დიდი ქართველი მოღვაწის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა
მარი ჩიტაია
20.06.2015

 16 ივნისს დიდ ქართველ მწერალს - ოტია იოსელიანს 85 წელი შეუსრულდებოდა... იმერეთი ამ თარიღის აღსანიშნავად საგანგებოდ მოემზადა - დაიგეგმა სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება, თეატრალური წარმოდგენები, კონკურსები, მწერლისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია... საზეიმო ღონისძიებები 4 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საიუბილეო კვირეულის ხანგრძლივობა 2 დღით შემოკლდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მწერალი იუბილესა და ზეიმს დიდად არ სწყალობდა. 80 წლის ასაკშიც, როცა ილიას პრემიით აჯილდოებდნენ, საკუთარ თაყვანისმცემლებს ჩვეული გულწრფელობით აუწყა, რომ მწერალს და ბრძენს ჩინ-მედლები არ სჭირდება. მას იუბილე და ტაში ჯარისკაცებისთვის გამოგონილად მიაჩნდა!

მიუხედავად ამისა, დღეს, როცა ოტია იოსელიანი აღარ არის, მადლიერი შთამომავლობა ყოველთვის ეცდება, მწერლის წინაშე ღირსეულად მოიხადოს ვალი და სათანადო პატივი მიაგოს დიდ ქართველს! სწორედ ამ მიზნით შეიკრიბა საზოგადოება მწერლის სახლ-მუზეუმში საიუბილეო კვირეულის აღსანიშნავად.

"სიშორით სიახლოვე"

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების მენეჯერი სულიკო სვანიძეა. მისი თქმით, გარკვეული დრო სამეცნიერო კონფერენციებს მიეძღვნა, ჩატარდა ასევე 2 ლიტერატურული კონკურსი, თეატრალური წარმოდგენა და სხვა.

"საიუბილეო კვირეული, ერთი მხრივ, მწერლის "დიდი დაბრუნებაა". ტრადიციად იქცა, რომ ოტია იოსელიანის ხსოვნის პატივსაცემად მისი ნიჭის თაყვანისმცემლები ყოველწლიურად შევიკრიბოთ. ამ იდეის განხორციელებაში გვერდით გვიდგას წყალტუბოს თვითმმართველობა, რომელმაც ახლაც დიდი დახმარება გაგვიწია.

როდესაც საუბარი ოტია იოსელიანს შეეხება, უჩვეულოდ ამაყი ვარ. პირველ რიგში, წილად მერგო, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი და მეკისრა სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზატორობა, რომლის თავკაციც ოტია იოსელიანი გახლდათ. ეს სახელი ჩემთვის ნიშნავს მწერლის ღირსებას, ავტორიტეტს და სიბრძნეს! გავკადნიერდები და მას უფროს მეგობარს ვუწოდებ, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი მოგვცა!" - ამბობს სულიკო სვანიძე.

"სიშორით სიახლოვე" - ასე ეწოდება ლიტერატურულ სალონს, რომელიც დიდმა მწერალმა სპეციალურად ლიტერატურის მოყვარულთათვის შექმნა. მათი თავშეყრის ადგილი იყო მწერლის სახლი, სადაც შეკრებილი საზოგადოება ლიტერატურას და თეატრს ეზიარებოდა.

"ოტია იოსელიანმა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ლიტერატურული სალონი საზოგადოების სამსახურში ჩამდგარიყო. აქ მოსული ახალგაზრდები და ნებისმიერი ადამიანი ინტერესით ეცნობოდა ბატონი ოტიას და მისი თანამედროვე მწერლების შემოქმედებას. ერთი დიდი ოჯახის წევრები ვიყავით. ახლაც გრძელდება მწერლის "ცხოვრება" მიწიერ საქართველოში. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ ოტია იოსელიანის არქივი გამოვამზეუროთ. იქ უამრავი ისეთი ამბავია თავმოყრილი, რაც მწერლის უკეთ გაცნობის საშუალებას მოგვცემს", - აღნიშინა "რეზონანსთან" საუბრისას სულიკო სვანიძემ.

მწერლის პორტრეტისათვის

შევეცადეთ, მწერლის პორტრეტი მისივე ოჯახის წევრების მონათხრობით გაგვეცოცხლებინა. ის, რომ ოტია იოსელიანი სიმართლის შეულამაზებლად მთქმელი, ენამწარე, მომთხოვნი, მკაცრი და შეუპოვარი ადამიანი გახლდათ, საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. თუმცა, თითქმის არავინ იცის, როგორი იყო ის ახლობლებთან ურთიერთობაში, რა ადგილი ეკავა მწერლის ცხოვრებაში ბავშვებს, ახალგაზრდებს, მეგობრებს და სხვა.

