შედარებით ნორმალური პირობები ამ ქვეყნებშია, შემდეგ მოდის საფრანგეთი და თურქეთი
ელზა წიკლაური
14.07.2015

 საქართველოსა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო, ქართველი ემიგრანტების ნაწილი გერმანიაში, ნაწილი თურქეთსა და იტალიაში გადავიდნენ. ისინი გერმანიაში სოციალური სტატუსის მიღების სურვილით ჩავიდნენ, იტალიასა და თურქეთში კი - ახალი სამსახურის საძიებლად. ნაწილს გაუმართლა, ნაწილი კი კვლავ ბედის ანაბარადაა დარჩენილი.

სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არც იმ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აპირებენ, სადაც ფინანსური პრობლემებია და ეძებენ გზებს, რომ უკეთესი სამსახურის თუ პირობების საძიებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.

საბერძნეთიდან - იტალიაში, გერმანიასა და თურქეთში, ესპანეთიდან - იტალიაში, საქართველოდან კი - გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და თურქეთში - ეს არის მარშრუტები, რომელსაც ქართველი ემიგრანტები გეგმავენ. არადა, სულ რაღაც 6-8 წლის წინათ პოპულარული რუსეთი და საბერძნეთი იყო. ახლა კი მათ გეზის შეცვლა ფინანსური კრიზისის გამო გადაწყვიტეს.

საბერძნეთიდან მიდიან ისინი, ვისაც საბუთები წესრიგში აქვს, სხვა შემთხვევაში, ანუ "გადაპარვით" ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

გიორგი ბერიძე საკუთარ ოჯახთან ერთად წლებია საბერძნეთში ცხოვრობდა, მაგრამ 2 წლის წინ ქვეყანა დატოვა და დღეს გერმანიაშია.

"საბერძნეთში თითქმის 10 წელი ვიცხოვრე. როდესაც იქ ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, დავკარგე სამსახური. ჩემი მეუღლე კი მუშაობდა, მაგრამ იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა, რომ ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები გადაგვეხადა, საჭმელიც გვეჭამა და ჩაგვეცვა. მარტო ერთი ადამიანი ამდენს ვერ გასწვდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ გერმანიაში გადავსულიყავით. საბუთები წესრიგში გვქონდა და იქ ჩასვლა არ გაგვჭირვებია.

როცა გერმანიაში ჩავედით, სოციალური სტატუსის მიღება მოვითხოვეთ და მალევე მივიღეთ. ზოგი დიდ ხანს ელოდება ამ სტატუსის მიღებას, ჩვენ მალე მოგვცეს, რადგან ოჯახით ვიყავი. უკვე 2 წელია გერმანიაში ვართ", - გვითხრა გიორგი ბერიძემ.

საბერძნეთიდან გერმანიაში საცხოვრებლად წავიდა თამუნა გვასალიაც. მიუხედავად იმისა, რომ საბუთები ჰქონდა, თავდაპირველად გერმანიაში ცხოვრების ნებართვის მიღება ძალიან გაუჭირდა.

"საბერძნეთში 2 წელი ვიყავი, მერე გერმანიაში გადავედი და ლტოლვილად ჩავბარდი. იმის გამო, რომ მარტო ვიყავი, სტატუსისა და ცხოვრების ნებართვის ძალიან გამიჭირდა. საბოლოოდ, მაინც მივიღე და დღეს ვმუშაობ კიდეც. ერთი წელია უკვე აქ ვარ.

საბერძნეთში ვერ გავჩერდებოდი, რადგან იქ ძალიან მძიმე სამუშაო მქონდა და თანაც უკვე კრიზისი იყო. ბევრი ქართველი ემიგრანტი გადავიდა საბერძნეთიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს მხოლოდ იმათ მოახერხეს, ვისაც საბუთი ჰქონდა და იმ სხვა ქვეყანაში ნაცნობი ჰყავდა. იქ, სადაც მიდიხარ, ვიღაც უნდა დაგხვდეს, რომ გზა გაჩვენოს", - გვითხრა თამუნა გვასალიამ.

საბერძნეთის ანალოგიურად საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს ესპანეთში. მართალია, ისეთი ეკონომიკური კრიზისი, როგორც საბერძნეთშია, ესპანეთს არ შეხებია, თუმცა ბოლო პერიოდში სამხრეთ ევროპის ამ ქვეყანასაც გაუჭირდა. ქართველმა ემიგრანტებმა იქაც დაკარგეს სამსახური და ნაწილი იტალიაში გადავიდა.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ნატა გიგაური 6 წელი ცხოვრობდა ესპანეთში. მას სამსახური ყოველთვის ჰქონდა, არ უჭირდა, მაგრამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაცია უფრო დამძიმდა.

"3 თვე ვმუშაობდი, 3 თვე სამსახურს ვეძებდი. ბოლოს გადავწყვიტე და იტალიაში ჩემს მეგობართან გადავედი. წელიწადზე მეტია იტალიაში ვცხოვრობ და კმაყოფილი ვარ. მართალია, ხელფასი დიდი არ მაქვს (550 ევროზე ვმუშაობ), მაგრამ სამსახური სტაბილურია და იმის არ მეშინია, რომ 3 თვეში აქედან გამიშვებენ.

