ქვეყანას ნამდვილ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა სჭირდება, თუმცა უზრუნველყოფილია ის დღევანდელი განათლების სისტემით?!
თეა ნადირაძე
05.05.2015

აგერ უკვე რამდენიმე წელია, ვისმენთ საუბარს პროფესიული განათლების პრიორიტეტულობაზე. ყველას კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ ლომაიას მინისტრობის დროს, დასავლეთის დაფინანსებით, პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურების შექმნა და ევროკავშირის ექსპერტების ჩართვით ხარისხიანი სწავლებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.

რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების წახალისება და ხელშეწყობა, სამწუხაროდ, ეს ჩვენზე უკეთ ევროპელებმა იციან. ამისთვის საქართველოსთვის არ იშურებენ მილიონებს, რეკომენდაციებს, ატარებენ კვლევებს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში განათლების პოლიტიკის შემქმნელებს რამდენად ესმით მისი საჭიროება, ეს, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია.

განათლება კონსტიტუციით ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, შესაბამისად, სახელმწიფომ განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს, თითოეულ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს განათლების მიღების ზუსტად ერთნაირი შესაძლებლობა მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა, შემოსავლისა თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სწავლების ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სისტემა. პროფესიული განათლება არის კონკრეტული, პრაქტიკული უნარები და ცოდნა, რომელსაც პირი ან ფლობს ან - არა, სხვა საშუალო შეფასება აქ არ არსებობს.

პროფესიულ განათლებაზე ვსაუბრობთ და ნათლად ჩანს, რომ ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის. მაგალითად, თუ აბიტურიენტს არ აქვს დედაქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა, მას არ აქვს საშუალება ისწავლოს თავის რაიონში, რადგან ან ფიზიკურად არ არსებობს კოლეჯი ან თუ არსებობს, ძალიან შორსაა. ეს გახლავთ განათლების სისტემის რეფორმის შედეგი - რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაში შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ რეგიონებში გახსნილია კერძო კოლეჯები და აბიტურიენტებს შეუძლიათ მათ მიმართონ, თუმცა ყველა რეგიონში არ არის კერძო კოლეჯი და იქაც, სადაც არის, ამ დაწესებულებებს არა აქვთ პროფესიული პროგრამების დიდი არჩევანი, რადგან შესაბამისი სასწავლო რესურსი არ გააჩნიათ. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფომ ორი წლის წინ უარი თქვა პროფესიული სტუდენტების დაფინანსებაზე კერძო კოლეჯებში, შესაბამისად უსახსრობის გამო რეგიონებში აბიტურიენტებს არ შეუძლიათ, სწავლა. ეს გახლავთ ის ფაქტორები, რომლებიც პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

როგორი მდგომარეობაა არსებულ კოლეჯებში განათლების ხარისხის თვალსაზრისით? ამ კუთხითაც სიტუაცია სავალალოა. არ არსებობს უკუგების სისტემა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებულ სწავლებასა და კურსდამთავრებულთა ცოდნის ადეკვატურ შეფასებას.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში - "დასაქმებისა და უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში" - აღნიშნულია, რომ განათლების სისტემის არაეფექტურობის გამო ახალგაზრდებს არ აქვთ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები, რასაც ისიც მოწმობს, რომ უმუშევართა ყველაზე დიდი ჯგუფს ახალგაზრდა თაობის (20-35 წლის) ადამიანები შეადგენენ. პოპულარული გამოცემა "ეკონომისტი" აღნიშნავს, რომ არსებობს დიდი "შეუსაბამობა" დამსაქმებლების საჭიროებებსა და პოტენციური მუშახელის უნარ-ჩვევებს შორის (www.economist.com).

ეს განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეხება, სადაც ფასეულობების გადასინჯვა მოხდა და საბჭოთა განათლების მქონე სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები "არასათანადო" აღმოჩნდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის მიერ 2014 წელს ჩატარებულ კვლევაში "დამსაქმებელთა განწყობების კვლევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით" აღნიშნულია, რომ პროფესიულ სასწავლებლების კურსდამთავრებულების 54% საქმდება. აქვე ვკითხულობთ, რომ "პროფესიული სასწავლებლებთან კომპანიების თანამშრომლობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას მემორანდუმი, სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა და კურსდამთავრებულთა დასაქმება წარმოადგენს". კვლევაში წარმოდგენილ მონაცემებს ვერ განვაზოგადებთ ქვეყნის - ქალაქის მასშტაბით არსებულ დამსაქმებელთა კმაყოფილებაზე შემდეგი ობიექტური მიზეზის გამო: კვლევის მეთოდოლოგიაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა - სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების პარტნიორი ორგანიზაციები.

