ა. წ. ბოლო 7 თვის განმავლობაში კინოსტუდია "ქართული ფილმის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გვაიძულა მიგვემართა პროკურატურისთვის. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრები სიტყვიერი დაპირებებით თითქოს აგვარებდნენ კინოსტუდიის პრობლემებს, მოჩვენებითი კომპრომისით ერთგვარად აწყნარებდნენ მეტად მათ მიერვე შექმნილ დაძაბულ სიტუაციას, სინამდვილეში კი, უბრალოდ, გვატყუებდნენ! შეცდომაშია შეყვანილი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. როგორც ირკვევა, მთავრობა ფლობს სულ სხვა ინფორმაციას, რეალური სურათი კი სულ სხვაგვარია. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოქმედებენ შეთანხმებულად და, მთავრობაზე აპელირებით, აპირებენ კინოსტუდია "ქართული ფილმის" 100% აქციების გასხვისებას.
სწორედ ამ საგანგაშო მდგომარეობისა და მთელი რიგი კანონდარღვევების გამო, ჩვენ, სიმართლის და სამართლის მისაღწევად, მივმართეთ პროკურატურას.
საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს
შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და სს "ქართული ფილმის" კოლექტივის წევრების
განცხადება
მოგახსენებთ, რომ კინოსტუდია სს "ქართული ფილმის" 100% აქციათა მფლობელს წარმოადგენს შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრი". ამ ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება სახელმწიფოსაგან დანიშნული "ქართული კინოს განვითარების ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
მოქმედი წესდებით, საბჭო დირექტორის დანიშნვასა და გათავისუფლებას ათანხმებს "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან."
შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრის" დირექტორი, თავის მხრივ, ნიშნავს და ათავისუფლებს სს "კინოსტუდია ქართული ფილმის" დირექტორს.
კინოსტუდია "ქართული ფილმი" წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატებით საქმიანობს და სამეურნეო წელიწადს ასრულებს მოგებით.
სს "კინოსტუდია ქართული ფილმის" დირექტორად, მისი დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, დანიშნულია ბატონი გელა ენდრიუ სული. ბატონი გელა ენდრიუ სული, თავის მხრივ, არის ასევე შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრის" დირექტორი.
სამეთვალყურეო საბჭომ ბატონი გელა ენდრიუ სულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ჯერ კიდევ 2014 წლის 13 ოქტომბერს, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოდგენილი იქნა სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში", რაზეც სააგენტომ თითქოსდა განაცხადა თანხმობა, თუმცაღა არ მიუთითა ის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა მითითებაც აუცილებელია გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცისათვის. აღნიშნულის შემდგომ სამეთვალყურეო საბჭომ არაერთხელ მიმართა სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს" წერილით, სადაც ითხოვდა თანხმობას შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრის" დირექტორის გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ.
სამეთვალყურეო საბჭომ არაერთხელ მიმართა ეკონომიკის მინისტრსაც, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს" ზემდგომ ადმინისტრაციულ თანამდებობის პირს. ეკონომიკის მინისტრმა, რამდენიმე თვის სრული სიჩუმის შემდგომ, პირად საუბრებში განაცხადა, რომ თითქოსდა მისთვის მიუღებელი იყო ჩვენ მიერ შეთავაზებული ოთარ ლითანიშვილის კანდიდატურა დირექტორის თანამდებობაზე და მოგვთხოვა ახალი კანდიდატურის წარდგენა.
მოხდა მერაბ კოკოჩაშვილის, როგორც დირექტორის, ახალი კანდიდატურის წარდგენა ეკონომიკის მინისტრისთვის, რომელმაც კერძო საუბარში განაცხადა, რომ მერაბ კოკოჩაშვილი მისაღები კანდიდატურა იყო და აუცილებლად დაავალებდა სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარეს მერაბ კოკოჩაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემას.
მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, ეკონომიკის მინისტრისა და სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს" მიერ, უკვე 7 (შვიდ!) თვეზე მეტია ჭიანურდება დირექტორის დანიშნვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა.
შექმნილი მდგომარეობა მეტად საგანგაშოა - პრაქტიკულად სრული პარალიზება ხდება როგორც შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრის", ასევე სს კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამეწარმეო საქმიანობისა, "ქართულმა ფილმმა" ვერ განახორციელა რამდენიმე ეკონომიკურად მომგებიანი პროექტი, რითაც მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკლისი განიცადა როგორც კინოსტუდიამ, ასევე სახელმწიფომ.
ასევე საყურადღებოა, რომ ბატონი გელა ენდრიუ სული, ეკონომიკის მინისტრისა და სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარის უმოქმედობის გამო, ჯერ კიდევ ისევ რეგისტრირებულია როგორც სს კინოსტუდია "ქართული ფილმის", ასევე შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრის" დირექტორის თანამდებობაზე. იგი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს არც ერთ ზემოაღნიშნულ საზოგადოებაში უკვე 2014 წლის 28 ოქტომბრიდან - ამასთან მის ხელშია საბანკო ანგარიშების მართვა, ის აღარ რიცხავს ხელფასებს ორგანიზაციის თანამშრომლებზე, რითაც თანამშრომელთა უკმაყოფილების ხარისხი დღითიდღე იზრდება. აღნიშნულით კი, რა თქმა უნდა, კინოსტუდია "ქართული ფილმის" კოლექტივის ყველა წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგება.
ამასთან შეგახსენებთ, რომ კინოსტუდია "ქართული ფილმი" არ არის სახელმწიფო კმაყოფაზე პირიქით, ყოველწლიურად "ქართული ფილმი" იქით უხდის სახელმწიფოს მნიშვნელოვან თანხებს, თვითონ გამოიმუშავებს საკუთარ შემოსავალს და მისდამი ასეთი უსამართლო მიდგომა ქმნის კინოსტუდია "ქართული ფილმის" თანამშრომლებში სერიოზული აღშფოთების საფუძველს.
ამას ემატება ისიც, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ სრულიად უგულველყოფილია საქართველოს პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის რეკომენდაციები (საკითხი დასმული იყო 2015 წლის 2 მარტს გამართულ პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის სხდომაზე).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საფუძვლიან ეჭვს ქმნის ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკის მინისტრისა და სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს" მხრიდან ადგილი აქვს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლას, რაც გათვალისწნებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლით; აგრეთვე სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივ გულგრილობას, ქმედებას გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით, ხოლო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ქმედებას, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.
გთხოვთ, გამოიკვლიოთ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.
პატივისცემით,
ელდარ შენგელაია, ბაადურ წულაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, გიორგი შენგელაია, რამაზ ხოტივარი, დავით შუშანია, ოთარ ლითანიშვილი, ლევან ყუფარაძე, მურმან ჯავახიშვილი, ნათელა ნაცვლიშვილი, რობერტ დურახანიანი და კინოსტუდია "ქართული ფილმის" სხვა თანამშრომლები ხელმოწერა გრძელდება...