"ვეფხვი შეიძლება თავის ვოლიერში დაბრუნებას ეცადოს"
თეა ბეჟიტაშვილი
23.06.2015

 "მტაცებლები უკვე შეჩვეულ ადგილებს არ ტოვებენ, მაგრამ ეს ნორმალურ სიტუაციაში ხდება, ექსტრემალურ სიტუაციაში კი ცხოველის ქცევა შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გაქცეული ვეფხვისა და აფთრის მოსალოდნელ ქცევასთან დაკავშირებით.

გურიელიძის თქმით, ყველა ცხოველი, განსაკუთრებით კი მტაცებლები ე.წ. ტერიტორიული ცხოველები არიან, მათ თავიანთი ტერიტორია აქვთ და გარკვეულ საზღვრებში უნდა იყვნენ.

"ბიოლოგია ზუსტი მეცნიერება არ არის და იმის თქმა, რომ ცხოველს შეუძლია ათი დღე ან ერთი თვე საკვების გარეშე ყოფნა, ასე არ არის. ბუნებაში ცხოველები რამდენიმე დღეში ერთხელ ჭამენ და შემდეგ ნადირობამდე თავის შენახვა შეუძლიათ.

"ვეფხვი ძალიან ძლიერია და მისთვის საკვების მოპოვება, როგორიც არის მაწანწალა ძაღლი, კატა, ვირთაგვა, რთული არ არის. ამ საკვებით თავის გატანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის შეიძლება თავის ვოლიერში დაბრუნებას ეცადოს.

"ზოლიანი აფთარი გაცილებით პატარა და ღამის ცხოველია. მისგან ხიფათი მოსალოდნელი არ არის. თუ ცხოველი საფრთხეს არ გრძნობს, ის თავს არავის ესხმის. თავდამსხმელი მაშინ ხდება, როდესაც ცხოველი საფრთხეს გრძნობს და გაქცევის საშუალება არ აქვს", - ამბობს ზურაბ გურიელიძე.

მონადირე გიორგი მეტრეველი, რომელიც უკვე მერვე დღეა სხვა მონადირეებთან ერთად ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვსა და ზოლებიან აფთარს ეძებს, ამბობს, რომ ორივე შეშინებული ცხოველია და ისინი პირველ რიგში სამალავს ეძებენ.

"ახლა ვეფხვისთვის მნიშვნელოვანია, თუ სად დაიმალება უკეთესად. ეს ვეფხვი ყოველდღიურ რაციონს არის შეჩვეული. ველურ პირობებში ვეფხვს შეუძლია ორმოც კილომდე ხორცი შეჭამოს და დაახლოებით 35 დღე მშიერი იყოს, მაგრამ ეს შეუძლია ველურ პირობებში მყოფ ვეფხვს, ზოოპარკის ვეფხვი არა მგონია, ამდენ ხანს გაჩერებულიყო.

"ჩემი ვარაუდით, ეს ვეფხვი იმ ვოლიერშია მკვდარი, რომელიც არ უნახავთ და არ შეუმოწმებიათ. ამას გარდა, ეს ვეფხვი ველურ პირობებში ვერ გაძლებს იმიტომ, რომ ველურ ცხოველს ვერ დაიჭერს. აქ შეიძლება შეჭამოს ძაღლი, ცხვარი ან სხვა შინაური ცხოველი, მაგრამ აქამდე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

"ამასთან, ჩვენი გერმანული ჯიშის ძაღლები ნებისმიერ კვალს იპოვიან. იმ ადგილას, სადაც გაქცეული ვეფხვი ღამეს ათევს, 2-3 დღის განმავლობაში კვალი რომ ყოფილიყო, ძაღლები მიაგნებდნენ, იგივე მის ფეკალიას, მაგრამ მსგავსი რამ არ დაგვიფიქსირებია", - ამბობს გიორგი მეტრეველი.

მისი თქმით, ის ადგილები, სადაც შესაძლოა ვეფხვი იყოს, მონადირეებმა ძაღლებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ შეამოწმეს, მაგრამ მტაცებელი ცხოველის კვალი ვერსად ნახეს: "წყნეთიდან წავკისამდე, შემდეგ მთაწმინდამდე, ზემო ბაგები, კუს ტბა და ეთნოგრაფიული მუზეუმი - ამ ტერიტორიებზე ყველგან შევამოწმეთ, მაგრამ კვალი არ გვინახავს.

"დაახლოებით 20 კაცი 13 ძაღლთან ერთად მტაცებელ ცხოველს ვეძებდით, მოგეხსენებათ, ძაღლი ჩვენზე ათჯერ უფრო სწრაფად დადის, ყველაფერი შევამოწმეთ, შესაძლო ადგილები, სადაც გაჩერდებოდა, ან წყალს დალევდა, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ იქ ვეფხვი არ არის", - ამბობს გიორგი მეტრეველი.

მონადირის თქმით, ზოლებიანი აფთარი, რომელიც შესაძლოა გაქცეული იყოს, ტანით მომცროა და მშიშარა, ხოლო ხალებიანი აფთარი შედარებით აგრესიული და საშიშია.

"ზოლებიანი აფთარი ყველაფერს ჭამს, მძორიდან დაწყებული, ხილიდან და ძვლებიდან დამთავრებული. აფთარი ყოველთვის ეცდება დამალვას, ასე ღიად ვერ გადაადგილდებოდა, ხალხს პირდაპირაც რომ შეეჩეხოს, იმ წამსვე გაიქცევა. ადამიანს იმ შემთხვევაში უკბენს, თუ თავად ეს უკანასკნელი ეცდება აფთრის დაჭერას", - ამბობს გიორგი მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×