მოსაზრება
03.06.2015

რამაზ გახოკიძე

პროფესორი, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი

საკვებდანამატები ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნივთიერებებია, რომელთაც უმატებენ კვების პროდუქტებში ტექნოლოგიური მიზნისთვის. მათ იყენებენ პროდუქტების შესანახად (კონსერვანტები), საჭირო კონსისტენციის მისაღებად (სტაბილიზატორები, შემასქელებლები, ემულგატორები), სასაქონლო სახის მისაცემად (ფერი, გემო, სუნი) და ა.შ.

საკვებდანამატები მათი წარმოშობის მიხედვით შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

- კვების პროდუქტებიდან გამოყოფილი ნივთიერებები, მაგალითად, ზღვის წყალმცენარეებისგან მიღებული აგარ-აგარი (E406) და კარაგინანი (E407), ხილისგან მიღებული პექტინი (E440);

- ბუნებრივ პროდუქტებში შემავალი ან სინთეზური გზით მიღებული ბუნებრივის იდენტური ნივთიერებები, მაგალითად, ასკორბინის მჟავა (E300), კონსერვანტები სორბინის (E200) და ბენზოის (E210) მჟავები;

- ქიმიურად სინთეზირებული ნივთიერებები, რომელთაც ბუნებრივი ანალოგები არ გააჩნია, მაგალითად, აზოსაღებავები ან ანტიოქსიდანტი ბუტილჰიდროქსიანიზოლი (E320).

საკვებდანამატები მათი ძირითადი ფუნქციის მიხედვით შემდეგ ჯგუფებად იყოფა: E100 - E199 საღებავები; E200 - E299 კონსერვანტები; E300 - E399 ანტიოქსიდანტები; უ400 - უ499 სტაბილიზატორები, ემულგატორები, შემასქელებლები; უ500 - უ599 მჟავიანობის რეგულატორები; E600 - E699 გემოს და არომატის გამაძლიერებლები; E700 - E799 ანტიბიოტიკები; E900 - E999 ქაფსაწინააღმდეგო ნივთიერებები, ფქვილის გამაუმჯობესებლები, დამატკბობლები; E1100 - E1105 ფერმენტული პრეპარატები.

ცხიმების შემცველ პროდუქტებში ცხიმების დამძაღების, ფერის და გემოს ცვლილების და კვებითი ღირებულების დაქვეითების ასაცილებლად იყენებენ ანტიოქსიდანტებს. ამ მიზნით ასკორბინის მჟავას (ს ვიტამინი) გამოყენება უვნებელია, ხოლო E320 ანტიოქსიდანტისა (რომელსაც შეიცავს საღეჭი რეზინები) - საშიშია ჯანმრთელობისთვის.

ხორცსა და ხორცპროდუქტებში, მათი ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად, ხშირად უმატებენ ნიტრიტებს (E249 და E250) და ნიტრატებს (E251 და E252), რომლებიც თრგუნავს მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები), მათ შორის ბოტულიზმის ცხოველმოქმედებას და ხორცს ანიჭებს ვარდისფერს. ეს კონსერვანტები ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. მაგალითად, ნატრიუმის ნიტრიტი (E250) იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას ბავშვებში, ორგანიზმის ჟანგბადურ შიმშილს (ჰიპოქსია), ორგანიზმში ვიტამინების შემცველობის შემცირებას, კვებით მოწამვლას შესაძლო ლეტალური დასასრულით, ონკოლოგიურ დაავადებებს. ნატრიუმის ნიტრიტს შეიცავს დამარილებული ხორცი, სოსისი, ძეხვი, შაშხი, შებოლილი ხორცი და თევზი. მისი შემცველი პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია, ჩვენთან კი - არა.

სასმელებს ხშირად უმატებენ ისეთ კონსერვანტებს, როგორიცაა სორბინის მჟავა და სორბატები (E200, E202-E203), ასევე ბენზოის მჟავას და ბენზოატებს (E201-213). სორბინისა და ბენზოის მჟავებს ბუნებრივი სახით შეიცავს ზოგიერთი კენკროვანი მცენარე. ყველა დიასახლისი სამზარეულოში იყენებს რამდენიმე ბუნებრივ კონსერვანტს - მარილს, შაქარს, ლიმონმჟავას, ძმარს, სპირტს. მათი გავლენით საკვებში მიკრობები და სოკოები არ ვითარდება.

განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამას უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მათ ყოფენ 2 კატეგორიად: სინთეზურ და ბუნებრივ შაქრის შემცვლელებად. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საქარინი, ასპარტამი, ციკლამატი.

