"13-14 ივნისის სტიქია არ განმეორდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გართულება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი. მისი თქმით, წყნეთი-ახალდაბას გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი იმ მასშტაბის არ არის, რომ 13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის განმეორების საშიშროება არსებობდეს.
"შევაფასეთ მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ გართულებას ადგილი არ ექნება. აუცილებლად ექნება, მაგრამ არა მასშტაბური. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრის ერთ-ერთი ზონის გააქტიურება. სულ 200 კუბომეტრი მყარი მასა ჩამოვიდა და, სამწუხაროდ, მწყობრიდან გამოიყვანა ახლად აღდგენილი გაზსადენი. ეს ჩვეულებრივი დიდი კატასტროფის პოსტპერიოდია.
"თბილისისთვის სტიქიური პროცესების საფრთხე არსებობს, მაგრამ 13-14 ივნისის სტიქიას პრაქტიკულად გამოვრიცხავ. დედაქალაქში არის სხვადასხვა უბნი, ღვარცოფული ხევები, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენს, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს არ უნდა მოველოდეთ", - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.
"შესაბამისი ღონისძიების გაუტარებლობის შემთხვევაში თბილისისთვის სტიქიური პროცესების საფრთხე არსებობს", - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რევაზ გეთიაშვილი.
"ცუდი ის არის, რომ ამ პროცესზე ბოლოდროინდელი დაკვირვება აღარ ტარდება და მოსახლეობისთვის ამიტომ არის ასეთი მოულოდნელი, თუმცა მოულოდნელს ვერ დავარქმევთ, რადგან ამის შესახებ სპეციალისტებმა იციან".რევაზ გეთიაშვილის თქმით, მდინარე ვერეს ხეობის წყალშემკრები აუზი მთლიანად დეგრადირებულია. როგორც ის პროგნოზირებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მოძრავი მეწყრული პროცესების გამო, ბუნებრივი სტიქია გაგრძელდება.
"ეს არის შეუქცევადი ბუნებრივი პროცესი, რაც ამ აუზის მცენარეული საფარის დეგრადაციამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი დაკვირვებაა, რომ მეწყერმა ცუდი შედეგი არ გამოიღოს. ამას გარდა უნდა შემუშავდეს ხანგრძლივვადიანი გეგმა, რასაც ჰქვია ამ ეკოსისტემის გაჯანსაღება და კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს ტყეზე ყოველგვარი ზემოქმედება.
"საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი და ალბათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 20-30 წლის მერე წყალშემკრები აუზი თავის წონასწორობას აღიდგენს და ეს პროცესები შეჩერდება", - ამბობს რევაზ გეთიაშვილი.
მისი თქმით, დედაქალაქში ათასობით მეწყრული ზონაა: "ბუნებრივია თბილისისთვის საფრთხე არსებობს, მითუმეტეს თბილისი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ვითარდება, ცოცხლობს.
"თბილისის ტერიტორიების შემდგომი ათვისება ბუნებრივი პროცესების რისკების გათვალისწინებით უნდა ხორციელდებოდეს და იქ, სადაც გეოლოგიურად რთული გარემოა, ან ზოგიერთ შემთხვევაში გარემო ქალაქის განაშენიანებას არ იძლევა, არავითარ შემთხვევაში ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას.
"თბილისში ვერეს ხეობის გარდა ღვარცოფული მდინარე, რომელიც ხელოვნურ გვირაბებშია მოქცეული, არის ლეღვთახევი. ეს სწორედ ის მდინარეა, რომელიც ჩანჩქერის სახით ჩამოდის და გვირაბში შედის. ამ გვირაბის გამტარობა ცოტა ხანში პრობლემებს შექმნის. არის კორპუსები, რომელიც ასეთ მეწყერსაშიშ ზონებზეა აშენებული ან პირდაპირ მდინარის კალაპოტებშია მოქცეული.
"დღეს ერთდროულად რამდენიმე პრობლემაა, პირველი - ბუნებრივი გარემო, მეორე ბუნებრივი კატასროფების მართვის სიტემა, რომელიც სუსტია და მესამე - რისკ-ფატქორები, რომელშიც დაგეგმარება-განაშენიანებაც შედის. ასევე ყველაზე მთავარი მიზეზი ბუნებრივი რესურსების სწრაფი მართვა და ტყეების შენახვაა", - ამბობს რევაზ გეთიაშვილი.
გეომორფოლოგ მერაბ გონგაძის თქმით, თბილისის გარკვეული ნაწილი მუდმივი საფრთხის ქვეშ არის. საფრთხის რეალურ მოძრაობაში გადასვლის მაპროვოცირებელი ბევრი ფაქტორია, ერთ-ერთი კი უხვი ნალექია.
"არის წყალი, არის პროცესი, არ არის წყალი, არ არის პროცესი - ამას დიდი გეოლოგებიც ამბობენ. თბილისში მეწყერსაშიში ზონაა, მაგალითად, მთაწმინდის მთა, მუხათგვერდისაკენ მიმავალი გზა, იქ ფაქტობრივად ყველაფერი დამეწყრილია.
"ბუნებრივი კატასტროფის წარმოქმნისთვის ნალექები კატასტროფულ ნალექებში უნდა იყოს გადასული, მხოლოდ მაშინ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. თუმცა ეს ადგილები მხოლოდ ნალექებზე დამოკიდებული არ არის. ვერეს ხეობაში ახალდაბასთან ეს პოცესი დიდი ხნის მომზადებული იყო.
"აქ იყო ხე-ტყის უკანონო ჭრაც, რაც სასტიკად არ შეიძლებოდა. ამას გარდა სტიქია დამოკიდებულია გეოლოგიურ აგებულებაზე, დიდმა ნალექმა კი პირდაპირ ნაპრალებში ჩაჟონა და ვეებერთელა მასა ჩამოასრიალა. სანამ ნალექი მოვა, საჭიროა ყურადღება და დროული მზაობა", - ამბობს მერაბ გონგაძე.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ცნობილი გახდეს, თუ რა მდგომარეობაა მეწყერსაშიშ ზონებში, მუდმივი დაკვირვება უნდა მიმდინარეობდეს, ამისათვის კი სპეცილური აპარატურის დადგმა და ონლაინ რეჟიმში მუდმივად თვალყურის დევნებაა საჭირო.
"ასეთი აპარატურა დაყენებული არსად არ არის. იმდენად ძვირადღირებულია, რომ ახლა შემოდის. ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც ამ მეთოდიკას ფლობენ, ძალიან ცოტანი არიან და აპარატურის შემოტანაც ძალიან ძვირი ჯდება"