მოსაზრება
23.05.2015

დევნილი ჩინელი მწერალი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, 2000 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. "სტოკლჰოლმში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე მეცამეტედ აფრიალდება საფრანგეთის დროშა", - აღფრთოვანებით იუწყებოდნენ ფრანგული გაზეთები, რომლებიც მკითხველებს ჩინელი მწერლის გაო სინცზიანის ტრიუმფის შესახებ აუწყებდნენ. უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა საკუთარ სამშობლოში უარყოფილ სამოცი წლის მწერალს, რომელმაც ორი წლით ადრე საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ცხადია, ლაურეატის სამშობლოში ჯილდოს შესახებ კრინტიც არ დაძრულა.

დღეს, როდესაც გაოს სახელი გაზეთების ფურცლებიდან არ ჩამოდის, მის შემოქმედებაზე უფრო მეტად ავტორის უჩვეულო ბედ-იღბალზე წერენ, რომელიც უკვე თავისთავად ლიტერატურული ნაწარმოებია. გაოს დედა მსახიობი იყო, მამა - ბანკის თანამშრომელი. გაომ თეატრალური განათლება ამერიკულ სკოლაში მიიღო. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოტალიტარული ხელისუფლებისადმი მტკიცე წინააღმდეგობით. ერთხელ ჩეხოსლოვაკიაში ჩინურ ენაზე გამომავალ ჟურნალში შემთხვევით ილია ერენბურგის მემუარები წაიკითხა. იგი ავტორია ესეებისა ელუარზე, ლუი არაგონზე, ბეკეტზე.

მართალია, გაოს თხზულებები პოლიტიკისაგან შორს იდგა, მაგრამ ხელისუფლებამ მასში თავისუფალი მოაზროვნის სული დალანდა. მწერალი პროვინციაში გაამწესეს ხელახლა "აღსაზრდელად", რათა "ფიზიკურ შრომას ზიარებოდა". გაომ ცეცხლს მისცა ყველაფერი, რაც იმ დროისათვის დაწერილი ჰქონდა - ათი პიესა, რომანი, ლექსები... ხუთი წლის შემდეგ გაო პეკინში დააბრუნეს, რადგან მაღალი დონის მთარგმნელი დასჭირდათ.

1982 წელს მისი მეგობრის, ჩინეთის კულტურის მაშინდელი მინისტრის ხელშეწყობით, გაო ევროპაში გაემგზავრა. იგი ერთ-ერთმა გერმანულმა ფონდმა მიიწვია. ევროპიდან მწერალი სამშობლოში აღარ დაბრუნდა. დევნილ მწერალს საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის შემადგენლობაში საგანგებოდ შეიყვანეს ჩინური ენის სპეციალისტი. ამიტომ ლაურეატად ჩინელის არჩევა გასაკვირი არ იყო, თუმცა არავის ეგონა, პრემიას მიანიჭებდნენ ავტორს, რომელსაც ცოტა თუ იცნობდა დასავლეთში და საერთოდ არავინ საკუთარ სამშობლოში.

თავისი თხზულებების წერა გაომ პეკინში დაიწო 1982 წელს და პარიზში დაასრულა, სადაც უკვე თხუთმეტი წელია ცხოვრობს, როგორც ჩინეთიდან პოლიტიკური დევნილი და საფრანგეთის მოქალაქე.

...

ჩინეთი ავტოქტონური სახელმწიფოა. ჩინელები ერთადერთი ერია, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია, არსად გადასახლებულა. ექვსი ათასი წლის კულტურული ისტორიის განმავლობაში იქ ადამიანს მიწასთან განსაკუთრებით მყარი დამოკიდებულება გამოუმუშავდა. მთავარია, საცხოვრებლად სწორად მოაწყო შენი მიწა; შენთვის ისეთი ადგილი იპოვო მზისქვეშეთში, სადაც ბუნების ძალებთან იდეალური დამოკიდებულება გექნება. თუ ამ ტრადიციას გულდასმით ჩავწვდებით, "სულების მთას", შესაძლოა, "მლოცველთა წიგნი" ეწოდოს. მის ცენტრშია მოგზაურობის მოტოვი ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონიის ძიებაში, ერთი მხრივ, და ადამიანსა და საზოგადოებას შორის - მეორე მხრივ.

"კულტურული რევოლუციის" დანაშაულებათა ხსოვნამ ავტორს ბრბოს მიმართ შიში ჩაუნერგა. ყველა ჩინელი პოეტის მსგავსად, იგი მთაში განმარტოებას ეძებს. ამიტომ გაო ამ ტრადიციულ გამოსავალს უარყოფს. მისი მოგზაურობა - საზოგადოებისგან გაქცევა როდია, არამედ შინაგანი სიმშვიდის ძიებაა.

- შფოთი და არეულობა სახელმწიფოში, ძალადობა საზოგადოებაში, ბუნების კატაკლიზმები - ყველაფერი ეს იმ ქაოსის პროექციაა, რომელმაც ჩვენი სულები მოიცვა, - ამბობს გაო.

ამ ქაოსის ასახვისას გაომ თავისი ავტორისეული პერსონაჟი რამდენიმე ჰიპოსტაზად გაყო; თითოეული ნაცვალსახელით აღნიშნა - მე, შენ, ის. რიგრიგობით მოგვითხრობს რა მათი სახელით, იგი თავს უყრის ყველა ხაზს. ეს თითქოს უსარგებლო მოძრაობა წიგნის შინაგან დინამიკას ქმნის.