საქარინი (E954) არაკალორიული დამატკბობელია. იგი იწვევს ნაღველკენჭოვანი დაავადებების გამწვავებას, დიდი დოზით შეუძლია სიმსივნის წარმოქმნის პროვოცირება. საცდელ ცხოველებში იწვევს შარდის ბუშტის კიბოს. საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ ყყ საუკუნის 70-იანი წლებში აიკრძალა მისი გამოყენება. დაბალი ფასის გამო დღემდე იყენებენ ციკლამატს (E952), რომელიც 1969 წლიდან აკრძალულია აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. აღნიშნული შაქრის შემცვლელი იწვევს თირკმლის უკმარისობის პროვოცირებას.

ასპარტამი (E951) არაკალორიული დამატკბობელია, რომელიც შედგება ბუნებრივი ამინმჟავების (ასპარაგინის მჟავა, ფენილალანინი) ნაშთისგან. იგი ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებით: ნუტრისვიტი, სვიტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი და გამოიყენება 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტის (უალკოჰოლო სასმელები, საღეჭი რეზინები და ა.შ.) დასამზადებლად. ასპარტამის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, ღებინებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ხმაურს ყურში, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას. 30 გრადუსამდე გაცხელებით იგი იშლება მეთანოლად. აშშ-ში გავრცელდა გაფანტული სკლეროზის ეპიდემია. მეთანოლით მოწამვლა იწვევს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. ხშირად მეთანოლით მოწამვლა ეშლებათ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზში.

ასპარტამით მოწამვლის შედეგად მრავალი მსხვერპლი დაბრმავდა. მისი დაშლით გამოყოფილი მეთანოლი თვალის ბადურაში გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად - უძლიერეს კანცეროგენად, რომელიც ცხოველებში იწვევს ტვინის კიბოს. ფორმალდეჰიდი კლასიფიკაციით მიეკუთვნება იმავე ჯგუფს, რომელსაც მიეკუთვნება დარიშხანი და ციანწყალბადმჟავა - სასიკვდილო შხამები! ასპარტამი წარმოადგენს ნევროლოგიურ დაავადებათა განვითარების მიზეზს. იგი ცვლის ქიმიურ ნივთიერებათა შემცველობას ტვინში, კერძოდ, იწვევს დოფამინის დონის ცვლილებას. წარმოიდგინეთ, თუ რა ზიანს მიაყენებს ასპარტამი პარკინსონით დაავადებულ ავადმყოფს. იგი განსაკუთრებით დიაბეტიკებისთვის არის საშიში. მისი გავლენით სისხლში შაქრის დონე არაკონტროლირებადი ხდება, რის შედეგადაც მრავალი პაციენტი კომაში ვარდებოდა და კვდებოდა. შეიმჩნეოდა ასევე მეხსიერების მკვეთრი დაკარგვის შემთხვევები, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ასპარაგინის მჟავა და ფენილალანინი ცილის წარმომქმნელი სხვა ამინმჟავების არარსებობის შემთხვევაში, ნეიროტოქსიკურია. ფენილალანინი გროვდება თავის ტვინის სტრუქტურებში, რაც იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. ტვინის სიმსივნეში აღმოჩენილ იქნა ასპარტამის მაღალი შემცველობა.

ასპარტამი 200-ჯერ ტკბილია შაქარზე და მასზე ბევრად იაფია, მაშასადამე, ეკონომიურად ხელსაყრელია. ასპარტამს იყენებენ წონაში დასაკლებად, თუმცა იძლევა საწინააღმდეგო ეფექტს, რადგან ასპარაგინის მჟავა ამგზნებად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ძლიერდება მადა და მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლი რთულდება. მადაზე მოქმედებს ასპარტამის მეორე ელემენტი - ფენილალანინი, რომელიც აქვეითებს თავის ტვინში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს თავის ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემაში) დონეს. სეროტონინის ძირითადი ფუნქციაა განწყობის ამაღლება, რომლის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს დეპრესიას, პანიკაში ჩავარდნას, ძალადობას.

