მოსაზრება
30.03.2015

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

დარწმუნებული ვარ, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარდგება, რომელშიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხება. როგორც რიგითმა ამომრჩეველმა, ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე საჯაროდ დავუსვი რამოდენიმე შეკითხვა, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიმიღია, ხოლო გაპრეზიდენტებისთანავე იმდენი ახალი კითხვა გამიჩნდა, რომ მის წინააღმდეგ 2014 წლის 17 თებერვალს სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანე...

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ინსტანციაში საქმეები საშუალოდ 10 თვეში იხილება, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დღემდე გააჭიანურა და, დარწმუნებული ვარ, "სამართლიანობის აღდგენას" ვერც პრეზიდენტის მიერ შერჩეული ახალი თავმჯდომარე ინებებს.

ვინაიდან მისი ადმინისტრაციდან პასუხები არ მომდის, გადავწყვიტე გიორგი მარგველაშვილს კითხვებით ისევ საჯაროდ მივმართო. ვფიქრობ, ფილოსოფოსი პრეზიდენტის პასუხები მისი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო.

ფაქტობრივად, ისევ ვცდილობ საზოგადოების რიგ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში გათვითცნობიერებას (გამოფხიზლებას!). თუმცა, ქვეყანაში, რომელშიც "რევოლუციების" შედეგად იმ დონის სამართლებრივი ნიჰილიზმია (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) გამეფებული, რომ დემოკრატიული წესწყობილების ნაცვლად პლუტოკრატიული რეჟიმი მკვიდრდება, კითხვებს იურისტები კი არა, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები უნდა სვამდნენ...

...

1. სამწუხაროდ, 2004 წელს სახელმწიფო სიმბოლოები ჰერალდიკის კომისიისა და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად, ფაქტობრივად, თვითნებურად შეიცვალა. პარლამენტის 1999 წლის 5 ივნისის დადგენილების თანახმად, საქართველოს მომავალი გერბი ერთმნიშვნელოვნად "კვართიან-დავითიანი" უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, "რევოლუციურმა" პარლამენტმა გერბზე მხოლოდ წმინდა გიორგის გამოსახულება დატოვა და, რატომღაც საწინააღმდეგო მხარეს მოაბრუნა (აბა, რუსეთის გერბზე გამოსახულ იგივე წმინდანს ხომ არ დაამსგავსებდნენ...).

შედეგად, "ნაციონალურ გერბზე" გამოსახულ წმინდანს მეტად მოუხერხებელი მოძრაობით უწევს ბოროტების ძლევა ("რევოლუციური ნოვაციით" გველეშაპი ცხენის მარცხენა მხარეს მოექცა, წმინდა გიორგის კი შუბი მარჯვენაში უჭირავს...), მაშინ, როდესაც ინგლისურ თუ ბერძნულ ხატებზე ამას უპრობლემოდ აკეთებს...

არადა, ჰერალდიკოსები მიიჩნევენ, რომ სიმბოლოს მიმართულების შეცვლა არსებითად ცვლის მის შინაარსს და სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლოს შემობრუნებელი ვერსია უკვე ბოროტებას განასახიერებს, ხოლო მტრის მდევნელი გმირის გამოსახულებისთვის მიმართულების შევცვლა მას მტრისგან გამოქცეულად აქცევს...

ამის შემდეგ, "რეფორმატორებმა", 2005 წლის ივნისში, გერბზე სადევიზე ბაფთა წააგრძელეს, მას წითელი ("რევოლუციური") ფერი დაუმატეს და "ბოლნურ-კაცხური" ჯვრებით რომის პაპივით შეამკეს. ამასთან, ვენახის ფოთლები შემოაცალეს...

მართლა მინდა, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტმა ამიხსნას, თუ რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე და თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე წმინდა გიორგის გამოსახულება მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე.წ. სახელმწიფო გერბზე მარცხნივ?

...

2. საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის 9 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ისტორიული ("გორგასლიან-დავითიან-თამარიანი") დროშის აღდგენის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მომავალი სახელმწიფო სიმბოლოების იერსახის თაობაზე პოზიცია არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, თბილისის "ოპოზიციურმა" საკრებულომ 2002 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით თბილისის მერიის შენობაზე "ისტორიული (დავით აღმაშენებლის) ხუთჯვრიანი დროშები" აღმართა... "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი საქართველოს დღევანდელი ე.წ. სახელმწიფო დროშის "ზუსტი გამოსახულება და სტანდარტული ზომები", ორგანული კანონის ნაცვლად, რატომღაც სააკაშვილის მიერ ერთპიროვნულად გამოცემულ 2004 წლის 25 იანვრის #31 ბრძანებულებაში არის მოცემული.

მართალია, "დავით აღმაშენებლის დროშად" აღიქვამდნენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მხარადამჭერებს, არამედ ლიდერების დიდ ნაწილსაც კი არ ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა შინაარსის დროშებს აფრიალებდნენ (ზოგადქრისტიანულს, ქართული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თუ რომელიმე სხვა რელიგიური მიმდინარეობის, ისტორიულს თუ ორიგინალურს, სახელმწიფოს თუ პარტიულს...).

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაიწყებდნენ მტკიცებულებების ძებნას, რისთვისაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა დოღონაძის ხელმღვანელობით სპეციალისტები საგანგებო მისიით თურქეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მიავლინეს, თუმცა ქართულ "ხუთჯვრიან დროშას" ვერსად მიაკვლიეს...

სამაგიეროდ, ინტერნეტშია საკმაო ინფორმაცია ხუთჯვრიანი სიმბოლოს წარმომავლობის თაობაზე (საკმარისია, თუნდაც პოპულარულ "გუგლში" "შუკგთფდუქ ადფპ", "შუკგთფდუქ სკწთთ", "ეუქზდფკ ადფპ" ან "ეუქზდფკ სკწთთ" აკრიფოთ).

ახალი ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები, რომლებიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე "ნაცმოძრაობის დროშის" შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, დღეს ოფიციალურ განცხადებებს იმავე ხუთჯვრიანი დროშების ფონზე აკეთებენ. ფაქტია, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერზეც გაჩნდა პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ ახალ რეალობასთან ადაპტირებული ჩანაწერი, რომლითაც "სავარაუდოდ, დღეისთვის არსებულ სახეს "გორგასლიან-დავითიანი" დროშა 1320 წლიდან იღებს, როდესაც მეფე გიორგი ქ ბრწყინვალემ (1314-1346) "კლიტენი იერუსალიმისანი" ჩაიბარა...

ბატონო პრეზიდენტო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტში და თქვენს რეზიდენციაშიც დღემდეა გამოფენილი, იქნებ მოქალაქეებსაც აგვიხსნათ, რა შინაარსით გესმით ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და თვლით თუ არა, რომ სახელმწიფო სიმბოლიკის დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო საბოლოო სახე ორგანული კანონით დადგინდეს?

...

3. მოგეხსენებათ, რომ სასამართლოში დღემდე იხილება 2014 წლის 17 თებერვალს შეტანილი ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ვითხოვ თქვენი 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულების ("ვ. მჭედლიშვილის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ") ბათილად ცნობას თქვენივე 2013 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით გამოცხადებული კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის და წარდგენილი დოკუმენტების გაყალბების გამო.

ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა გავამხვილო თქვენი განკარგულებების რეგისტრაციის თავისებურებაზე. მართალია, ადმინისტრაციული აქტის ან ოფიციალური დოკუმენტის ნომერში შეიძლება აისახოს მიღების (გაცემის) თარიღიც (მაგ., #237-05/30.03.15), მაგრამ, პირველ რიგში, რიგითი ნომერი უნდა იყოს მითითებული, რომ არ მოხდეს წინა თარიღით რაიმეს ჩამატება.

ბატონო პრეზიდენტო, მაინტერესებს, ვინ გირჩიათ განკარგულების ამ სახით დანომვრა? რა მიზნით გაქვთ მითითებული მხოლოდ მიღების თარიღი და მხოლოდ იმ დღის განმავლობაში მიღებული განკარგულებების რიგითობა?