ჩემთან ერთად ესპანეთიდან ჩემი 3 მეგობარი წამოვიდა და დღეს აქ სამსახური ყველას გვაქვს. ბოლო დროს ეკონომიკური მდგომარეობა ცოტა გართულდა იტალიაშიც, ახლი სამსახურის შოვნაც გაძნელდა. კარგი ვქენი, რომ იტალიაშია ადრე ჩამოვედი, ახლა სამსახურს, ალბათ, ვეღარ ვიშოვიდი", - გვითხრა ნატა გიგაურმა.

იტალიაში საბერძნეთიდან ჩავიდა მაკა ღვინიაშვილიც. ქვეყნის გამოცვლა იქ არსებულმა სიტუაციამ აიძულა.

"საბერძნეთში 5 წლის წინათ ჩავედი, ვსწავლობდი და თანაც ვმუშაობდი, სამუშაო იმდენად რთული იყო, რომ სწავლას ვერ ვასწრებდი და თავი დავანებე. შემდეგ იტალიაში გადავედი და უკვე 2 წელია აქ ვარ.

იტალიაში არაა ისეთი რთული პირობები, მთავარია, სამსახურში მოეწყო. ახლა გაჭირდა ახალი სამუშაოს შოვნა იმიტომ, რომ ბევრი ემიგრანტია შემოსული. თუკი მუშაობ, სამსახურის დაკარგვის შანსი ნაკლებია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. იმედია, კრიზისი არ იქნება და ყველა ემიგრანტი, ვინც კი ვმუშაობთ, სამსახურსაც შევინარჩუნებთ და არსებულ ხელფასსაც, მომატებას არავინ ითხოვს", - გვითხრა მაკა ღვინიაშვილმა.

მარშრუტი არა მარტო ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა შეიცვალეს, არამედ საქართველოდან წასვლის მსურველებმაც. თუკი 6-7 წლის წინ საქართველოდან, ძირითადად, საბერძნეთსა და რუსეთში მიდიოდნენ, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული თურქეთი, გერმანია და საფრანგეთი გახდა. თურქეთში უვიზო მიმოსვლაა და იქ გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, სამსახური იშოვო.

"ბიზნეს-რეზონანსის" ერთ-ერთი რესპონდენტი წლების წინათ იტალიაში ცხოვრობდა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო უკან, იტალიაში დაბრუნება, სამუშაოდ თურქეთში წავიდა. მისი აზრით, თურქეთი ახლოა, ხელფასიც იგივე აქვს, რაც იტალიაში და თანაც, სამშობლოში გადმოსვლაზე დამატებითი საბუთების გაკეთება აღარ უწევს: "სწორედ ამ მიზეზების გამო დავრჩი თურქეთში და აღარ წავედი იტალიაში. აქ ოჯახთან უფრო ახლოს ვარ", - გვითხა ნინო სარალიძემ.

დარეჯან მიქაია დევნილია, ჰყავს სამი შვილი. მან სამშობლოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეუღლემ სამსახური დაკარგა:

"შვილებს მხოლოდ დევნილის შემწეობით ვერ ვარჩენდით და გადავწყვიტეთ საქართველოდან წავსულიყავით. რუსეთში ვერ წავიდოდი, რადგან უამრავი საბუთი გვჭირდებოდა. ჩვენი ნათესავების ფინანსური დახმარებით მთელი ოჯახით გერმანიაში გავემგზავრეთ, ლტოლვილად ჩავბარდით და დღეს უკვე სტატუსი გვაქვს. იმის გამო, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ, გერმანიაში სტატუსის მიღება არ გამჭირვებია. ახლა ვცხოვრობთ აქ და არ გვიჭირს", - ამბობს დარეჯან მიქაია.

არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც ქართველთა რიცხვი 250 ათას ადამიანს შეადგენს. მას მოსდევს უკრაინა - 150 ათასი.

საქართველოდან წასული ემიგრანტების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: თურქეთი - 100 ათასი, ამერიკის შეერთებული შტატები - 80 ათასი, აზერბაიჯანი - 35 000, ესპანეთი - 30 ათასი, გერმანია - 25 ათასი, იტალია - 12 124, ბელგია - 20 000 და ა.შ.

დემოგრაფი ანზორ სახვაძე ამბობს, რომ ზუსტი სტატისტიკის წარმოება რთულია. "სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში წერია, რომ წარშან რუსეთში 5424 ადამიანი წავიდა, თურქეთში - 2395, სომხეთში - 2821, აზერბაიჯანში - 1254 და ა.შ. ეს არ არის სრული სურათი და რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყნიდან გასული და ქართველი ემიგრანტები ძირითადად სად მიდიან. ასეთი ზოგადი სტატისტიკით რთულია ვიმსჯელოთ და სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. იმისათვის, რომ გავიგოთ, საით აქვთ ქართველ ემიგრანტებს გეზი აღებული, ხანგრძლივი პერიოდის დინამიკა და სერიოზული დაკვირვებაა საჭირო", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანზორ სახვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×