საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ დავით უსუფაშვილს
პარლამენტის ბიუროს წევრებს
ბატონო დავით,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობის ინიცირებით მიმდინარე წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტში შეტანილ იქნა კანონპროექტი "პროფესიული განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ." გაცნობებთ მის განხილვასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე:
1. საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 20 აპრილის სხდომაზე მოწონებულ იქნა ხსენებული კანონპროექტი და ის წარედგინა განსახილველად საქართველოს პარლამენტს. მთავრობას არ მოუთხოვია მისი განხილვა დაჩქარებული წესით;
2. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 27 აპრილის გადაწყვეტილებით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დადგინდა 1.05-18.05 კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე 1-29.05
3. 2015 წლის 24 აპრილს წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს, მისი პროფესიული განათლების კომისიის, პროფესიული განათლების პროფკავშირის, კოალიცია "ერთსულოვნების", დარგის ექსპერტთა მიერ კანონპროექტზე შემუშავებული საექსპერტო დასკვნა წარმოგიდგინეთ თქვენ და პარლამენტის ბიუროს და გამოვთქვით ჩვენი მზადყოფნა და სურვილი საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობაზე;
4. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელების ზეწოლის შედეგად ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენა ჩაატარა ქუთაისში 30 აპრილს, ჩვენი მონაწილეობის გარეშე;
5. ანალოგიურად დაჩქარებულ ვადაში ისევ ქუთაისში სამინისტროს მოთხოვნით და ჩვენს გარეშე საკომიტეტო მოსმენა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ჩატარდა პირველ მაისს და იმ ვითარებაში, რომ კომიტეტის წევრები არ გასცნობიან ჩვენს საექსპერტო დასკვნას;
6. ყველაზე მეტად გასაკვირია ის, რაც მოხდა წამყვან კომიტეტში საკითხის დაგეგმვის და მოსმენის გარშემო. ჩვენთვის ცნობილი იყო და საორგანიზაციო დეპარტამენტს გადაცემული ჰქონდა კანონპროექტის განხილვის სავარაუდო ვადა 14-15 მაისს. მიუხედავად ამისა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ჩვენთვის მოულოდნელად კანონპროექტის განხილვა ისევ დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა 8 მაისს, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტი 7-8 მაისს დაკავებული იყო მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვებით კომიტეტებში, ფრაქციებში და 8 მაისს 13:00 საათიდან ტარდებოდა მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე.
7. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 8 მაისს ისე განიხილა კანონპროექტი, რომ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს არ ჰქონდა მისთვის წარდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებული პირველი მოსმენისათვის აუცილებელი დასკვნა;
8. 2015 წლის 4 მაისს ჩვენ მიერ კომიტეტების სახელზე წარდგენილი იყო დამატებითი კომენტარები, საიდანაც პარლამენტარებისათვის ნათელი უნდა გამხდარიყო, რომ კანონპროექტი წარმოადგენს აუცილებელი კანონპროექტის პაკეტის მხოლოდ მცირე და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნაწილს, მისი ყველა პუნქტი არალოგიკურია და წინააღმდეგობაშია დღეს მოქმედ კანონთან, მისი მიღების შემთხვევაში შეიქმნება ურთიერთგაურკვევლობა და წინააღმდეგობა მოქმედ კანონთან, შესაძლოა საფუძველი გახდეს პროფესიული კოლეჯების საქმიანობის პარალიზების და გაუქმების.
ამავე დროს კანონპროექტი იგნორირებას უკეთებს პრემიერ- მინისტრის მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის #300 ბრძანებით განათლების სამინისტროს მიერ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, მათ პილოტირებას და დანერგვას, ვინაიდან არც ტერმინთა განმარტებაში და არც კანონპროექტის სხვა მუხლებში ავტორები მას არ ითვალისწინებენ.
ჩვენი დასკვნით, კანონპროექტს წარმოდგენილი რედაქციით ვერ უშველის ვერანაირი დახვეწა, ის საჭიროებს ძირეულ გადამუშავებას, უნდა დაუბრუნდეს ავტორებს იმისათვის რომ შემოიტანონ პროფესიული განათლების რეფორმის უზრუნველყოფისათვის კანონპროექტის სრული პაკეტი.
9. ამავე დროს მივესალმებით კომიტეტის იმ წევრებს, რომლებმაც მწირი დროის მიუხედავად გაეცნენ ჩვენს დასკვნას და კომენტარებს, 8 მაისს შეკითხვებით მიმართეს ავტორებს. ჩვენი ინფორმაცით, ვერცერთ დასმულ კითხვაზე მინისტრის მოადგილე ქ. ნატრიაშვილმა ვერ გასცა სწორი პასუხი, დაჰპირდა რომ მეორე მოსმენისათვის გაითვალისწინებს შენიშვნებს, ძირითად შეკითხვებზე კი მისი პასუხები შეიძლება შევაფასოთ როგორც პარლამენტარების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
10. გასაოცარია ის, რომ ოთხ სხვადასხვა კომიტეტზე განხილვების დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების კანონპროექტის წარდგინება ტექსტობრივად და შინაარსობრივათ განსხვავებულია ერთმანეთისაგან.
11. გვინდა გამოვთქვათ ვარაუდი, რომ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი და არც პარლამენტის ხელმძღვანელობა არ დაუშვებენ ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც შემდგომ საფუძველი იქნება ქვეყნის პრეზიდენტისაგან მასზე ვეტოს დადების განხორციელებისა.
ბატონო დავით!
მოგმართავთ თხოვნით, პირადად განიხილოთ ზემოთ მოყვანილი, შეაფასოთ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით ჩატარებული კანონპროექტის განხილვები პირველი მოსმენის დროს და არ დაუშვათ ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც ხელს კი არ შეუწყობს პროფესიულ განათლებას, არამედ კიდევ უფრო გააუარესებს დარგის მდგომარეობას.
გთხოვთ, ზემოხსენებული თანდართული მასალებით განიხილოთ პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, აგრეთვე დაავალოთ საორგანიზაციო დეპარტამენტს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალები, საექსპერტო დასკვნა და კომენტარები დაურიგოს პარლამენტის წევრებს ხსენებული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვამდე.
პატივისცემით,
დ. დავითაშვილი
პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე, განათლების და მეცნიერების წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე