"საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა რღვევის პირველი პრეცედენტი იქნება"
თაია არდოტელი
07.07.2015

 61,3% - წინააღმდეგი და 38,7% - მომხრე, - ამ შედეგით დასრულდა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმი.

საბერძნეთის ხელისუფლება ამბობს, რომ რეფერენდუმის შემდეგ ისინი მზად არიან ევროკავშირთან მოლაპარაკბების განახლებისთვის, თუმცა, თავად ევროზონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მათ შეთავაზებას მხარს არ დაუჭერდა7 არანაირი მოლაპარაკება არ შედგებოდა.

ევროზონის ლიდერთა ნაწილი დღეს უკვე აქტიურად საუბრობს საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებაზე. თუმცა ჯერ ისევ გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები, განახლდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკება, დატოვებს თუ არა საბერძნეთი ევროზონას და რა შედეგს მოუტანს ეს, ერთი მხრივ, საბერძნეთს და, მეორე მხრივ, ევროკავშირს.

საბერძნეთისა და ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა ექსპერტებშიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები ევროკავშირისთვის სერიოზული კრიზისის მაჩვენებელია და მის პრესტიჟს მნიშვნელოვნად შელახავს, ნაწილი კი თვლის, რომ ეს ევროკავშირზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

"საბერძნეთში მიმდინარე პროცესები მთლიანად ევროკავშირისთვის სერიოზული კრიზისის მაჩვენებელია. დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ დოლართან მიმართებაში ევროს დაცემის პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა რღვევის პირველი პრეცედენტი იქნება და მთლიანად ევროკავშირის პრესტიჟს შელახავს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია საბერძნეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტი არსებობს, თუმცა უფრო მაღალი ალბათობით, საბერძნეთს ევროზონიდან გაუშვებენ.

"მოვლენები ორნაირად შეიძლება განვითარდეს, 1 - ევროკავშირი საბერძნეთთან მოლაპარაკებებს ახალი პირობებით დაიწყებს, 2 - საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს. ამ მთავრობის პირობებში საბერძნეთში რეალურად არაფერი შეიცვლება, ამიტომ ის ახალი მოლაპარაკებები პრობლემებს მხოლოდ თუ გადადებს, თორემ სრულად ვერ მოაგვარებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაღალი ალბათობით, საბერძნეთს ევროზონიდან გამოსვლა მოუწევს.

"მიმდინარე პროცესების გამო, ევროს უკვე დიდი ზიანი მიადგა, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ დოლართან მიმართებაში ევროს დაცემის პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, ევროზონიდან გასვლა გარდა იმისა, რომ ევროს დაარტყამს, მთლიანად ევროკავშირის პრესტიჟს შელახავს. რადგან ეს რღვევის პირველი პრეცედენტი იქნება.

 "ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი პოპულისტური ძალები, მოძრაობები ევროპის სხვა ქვეყნების ხელისუფლებაშიც არიან და თანდათან უფრო მრავლდებიან, ამიტომ ეს მთლიანად ევროკავშირისთვის სერიოზული კრიზისის მაჩვენებელია.

"თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროკავშირს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ მტკივნეულად, თუმცა სწორად გადალახოს ეს პროცესი. თუ საჭიროა, საბერძნეთი ევროკავშირიდან გაუშვას და ყველა ქვეყანამ იცოდეს, რომ ევროკავშირში შესვლა უბრალოდ ფულის ფლანგვა არ არის და ორგანიზაციაში არსებულ თამაშის წესებს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

"მიმაჩნია, რომ რაც უნდა მტკივნეული იყოს, სჯობს, საბერძნეთი გაუშვან, რომ მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდეს. მართალია, ევროკავშირისთვის მტკივნეული პროცესია, თუმცა საბერძნეთის ევროზონიდან გარიცხვა მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები უნდა დაისაჯონ", - აცხადებს ხოშტარია.

მან ასევე რუსეთის ფაქტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, მანიპულირებას შეეცდება, რადგან ყველა პოპულისტურ ძალას, რომელსაც ევროკავშირში რაღაც არეულობა შეაქვს, რუსეთი მხარს უჭერს, თუმცა მისი მხრიდან საბერძნეთის მიმართ სერიოზული ფინანსური დახმარება გამორიცხულია, რადგან თვითონ რუსეთს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.

