ქართული ტრადიციული სამოსის მიმართ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის ფინანსურ კრიზისს ეროვნული ტანსაცმლის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, რამდენადაც იგი საზოგადოების ყველა ფენისთვის პოპულარულია.
გარდა იმისა, რომ ქართული ტანსაცმელი დღესასწაულებსა და ქორწილებში მოთხოვნადია, ზოგიერთისთვის მისი ტარება ლამის ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა.
ეროვნული ტანსაცმელი ყველაზე ძვირი მარაზია-სალონ "სამოსელი პირველში" ღირს. აქ ჩოხის მთლიანი კომპლექტის ფასი 2500 ლარიდან იწყება, ხოლო ნაციონალურ სტილში შეკერილი საქორწინო კაბების ფასი 5000-6000 ლარს აღწევს.
ვისაც ამ ძვირადღირებულ სამოსზე ხელი არ მიუწვდება, შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა მაღაზიებისა და დიზაინერების მომსახურებით, რომლებიც მომხმარებელს ეროვნულ ტანსაცმელს 50 ლარიდან 300-400 ლარის ფარგლებში სთავაზობენ.
გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, რომ ქართული ტანსაცმლის გაცოცხლებასა და პოპულარიაზაციაში "სამოსელი პირველის" დამსახურება დიდია. როგორც მაღაზია-სალონის მენეჯერი ეკა მამულაშვილი აღნიშნავს, "სამოსელი პირველმა" მოსახლეობას მისცა შესაძლებლობა, დაერღვია სტერეოტიპი და ქართული ტანსაცმელი ყოფა-ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად ექცია.
"ნაციონალური სამოსი ბოლო დროს ძალიან პოპულარულია და ამაში ჩვენ ლომის წილი მიგვიძღვის. ფაქტობრივად, "სამოსელი პირველის" დამახურებაა, რომ ხალხი ამ ტრადიციისკენ შემობრუნდა. წლების წინათ ქართულ ტანსაცმელს კონცერტებზე თუ მოვკრავდით თვალს, დღეს კი ქორწილები და დღესასწაულები ამ სამოსის გარეშე წარმოუდგენელიც გახდა. ვერ ვიტყვით, რომ მასზე ბუმია, თუმცა სავსებით დამაკმაყოფილებელია ის მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენს მაღაზია-სალონს საქმიანობა უწევს.
შეკვეთები სტაბილურია და საქორწინო სეზონზე (გაზაფხული და შემოდგომა) ყოველთვის მატულობს. ფასიც, ხარისხიდან გამომდინარეა. ვცდილობთ, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილისთვის ფასი ხელმისაწვდომი იყოს. სამოსის საკმაოდ დიდი არჩევანია, ყველა მათგანს, რამდენიც არ უნდა ღირდეს, ხარისხი აერთიანებს. ეს არის მაღაზიის მთავარი პრინციპი.
მესმის, ჩვენთან წარმოდგენილი ტანსაცმელი არ არის იაფი, მაგრამ მოსახლეობისთვის უამრავი ალტერნატივაა. დღესდღეობით ეროვნული ტანსაცმელი ბევრგან იყიდება, მრავალფეროვნია დიზაინერთა კოლექციებიც. ამ მხრივ არჩევანი შეუზღუდავია", - აცხადებს ეკა მამულაშვილი.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია "საჩუქრები 95" ეროვნული წარმოების სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდის, სადაც ერთ-ერთ სეგმენტს ქართული სამოსი წარმოადგენს.
მაღაზიის მენეჯერი ინეზა მაქარიშვილი ამბობს, რომ ფინანსურ კრიზისამდე ეროვნულ ტანსაცმელზე დიდი მოთხოვნა იყო. მართალია, დღესდღეობით ამ ბიზნესში "ჩავარდნა" არ არის, თუმცა არც აქტიური რეალიზაციაა.
"ყველა ასაკის ადამიანისთვის გვაქვს შესაფერისი ტანსაცმელი. ადრე მოთხოვნა დიდი იყო, ახლა რეალიზაციამ ცოტათი იკლო, თუმცა დიდი სხვაობა არ ფიქსირდება. განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდშია მოთხოვნა. მეტ-ნაკლებად სტაბილურად იყიდება პატარა ზომის ჩოხები, რომელსაც "ნათლობის სამოსს" ვეძახით. იგი 50 ლარი ღირს და ჩვილისთვის ყიდულობენ.
ზრდასრული მამაკაცის ჩოხის ფასი 300 ლარამდეა. ძირითადი მყიდველები მოცეკვავეები არიან. გვქონდა რამდენმე შემთხვევა, როდესაც ქართული სამოსით უცხოელებიც დაინტერესდნენ. მათთვის ეს სხვა სამყაროა, სხვა კულტურა, რომლის მიმართაც დიდი ინტერესი აქვთ.
ტანსაცმელთან ერთად, ვყიდით ეროვნულ აქსესუარებაც. მათ შორის ყველაზე იაფი სვანური და კახური ქუდებია, რომელთა ფასი 4 ლარიდან იწყება და ხარიხსხის შესაბამისად, 30 ლარამე მატულობს. ე.წ. მთიულური ქუდების ფასი 30 ლარიდან 50 ლარამდეა.
რეალიზაციით უკმაყოფილო არ ვართ, თუმცა 2-3 წლის წინათ გაცილებით უკეთესი ვითარება იყო. ბოლო დროს სავალუტო კრიზისმაც თავისი ქნა! ვფიქრობ, სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ. საზოგადოება ტრადიციისკენ შემობრუნდა და ეს ჩვენ სფეროზეც უნდა აისახოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ რეალიზაცია მოიმატებს და მეტ ადამიანს გაუჩნდება ეროვნულ სამოსში გამოწყობის სურვილი", - ამბობს მაღაზიის მენეჯერი.
ქართული ტანსაცმლისადმი დიდი ინტერესი სოციალურ ქსელებზეც აისახა. სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსზე ინტერნეტში ფართო არჩევანია. მოთხოვნა, რასაკვირველია, ქართული ტანსაცმელზე სჭარბობს.
საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს აქვს თავისი ტრადიციული ტანსაცმელი, რომელიც ქართულ ცეკვები შესანიშნავად არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს ერთი, საერთო რეგიონული ხასიათის გამომხატველი სამოსი, რომელიც აერთიანებს კავკასიურ კულტურას. ეს გახლავთ, ჩოხა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს აერთიანებს.
სამკერვალოებში განმარტავენ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა ქართულ ჩოხაზეა.
"მუდმივად გვაქვს შეკვეთა სხვადასხვა ხარისხისა და ზომის ჩოხაზე, დღესასწაულებზე ამ მხრივ ყოველთვის პიკია. თითო ჩოხის ფასი, სრული კომპლექტით 400 ლარამდეა. ძალიან აქტიურობენ ახალგაზრდები, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა. ვკერავთ ასევე ეროვნულ კაბებს სხვადასხვა ასაკის ქალბატონებისთვის.
მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს. 10-15 წლის წინ, ალბათ, ვერც დავიჯერებდი, რომ სამკერვალოში ძირითად სეგმენტს ეროვნული ტანსაცმელი დაიკავებდა. ახლა მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სხვა შეკვეთისთვის დრო თითქმის არ გვრჩება", - ამბობს ნინო მენაბდე", დიზაინერი.