ლიკა ამირაშვილი
27.06.2015

 საგამოცდო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. 2 ივლისს აბიტურიენტები პირველ გამოცდას ჩააბარებენ. წინა წელთან შედარებით, წელს როგორც აბიტურიენტების, ასევე მაგისტრანტების რაოდენობა გაზრდილია.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, 100-ზე მეტია ისეთი აბიტურიენტი, რომელიც სპეციალურ საგამოცდო პირობებს საჭიროებს. მან ჩვენთან ასევე იმ წესებზე ისაუბრა, რომელიც აბიტურიენტმა გამოცდის პროცესში აუცილებლად უნდა დაიცვას.

"რეზონანსი": გამოცდების დაწყებამდე 1300 აბიტურიენტი უკვე მოიხსნა, რა იყო ამის მიზეზი?

მაია მიმინოშვილი: მათ სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებზე საგამოცდო ბარიერი ვერ გადალახეს და ბუნებრივია, ატესტატი ვერ აიღეს. აქედან გამომდინარე, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"რ": წელს რამდენი აბიტურიენტი აბარებს და რამდენი მაგისტრანტი გვყავს?

მ.მ.: სასკოლო გამოცდებამდე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. ახლა 40 ათასამდე აბიტურიენტი გვყავს. თუმცა, ბაკალავრიატში ჩაბარების მსურველი წინა წელთან შედარებით მეტია.

რაც შეეხება მაგისტრანტების რაოდენობას, მათი მაჩვენებელი მაღალია. წელს მაგისტრანტების რაოდენობით 12 500-ს ვაჭარბებთ, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან თითქმის ყოველ წელს მათი რაოდენობა 1 000-მდე იყო, ახლა კი გაიზარდა. მაგისტრანტების გამოცდები 9 ივლისს დაიწყება.

"რ": გამოცდებისას რა დროს მოიხსნება გამოცდიდან აბიტურიენტი და რა არის ის წესები, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა დაიცვას?

მ.მ.: პირველ რიგში, რეგისტრაციის დროს ზედმეტი ნივთები სარეგისტრაციო დარბაზში უნდა დატოვონ. თან აუცილებლად-პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი უნდა იქონიონ. შეუძლიათ თან შეიტანონ წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები. დანარჩენი ყველაფერი, რაც გამოცდისას დასჭირდებათ, საგამოცდო ცენტრებში დახვდებათ.

დაუშვებელია მომსახურე პერსონალის შეურაცხყოფა, ასევე მობილური ტელეფონის შეტანა. წესები ძალიან მარტივია, რთული სულაც არ არის, უბრალოდ აბიტურიენტი წესებს უნდა დაემორჩილოს. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი წესებს არ დაემორჩილება, გამოცდიდან მოიხსნება.

"რ": შარშან იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც პასუხების ფურცელში ჯვრის სიმბოლოების ნაცვლად სხვა აღნიშვნები გამოიყენეს. ასეთ დროს რა ხდება?

მ.მ.: რა თქმა უნდა, მათ უფლება აქვთ, საკითხი გაასაჩივრონ. მათ ნაშრომს კომისია განიხილავს. აბიტურიენტს გასაჩივრება უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს და არამხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხებს არასწორად მონიშნავს. უბრალოდ, აბიტურიენტებს მოვუწოდებ, რომ პასუხების ფურცელზე რაიმე მაინდეტიფიცირებელი აღნიშვნის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. დაუშვებელია, სახელი, გვარი, ზედმეტი სახელი ან რაიმე აღნიშვნა მიაწერონ - მათი ნაშრომი აღარ გასწორდება, ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინონ.

მაგრამ გამოცდის პერიოდში, თუ პასუხების ფურცელი უნებურად დააზიანა, ამ შემთხვევაში, მათ ეს ფურცელი შეეცვლებათ.

"რ": წელს რამდენმა აბიტურიენტმა მოითხოვა საგამოცდოდ სპეციალური პირობები და რას გულისხმობს ეს?

მ.მ.: წელს 100-ზე მეტი ასეთი აბიტურიენტი გვყავს, რომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათ. რა თქმა უნდა, პირობები ყველასთვის განსხვავებულია, რადგან თითოეულ მათგანს სხვადასხვა პრობლემა აქვს.

მაგალითად, უსინათლო აბიტურიენტები გვყავს, რომლებსაც ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამით ჩაბარება სჭირდება. გამომდინარე აქედან, ყველაფერი ორგანიზებული უნდა იყოს. ასევე არიან აბიტურიენტები, რომელთაც მოტორული პრობლემები აქვთ, მათ არა მარტო საგამოცდო ცენტრამდე მიყვანას ვთვაზობთ, არამედ საგამოცდო ცენტრში გადაადგილებაში დახმარებასაც.

მაგალითად მოტორული დარღვევის ან სხვა კონკრეტული პრობლემის გამო, მათ სპეციალური მომსახურე ჰყავთ, რომელსაც აბიტურიენტი პასუხებს კარნახობს. შემდეგ პასუხების ფურცელს გადახედავს, შეამოწმებს, სწორედ არის თუ გადატანილი და შემდეგ ჩააბარებს. ბუნებრივია, ვიდეოთვალია დამონტაჟებული და ყველაფრის კონტროლი მიმდინარეობს.

ასე რომ, სხვა მრავალ შემთხვევასთან გაქვს საქმე, თითოეულ მათგან სხვადასხვანაირი პირობების შექმნა სჭირდება. პირადად მე მგონია, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ.

"რ": მასწავლებელთა სასერტიფიკატი გამოცდები როდის იწყება და რამდენია მსურველი?

მ.მ.: მასწავლებელთა გამოცდებიც მაგისტრანტების პარალელურად დაიწყება. წელს 17 ათასზე მეტი პედაგოგია დარეგისტრირებული.

"რ": რამდენი საგამოცდო ცენტრია და აქედან თბილისში რამდენია განთავსებული?

მ.მ: სულ 19 საგამოცდო ცენტრია, აქედან 7 თბილისშია, დანარჩენი კი რეგიონებშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×