დაჩი იოსელიანი, მწერლის უმცროსი შვილი იხსენებს: "ყველგან, სადაც უნდა ვიყო, ოტიას გახსენებისას საუბარი იწყება იმით, რომ სიმართლეს შეულამაზებლად, დაუფარავად ამბობდა. ყველაზე მეტად კი - ოჯახის წევრებისთვის იყო ასეთი! პირველ რიგში, ჩვენგან ითხოვდა, შემდეგ - დანარჩენებისგან... შეეძლო, ათასჯერ მეტი საკუთარი ოჯახისგან მოეთხოვა. ამის წყალობით ბევრი რამ ვისწავლეთ".

დიდებთან შეუპოვარი და მკაცრი მამა სულ სხვა იყო ბავშვებთან ურთიერთობაში. სახლში ხშირად მოდიოდნენ პატარები და თვითონაც დადიოდა მათთან.

"ახლაც, როდესაც მამა აღარ არის, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ბავშვები თითქმის ყოველთვის სტუმრობენ. ეს უმეტესწილად სასკოლო ექსკურსიებია, რომლის ფარგლებშიც ბავშვები, პედაგოგები და მშობლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიან. სკოლებში ეწყობა ღონისძიებები ოტია იოსელიანის პატივსაცემად და ჩემთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულოა.

სტუმრის სტატუსით ბევრგან მიწევს მისვლა. ეს ერთგვარი ვალდებულებაა, რომლის შესრულება, როგორც ოტია იოსელიანის შვილს, სიცოცხლის ბოლომდე მომიწევს. რა პრობლემაც უნდა მქონდეს, ბავშვებისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ", - ამბობს დაჩი იოსელიანი.

ადამიანი და სამშობლო

მწერლის შვილიშვილი, ჩვენი კოლეგა, "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე ბაბუის ყველაზე დიდ ღირსებად, მის უზადო ნიჭთან ერთად, სამშობლოსადმი დამოკიდებულებას მიიჩნევს. ოტია იოსელიანი ამ მხრივაც გამორჩეული გახლდათ.

სამშობლოსადმი სიყვარულს გამოხატავდა არა მარტო სიტყვით და კალმით, საქმითაც. ამისთვის კი გარშემო მყოფთაგან დაუზარელ შრომას ითხოვდა. თავადაც ასეთი იყო. სოფელშიც იმიტომ დასახლდა, რომ მიწასთან ახლოს ყოფილიყო...

ზვიად შვანგირაძე: "ბაბუას არ უყვარდა იუბილეები, თავს არიდებდა ხოლმე... საიუბილეო კვირეულის განმავლობაში მუდმივად მესმოდა მისი მეგობრებისგან, როგორ მოიქცეოდა სინამდვილეში, როგორ დაგეგმავდა თავად ამ ყველაფერს... იხსენებდნენ მასთან გატარებულ დღეებს, უკვე ისტორიად ქცეულს, გამონათქვამებს, ძირითადად, საუბრობდნენ მის შემოქმედებაზე, პიროვნებაზე და ა.შ. სტუმრებს შორის ბევრი მკვლევარი იყო, რომლებიც მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას იკვლევენ.

ოტია იოსელიანის შემოქმედების მიმართულება შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: ეს არის ადამიანი და სამშობლო. იგი აბსოლუტურად ყველა ჟანრში მუშაობდა. ყველგან, სადაც უნდა ყოფილიყო და რაც უნდა გაეკეთებინა, მისი საფიქრალი იყო სამშობლო, სოფელი, მიწა, ადამიანი... განსაკუთრებით განიცდიდა სოფლის დაცლას, მის ბედს, ადამიანის გაზარმაცებას და შრომისადმი აგდებულ დამოკიდებულებას.

კვლევისას, რომელიც მომავალში ჩატარდება, ალბათ, აქცენტიც ამაზე გაკეთდება: როგორ უყურებდა ის ადამიანს, მის ცხოვრებას და რას მოითხოვდა თითოეული ჩვენგანისგან? ისედაც მკაცრი, ამ მხრივ განსაკუთრებით მომთხოვნი იყო. სჯეროდა, რომ ახალგაზრდა თაობა ყოველთვის უკეთესი უნდა იყოს, რათა ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. ამას გვიკიჟინებდა მუდმივად და ცდილობდა ღირსეულად გავეზარდეთ. ჩვენც უყოყმანოდ ვიზიარებთ რჩევებს, რომლის შესრულებაც მემკვიდრეობით ვალდებულებად გვექცა!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×