თუ გვსურს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შეფასება სამიზნე ჯგუფი, ნაცვლად საჯარო კოლეჯების პარტნიორი ორგანიზაციებისა, უნდა ყოფილიყო შრომის ბაზარზე არსებული შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული დაწესებულებები. რაც შეეხება მემორანდუმებსა და საწარმოო პრაქტიკას - ეს ორი საკითხი იმიტომ არის პრაქტიკაში დანერგილი, რომ მემორანდუმების გაფორმებას სახელმწიფო კოლეჯებს საკანონმდებლო დონეზე სთხოვს - ყველა დაწესებულება, ვისაც პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა სურს, ვალდებულია ჰქონდეს მემორანდუმი.

თუმცა, აქვე საინტერესოა გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში რეალურად რამდენად არის უზრუნველყოფილი პრაქტიკა. მაგალითად არ შემიძლია არ ავღნიშნო პრაქტიკული მაგალითი, რომელიც ეხება კრიმინალისტიკის პროფესიას. ბევრ სასწავლებელს აქვს კრიმინალისტიკის პროგრამა, თავად სასწავლებლები არ ფლობენ კრიმინალისტიკის ლაბორატორიას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს პროფესილ სტუდენტთათვის პრაქტიკის გავლას. თითქმის ყველა "კოლეჯს" პრაქტიკის მემორანდუმი გაფორმებული აქვს ერთ კერძო დაწესებულებასთან. რეალურად პროფესიული სტუდენტები არანაირ პრაქტიკას არ გადიან, თუმცა მემორანდუმი ქაღალდზე არსებობს. სახელმწიფოში არ არსებობს რეალური გარე შეფასების პროცესი, რომელიც დაადასტურებდა პროფესიული კოლეჯების მიერ შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკრეტუნარიანი კადრების შეთავაზების უტყუარობას.

სწავლის შედეგებზე ორიენტირებული, რეალურ ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიული განათლება დაკავშირებულია არა მარტო ქვეყნის განვითარებასთან, არამედ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, მის მომავალთან. რამდენიმე ძალიან მარტივი მიზეზის დასახელებაა საჭირო იმისათვის, რომ ამ სფეროს მნიშვნელობას მივხვდეთ. პირველი ის, რომ ყველას კარგად გვახსოვს და ახლაც ვიცით, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმებულია ბევრი საქართველოს არამოქალაქე, კერძოდ ჩინელი ან თურქი მუშახელი. ამის სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი არსებობს, თუმცა ერთი-ერთი მნიშვნელოვანი არის ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი. აქვე მინდა შევეხო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონებში წყალთან, გზებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებით კვლავ არსებობს პრობლემები, ანუ ინფრასტრუქტურული პროექტებია საჭირო. ზოგიერთს შესაძლოა, გაუკვირდეს, რა შუაშია ეს პროფესიულ განათლებასთან - პირდაპირ კავშირშია, რადგან თუ მთავრობა გაააქტიურებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ ფლობს სათანადო ცოდნას, ისინი ვერ დასაქმდებიან ამ პროექტებში. კვლავ საჭირო იქნება სხვა ქვეყნიდან მუშახელის ჩამოყვანა და დასაქმება.

ხარისხზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ხსენებისას არ შეიძლება არ შევეხო ქალაქში დამონტაჟებულ ქუჩაზე გადასასვლელ ხიდებს, რომელთა შეფასებისას პროფესიონალი შემდუღებლები შეშფოთებული არიან. ხშირად მომისმენია მათგან, რომ იმდენად არაპროფესიონალურად არის შესრულებული, ის შესაძლოა, ადამიანის ჯამრთელობისა და სიცოცხლისათვის იყოს საშიში. ასეთი შემთხვევის ერთ-ერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როდესაც რამდენიმე წლის წინ დიღმის მასივში, ფეხბურთის განახლებულ სტადიონზე 7 წლის ბავშვი თამაშის დროს გარდაიცვალა - ფეხბურთის კარის არასწორად შედუღება-დამონტაჟების გამო, რომელიც მას დაეცა.

არ შემიძლია არ გავიხსენო წელს საკუთარი თვალით ნანახი, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ საავადმყოფოში ექთნებისა თუ სანიტრების (ორივე პროფესიული კვალიფიკაციაა) საქმიანობა - როგორ აძლევდნენ საავადმყოფოს რეანიმაციაში ერთი ავადმყოფის მიერ გამოყენებულ ე.წ. "ასპირატორს" იქვე, გვერდზე მწოლიარე მეორე ავადმყოფს ყოველგვარი დეზინფექციის გარეშე (წესით, ამაზე სს პასუხისმგებლობა უნდა დგებოდეს). ეს კი შედეგად იწვევს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადადებას და შედეგად ავადმყოფის დამძიმებას, შესაძლო ლეტალური შედეგითაც. არაერთი მაგალითია მშენებლობის დროს მუშების მძიმე დაზიანებებისა და ზოგ შემთხვევაში სიკვდილიანობისა, რისი მიზეზიცაა უსაფრთხოების წესების არცოდნა. მსგავსი მაგალითები არაერთია და ეს ყველაფერი კავშირშია პროფესიულ განათლებასთან, სწავლების ხარისხთან, კურსდამთავრებულთა კომპეტენციასა და დასაქმებასთან.

