაც მითუმეტეს ძნელია კავკასიასთან მიმართებაში, სადაც, ავტორის სიტყვებით "კავკასიური ავადმყოფობა ისაა, რომ თითოეულს უნდა ყველაზე უფროსი, მნიშვნელოვანი, სტუმართმოყვარე და განსაკუთრებით, დაზარალებული-ნაწყენი იყოს" (გვ. 35).

პირადად ჩემზე წიგნმა საერთოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ ჩვენთვის სასარგებლო საისტორიო წყაროა 1992/1993 წლების ავადსახსენებელი ომის შემდგომი აფხაზეთის ცხოვრების თაობაზე. ამასთანავე, გამიჩინა სურვილი ავტორისადმი დაპირისპირებისა.

უპირველესად ვაღიარებ, რომ მეცნიერების თვალთახედვით ვოიცეხ გურეცკის "აფხაზეთი" ბევრი მხრივ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევს. თუმცა, როგორც თვითონვე აღიარებს, "ამ თემაზე ასზე მეტი წიგნი მაქვს წაკითხული, ალბათ ასობით ადამიანს გავცნობივარ, და მიუხედავად ამისა, უნდა გამოვტყდე, რომ ჩემი ცოდნა ამ თემაზე კვლავაც ზედაპირულია" (გვ. 63). მიზეზი მდგომარეობს მეცნიერული აზროვნების შეზღუდულობაში.

მაგალითად, როგორ განეწყობა ქართველი მკითხველი, არა მხოლოდ ეთნიკურობის, არამედ შესაბამისი ისტორიის ცოდნის გამოისობით, ამგვარი განცხადებისადმი: "ადრე ქართველები აფხაზეთში თითქმის არ ცხოვრობდნენ, გარდა მეგრელებისა, აფხაზეთის აღმოსავლეთია" (გვ. 35).

ცხადია, ასეთი უაზრობის მოსმენა ავტორს არაერთგზის მოუწევდა როგორც აფხაზი ფსევდოისტორიკოსებისგან, ისე ისტორიის მოყვარულთაგან, რომლებიც ჭეშმარიტებას, ობიექტურობას არაფრად დაგიდევენ, მაგრამ სერიოზულ ავტორს ხომ უნდა შეემუშავებინა სწორი შეხედულება საკითხზე და არ დაეჯერებინა მხოლოდ ერთი მხარის, აფხაზობის პოზიცია.

სათანადო საისტორიო ნაშრომებს რომ თავი დავანებოთ, სულ მცირე ხომ ის მაინც იყო საჭირო, რომ ამაზე ესაუბრა ხოლმე ქართველ ნაცნობებთან.

იგივეს ვიტყოდით აფხაზური სახელმწიფოებრიობის წარმოშობის დროის თაობაზე. მავანნი ავტორს უმტკიცებდნენ, რომ იგი მოითვლის 2500 წელს (გვ. 35).

შესაძლოა ვინმე აფხაზს მისთვის ე.წ. მაიკოპის ქვის რუსი გეორგი ტურჩანინოვისეული "გაშიფვრიდან" გამომდინარე, მინიმუმ 3300 წელი მაინც დაესახელებინა. თითქოს უფრო "მოზომილი" აღმოჩნდა ავტორის ერთ-ერთი რესპონდენტი, აფხაზეთში მცხოვრები არქეოლოგოსი და ისტორიკოსი იური ვორონოვი, რომელიც უსახელებდა 2000 წელს (გვ. 83). მაგრამ საერთოდ რა საფუძველზე, როგორი არგუმენტაციით ხდებოდა ეს? ამის შემდგომ ხომ ავტორი თვითონაც უნდა შეცდილიყო საკითხში გარკვევას?

წიგნის 39-ე გვერდზე ვკითხულობთ: "საბჭოთა კავშირში აფხაზეთმა შესაძლებელზე მაღალი პოლიტიკური სტატუსი მიიღო - მოკავშირე რესპუბლიკისა - თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, 1931 წელს, ის ტრაქტატის საფუძველზე საბჭოთა საქართველოს, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, ისე მიუერთეს. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ეს სტალინის საჩუქარი იყო თანამემამულეებისათვის" (გვ. 39)

ნუ გამოვეკიდებით ელემენტარულ შეცდომას: საქმე ეხება არა "რამდენიმე თვეს", არამედ ათ წელიწადს. მაგრამ ეს არაფერი. მთლიანობაში ეს პასაჟი აბსურდია და წარმოადგენს ნაყოფს მავან აფხაზთა დღევანდელი ისტორიულ-პოლიტიკური მითოლოგიისა, რაზედაც საუბარი გაგვიგრძელდებოდა.