ხოშტარიამ საქართველოს მიერ საბერძნეთში მიმდინარე პროცესების სწორად შეფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, იქ მიმდინარე პროცესები საქართველოსთვისაც მაგალითის მომცემი უნდა იყოს.

"ჩვენც უნდა გავაკეთოთ დასკვნები, რომ არარეალური, არარსებული ფულის ხარჯვა საბოლოო ჯამში, დღეს პოლიტიკურად პოპულარული, თუმცა, ხვალ ქვეყნისთვის დამღუპველია. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ფული არ გვაქვს, რამე სხვა სისტემა უნდა მოვიფიქროთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ძალიან პოპულარულია და უფასოდ მკურნალობა ყველას უნდა, მხოლოდ გაჭირვებულებს შეეხოს. ხოლო ნაკლებად გაჭირვებულმა მოსახლეობამ თავად უნდა მონახოს საჭირო სახსრები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის თქმით კი, რაც საბერძნეთში ხდება, ევროკავშირისთვის სერიოზული თავის ტკივილია. მისივე თქმით, მართალია, ევროკავშირისთვის არც საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება იქნება კატასტროფა, თუმცა გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.

"ის, რაც ხდება, ევროკავშირისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული თავის ტკივილია, მაგრამ იმედი მაქვს, ევროკავშირის თვალსაზრისით, რამე სერიოზულ რღვევას არ გამოიწვევს. საქმე უკიდურესი სცენარითაც რომ განვითარდეს და საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს, ევროკავშირისთვის კატასტროფა არც ეს იქნება, თუმცა თავისი ნეგატიური შედეგები ამას უდავოდ მოჰყვება.

"ვიმედოვნებ, რადიკალური სცენარი არ განვითარდება და საბერძნეთი ევროზონას არ დატოვებს, რადგან ეს ორივე მხარის ინტერესებშია. აქ არამარტო სესხის გადახდაზე, არამედ იმაზეა საუბარი, შეძლებს თუ არა მომავალში საბერძნეთი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესსა და სავალუტო კავშირში სანდო პარტნიორი, წევრი იყოს.

"რაც შეეხება ამ პროცესებში რუსეთის ფაქტორს, საკუთარი პრობლემების გამო, რუსეთს პირდაპირი ფინანსური დახმარების არანაირი შანსი არ აქვს. პუტინმა ციპრასს მხოლოდ ბიზნესში წილი შესთავაზა. თუმცა, უცნობია, რამდენად განხორციელდება ეს ბიზნეს პროექტი, რამდენად ეფექტური იქნება, ამიტომ ეს უფრო რისკების განაწილების შეთავაზებაა, ვიდრე კონკრეტული საფინანსო დახმარების", - აცხადებს მენაღარიშვილი.

"ვფიქრობ, ევროპა საბერძნეთის რჩენას თავს დაანებებს და ეტყვის, რომ თავისთვის იცხოვრონ. თუ ვინმე დღეს ევროკავშირში საბერძნეთის გადაწყვეტილებას იწონებს, თვითონაც იგივე გააკეთონ, გამოვიდნენ ევროზონიდან და იცხოვრონ გარეთ. ამ მოვლენას 2 შედეგი მოჰყვება, გამყარდება დოლარი და საბერძნეთი უფრო რთულ დღეში აღმოჩნდება.

"ქვეყანას, რომელიც ვალების გასტუმრებაზე უარს ამბობს, არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვა და საკუთარი ვალუტით დაიწყებს ცხოვრებას, საინტერესოა, რომელი ქვეყანა ენდობა მას ამის შემდეგ, რომელი გამართავს მასთან სერიოზულ გარიგებებს.

"ბუნებრივია, ეს პროცესები ევროკავშირსაც დაარტყამს, თუმცა იმდენად არა, რომ დაინგრეს, პირველ რიგში საბერძნეთის ეკონომიკა დაინგრევა. ევროკავშირი აუცილებლად გადარჩება, რადგან მას ჰყავს გერმანია, ფინეთი, ჰოლანდია, უამრავი ქვეყანა, სადაც ორგანიზებული ხალხი ცხოვრობს და მარტო საბერძნეთი ევროკავშირს ვერ დააქცევს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×