გურამ ბათიაშვილი
23 აპრილი ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეა. 1948 წელს, როცა სიონიზმის ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს ხელახალ სიცოცხლეს შთაბერეს სული და დავით ბენ გურიონმა ისრაელის დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რელიეფი სრულიად შეიცვალა.
იმ დღეს, რა დღესაც ბრიტანეთის არმიამ 30-წლიანი ბატონობის შემდეგ პალესტინის ტერიტორია დატოვა და სიონიზმის ლომგულებმა ისრაელის დროშა აღმართეს, ევროპამ, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ მაინც გამოისყიდა თავისი დანაშაული ებრაელი ერისა და მისი სახელმწიფოებრიობის მიმართ. ეს დანაშაული რომის იმპერიის ჰეგემონიურ სულისკვეთებაში იღებს სათავეს - ებრაელობას სწორედ მან წაართვა სახელმწიფოებრიობა და ბოლოს საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლებაც. იმ დანაშაულებრივი ქმედების ნაყოფს დღესაც ვიმკით: როცა არაბული სახელმწიფოები გაიძახიან - ეს ჩვენი რეგიონია, ჩვენი საუფლოა და რომ არა ისრაელელი აგრესორები, ამ რეგიონში ბედნიერად ვიცხოვრებდითო, სწორედ ოცი საუკუნის წინანდელი რომაელთა ქმედებები ჩააგონებთ ერების წარსულის არმცოდნე უბირთ, თქვან ასეთი რამ - სამშობლოში დაბრუნებას აგრესიად, ოკუპაციად მიიჩნევენ.
ებრაელი ერი არ ურიგდებოდა დამპყრობელი რომის თარეშს ბიბლიურ მიწაზე. მამაცურად ებრძოდა უზარმაზარი იმპერიის არმიებს - ნერონმა სამი ლეგიონი გაგზავნა იერუსალიმის ასაკლებად. რომაელთაგან ნერონამდე ამბის მიმტანიც არ დარჩა. შემდეგ მამა-შვილ ფლავიუსების სამწლიანი ალყა იერუსალიმისა - სამი წელი არ ნებდებოდა ქალაქი, ვიდრე მთლიანად არ გადაწვეს. მემატიანე წერს, ტურა ჩხაოდაო ნაქალაქარში. იერემიას გოდება, გადახნული იერუსალიმის გამო, წიგნიერ კაცობრიობას დღესაც თრთოლვას გვრის.
თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ბარ კოხბას უძლიერესმა აჯანყებამ კი ისე გააშმაგა რომის იმპერია, რომ ებრაელობა მაშრიყსა თუ მაღრიბში ეძებდა თავშესაფარს. სად არ აფარებდნენ თავს. ებრაელობაზე ტომები დაიწერა - მათ წასაკითხად ადამიანის ერთი სიცოცხლე არ კმარა. შესანიშნავი გამოკვლევები, პროზაული, თუ პოეტური ქმნილებები, მაგრამ ჰაინრიხ ჰაინეს რამდენიმე სტრიქონმა არა მარტო ებრაელი ერის ტრაგედია, მისი ისტორია და ცხოვრების კრედო, სულიერი ძალოვნება გამოხატა: "დევნილმა, სამშობლოდან ოტებულმა ებრაელებმა ჯიბეში მოიქციეს სამშობლო, რომელმაც ისინი გადაარჩინა".
ჯიბეში მოქცეული სამშობლო გახლავთ რწმენა - მოსეს მცნებანი, რომლისათვისაც ებრაელობას არასოდეს უქცევია ზურგი. ისინი მიდიოდნენ და თან მიჰქონდათ ის, რაც უკვდავს ხდის სამშობლოს - თორა, მოსეს მცნებანი. ეს მცნებები გახდა მათი არსებობის ანი და ჰოე. მცნება, რომელიც ღაღადებს: "არა გყავდეს სხვა ღმერთი" - პირველიც არის და უმთავრესიც. ამ მცნების შემნახველ, დამცველ კაცს მძიმე წუთისოფელი უადვილდება: არც კაცსა ჰკლავს, არცა იპარავს, არცა მრუშობს და წინაპართა ხსოვნასაც ინახავს. ასე რომ, ეს მცნებანი ძლიერთა ცხოვრების კანონია.
ებრაელობამ შეინახა თავისი ღმერთის რწმენა და რწმენამ გადაარჩინა ერი. ყოველ დღესასწაულს დიდი თუ პატარა, ჩინოსანი, თუ უჩინო ებრაელი, ასე მიმართავდა მეგობრებს, ამხანაგებს ნათესავებს: მომავალ წელს, ამ დღესასწაულზე იერუსალიმში შევხვედროდეთ ერთმანეთს: ხოლო დავითის 137-ე ფსალმუნის სიტყვები:
"თუ დაგივიწყო შენ იერუშალაიმ, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა, მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუშალაიმი ჩემი მხიარულების სათავეში"
(ი. მამისთვალოვის თარგმანი)
საუკუნეებია თან გვდევს იერემიას გოდების ეს ლიტერატურული ფიცი, მაგრამ დრომ ვერ გაახუნა.
ამას წინათ ისრაელში ქორწილში ნეფე-პატარძალმა ეს ფიცი ისეთივე გზნებით წარმოთქვა, როგორც შორეულ საუკუნეებში წარმოითქმებოდა - ადმიანები სიცოცხლის ყველაზე უფრო საზეიმო წუთებში ყველაზე ტრაგიკულ ფაქტს ისე აღიქვამდნენ და აღიქვამენ, როგორც დღეს მომხდარს. ეს იმიტომ, რომ სამშობლო მარადიულია.
საქართველოს რადიოში ინტერაქტიული გამოსვლისას, ერთ-ერთმა მსმენელმა ასეთი შეკითხვა დამისვა: რამ, ვინ აღადგინა ისრაელის სახელმწიფოებრიობა, რა ან ვინ იყო ის მთავარი ძალა, რომელმაც 20 საუკუნის შემდეგ შესაძლებელი გახადა ქვეყნიერების ოთხივ კუთხით მიმოფანტული ერის ისტორიულ მიწაზე დაბრუნება და ისრაელის დროშის აღმართვა?
ამ კითხვის ქვეტექსტი ჩემთვის გასაგები გახლდათ. რადიომსმენელმა მიიღო კიდეც პასუხი, რომლის გაგონებაც ეწადა - იოსებ სტალინის როლი 1947 წლის ნოემბერში გაეროში გამართულ სხდომაზე, რომელზეც წყდებოდა ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხი.
მართლაც, რამ, ვინ აღადგინა ისრაელის სახელმწიფოებრიობა? თუ ორიოდე სიტყვით ვიტყვით, ფორმულა ასე გამოიყურება: ხალხის ოცსაუკუნოვანი ლტოლვა მიწისაკენ, რომელიც უზენაესმა უბოძა, პლუს ერის ინტელექტუალური ძალა.
შუა საუკუნეების ებრაელობაში გავრცელებული იყო ტრადიცია, რომელსაც რომანში "ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა" ერთი თავი მივუძღვენი. "ნანატრი განსასვენებელი" ჰქვია ამ თავს. ქართველი ებრაელები და არა მხოლოდ ისინი, სიბერის ჟამს, ამქვეყნიური ყოფის დასასრულის მოახლოებას რომ იგრძნობდნენ, ისრაელს მიაშურებდნენ. ისრაელი, იერუსალიმის მიწა გახლდათ ნანატრი განსასვენებელი, რომელიც ადამიანებს ისე იზიდავდა, რომ მამის საფლავზე დაცემულ შვილების ცრემლზეც კი ამბობდნენ უარს, ოღონდ იქ დამარხულიყვნენ.
აი, ასეთი იყო ხალხის ხსოვნა,რომელიც რწმენაში იღებს სათავეს და რომელსაც "რელიგიური სიონიზმი" უწოდეს. "რელიგიური სიონიზმი" საუკუნეები გრძელდებოდა და სულ ტყუილად ირჯებოდნენ სსრკ-ს მამები, ქართველი ებრაელობის ისრაელში რეპატრიაციას პოლიტიკური სიონიზმის ხრიკებად რომ მიიჩნევდნენ. ქართველ ებრაელობას ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას სწორედ "რელიგიური სიონიზმი" ჩააგონებდა.