ასპარტამის შემცვლელი "კოკა-კოლა ლაითის", "პეპსი კოლა ლაითის" და ლიმონათების მომხმარებლებს აღენიშნებათ ფიბრომიალგიის, სპაზმების, კრუნჩხვების, გამჭოლი ტკივილების, თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, დეპრესიის, სახსრების ტკივილის, ყურებში შუილის სიმპტომები, უშეშდებათ ფეხები, უუარესდებათ მხედველობა, შეიმჩნევა მეხსიერების დაკარგვა, უმიზეზო მოუსვენრობა. იმ ქვეყნებში, სადაც ასპარტამი აიკრძალა, მრავალი სიმპტომი გაქრა.

სამწუხაროდ, შაქრის მცენარეული შემცვლელებიც არ არის უსაფრთხო. მაგალითად, ფრუქტოზა (ხილის შაქარი) სუფრის შაქარზე 1,7-ჯერ ტკბილია და მასავით კალორიული, ამიტომ იგი არ შეიძლება დიეტურ პროდუქტად ჩაითვალოს. დიდი რაოდენობით ფრუქტოზის მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკი და გამოიწვიოს აციდოზი. უვნებელია არაუმეტეს 30-40 გრამი ფრუქტოზა დღე-ღამეში. სორბიტი (უ420), რომელიც შედის მცენარეებში, აუარესებს საჭმლის მონელებას. უვნებელია არაუმეტეს 30-40 გრამისა დღე-ღამეში. ქსილიტი (უ967), რომელიც ასევე ბუნებრივი წარმოშობისაა, ახასიათებს ნაღველმდენი და სასაქმებელი მოქმედება. დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საშარდე ბუშტის კიბო. უვნებელია არაუმეტეს 30-40 გრამისა დღეში.

დაბალკალორიულ და უვნებელ დამატკბობელს წარმოადგენს სტევიოზიდი, რომელსაც შეიცავს მარადმწვანე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე სტევია. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სამედიცინო, უალკოჰოლო სასმელების, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში, ისე საოჯახო პირობებში. სტევიოზიდი საუკეთესო კონსერვანტია საკვების დასაკონსერვებლად, რადგან აჩერებს ობის სოკოს და ბაქტერიების განვითარებას. იგი ეფექტურია დიაბეტის, ღვიძლის დაავადებათა და სიმსუქნის პროფილაქტიკისათვის. საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში სტევიის მოშენება შესაძლებელი გახდა პრეპარატ ბიორაგის საშუალებით. სტევია ითიბება წელიწადში 2-3-ჯერ, ბიორაგის გამოყენებით - 4-5-ჯერ, შესაბამისად, მოსავლიანობა იზრდება 7-დან 20 ტონამდე, ხოლო სტევიოზიდის შემცველობა - 6%-ით.

გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოზარდის ტვინს ნატრიუმის გლუტამინატი (უ621), რომელსაც იყენებენ გემოს გასაუმჯობესებლად. იგი ნარკოტიკივით მოქმედებს და ბავშვი ასეთ საკვებზე დამოკიდებული ხდება. აღნიშნული დანამატი ზიანს აყენებს მხედველობასაც. მისი ხანგრძლივი მოხმარება იწვევს თვალის ბადურის დაშლას. ნატრიუმის გლუტამინატს დიდი რაოდენობით შეიცავს სწრაფი კვების პროდუქტები.

საკონდიტრო ნაწარმში, გაზიან სასმელებში, იოგურტებსა და ნაყინებში ხშირად გამოიყენება სინთეზური საღებავები. ტარტრაზინი (E102, ყვითელი საღებავი) განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობის და ძილის დარღვევას. იგი კანცეროგენია. აზორუბინი (E122, წითელი საღებავი) იწვევს ყურადღების გაფანტვას ბავშვებში, ზრდის კიბოს წარმოქმნის ალბათობას, იწვევს ღვიძლის, თირკმლების და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, მარილების დაგროვებას. აღნიშნულ საღებავებს იღებენ ქვანახშირის ფისისგან. პატენტ ბლუ მ (E131, მწვანე საღებავი) იწვევს ასთმას, ალერგიას, ჰიპერაქტიურობას (განსაკუთრებით ბავშვებში), ჭინჭრის ციებას, ანაფილაქსიას, უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე. აღნიშნული სინთეზური საღებავები აკრძალულია აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მათ კვლავ იყენებენ. პროდუქტის მიღებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რომელი საღებავია გამოყენებული მასში. მაგალითად, ტარხუნის ლიმონათში ზოგიერთი ფირმა საღებავად იყენებს პატენტ ბლუ მ-ს და ტარტრაზინს, ზოგი კი ბუნებრივ საღებავს, შავი სტაფილოს კონცენტრანტს. წითელი საღებავი კუვ 2პ (მ128) ხშირად გამოიყენება მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების შემცველი სოსისების წარმოებაში, ხორცის პროდუქტების ვარდისფრად შესაღებად. იგი წარმოადგენს გენოტოქსიკურ ნაერთს, რომელსაც უნარი აქვს გამოიწვიოს ცვლილებები გენებში.

