აღწერის შედეგებმა სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა. თუ აქამდე საარსებო შემწეობას 9% იღებდა, მოსახლეობის საერთო რაოდენობის შემცირების ფონზე, ეს მაჩვენებელი უკვე 11%-მდე გაიზარდა. 1,6 მლნ ადამიანი კი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 44% თვლის, რომ ღარიბია და სახელმწიფო დახმარება სჭირდება. ძველი აღწერისას ეს მაჩვენებელი 36% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მეორე ღარიბი, ყოველი მეათე კი ღატაკია.
საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სიღარიბის მაჩვენებელი არ შეცვლილა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოახლეობის რეგისტრირებული წილი 2011 წელს - 9,2%, 2012-13 წლებში კი 9,7% იყო და ეს მაშინ, როდესაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 4,5 მლნ ადამიანი ცხოვროდა.
რაც შეეხება 2014 წლის მონაცემებს, სიღარიბის მაჩვენებელი "საქსტატის" სამსახურს ჯერჯერობით არ დაუთვლია. თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ მონაცემებს ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ მიუხედავად სხვადასხვა სოციალური პროექტისა, ქვეყანაში ღატაკთა რიცხვი და იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ღარიბია, არ შემცირებულა. უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ამ კატეგორიის ადამიანთა პროცენტული წილი კიდევ უფრო გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული აღწერის წინასწარი მონაცემებით, დღეს საქართველოს მოსახლეობა 3,730 მლნ ადამიანს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში სულ რეგისტრირებულია 1 620 996 ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლოების 43,4%. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თვლის, რომ ღარიბია და სახელმწიფოსგან დახმარების მიღება სურს.
რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, იმავე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, შემწეობას იღებს 407 637 ადამიანი, რაც საერთო მოსახლეობის თითქმის 11%-ს შეადგენს.
საქართველოში რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ამაზე "ჯინის" კოეფიციენტიც მიუთითებს. "საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანი ფულადი ხარჯების მიხედვით, "ჯინის" კოეფიციენტი - 0,47-ია. სპეციალისტების თქმით, როდესაც "ჯინის" კოეფიციენტი 0,40-ზე მაღლაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია დიდია. სპეციალისტთა თქმით, არა მარტო ევროპაში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი საქართველო ერთადერთია, სადაც შემოსავლებს შორის სხვაობა ძალიან მაღალია.
სტატისტიკოსების თქმით, საქართველოში ყველაზე მდიდარი ფენის 5%-ის ფულადი შემოსავალი ყველაზე ღარიბი ფენის 5%-ის შემოსავალთან შედარებით, 65-70-ჯერ მაღალია. საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის არსებული უთანასწორობის მაჩვენებლით კი საშუალო ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერ ვუსწრებთ.
აშშ-ში ღარიბად ითვლება ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 22 000 დოლარს. საშუალო ამერიკული ოჯახის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 50 000 დოლარია. გარდა ამერიკისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის განმსაზღვრელად გარკვეული სტანდარტები არსებობს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე აქვს 18 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აქვს აგარაკი და კვირაში ერთხელ, ოჯახთან ერთად, რესტორანში საუზმობს ან ვახშმობს.
ემპირიული დაკვირვებით საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.
"ასეთი სხვაობის ფონზე, ჩვენ უნდა ვებრძოლოდ არა მდიდრებს და სიმდიდრეს, არამედ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს. ამიტომ სიმდიდრე არ უნდა იყოს სოციალური პროტესტის თემა. ეს მიგვიყვანს საბჭოთა კავშირამდე და შევალთ ჩიხში. ეკონომიკური პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ღარიბების რაოდენობა ქვეყანაში მიგრაციით ან სიკვდილიანობით კი არ შემცირდეს, არამედ გაუმჯობესდეს სიტუაცია და ისინი თანდათანობით გადავიდნენ სხვა ეკონომიკურ კატეგორიაში. უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი დაიწყოს და ტენდენციამ მიიღოს სწრაფი და შეუქცევადი ხასიათი", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარისას ზვიად კანდელაკმა.
ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, განვითარებულ ქვეყნებში მდიდრების რაოდენობა მეტია, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ იქ საშუალო ფენაც პროცენტულად ძალიან მაღალია.
"განვითარებულ ქვეყნებში საშუალო ფენა მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. სწორედ ეს საშუალო ფენა განსაზღვრავს ქვეყნის სიმდიდრის მაჩვენებელს. რაც უფრო დიდია პროცენტულად საშუალო ფენა, მით უფრო მდიდარია ქვეყანა და კმაყოფილია ხალხიც. ჩვენთან საშუალო ფენა დაახლოებით 4-5%-ია, მდიდარი - 5-6%, ღარიბების რაოდენობა კი თითქმის 90%-ს შეადგენს. ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან, მდიდრები კი, როგორც უკვე აღვნიშნე, მონოპოლიურ-ოლიგოლპოლიური ბიზნესის შედეგად, მეტად მდიდრდებიან.
ეს ტენდენცია ვერ შეიცვლება საქართველოში, ვიდრე არ შეიცვლება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ანდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა იაფ კრედიტებზე. ვიდრე ხელისუფლება ვერ ისწავლის ქვეყნისა და განსაკუთრებით ეკონომიკის ოპტიმალურ მართვას, საქართველოში ყოველთვის იქნებიან მცირე რაოდენობით მდიდრები და ძალიან დიდი რაოდენობით ღარიბები", - დასძინა ელიავამ.
საერთოდ, სიღარიბე კეთილდღეობის ნაკლებობის მაჩვენებელია. მისი სიდიდე კი დამოკიდებულია იმაზე თუ რის მიხედვით ანგარიშობენ მას ამა თუ იმ ქვეყანაში. თუკი დასავლეთ ევროპაში სიღარიბის მაჩვენებლის გათვლისას მნიშვნელოვანი "მისაწვდომობის კომპონენტია", ანუ მოქალაქის ხელმისაწვდომობა სასურველი განათლების მიღებაზე, მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე, უსაფრთხო საკვებსა და ა.შ. საქართველოში იგი მინიმალურ სასურსათო კალათას დამატებული მინიმალურ არასასურსათო ხარჯთან ასოცირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებლის გაანგარიშებისას ყურადღება ექცევა ისეთ კომპონენტსაც, როგორიცაა თანაფარდობა ოჯახის საერთო შემოსავალსა და სურსათის შესყიდვაზე დახარჯულ თანხებს შორის. საერთოდ ითვლება, რომ თუ სურსათზე დახარჯული თანხა საერთო შემოსავლის მესამედზე მეტია, მაშინ ის ოჯახი ღარიბია.
არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყანაში სიღარიბის დონეს ადგენენ. ერთ-ერთია საარსებო მინიმუმის საშუალო ხელფასთან თანაფარდობა. ასეთ ქვეყნებში ღარიბად ითვლება ის, ვისი საშუალო ხელფასიც საარსებო მინიმუმის ნახევარს ან ნაკლებს შეადგენს.