ღვინის ეროვნული სააგენტო რუსი ფალსიფიკატორების წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს ჩივილს
სალომე სარიშვილი
08.06.2015

 ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში ქართული სამარკო ღვინის - "ქინძმარაულის" შესაძლო ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით. ინტერნეტში რუსეთში ჩამოსხმული ქართული ღვინის ეტიკეტის ფოტოც გაჩნდა, სადაც მითითებულია, რომ "ქინძმარაული" რუსეთში, კერძოდ კი ტვერის ოლქშია ჩამოსხმული.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ექსპორტირებული ღვინის ხარისხზე სხვადასხვა ქვეყნებში შეძლებისდაგვარად ზრუნავენ, თუმცა, რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად ინფორმაციაზე უშუალო წვდომა არ აქვთ.

სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ჭავჭანიძე "მთელ კვირასთან" ამ საკითხისადმი რუსული მხარის დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, სააგენტოს რუსეთში ქართული ღვინის ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით უშუალო ინფორმაცია გარკვეულ მიზეზთა გამო არ გააჩნია.

ჭავჭანიძის თქმით, ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ. ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, რაც საშუალებას იძლევა ამ თემის ირგვლივ მეტი ინფორმაცია გვქონდეს.

"რუსული მხარე მოწადინებულია საიმისოდ, რომ მის ბაზარზე კონტროლი მოქმედებდეს. ამაზე ფაქტები მეტყველებს, ვინაიდან რუსეთიდან სანიტარულ-ჰიგიენურ შემოწმებაზე შესაბამისი დელეგაცია უკვე სამჯერ ჩამოვიდა. მათ შეამოწმეს როგორც ქართული ღვინის, ისე მინერალური წყლისა და კონსერვების მწარმოებელი კომპანიები, შემდგომი მიღების ვიზები კი სწორედ ამ შემოწმების შედეგად გასცეს.

"ქვეყნებს შორის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უშუალოდ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა სამწუხაროდ არ გვაქვს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სიგნალები, თითქოს რუსეთში ქართული ღვინის დიდი რაოდენობით ფალსიფიცირება ხდება, არ მოდის.

"მიუხედავად ამისა, გამორიცხული მაინც არაფერია. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, პრევენციის მიზნით ყველა ორგანოა ჩართული - იქნება ეს ინსპექტირება თუ სხვა, ყველა ინფორმაციას ვფლობთ. მაგალითად, რომელმა კომპანიამ რა დასახელების, რაოდენობისა და შინაარსის ყურძენი და შემდგომში რა შინაარსის ღვინო მიიღო. ამავდროულად ტვირთის რუსულ ბაზარზე გადაგზავნისას ჩვენი პროდუქტი კონტროლდება," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ჭავჭანიძე და დასძენს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ საკითხს სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთის ბაზარზე მოხვედრილ ღვინოს.

"ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით არა მარტო რუსეთის ბაზარზე მოხვედრილ ქართული ღვინის სიჯანსაღეს, არამედ ყველა ქვეყნის მიმართულებით ასე ხდება. თუკი იმპორტიორ ქვეყანაში რაიმე გზებით ქართული ღვინის ფალსიფიკაცია და კუსტარული სახით მისი დამზადება ხდება, ეს უკვე მათი ქვეყნის საკონტროლოა, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ამაზე უშუალო წვდომა არ გვაქვს.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რაც "ქინძმარაულთან" დაკავშირებით ხდება, სამწუხაროდ ამაზე ინფორმაციას აქამდე არ ვფლობდით.

"ქინძმარაული" ადგილწარმოშობის კატეგორიის ღვინოა. ამ ტიპის ღვინოები საქართველოს 18 დასახელების აქვს. ეს გახლავთ დაცული ღვინო, რომელზეც კონტროლი სხვადასხვა ქვეყნებთან შეთანხმებთ ხდება.

"მაგალითად, საფერავი შესაძლოა ბულგარეთში, რუსეთში ან მოლდოვაში გააშენონ, ჩამოასხან და "საფერავი" დაარქვან, კანონი ამას არ ზღუდავს, ისევე როგორც ქართველებს შეუძლიათ ფრანგული ჯიშის "შარდონესა" და "კაბერნეს" ჩამოსხმა. მაგრამ რაც შეეხება "ქინძმარაულს", ესაა ადგილწარმოშობის დასახელება. თუკი ტვერის ოლქში "ქინძმარაულს" ასხამენ და ამის დეკლარირებას ახდენენ, მაშინ ეს უკვე დანაშაულია, რაზეც ჩვენ აუცილებლად მოვიძიებთ ინფორმაციას და შემდგომ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ," - აღნიშნავს ჭავჭანიძე.

მისივე თქმით, სააგენტოს ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევბი წარსულში ჰქონია, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნებთან სასამართლო დავაც კი მოუგიათ. ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დავამ სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლოს.

"ასეთი ტიპის შემთხვევები ადრე უფრო ყოფილა, ვიდრე ბოლო წლებში. მაგალითისთვის გავიხსენებ აშშ-ს, ისრაელსა და ბულგარეთს, სადაც სწორედ "ქინძმარაულის," "ხვანჭკარისა" და ასეთი ცნობილი ღვინოების არაკეთილსინდისიერად წარმოების გამო, 2008-2010 წლებში სასამართლო დავა მოვიგეთ.

"ცხადია, ამას სახელმწიფო სახსრები, ანუ ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ამ შემთხვევამ სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლოს, რადგან საქმე ქვეყნის პრესტიჟსა და ქართული ღვინოს ეხება," - უთხრა "მთელ კვირას" ჭავჭანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×