მოგვიანებით, ევროპის ებრაელობაში იწყება ახალი მოძრაობა "ჰასკალა" - განმანათლებლური ინიციატივა, რომელსაც დიდი აჰად ჰააამი ედგა სათავეში. მისმა მოძღვრებამ ებრაელობის წინაშე ახალი პერსპექტივები გადაშალა. ვშიშობ, გადაჭარბებად არ ჩამეთვალოს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ დიდი ებრაელი მეცნიერები, რომლებიც მეოცე საუკუნეში ატომის გახლეჩვის, ბირთვული იარაღის შექმნის სათავეებთან იდგნენ, სწორედ აჰად ჰაამის მოძღვრებამ შვა.
"ჰასკალამ" ინტელექტუალურად შეამზადა ებრაელობა თეოდორ ჰერცლის პოლიტიკური სიონიზმისათვის. ებრაელი ხალხის მისწრაფებამ ისტორიული სამშობლოსკენ, ევროპაში თავჩენილ ანტისემიტიზმთან ერთად განაპირობა ავსტრიელ დრამატურგ და ჟურნალისტ თეოდორ ჰერცლის მოძღვრება - პოლიტიკური სიონიზმი. ეს არის სამშობლოში დაბრუნების მეცნიერება. მისი ამოცანა გახლდათ და გახლავთ ებრაელობის სამშობლოში დაბრუნება.
თუ ვინმე თვალს გადაავლებს მეოცე საუკუნის დამდეგის ქართულ პრესას, დარწმუნდება, რაოდენ პოზიტიურად შეხვდა ქართული საზოგადოებრიობა სიონიზმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის კლასიკოს, დიდი კონსტანტინე გამსახურდიას მიერ 1911 წელს ბერლინში დაწერილი წერილი, რომელშიც ზუსტად არის ახსნილი სიონიზმის არსი.
იუდეის ტანჯულ მიწაზე სიონიზმმა აღმართა ისრაელის დროშა. იმ დღიდან ისრაელმა მრავალი ომი გადაიხადა. არაბული სახელმწიფოები ვერ ურიგდებიან მუსლიმური სამყაროს შუაგულში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას და ისრაელის აგრესორობაზე გაჰკივიან. ებრაელობის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას აგრესიად აცხადებენ. საინტერესო დამთხვევაა: თუ ჩვენს წელთაღრიცხვამდელ ეპოქასა და მომდევნო საუკუნეებში ისრაელს გამკლავება უხდებოდა წარმართულ სამყაროსთან (რომი ქრისტიანობას იმის გამოც ებრძოდა, რომ იგი ებრაელი ხალხის წიაღში აღმოცენდა და ებრაელთა მსოფლიოზე ბატონობისაკენ მისწრაფებად მიიჩნევდა), დღეს მუსლიმურ გარემოცვაში უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა.
ახლახან, ისრაელში ყოფნისას, ხელთ ჩამივარდა მოსაბ ხასან იუსეფის, უთუოდ ნიჭიერი პიროვნების, მიერ დაწერილი ერთობ საინტერესო "ხამასის შვილი". მოსაბ ხასან იუსეფი არის პალესტინელი არაბი, უფროსი ვაჟი პალესტინელთა შორის ერთობ პატივდებული შეიხ იუსეფისა. ეს შეიხ იუსეფი კი ერთ-ერთია იმ შვიდ პალესტინელს შორის, რომელმაც შექმნა "ხამასი". "ხამასი" დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. მისმა ტერაქტებმა ასობით სრულიად უდანაშაულო ებრაელი - ქალი, ბავშვი, სტუდენტ თუ მოხუცი - გამოასალმა წუთისოფელს.
აი, ამ ტერორისტული ორგანიზაციის დამაარსებლის შვილი - მოსაბი - 18 წლის ასაკში ტერორიზმის გზაზე შემდგარი, ისრაელის სპეცსამსახურებმა იარაღის უკანონოდ შესყიდვა-შენახვისათვის დააპატიმრეს. მოგვიანებით კი, ციხეში გადაიბირეს. ისიც გადაბირებას იმ მიზნით დაყაბულდა, რომ ორმაგი აგენტი ვიქნები და მეტი საშუალება მექნება ისრაელელები გავწყვიტოო.
"ხამასის" ლიდერის შვილი მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. მამამისი, მისი გარემოცვა თავად ქმნიდნენ სიტუაციებს, რომლებზეც შემდეგ მსოფლიო ლაპარაკობდა. დროთა განმავლობაში მოსაბ იუსეფმა დაინახა "წინააღმდეგობის", "დამოუკიდებლობისათვის" ბრძოლის რეალური სახე. დაინახა, თუ რა იყო ამ ბრძოლის არსი, დაინახა, რომ პალესტინის ლიდერებს, იქნებოდა ეს იასირ არაფატი, თუ სხვები, ბრძოლა მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისთვის სჭიროდათ. თუ არ იქნებოდა ბრძოლა, არ იქნებოდა მუსლიმური, თუ ევროპული სახელმწიფოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მილიონობით გრანტები.