...

4. ვინაიდან, სასამართლოში არ მობრძანდით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას გამოვლენილი დარღვევების თაობაზე კითხვების დასმა ვერ მოვახერხე, იქნებ დამდოთ პატივი და საჯაროდ განმარტოთ, პირადად გაეცანით თუ არა ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ კონკურსზე წარდგენილ დოკუმენტებს?

რომელი დოკუმენტით დაგიდასტურათ, რომ მას სპეციალობით 10 წელზე მეტი ჰქონდა ნამუშევარი, რომ 10 წლის განმავლობაში ასპირანტურა-დოქტორანტურაში სწავლის მიუხედავად ერთი სამეცნიერო სტატია მაინც ჰქონდა გამოქვეყნებული, ხოლო, როგორც ადვოკატს ერთი საქმე მაინც ჰქონდა წარმართული სასამართლოში?

რატომ არ წარმოგიდგინათ იმ უნივერსიტეტმა, სადაც ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ეკავა ან სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ", რომლის წევრიც იყო?

რატომ ჩათვალეთ, რომ ვ. მჭედლიშვილი შეეძლო წარედგინა იმ ა(ა)იპ-ს ("დამოუკიდებელი ადვოკატები თავისუფალი პროფესიისთვის"), რომლის წევრიც თავად არ იყო, მითუმეტს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წესდების თანახმად გამგეობა მისი აღმასრულებელი ორგანოა და არა ხელმძღვანელი?

ან ედუარდ შევარდნაძის მიერ 1999 წელს გამოცხადებული მადლობის გარდა, იქნებ, დაასახელოთ ერთი კონკრეტული მახასიათებელი მაინც, რომლითაც ვახტანგ მჭდელიშვილი "სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტად" მიიჩნიეთ და სხვა კანდიდატებთან (თუნდაც, მჭედლიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, სამართლის დოქტორთან, პროფესორ ზურაბ ძლიერიშვილთან შედარებით) უპირატესობა მიანიჭეთ?

...

5. საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი "ურყევი ნება, სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა" კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ. ანუ, ფაქტობრივად, ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპიც ერთხმად ვაღიარეთ და ადამიანის უფლებების დაცვაც პრიორიტეტულად მივიჩნიეთ.

ამდენად, ვინაიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემკავებელს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის ერთადერთ ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს, ქვეყანა რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სტანდარების შესაბამისი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების გამართული სისტემაა ჩამოსაყალიბებელი.

ამდენად, თუ რეალურად გვინდა დემოკრატია და ევროინტეგრაცია, პირველ რიგში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაუცბათევად განხორციელებული "სასამართლო რეფორმებისას" დაშვებული არსებითი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რისთვისაც მოსამართლეების საკადრო შემადგენლობის გადასინჯვასთან ერთად, სასამართლოებისთვის ისეთი შენობები უნდა გამოვყოთ, რომ ადამიანი შესვლისთანავე სახელმწიფოს სახელით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსადმი განსაკუთრებული პატივისცემითა და ნდობით განიმსჭვალოს. მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს განვითარების დონესა და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულობის ხარისხზე პოლიციის შენობების იერ-სახის მიხედვით კი არ მსჯელობენ, არამედ სასამართლოების...

სასამართლოზე რომ მობრძანებულიყავით, თავადაც დარწმუნდებოდით, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ქალაქის განაპირას მდებარე 2005 წლის მე-5 თვის მე-5 დღეს ნაუცბათევად გახსნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 სართულიანი შენობის სხვენში ("მანსარდაში") არის განთავსებული და ე. წ. სხდომათა დარბაზებში (რამდენიმე 8-10 კვ. მეტრს არ აღემატება...) მოსახვედრად "ლაბირინთებია" გასავლელი. მათში სინათლის სხივიც კი ვერ აღწევს.

