"ყველაზე მეტად ჰაერი დაბინძურებულია აღმაშენებლის გამზირზე, გმირთა მოედანზე და რუსთაველზე"
ლიკა ამირაშვილი
26.05.2015

 ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აჭარბებს. დაბინძურების მთავარი წყარო ქვეყანაში, განსაკუთრები კი დედაქალაქში მომრავლებული ავტოტრანსპოტი და მისი გამონაბოლქვია. სპეციალისტები ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახელებენ.

როგორც "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, იმის გამო, რომ თბილისი ქვაბულში განთავსებული ქალაქია, მისი განიავება ცუდად ხდება. ამას ავტოტრანსპორტის დიდი კონცენტრაცია ერთვის, რაც ჰაერის ხარისხს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

"მოგეხსენებათ, ავტომობილის გამონაბოლქვი ძალიან მძიმე ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ეს ყველაფერი სოციალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მანქანები მოძველებულია, რომელსაც გაწმენდითი კატალიზატორები ამოღებული აქვს. ეს რა თქმა უნდა, გამონაბოლქვის რაოდენობას ზრდის.

"გარდა ამისა, თბილისში მწვანე ნარგავების პრობლემაა. გამწვანებას მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება კი არ აქვს, არამედ სერიოზული ფუნქციაც აკისრია. გარკვეულ ჯიშებს იმის უნარი აქვს, რომ ჰაერი ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმინდოს.

"გარკვეული ჯიშები, რომელიც დედაქალაქში 100 წელიწადი ცოცხლობენ, ბუნებრივ არეალში 200-250 წელიწადი არსებობენ - წარმოიდგინეთ თავიანთ თავზე რამხელა დატვირთვას იღებენ.

"თბილისში ავტომობილების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა, მათი უმეტესი ნაწილი გაუმართავია, ამიტომ ეს თუ არ დარეგულირდა, არამარტო საცობების პრობლემა გამწვავდება, არამედ ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

"საქართველოს სხვა ქალაქებიდან, ჰაერის დაბინძურების მხრივ, ტრადიციულად ზესტაფონს გამოვყოფდი. ზესტაფონში ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან, დღემდე სერიოზული პრობლემებია, რომელსაც ვერაფრით ვერ მოევლო. ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ზესტაფონს აბინძურებს, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს," - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" დირექტორი ირაკლი იზორია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების საერთო მაჩვენებლიდან ავტომობილის წილი 71 პროცენტია.

"ჰაერის დაბინძურება არამარტო ავტომობილის გამონაბოლქვზეა დამოკიდებული, არამედ უშუალოდ საწვავის ხარისხზეც. რამდენადაც უფრო ნაკლებია ხარისხიანი საწვავი, მავნე ნივთიერებები უფრო მეტად იზრდება. ამის გარდა, საქართველოში არ ხდება ტექდათვალიერება, რაც მეორად მანქანებს ზრდის. ეს თავისთავად ჰაერის ხარისხზეც მოქმედებს.

"მთლიანი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 35-მდე სენსორი განვალაგეთ, მათ შორის ყველაზე ბევრი სენსორი თბილისშია განლაგებული. სპეციალური საიტია შექმნილი, სადაც ამ სენსორების მოქმედება ჩანს.

"როგორც წესი, მოსახლეობამ არ იცის, ჰაერში რამდენია ქიმიური ელემენტების ნორმა, ამიტომ იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის ინფორმაცია მარტივად გასაგები გამხდარიყო, ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი სამი ფერი გამოვყავით. წითელი ფერი ძალიან დაბინძურებულს ნიშნავს, ყვითელი ნაკლებად, ხოლო მწვანე ფერი შედარებით სუფთა ჰაერს აღნიშნავს.

"სენსორები დაყენებულია ისეთ ადგილებში, სადაც ავტომობილების ხშირი მოძრაობაა. როგორც საქართველოს კანონმდებლობით და ევროკავშირის ნორმითაა დადგენილი, თბილისში ჰაერის ხარისხი ნორმაზე 4-ჯერ მეტია. თუმცა კუს ტბისა და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შედარებით სუფთა ჰაერია. "ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურება აღმაშენებლის გამზირზე, გმირთა მოედანზე და რუსთაველზეა, თუმცა ვფიქრობ, თუ ამ სენსორებს სხვა ქუჩებზეც დავამონტაჟებთ, სადაც ავტომობილების ხშირი ნაკადია, იქაც ანალოგიურ სიტუაციას მივიღებთ.

"შედარებით ნაკლები მონაცემები ქალაქ ბათუმში დაფიქსირდა, რადგან ზღვისპირა ქალაქია და ჰაერის გაწმენდა ხდება. ქუთაისშიც უხარისხო ჰაერის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა," - განაცხადა იზორიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარე ზურაბ ფუტკარაძე "რეზონანსთან" საუბრისას იმ დაავადებებზე საუბრობს, რომლის გახშირების მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.

"ჰაერის ხარისხი უამრავ დაავადებას იწვევს, როგორიცაა მაგალითად: ფილტვის, სისხლძარღვებისა, ქრონიკული დაავადებები, ასთმა და ბრონქების ანთება. ბრონქების ანთება, რომელიც ძირითადად სეზონურად უნდა იყოს, ამას ჩვენთან არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ სეზონზე შეიძლება დაგემართოს.

"2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 50 პროცენტს ასთმა აქვს, რაც დაბინძურებული ჰაერითაა გამოწვეული. ბოლო პერიოდში კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა, პირიქით, გაუარესდა," - განაცხადა ფუტკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×