ამ წიგნმა შემზარა სიმართლით, რომელიც, ასე ვთქვათ, პირველმა პირმა - "ხამასის" შვილმა - მის წიაღში აღზრდილმა ადამიანმა გვაჩვენა. წიგნის წაკითხვის შემდეგ სატელევიზიო რეპორტაჟებს პალესტინელი ხალხის ტანჯვა-ვაებისა და ისრაელის აგრესორობის თაობაზე, დიდ აფიორად, სპეკულაციად მივიჩნევ. თუ არ იქნება ეს რეპორტაჟები, თუ არ იქნება "ხამასისა" თუ "ჰიზბალას" მიერ გამართული სასაკლაო, არ იქნება მილიონობით შემოსავალი.
მოსაბ ხასან იუსუფმა და ისრაელის სპეცსამსახურებმა ურთიერთთანამშრომლობით მრავალი ტერაქტი, ე.ი. სისხლისღვრა ააცილეს ებრაელობას და პალესტინის, მართლაც, საბრალო მოსახლეობას. დრომ, მოვლენებზე დაკვირვებამ, ანალიზის ჩინებულმა უნარმა, მოსაბი მიიყვანა დასკვნამდე, რომ პალესტინელი ხალხის მტერი, უბედურების მიზეზი არა ისრაელის არმია, არამედ მისივე ხალხის მწირი განათლება, ინტელექტუალური წყვდიადი, გმირობაზე, ვაჟკაცობაზე არასწორი წარმოდგენა გახლავთ.
ყალბი გმირობის ილუზიით გაბრუებული მსხვერპლი - სიკვდილის მანქანა ხოცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას. სამწუხაროდ, ეს თავისებურება არა მხოლოდ პალესტინელთა ინტელექტუალური ყოფის ყველაზე დაბალ საფეხურზე ჩამომსხდარი, არამედ ბევრი სხვა ხალხის ხვედრია.
ავტორი სვამს კითხვას: როგორი იქნებოდა პალესტინელი ხალხის ყოფა ისრაელის ოკუპაცია რომ არ იყოს? როგორ წარიმართება ჩემი ხალხის ცხოვრება? პასუხი შემაძრწუნებელია: არაფერი შეიცვლებოდა - ერთმანეთს დავერეოდითო. როგორც ჩანს, ასეთმა ანალიზმაც მიაღებინა უმძიმესი გადაწყვეტილება: შეიხის შვილი განუდგა ისლამს და ირწმუნა ქრისტე. ამჟამად კი აშშ-ში ცხოვრობს.
აი, ასეთ რეალობაში უხდება ცხოვრება ისრაელს და, უმძიმესი გარემოცვის მიუხედავად, თანამედროვე მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყანაა. ისრაელის მეცნიერება, მედიცინა, საფინანსო ურთიერთობის კულტურა, სოფლის მეურნეობა დღეს სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ხალხი?
ცნობილია, რომ ისრაელის უწინარესი მეგობარი გახლავთ აშშ. მისი თანადგომის გარეშე, ისრაელის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, დღეს კი ამ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთის ოპონენტებად ქცეულან. განხეთქილების თემა ირანის ბირთვული ამბიციებისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა. მარტში, ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წინ, თეთრი სახლის ზიგიერთი ჟესტი თუ გამონათქვამი ადასტურებდა, რომ ისრაელის პოლიტიკურ ლიდერად არა ნეთანიაჰუს, სხვას წარმოიდგენდა. ამგვარმა დამოკიდებულებამ ნეთანიაჰუსთვის სასარგებლო შედეგი გამოიღო - ამომრჩეველი სწორედ მისი პარტიის ირგვლივ დაირაზმა და იგი კვლავ ქვეყნის პრემიერად რჩება. ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.
საქართველო-ისრაელის ურთიერთობა დღეს სანიმუშოა. ეს არის ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრობა სახელმწიფოთა მეგობრობის საწინდარი გახდა და ეს მისასალმებელია.