ავტორი, მოხიბლული აფხაზი "ლიბერტადორის" ვლადისლავ არძინბას პერსონით, მზადაა დაეთანხმოს მის მთავარ მოთხოვნას. უკანასკნელთან საუბრის შთაბეჭდილებით იგი აღნიშნავს: "ძნელია, მას არ დაეთანხმო. ვითომ რატომ აქვს თურქმენეთს დამოუკიდებლობის უფლება და აფხაზეთს - არა?! ან რითაა ბაშკირეთი ბელარუსზე უარესი? მაგრამ მსოფლიოს არ უნდა დაშვება განსაკუთრებული შემთხვევების, პრეცედენტების, მას ჯაჭვური რექციის ეშინია (გვ. 45);

"ის მიხსნის, რომ პატარა ერს, მაგალითად, აფხაზებს, ისეთივე უფლება უნდა ჰქონდეთ, როგორც დიდს (ამ შემთხვევაში - ქართველებს). დიდმა პატარა არ უნდა აიძულოს" (გვ. 132).

თურმე მთავარი არგუმენტი ყოფილა მსოფლიო თანამეგობრობის შიში იმის თაობაზე, რომ მსგავსი პერსპექტივის აღსრულების შემთხვევაში დღეს არსებული 197 სახელმწიფოს რაოდენობა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე 5000-მდე (ეთნოსების რაოდენობა გახლავთ) გაიზრდებოდა. ანდა ქართველებს მხოლოდ ავტორის სოხუმელი ნაცნობის, ვინმე ვახტანგის, შიში გვამოძრავებს - "მაშინ ქართველებს მხოლოდ თბილისი დაგვრჩება"-ო (გვ. 75).

საქმე ისაა, რომ წიგნის ავტორი ადვილად აჰყვა გაქნილ ვ. არძინბას დემაგოგიას. სინამდვილეში ჩვენ, ქართველებს აფხაზეთზე სათანადო ისტორიული უფლებაც გვაქვს და ასევე დემოგრაფიულიც. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ხომ აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქართველობა შეადგენდა.

როდესაც საქმე მიდის 18 პროცენტამდე მოსახლეობის უფლებაზე მთელი აფხაზეთის ბედ-იღბლის განკარგვაზე, მაშ რა ვუყოთ მოსახლეობის თითქმის ნახევრის უფლებას? რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში დემოკრატიის პრინციპი? (სხვათა შორის, ასევე იყო 1918-1921 წლების დროსაც, როდესაც მავანი ექსტრემისტი აფხაზი ლიდერები არად დაგიდევდნენ კერძოდ ქართველების უფლებას).

თითქოს უფრო მეტი ძალა უნდა გააჩნდეს იური ვორონოვისეულ არგუმენტს: "საბჭოთა კავშირის დროს, აფხაზეთი იძულებული ხდებოდა თავისი შემოსავლების 70% საქართველოსათვის მიეცა. ჩვენ რასაც ვაწარმოებდით, იმისი მხოლოდ 20% გვრჩებოდა" (გვ. 80). ამიტომაცო "როდესაც პრეტენზია გამოვთქვით, რომ არა 20, არამედ 80% გვერგებოდა, ომი გამოგვიცხადეს" (იქვე).

ჩანს, ამ შემთხვევაში ი.ვორონოვი გულისხმობდა აფხაზეთის მთლიან შიდა პროდუქტს ან ეროვნულ შემოსავალს და არა შესაბამის საბიუჯეტო შემოსავლებს. მაგრამ ესეც ხომ დიდი ბლეფია და ტოლს უდებს აფხაზ სეპარატისტთა სხვა ისტორიულ-მითოლოგიურ წარმოდგენებს.

საკითხის არსის აბსურდულობას რომ თავი დავანებოთ, მაშინ "მსგავსი უსამართლობის" მხილებისას რატომ არ აიყოლიეს აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობა, მათ შორის ქართველობაც?

ასე თუ ისე, მსგავსი მიამიტობის დაჯერებაში ვოიცეხ გურეცკისაც მოეთხოვება. საკვირველია, რომ მოტანილი პასაჟი უკომენტაროდ დაუტოვებია წიგნის მთარგმნელს, პროფესიით ეკონომისტ ამბროსი გრიშიკაშვილს. მის განმარტებას ვერ ვხედავთ წიგნისათვის თანდართულ რედაქტორისეულ კომენტარებშიც.

აღნიშნული ნიშან-თვისებისავე გამოა, რომ ავტორმა უკრიტიკოდ მიიღო ი.ვორონოვის პირწავარდილი იმპერიალისტური მრწამსი: "რუსეთი ჯერ სამხრეთ კავკასიაში უნდა დაბრუნდეს, საქართველოზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე გავლენა დაიბრუნოს. თუ ამას არ გააკეთებს, დროთა განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიასაც დაკარგავს. გრძელვადიან პერსპექტივაში არსებულ საზღვრებს ვერ შევინარჩუნებთ. კავკასია ერთიანი ორგანიზმია და ის შემოღობვის, ნაწილებად დაშლის საშუალებას არ იძლევა" (გვ. 86).

