მოსაზრება
05.05.2015

სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა ან აბუჩად აგდება) მკაფიო მაგალითია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თბილისში "ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების" ამოქმედება, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში "ოფიციალურად", ფაქტობრივად, თაღლითობით გვძალავს ფულს. არ მეგულება მძღოლი, რომელიც შპს "სიტი პარკის" საქმიანობით იყოს კმაყოფილი. ფაქტია, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოწესრიგების ნაცვლად, ეს საწარმო, ფაქტობრივად, მხოლოდ იმ თანხებს იჯიბავს, რომელიც, წესით, სახელმწიფოს ან ქალაქის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთა და "სიტი პარკის" ხელმძღვანელთა ქმედებების სამართლებრივად შესაფასებლად მთავარ პროკურატურას მივმართე და მოვითხოვე კორუფციული (სისტემური) დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაში ბრალეულ პირთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება. მიმაჩნია, რომ თბილისის მერიასა და შპს "სიტი პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები ცხადყოფს, რომ ეს არის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული სისტემური დანაშაული. განცხადებით დედაქალაქის მერსაც მივმართე და მოვთხოვე "სიტი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა. თუ დავით ნარმანიასგან პასუხს ვერ მივიღებ, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს და თბილისელების მხარდაჭერით შევეცდები "სამართლიანობის აღდგენას."

სანამ სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებას მოახდენენ, გადავწყვიტე, დამოუკიდებლადაც ვიმოქმედო. აღარ ვიხდი პარკირების საფასურს, ხოლო საჯარიმო ქვითრებს ჯერ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, შემდეგ კი სასამართლოში ვასაჩივრებ. იგივეს ვურჩევ თბილისელებსაც.

რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მესვეურები სამართლიანობის აღსადგენად აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გასულ სამშაბათს თბილისელები მერიასთან შევიკრიბეთ და "სიტი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გაუქმება მოვითხოვეთ. ვინაიდან მერიის მესვეურთა მხრიდან რეაგირება არ მომხდარა და მხოლოდ მოლაპარაკებების დაწყების მორიგი დაპირება მივიღეთ, მძღოლებმა გადავწყვიტეთ, რეგულარულად გავმართოთ მასშტაბური საპროტესტო აქციები. ამჯერად 5 მაისს 5 საათზე პარლამენტის წინ შევიკრიბებით და 5 წუთის განმავლობაში საყვირებით შევახსენებთ ხელისუფლებას წინასარჩევნო დაპირებებს. ამის შემდეგ, ყოველ ხუთშაბათს 5 საათზე 5 წუთით გავაჩერებთ ავტომობილებს ცენტრალურ ქუჩებზეც და "სი-ტი პარკის" საქმიანობას გავაპროტესტებთ. ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მოქალაქეები ხელფასს ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ვუხდით და არა პერსონალური კაბინეტების მოსაწყობად და ახლობლების დასასაქმებლად.

იქნებ ერთობლივი ძალისხმევით და სამოქალაქო აქტიურობით მაინც მივაღწიოთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციული სქემის გამოვლენას და თბილისში პარკირების საკითხის მოგვარებას, რის შემდეგაც პერსპექტივა გაგვიჩნდება, სხვა სფეროებშიც ვეღირსოთ "სამართლიანობის აღდგენას". წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განვლილი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დედაქალაქში საგზაო ნიშნებისა და პარკირების საკითხიც კი ვერ მოვაწესრიგეთ, მერწმუნეთ, ევროკავშირში კი არა, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს...

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×