ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ევროპას აშფოთებს თურქეთში ავტორიტარიზმის ტენდენციები.
ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა ღრმა დემოკრატიულ ცვლილებებს, თუმცა შეინიშნება რეფორმების გატარების ტემპის შენელება. ამჟამად არის ნახევრად ავტორიტარული მმართველობა, - აღნიშნა შულცმა თურქ კოლეგასთან, ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩეკთან შეხვედრის შემდეგ. მან, თურქეთში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება დაუთმო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას.
გამოეხმაურა რა ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ტვიტერისა და იუთუბის სრულ ბლოკირებას, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი აკრძალვები არ შეესაბამება ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული და ყოვლთვის არის შესაძლებლობა მთლიანად საიტის ბლოკირების მაგივრად წაიშალოს ცალკიელი სურათები.
6 აპრილს პროკურატურის მითითებით "რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის" ტერორისტების მიერ სტამბულში მძევლად აყვანილი პროკურორის სურათების გამოქვეყნების გამო, ინტერნეტ-პროვაიდერებმა თურქეთის მთელს ტერიტორიაზე ტვიტერის, იუთუბისა და კიდევ 150 ვებსაიტი დაბლოკეს. ფეისბუკმა სწრაფად შეძლო საკამათო სურათების წაშლა. ბლოკირება მოხსნილი იქნა მხოლოდ ხელისუფლების მოთხოვნების შესრულების შემდეგ.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატეს სოციალური ქსელების ბლოკირების გამო. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა მაია კოსიანჩიჩიმ განაცხადა, სოციალური მედიის სრული აკრძალვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წუხილს თურქეთში არაპროპორციული შეზღუდვების გამოყენების გამოო.
აღსანიშნავია, რომ ეს სოციალური მედიის ბლოკირებისა თუ გამოქვეყნებული პოსტების გამო ავტორების სამართლებრივი დევნის პირველი შემთხვევა არაა. შარშან მარტში, ადგილობრივი არჩევნების წინ, კორუფციასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების გამო თურქეთში ასევე შეუძლებელი იყო ფეისბუკით, ტვიტერითა და იუთუბით სარგებლობა.
ერთი თვის წინ ტვიტერში პრემიერ-მინისტრის ახმეტ დავითოღლუს შესახებ გამოქვეყნებული შეტყობინების გამო დააკავეს პოპულარული მომღერალი ატილა ტაში. მომღერალი თავისი უფლებების დასაცავად აპირებს მიმართოს თურქეთის საკონსტიტუციო და, თუ საჭირო გახდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოებს.
"იყო დაპატიმრებული იდეებისა და აზრების გამო, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩემს ტვიტში (სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში - რედ.) არ იყო არც გინება და არც შეურაცხყოფა... მე არ მომწონს არც მთავრობა და არც მისი პოლიტიკა. მიუხედავად წნეხისა, ვერ შეძლებენ ჩემს გაჩუმებას დაპატიმრებისა და ციხეში გამოკეტვის მუქარით. ჩემი ქვეყნის და დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს," - განაცხადა ანკარის პოლიციის განყოფილებიდან გამოსულმა მომღერალმა.
გასულ კვირას სასამართლომ 23-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა რეგიონულ ჟურლანისტ იაშარ ელმას ფეისბუკში იმ პოსტის მოწონებისათვის, რომელიც შეიცავდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კრიტიკას. სასამართლომ ჩათვალა, რომ კომენტარი შეიცავდა სახელმწიფო მოხელის შეურაცხმყოფელ გამონათქვამს.
ჟურნალისტმა მალევე გააუქმა მოწონება (ლაიქი), თუმცა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მაინც დაიწყო.
მარტში, თურქეთში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დარღვევის გამო, 74-მა ამერიკელმა სენატორმა წერილით მიმართა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის, სადაც გამოხატეს თავიანთი შეშფოთება ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოში შექმნილი მდგომარეობის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიმართვას ხელი ამდენმა სენატორმა მოაწერა.
მანამდე რამდენიმე კვირით ადრე 90-მდე ამერიკელმა კონგრესმენმა სახელმწიფო მდივანს სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით ანალოგიური მიმართვა გაუგზავნა.
კანონმდებელთა პოზიციის გამოხატვას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა თურქი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მომხრე მედია-საშუალებების მხრიდან, ხოლო პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კონგრესმენებს "დაქირავებულები" უწოდა. ზოგიერთმა გაზეთმა წერილის ხელმომწერნი ხელაღებით დაადანაშაულა კორუფციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი სრულიად იზიარებს კანონმდებელთა შეშფოებას და თავიანთ პოზიციას ნათლად გამოხატავს თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას, საჯარო განცხადებებსა და ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშების მეშვეობით.