ინტერნეტსივრცეში უკვე გამოჩნდნენ გადამყიდველები, რომლებიც ევროპის სუპერთასის ბილეთებს დაუჯერებელ ფასად ყიდიან - უკეთეს ვარიანტში სამმაგ ან ოთხმაგ თანხას ითხოვენ. არის ინფორმაციები, საიდანაც ჩანს, რომ ბილეთის ფასი 300-400 აშშ დოლარამდეც კი ადის. გასაყიდი ბილეთების შესახებ ინფორმაციები ქვეყნდება როგორც ქართულ ვებგვერდებზე, ასევე ასეთი ცნობები უკვე საერთაშორისო საიტებზეც ვრცელდება. "იბეიზე" სუპერთასის ბილეთს, არც მეტი არც ნაკლები, 1500 დოლარადაც კი აფასებენ.
ფეხბურთის ფედერაცია და საქპატენტი მოუწოდებენ ყველას, რომ უკვე ნაყიდი ბილეთები არ გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, "კანონით განსაზღვრული ნორმები ამოქმედდება" და დაჯარიმდებიან.
სპორტულ ჟურნალისტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბილეთის სხვისთვის ჩუქება ან მიყიდვა კანონს არ ეწინააღმდეგება, თუ ამაში არ არიან ჩართული ისეთი პირები, ვის ხელშიც ბილეთები სალარო გვერდის ავლით მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი ესპანური კლუბი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კატოლონიური "ბარსელონა" და ევროპის ლიგის ჩემპიონი ანდალუზიური "სევილია" დაუპირისპირდებიან.
ჯერ კიდევ ბილეთების სალაროებში გაყიდვამდე გამოჩნდნენ გადამყიდველები. მაიმარკეტ.გეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ 70 ლარიანი ბილეთები 300 დოლარად იყიდებოდა. ამჯერად ახალი გადამყიდველები გამოჩნდნენ, რომლებიც ბილეთებს 350 დოლარად ყიდიან.
ბილეთები გამოჩნდა იბეი.კომ-ზეც, სადაც ბილეთები ასევე ძალიან ძვირად იყიდება. მოხვდება თუ არა ამ ბილეთით მომხმარებელი სტადიონზე თუ საქმე გვაქვს ე.წ. ფეიკთან, ეს უკვე სპეციალისტების გადასაწყვეტია.
გადამყიდველებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ფეხბურთის ფედერაციამაც. სფფ გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ არ შეიძინონ ბილეთები გადამყიდველებისგან. ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც უკვე შეიძინა სუპერთასზე დასასწრები ბილეთები, უნდა გაეცნოს "საქპატენტისა" და სფფ-ის ერთობლივ განცხადებას.
"საქპატენტი" კი აღნიშნავს, რომ გადამყიდველები გასაყიდი ობიექტის ღირებულების ოთხმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან.
"უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია საქართველოს შსს-სა და თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტშიც," - ნათქვამია განცხადებაში.
სპორტული ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბილეთის გადაყიდვა კანონით დასჯადი ქმედება არსად არ არის.
"შენ ყიდულობ ბილეთს და შენი უფლებაა, მას გააჩუქებ, გაყიდი თუ თავად წახვალ მატჩზე. ერთადერთი გამონაკლისია, თუ გამოვლინდა უეფას წარმომადგენელი ან ისეთი პირი, როდესაც სალაროს გვერდის ავლით ის ბილეთებს მიჰყიდის გადამყიდველებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ ბილეთები არ არის ქსელში გასული და ისე მოხვდა გადამყიდველების ხელში.
"ეს პრობლემა არის საქართველოშიც და ყველგან. ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც კი. როდესაც თბილისის "დინამო" "ლივერპულს" ან სხვა ტოპ-კლუბს ეთამაშებოდა, იყვნენ პირები, რომლებიც ყიდულობდნენ ბილეთებს და ათმაგ ფასში ყიდდნენ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ბილეთი, მაგრამ აღარ გინდა თამაშზე წასვლა და გადაწყვეტ მის გაყიდვას, თუნდაც 5 ლარით მეტად. ესეც გადამყიდველობა გამოდის, მაგრამ ეს კრიმინალი ხომ არაა," - აცხადებს ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნავს, რომ უეფას ერთადერთი ბერკეტი რაც ჰქონდა, გამოიყენა.
"ვსაუბრობ იმაზე, რომ ერთ მომხმარებელს 4 ბილეთზე მეტის ყიდვის შესაძლებლობა არ მისცა. მსოფლიოში ამას ოფიციალური სახეც აქვს, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა თუ მსოფლიო ჩემპიონატი, გარკვეული კომპანიები ყიდულობენ ბილეთებს და შემდეგ ზედმეტ ფასად ყიდიან. თუნდაც სხვადასხვა ვიქტორინებში ათამაშებენ.
"დანაშაული ის არის, სანამ ქსელში გავა ბილეთები, იქამდე როცა მოხვდება ვიღაცების ხელში და შემდეგ ამ გზით შავ ბაზარზე გაიყიდება. მაგრამ, როცა ვიღაცა სამი დღე იდგა რიგში და მას უნდა, რომ გაყიდოს გაცილებით ძვირად, ეს უკვე მისი და მყიდველის გადასაწყვეტია," - აცხადებს თაბაგარი.