საბოლოოდ, გაოს გმირი ქაოსს თავს ვერ აღწევს. მისი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ იგი ვერაფერს ქმნის. მიზნისა და გამართლების სანაცვლოდ ცხოვრება მას უკანასკნელ ნუგეშს სთავაზობს - წმინდა ეგზისტენციას, თითოეული იმ მომენტის შეცნობილ განცდას, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე გვებოძა.

გაომ ვერც სიმშვიდე ჰპოვა, ვერც ბედნიერება, ვერც გამოსავალი; იგი იქვე რჩება, სადაც იწყება ყოველგვარი სიცოცხლე: მუნჯი აბსურდის დამაბრმავებელ სიცარიელეში.

გაო არა მარტო მწერალია, არამედ შესანიშნავი მხატვარიცაა. ნობელის პრემიის მინიჭებამდე იყო ცნობილი ტუშით შესრულებული ნახატების წყალობით. მის ნამუშევრებს სამი კონტინენტის ოცდაათზე მეტმა გალერეამ უმასპინძლა. ლიტერატურა ავტორისთვის საშუალებაა ადამიანური შეგნების შესანარჩუნებლად. იგი იწყება იმით, თუ რაზე ვსაუბრობთ საკუთარ თავთან. კომუნიკაციას აქ მეორადი ფუნქცია აკისრია. წიგნები უწინარესად იმაში არწმუნებენ ავტორს, რომ მის სიცოცხლეს რაღაც ღირებულება გააჩნია. ლიტერატურას ჩვენი თვითრეალიზაციის მოთხოვნილება წარმოშობს. ზემოქმედებს თუ არა წიგნი საზოგადოებაზე - მეორე საკითხია, რომლის პასუხი არანაირად არაა დმოკიდებული მის ავტორზე.

"ლიტერატურა ერთი ადამიანის ხმაა", - ამტკიცებს გაო; იგი თვლის, რომ მწერალს უფლება არა აქვს ილაპარაკოს ხალხის, პარტიის ან კულტურის სახელით. იცავს რა მწერალი-დისიდენტისათვის არცთუ ტრივიალურ პოზიციას, გაო წინამორბედებს იხსენებს - შერისხულ ჩინელ პოეტ ციუი იუანს, რომელიც ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა; ასევე დანტეს, ჯოისს, თომას მანს და სოლჟენიცინს. "მათი ბედ-იღბალი გარდაუვალი სასჯელია საკუთარი ხმის შენარჩუნების მცდელობისათვის", - ამბობს იგი.

...

გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნის წინასიტყვაობიდან "სულის პეიზაჟი":

ფანჯრის მიღმა, თოვლში, პატარა, მწვანე ბაყაყს ვხედავ. ცალი თვალი მოუწკურავს, მეორე კი ფართოდ გაუხელია. გაუნძრევლად მიყურებს. ვიცი, რომ ის ღმერთია. იგი გამომეცხადა, რომ იხილოს, გავუგებ თუ არა მას. იგი თვალს ხუჭავს და ახელს. ასე საუბრობს ჩემთან. როდესაც ღმერთი ადამიანთან საუბრობს, მას არ სურს ადამიანმა მისი ხმა გაიგონოს. ვფიქრობ, ამაში უცნაური არაფერია, ალბათ, ასეც უნდა იყოს. თითქოს ღმერთისთვის ბუნებრივია, ბაყაყად გარდაისახოს. გონიერი, მრგვალი თვალი ერთხელ ჩამიკრა. რა კარგია, რომ შემოხედვა მაღირსა საბრალო, ადამიანურ არსებას. ცალ თვალს რომ ახელს და მეორეს წკურავს, იგი ადამიანისათვის მიუწვდომელ ენაზე მესაუბრება; ღმერთს არ ადარდებს, გავუგებ თუ არა მას. რა თქმა უნდა, შემეძლო მეფიქრა, რომ ამ თვალის ჩაკვრაში არავითარი აზრი არ დევს, მაგრამ კავშირის მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ არაფერს ნიშნავს. საოცრებები არ ხდება. ამას ღმერთი ამბობს. მე მეუბნება, გაუმაძღარ, ადამიანურ ქმნილებას.

- მაშინ რაღა ვეძებო? ვეკითხები მას.

ირგვლივ მდუმარებაა. უხმოდ ბარდნის. ამ სიმშვიდით მოჯადოებული ვარ, ალბათ, ასეთი სიმშვიდეა სამოთხეში. იქ არაა სიხარული. სიხარული წუხილის თანაზიარია. კვლავ ბარდნის. არ ვიცი, სად ვარ. არ ვიცი, როგორ გაჩნდა ცის თაღი. ირგვლივ ვიმზირები. მე არ ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი; თუმცა, ჯერაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვიცი. ჩემ ზურგს უკან რაღაც ხდება. ყოველთვის ვგრძნობ იდუმალ მზერას. ასე რომ, უმჯობესია, უბრალოდ, თავი ისე მოვაჩვენო, თითქოს მესმის, თუმცა არაფერი მესმის. ვიდრე თავს ვაჩვენებ, რომ მესმის, არაფერი მესმის. ფაქტია, არ ძალმიძს, რამე გავიგო, არაფერი მესმის. ასეა ეს!

ჯუმბერ ჯიშკარიანი

დურამი, ჩრდილო კარდოლინა, აშშ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×