აქედან ისიც ჩანს, თუ როგორი თვალსაჩინო აქტივისტი ყოფილა ი.ვორონოვი აფხაზთა ე.წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა (სხვათა შორის, სწორედ მისი წინაპარი გახლავთ ავტორი 1907 წელს მოსკოვში გამოსული ბროშურისა.

ამ შემთხვევაში ქართველები რომ ვიტყვით "კვიცი გვარზე ხტის"). 85-ე გვერდზე წავიკითხე და თვალებს არ ვუჯერებდი. თითქოს ეს ოდიოზური პირი 1959 წელს, თვრამეტი წლის ასაკში, დაიჭირეს... "საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის თაობაზე ხმების გავრცელების გამო".

ავტორი ასევე დიდ გულუბრყვილობას იჩენს საერთოდ ი. ვორონოვის როგორც მეცნიერის ფასეულობის გაგების საკითხში. იგივეს ვიტყოდით სტანისლავ ლაკობას, ვითარცა ისტორიკოსის მისეული გაგების გამოც. 128-ე გვერდზე იგი გამოცხადებულია "რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომის ავტორად".

მისივე ზეგავლენით არის დაწერილი ნესტორ ლაკობაზე - "20-იანი და 30-იანი წლების აფხაზეთის ლეგენდარული კომუნისტური მეთაური" (გვ. 129), რომელსაც "სჯეროდა სახალხო სოციალიზმის იდეისა" (გვ. 39).

ასევე ძნელია ავტორს დაეთანხმო აფხაზთა "აიდგილარას" პოლონურ "სოლიდარობასა" და ლიტვურ "საიუდისთან" შედარებაში, რომ თითქოს ამ შემთხვევაშიც დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეალები წინა პლანზე იდგნენ (გვ. 41).

ანდა იმაში, "რომ კავკასიისათვის კომუნიზმი მიუღებელი როდი იყო. კავკასია, გარკვეული აზრით, ამ სისტემის შემოქმედიცაა" (გვ. 122). ამჯერად კი მისთვის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს იოსებ ჯუღაშვილ-სტალინის აქაური წარმომავლობა.

კარგია, რომ ავტორს შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის ავბედითი როლი აფხაზ-ქართველთა დაპირისპირებულობაში (გვ. 40, 56/57, 58/59, 63, 73, 124, 157), რაშიც იგი უთუოდ მართალია. საჭირო იყო პოლონელი ავტორი კიდევ უფრო ჩაღრმავებოდა ამ პრობლემას.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნი მშვენიერი ქართულითაა ნათარგმნი. უხვად აქვს დართული კომენტარები (პროფ. ბეჟან ხორავას მიერ). სამწუხაროდ, მასში აქა-იქ გაპარულია შეცდომები. 29-ე გვერდზე ნახმარია "კიპარისი", კვიპაროსის ნაცვლად.

35-ე გვერდზე ჩვენს შავიზღვისპირეთში ძველბერძენთა მიერ დაარსებულ ქალაქთა შორის მოიხსენიება გენუა (დღევანდელი ოჩამჩირის ადგილას). უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გიენოსი. 122-ე გვერდზე ლაპარაკია 1906 წელს ბათუმისაკენ თბომავლით მიმავალი უფლისწულ გეორგის დაყაჩაღებაზე (სხვათა შორის, გაზიარებულია მავან აფხაზ ისტორიკოსთა ეჭვი ამ აქციაში იოსებ ჯუგაშვილის მონაწილეობაზე).

სინამდვილეში საქმე ეხებოდა გემ "უფლისწულ (ცესარევიჩ) გეორგის" დაყაჩაღებას. "თავდაპირველი დემოკრატიის" მაგიერ აჯობებდა ეპითეტი "პირველყოფილი" ხმარებულიყო. უხერხულია ითქვას (ან დაიწეროს) "ღვინო ხომ წლობით მწიფდება" (გვ. 191).

"სამართლიანი სახელმწიფოს" მაგიერ (გვ. 196) უნდა იყოს "სამართლებრივი სახელმწიფო". მე-200-ე გვერდზე რაღაც უცნაური სიტყვაა ნახმარი. ალბათ, უნდა იყოს "რომაულ კალენდრამდე". წიგნში ხშირად ფიგურირებს სიტყვა "რწმენა" რელიგიის, სარწმუნოების მნიშვნელობით.

სულ ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ვოიცეხ გურეცკის წიგნი "აფხაზეთი" უთუოდ სასარგებლო გამოცემაა, ფართო მკითხველთა გარდა იგი წაადგება პოლიტიკური თემატიკით დაკავებულ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში.

გურამ ყორანაშვილი (ისტორიკოსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×