საქართველოს რეგიონებში შეიძლება ელექტროენერგია გაძვირდეს. გაზგამანაწილებელი კომპანიების შემდეგ ტარიფის გაზრდას ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიებიც ითხოვენ. მიზეზი ლარის გაუფასურება და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდაა. შარშან ქვეყანაში 852 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, 2015 წლის პროგნოზით იმპორტი 901 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზრდება.
"ენერგო პრო ჯორჯიამ" ტარიფის გაზრდის მოთხოვნით საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უკვე მიმართა. სემეკმა გადაწყვეტილება 150 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. თუკი "ენერგო პროს" მოთხოვნა დაკმაყოფიდება, შიდა ქართლსა, ქვემო ქართლსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს (სადაც "ენერგო-პრო" ოპერირებს) ელექტროენერგია გაუძვირდება, საერთო ჯამში, ასეთი მილიონამდე ოჯახია.
"ენერგო პრო ჯორჯიაში" განაცხადეს, რომ კომპანიას გაუჩნდა ფულადი სახსრების დეფიციტი, რაც გამოწვეულია ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების ზრდით. შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულების მატებაზე გავლენა იქონია იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ზრდამ, ასევე ელექტროგადაცემის ტარიფის ცვლილებამ.
"ჩვენ ვართ სადისტრიბუციო კომპანია. ელექტროენერგიას ვყიდულობთ, რომ შემდეგ ის აბონენტამდე მივიტანოთ. შესყიდული ენერგია, დაახლოებით, 30%-ით გაძვირდა. გვყავს შვილობილი კომპანია "ჯი ფაუერი", რომელიც ყიდულობს დოლარში გაზს. შესაბამისად, ვითხოვთ "ჯი ფაუერის" ტარიფის კორექტირებასაც", - განაცხადა კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.
სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლევან გენძეხაძის თქმით, ლარის დევალვაციის გამო, "ენერგო პროს" გაეზარდა მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი. დენის ტარიფი ორი ნაწილისგან შედგება, ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯისა და უშუალოდ გამანაწილებელი კომპანიის განაწილების მარჟისაგან, ანუ განაწილების ტარიფისგან. ინვესტიციები, რომელიც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" შარშან განესაზღვრა, განაწილების ტარიფშია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კი ელექტროენერგიის შესყიდვის ფასთან დაკავშირებულ ცვლილებაზეა საუბარი.
კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად 2015 წლის 29 მაისი დადგენილი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად შპს "ჯი ფაუერისათვის" - 2015 წლის 3 სექტემბერი, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯიასათვის" კი - 2015 წლის 10 სექტემბერი. ტარიფის დასათვლელად მარეგულირებელ კომისიას ვადა 10 სექტემბრამდე აქვს. შესაბამისად, სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი და რა მოცულობით.
"ენერგო პრო ჯორჯიასა" და "ჯი ფაუერის" გარდა, სემეკს ტარიფის გაზრდის მოთხოვნის მიმართა - "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციამ" და "მტკვარი ენერგეტიკამ". რაც შეეხება "თელასს", "რეზონანსს" კომპანიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტარიფის გაზრდის საკითხი არ განიხილება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ენგერგო პრო" ტარიფის გაზრდის მოთხოვნის მიზეზად ელექტროენერგიის გაზრდილ იმპორტს ასახელებს, რომელმაც სამომხმარებლო შეწონილი ტარიფის გაძვირებას შეუწყო ხელი. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი 59 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა. შარშან კი, იმპორტი თითქმის გაორმაგდა. 2014 წელს ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ელექტროენერგია შემოვიდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ქვეყნის მთავარ ჰიდროელექტროსადგურზე - ენგურჰესზე ელექტროენერგიის გამომუშავებამ მკვეთრად იკლო. აღსანიშნავია, რომ შარშან შემოდგომაზე ენგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 390 მილიონი კვტ/სთ-ით შემცირდა. 2014 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 852 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია, რაც ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარებს 7,7%-ია. საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარ იმპორტიორ ქვეყნად რუსეთი რჩება. ჩრდილოელი მეზობლისგან 607 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია ვიყიდეთ, აზერბაიჯანიდან კი - 184 მილიონი კვტ/სთ შემოვიდა. ასევე მკვეთრად იზრდება მოხმარება, შარშან ქვეყანას 10,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია დასჭირდა, შარშანწინ ეს მაჩვენებელი 10,1 მლრდ კვტ/სთ იყო.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ექსპლოატაციაში სამი ელექტროსადგური შევა - "ნაბეღლავჰესი", "დებედაჰესი" და "დარიალჰესი". მთლიანობაში ეს ელექტროსადგურები 544 მლნ კვტ/სთ დამატებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. გარდა ამისა, წლის ბოლოს მუშაობას დაიწყებს 230 მგვტ სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური. ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ თბოსადგურს ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ძველი თბოსადგურებისგან განსხვავებით 50%-ით ნაკლები გაზი დასჭირდება.
მიუხედავად ელექტროენერგიის წარმოების ზრდისა, ქვეყნის ელექტროსისტემა სეზონურობით ხასიათდება და ზამთარში მაინც დიდი მოცულობით ელექტროენერგიის შემოტანა საჭირო.