სხვადასხვა ფერის საღებავების დამზადება შეიძლება მცენარეებისგანაც (კაკალი, კოწახური, ხახვი, თხილი, ბროწეული, ვაშლი, ანწლი, იასამანი, ტყემალი და ა.შ.). საღებავებად შესაძლებელია მცენარეთა ყველა ნაწილის გამოყენება (ყვავილები, ფოთლები, ნაყოფი, ქერქი, ფესვები). ერთი და იმავე მცენარისგან სხვადასხვა ფერის საღებავის მიღებაც შეიძლება. მაგალითად, კრაზანის ყვავილებისგან, ღეროსა და ფოთლებისგან შეიძლება ყვითელი, მწვანე და წითელი საღებავების მიღება. ენდროსგან შესაძლებელია ღია წითელი, ნარინჯისფერი, იისფერი, ლურჯი და ყვითელი საღებავების მიღება.

დიდ საშიშროებას წარმოადგენს სინთეზური კონსერვანტები, რომელთაც, ანტიბაქტერიული თვისებების გამო, იყენებენ საკვების შენახვის ვადის გასაზრდელად. ისინი იწვევენ კიბოს, თირკმლების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაავადებებს. ნაკლებად საზიანოა ბუნებრივი წარმოშობის კონსერვანტები: ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი, შაქარი (ყურძნის, ჭარხლის), ორგანული მჟავები (ძმარმჟავა, ჭიანჭველმჟავა, სორბინის, ბენზოის, სილიცილის მჟავები). ჰიგიენური და დიეტური თვალსაზრისით ყველაზე ძვირფასია ყურძნის მიკრობიოლოგიური გზით გადამუშავების პროდუქტები (ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი), რომელთაც ახასიათებს სუსტი მაკონსერვებელი მოქმედება. ღვინის, ანუ ეთილის სპირტი გამომუშავდება შაქრის შემცველი სხვადასხვა ნედლეულის (ყურძენი, ჭარხალი, ხორბალი, კარტოფილი და სხვ.) სპირტული დუღილის შედეგად და იყენებენ ყურძნის ბადაგის დასაკონსერვებლად. 16%-მდე (მოცულობით) დასპირტულ წვენებს იყენებენ უალკოჰოლო სასმელების, სიროფებისა და წვენების წარმოებაში. განსაკუთრებით ფასობს ყურძნის არომატული ჯიშებისგან დამზადებული დასპირტული წვენები.

ნახშირორჟანგს ფართოდ იყენებენ გაზიანი სასმელების დასამზადებლად. იგი თრგუნავს ობის სოკოების ცხოველმოქმედებას, ამიტომ წვენების, ღვინოებისა და სასმელების თუნდაც უმნიშვნელოდ დაგაზიანება, უზრუნველყოფს მათ დროებით დაცვას კვებითი თვისებების შეუმცირებლად.

შაქრის ზომიერად მოხმარება არათუ უვნებლია, არამედ სასარგებლოა ადამიანისთვის. იგი ამავე დროს კონსერვანტიცაა. დაკონსერვება შაქრის საშუალებით დაფუძნებულია პროდუქტში მინიმალური სინესტის და მომატებული ოსმოსური წნევის შექმნით, რომლის დროსაც მიკროორგანიზმთა ცხოველმოქმედება ნელდება. ეს კონსერვანტები გამოიყენება სიროფების, მურაბების, ხილფაფების, ჯემების მისაღებად. ამ პროდუქტებში შაქრის კონცენტრაცია აღწევს 60-65%-ს, რომლის დროსაც მიკროორგანიზმებს არ შეუძლიათ გამრავლება. უფრო მეტიც, მიკრობთა შიგაუჯრედული წყალი გადადის კონცენტრირებული შაქრის სიროფში და მიკროორგანიზმები, ასე ვთქვათ, ხმებიან. თუმცა შაქრის კონცენტრაციის შემცირებით და წყლის რაოდენობის გადიდებით შაქრით დაკონსერვებულ პროდუქტებში მიკროორგანიზმები აღიდგენენ ცხოველმოქმედებას და არღვევენ ამ პროდუქტთა შედგენილობას და თვისებას.