ამ დროს, ე. წ. ავლაბრის რეზიდენცია უაღრესად არაეფექტურად არის გამოყენებული. არაგონივრულად მიმაჩნია ამხელა შენობაში უფლებამოსილებაშეკვეცილი "პირველი პირის" და მისი ადმინისტრაციის განთავსება. მითუმეტეს, როდესაც პირადად დავრწმუნდი, რომ შაბათ-კვირას რეზიდენცია ცარიელია და პრეზიდენტის "ცხელ ხაზზეც" კი არავინ პასუხობს.

მიმაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენციაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ან/და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ("ადმინისტრაციული იუსტიციის"), საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განთავსებით სასამართლო ხელისუფლება შესამჩნევად აიმაღლებდა შელახულ ავტორიტეტს და ამ შთამბეჭდავი შენობის ("მართლმსაჯულების სასახლის") ფასადზე ამოკვეთილი შეგონება ("ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!") სიმბოლურ შინაარსს შეიძენდა, თორემ დღეს ნამდვილად ცინიკურად ჟღერს.

ამასთან, სასამართლო ხელისუფლების მტკვრის მეორე მხარეს, მითუმეტეს, სამების ტაძრის სიახლოვეს განთავსება, სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან, ხოლო ამქვეყნიური მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლეები არც მართლაცდა უზენაესი მსაჯულის არსებობას დაივიწყებდნენ.

ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ გიფიქრიათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატის შერჩევის შემდეგ მორიგი გონივრულ ნაბიჯი გადადგათ და ავლაბრის რეზიდენცია სასამართლო ხელისუფლებას დაუთმოთ?

ცხადია, ისიც მაინტერესებს, თუ ვინ უშლის ხელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აღადგინოს სამართლიანობა და გაუმართლებლად რატომ გაჭიანურდა თქვენ წინააღმდეგ წარმართული დავის განხილვა. საშუალება რომ მქონდეს, პირადად გკითხავდით, რა აზრის ხართ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თაობაზე, რომლის თანახმად "შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი", თქვენც თვლით, რომ უკვე დადგა "შესაბამისი პირობები" ორპალატიანი პარლამენტის ასარჩევად, ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს ფედერაციად (ან კონფედერაციად) მოსაწყობად?

თუმცა, ამჯერად მადლობელი დაგრჩებით, თუ მხოლოდ ზემოთ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ მოიცლით. თუ ამას ვერ მოახერხებთ და აღნიშნულ საკითხებს არც საანგარიშო მოხსენებაში დაუთმობთ ყურადღებას, იმედი მაქვს, დამოუკიდებელი ჟურნალისტები დაინტერესდებიან და პრესკონფერენციებზე მაინც მოისმენენ თქვენს პასუხებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების "ურყევი ნება", მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, პირველ რიგში, მეტი აქტიურობით უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, პოლიტიკოსებს კითხვებიც უნდა დავუსვათ და პასუხების გაცემაც არჩევნებამდე უნდა მოვთხოვოთ. მხოლოდ ზნეობით გამორჩეულ კვალიფიციურ იურისტებს დავუჭიროთ მხარი და არა გლობალურ ან ლოკალურ, სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე მოლაყბე დემაგოგ "ტელეპოლიტიკოსებს" (თანამედროვე "ოსტაპ ბენდერებს"...).

ამასთან, არა მარტო ყველა დონის საჯარო მოხელეს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარესაც, პრემიერ-მინიტრსაც და პრეზიდენტსაც პირველ რიგში კანონისადმი პატივისცემით მოპყრობა უნდა მოსთხოვოთ. ხოლო თუ ისევ მხოლოდ ბუტაფორიულ-ფასადური დემოკრატიისა და პლუტოკრატიული ტირანიის ("ბანანის რესპუბლიკის") სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება, სახელმწიფოს პირველ პირებად გამწესება და სადეპუტატო მანდატების განაწილება ეკონომიკის სამინისტროს მივანდოთ. შედეგად, პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს ან პარლამენტარებს ღია აუქციონების შედეგად შევარჩევდით... ამ გზით ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც "ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერებში" გადავყრიდით ფულს უაზროდ და რევოლუცია-გადატრიალებებსაც ავიცილებდით თავიდან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×