დღეს ქვეყანას ნამდვილ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა სჭირდება, თუმცა უზრუნველყოფს კი ამას დღევანდელი განათლების სისტემა? ეს არ შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობის ჭრილში, რადგან სისტემის ეფექტურობა დიდწილად სხვა სამინისტროებთან კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული და ბმაშია მთავრობის პოლიტიკასთან, რაც დღეს არ იკვეთება.

2007 წელს ამოქმედდა "პროფესიული განათლების შესახებ" კანონი, რომელშიც მოგვიანებით ცვლილებები განხორციელდა და 2010 წლიდან ევროკავშირის დახმარებით და იმდროინდელი პოლიტიკის გათვალისწინებით უფრო გააქტიურდა პროფესიული განათლების განვითარების პროცესი. შემუშავდა სტანდარტები, დაინერგა ახალი მოთხოვნები, ბაზარზე გაჩდა ახალი კოლეჯები, მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში ჩადგა კერძო და საჯარო კოლეჯები, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდებოდა განვითარება, რომლისთვისაც ბოლო სამი წელი დაკარგულია. "პროფესიული განათლების შესახებ კანონში განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლიბერალური განათლების დანერგვა კოლეჯებში, სკოლებში პარალელურად პროფესიული პროგრამების შეტანა, კოლეჯებში არაქართულენოვანი პირებისათვის ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირისათვის სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რასაც ევროპის ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კვალიფიციური კადრების მომზადება - უკვე მესამე წელია, არც ერთი ამათგანი არ არის წახალისებული და არანაირი ღონისძიებები არ არის გატარებული ამ სიკეთეების საზოგადოებისთვის მიწოდებისთვის.

მთავრობამ პროფესიული განათლების განვითარების გეგმა განსაზღვრა, დამტკიცდა "პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები)", რომელშიც ნათლად არის ასახული პროფესიული განათლების წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე მათი გადაჭრის გზები. გეგმა მოიცავს მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებს და განსაზღვრულია რეკომენდაცია. 2 წელიწადში ერთხელ (განსაკუთრებით 2015 წლიდან) ამ გეგმის შესრულების შეფასება. სტარტეგიის მიხედვით, აღნიშნული შეფასების ვალდებულების დრო დამდგარია.

სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების გარკვეულ ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რეალური შედეგი არ ჩანს. მაგალითად, ბოლო ორი წელია საუბარია მოდულური პროგრამების შემუშავებაზე, რისთვისაც უკვე დაიხარჯა დაახლოებით 3 მილიონამდე ლარი, მიმდინარეობს სამუშაოები, თანხები იხარჯება, თუმცა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები და სიახლეები არ ინერგება. ახალი მოდულური პროგრამების მოლოდინში არსებული პროცესები კოლეჯებში თვითდინებას მიჰყვება, სანამ ახალი სისტემა დაინერგება, არსებულის განვითარებაზე არავინ ზრუნავს და არაკომპეტენტურ კურსდამთავრებულებს (ზემოთ აღნიშნული კვლევის თანახმად) არაპროფესიონალთა ახალი ნაკადი შეემატება.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა "პროფესიული განათლების კანონში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ეხება ტერმინთა განმარტებებში ცვლილებებსა და დამატებებს. ევროკავშირის ექსპერტთა განმარტებით, მოდულური პროფესიული პროგრამები არსებითად ცვლის პროფესიული განათლების სისტემას, განსხვავებულია მიდგომები და მეთოდოლოგიები, თუმცა ამ ორი წლის მუშაობის შედეგად ჯერჯერობით მხოლოდ ტერმინთა ცვლილებების ინიციატივას ვხედავთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილმა მეცნიერების, განათლების ექსპერტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ შექმნილმა "წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს პროფესიული განათლების კომისიამ" შეისწავლა წარმოდგენილი კანონპროექტი და შენიშვნებით მიმართა პარლამენტს. აღნიშნული კომისიის დასკვნის თანახმად, ძირითადი ხარვეზი ის არის, რომ ცვლილებები შემოიფარგლება მხოლოდ ტერმინთა განმარტებების ცვლილებით, რომ არ არის წარმოდგენილი კანონპროექტის მთლიანი პაკეტი პროფესიული განათლების სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით; კანონპროექტის ავტორებს არ აქვთ გათვლილი საბიუჯეტო ხარჯები, რომელსაც გამოიწვევს მოდულური პროგრამის დანერგვა; თავად ტერმინთა შემოთავაზებული განმარტებები არ არის შესაბამისი და ადეკვატური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×