გოგირდოვანი მჟავა კვების მრეწველობაში ყველაზე გავრცელებული ქიმიური კონსერვანტია, რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური მოქმედება ერთდროულად. იყენებენ ყურძნის ღვინოების წარმოებაში. ბავშვთა კვების პროდუქტებში გოგირდოვანი მჟავას გამოყენება არ შეიძლება. ასევე აუცილებელია ყურძნის წვენებში ამ კონსერვანტის რეგლამენტირება. გოგირდოვანი მჟავას წყალხსნარს ფართოდ იყენებენ ტარების, მილსადენების, შესაფუთ საშუალებათა და მოწყობილობათა დეზინფექციისთვის.

სორბინის მჟავა და მისი მარილები (კალიუმის და ნატრიუმის სორბატები) თრგუნავს საფუარების და ობის სოკოების ზრდას, ხოლო ბაქტერიებზე თითქმის არ მოქმედებს. იგი გამოიყენება მხოლოდ მჟავე პროდუქტების (ხილ-კენკროვანი წვენები, ჯემები, მურაბები) დასაკონსერვებლად. დაბალ კონცენტრაციებში (0.025-0,06%) სორბინის მჟავა ადამიანისთვის უვნებელია. ასევე აქტიურად მოქმედებს საფუარებსა და ობის სოკოებზე ბენზოის მჟავა (0.05-0.1%), ხოლო შედარებით სუსტად მოქმედებს ბაქტერიებზე.

სალიცილის და ჭიანჭველას მჟავებს ახასიათებს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება. ადამიანზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო ამ კონსერვანტების გამოყენება აკრძალულია.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყენებდნენ სურნელოვან მცენარეებს ყვავილებს, ნაყოფებს, ფესვებს და ვეგეტაციურ ნაწილებს ყურძნის ღვინოების დასაკონსერვებლად.

მცენარეული წარმოშობის კონსერვანტებს იღებენ სხვადასხვა სასარგებლო მცენარისგან, რომელთაც ახასიათებს ანტიმიკრობული თვისებები. მაგალითად, კარგად არის ცნობილი ალილმდოგვის ზეთის მაკონსერვებელი მოქმედება, რომელსაც გამოყოფენ მდოგვიდან.

ჯანმრთელობისთვის არ არის მავნე შემდეგი ბუნებრივი წარმოშობის საკვებდანამატების შემცველი პროდუქტები: E330 (ლიმონმჟავა),E101 (რიბოფლავინი, ი2 ვიტამინი), E400 (ნატრიუმის ალგინატი), E260 (ძმარმჟავა),E334 (ღვინის მჟავა), E375 (ნიაცინი),E363 (ქარვის მჟავა), E163 (ანტოციანინი),E920 (ცისტინი),E300 (ასკორბინის მჟავა), E270 (რძის მჟავა), E160დ (ლიკოპინი),E306 (ტოკოფეროლი, უ ვიტამინი), E322 (ლეციტინი). საშიში აღმოჩნდა ბუნებრივი წარმოშობის საკვებდანამატი ბეტა-კაროტინი (უ160ა), რომლის მოხმარება დღე-ღამეში 30 მილიგრამის რაოდენობით, ზრდის ფილტვების და პროსტატის კიბოს რისკს მწეველებში.

საკვებდანამატთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით სინთეზური) მცირე რაოდენობითაც კი ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იწვევს კიბოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და ა.შ. მაგალითად, გაზიან სასმელებში გამოყენებული დანამატები: E105, E126, E130, E131, E143, E152, E210, E211, E330, E447 იწვევს ავთვისებიანი სიმსავნეების ზრდას; E221-226, E320-322, E338-341, E407, E450, E461, E466 იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, E239-ს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები; E171, E320-322 იწვევს ღვიძლის და თირკმლების დაავადებებს. ასევე საშიშ დანამატებს (E171, E296, E322, E330, E414) შეიცავს საღეჭი რეზინები.

ყველა ამ მავნე ნივთიერებას, რომელთაც შეიცავს უალკოჰოლო სასმელები, ნაყინები, ძეხვები, საღეჭი რეზინები და ა.შ. მოიხმარენ ჩვენი ბავშვები. მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული. იყიდეთ პროდუქტები, რომელთა ვარგისიანობის ვადა მცირეა. უფრთხილდით მკვეთრად შეღებილ პროდუქტებს! ეცადეთ, დაიცვათ საკუთარი შვილები ცივილიზაციის მსგავსი "მიღწევებისგან"!

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×