მოსაზრება
04.03.2015

რამაზ გახოკიძე

ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი

გენური ინჟინერიის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ახალი გენეტიკური მასალის მიღება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში, მაგალითად, ეს არის გენმოდიფიცირებული (გმ) ინსულინი. ბოლო დროს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა ისე იმატა, რომ ყველასთვის მედიკამენტის მიწოდება შეუძლებელი გახდა. აღარ იყო სამყოფი ინსულინის დასამზადებელი ცხოველური მასალა (კუჭქვეშა ჯირკვალი). 1978 წელს შემუშავდა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ინსულინის გენი გადატანილ იქნა ადამიანის ნაწლავის ბაქტერიაში, რომელმაც მისთვის უჩვეულო ნივთიერების - ადამიანის ინსულინის - მიღება "ისწავლა". ასევე დიდი როლი შეასრულა გენურმა ინჟინერიამ ინტერფერონის - მრავალი ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის - წარმოებაში.

გენური ინჟინერიის გამოყენებას სოფლის მეურნეობაში, მედიცინისგან განსხვავებით, ბევრად მეტი წინააღმდეგობა შეხვდა საზოგადოების მხრიდან. დაგროვდა საკმაო რაოდენობის მონაცემი, რომლებიც მიუთითებს გენური ტექნოლოგიით მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესაძლო მავნეობაზე.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ისეთი ორგანიზმია, რომლის გენეტიკურ აპარატში (გენომში) ხელოვნურად ჩანერგილია გენი/გენები სხვა ორგანიზმიდან. განსაზღვრული გენის ჩასმისას მცენარე იძენს საჭირო თვისებებს (მდგრადობა მავნებლების, პესტიციდების მიმართ და ა.შ.), რაც ამარტივებს აგროტექნოლოგიას და, შესაბამისად, აიაფებს წარმოებას. ამ თვალსაზრისით, მიზანი კეთილშობილურია - საკვები იაფდება, შესაძლებელია მთელი პლანეტის გამოკვება... მაგრამ სინამდვილეში ასეა?

თითოეულ ორგანიზმს აქვს ძალიან რთული აგებულება - მუშაობს 50 ათასზე მეტი გენი, რომელთაგანაც შედარებით შესწავლილია 200-300. თითოეული მათგანი მარტო თავის მუშაობაზე არ აგებს პასუხს, ყველა გენი ერთმანეთთან ურთიერთმოქმედებს. ჩასმული უცხო გენი არა მარტო თავისთვის მუშაობს, არამედ ცვლის სხვა გენების მუშაობას. დღეს ეს პროცესი არ არის შესწავლილი და ყველა მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია. გენის ჩასმა დნმ-ის ჯაჭვში ხდება გადამტანი ბაქტერიების საშუალებით, მაგრამ წინასწარ შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა თუ რომელ უბანში ჩაერთვება უცხო გენი და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ბაქტერიით გაბინძურება.

გენმოდიფიცირებული კულტურების მოშენების შედეგად მავნებლები და ვირუსები განიცდიან მუტაციას და უფრო აგრესიულნი ხდებიან, რაც იწვევს სუპერმავნებლების წარმოქმნას, რომელთაც შეუძლიათ ტრადიციულ ჯიშებზე და კულტურებზე გადასვლა და მათი საფრთხის ქვეშ დაყენება.

გენურმა ინჟინერიამ უაღრესად სახიფათო მიმართულება მიიღო. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გმ სოია იწვევს ალერგიას ბავშვებში, რის გამოც ევროკავშირმა აკრძალა მისი გამოყენება ბავშვთა კვებაში. კიდევ ერთი საშიშროება - ჩასმული უცხო გენი შეიძლება გადავიდეს ნაწლავის მიკროფლორაში. შედეგი: ახალი ბაქტერიების გავრცელება, ხოლო ნაწლავები შეიძლება მდგრადი აღმოჩნდეს ანტიბიოტიკების მიმართ. მეცნიერების მიერ ჩატარებული მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით ნაჩვენებია, რომ გმ საკვების (კარტოფილი, სიმინდი, სოია, ბოსტნეული, ხორცის კონსერვები) გავლენით ცხოველები სწრაფად ბერდებიან, აქვთ სუსტი იმუნიტეტი, უვითარდებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ელენთის და თავის ტვინის ანომალიები, არ შეუძლიათ ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენა და ანომალურად მაღალია სიკვდილიანობა.

გენმოდიფიცირებული კულტურები უარყოფით გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. გენური ინჟინერიას შეუძლია მოხსნას სახეობათაშორისი ბარიერები და ერთმანეთთან დაუკავშირებელ სახეობებს შეურიოს ინფორმაცია. ბუნებაში ყოველ სახეობას თავისი ბუნებრივი მტრები და პარაზიტები ჰყავს, რომლებიც საშუალებას არ აძლევს სხვა სახეობას, რომ მეტისმეტად გამრავლდეს. გმ მცენარეთა ტოქსინების ზემოქმედება თავისუფლად მცხოვრებ მტაცებელ და პარაზიტ მწერებზე გამოიწვევს ჩამოყალიბებულ ურთულეს ურთიერთობათა რღვევას ეკოსისტემებში. ასევე შესაძლებელია გმ კულტურები დაიმტვეროს ველური სარეველებით, რაც გამოიწვევს არაკონტროლირებად პროცესებს და ძველი ჯიშების ან სხვადასხვა ველური სახეობების გადაგვარების მიზეზი შეიძლება გახდეს. ზოგიერთი მაგალითი: ჭიამაიები, რომლებიც იკვებებოდნენ გმ კარტოფილის მატლებით, უნაყოფონი გახდნენ. მართალია, გმ კარტოფილისგან კოლორადოს ხოჭო იღუპება, მაგრამ შენახვისას ასეთი კარტოფილი ლპება (ამიტომ ასეთ პროდუტს მაშინვე ამუშავებენ).

გენური ინჟინერია სავსეა გაუთვალისწინებელი, გვერდითი მოვლენებით. მაგალითად, როდესაც ორაგულში შეიყვანეს ნიანგის ზრდის ჰორმონის გენი, ორაგული ერთბაშად გაიზარდა, მაგრამ მწვანედ შეიფერა და ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა.

ტრანსგენური ორგანიზმები აწარმოებენ უცხო ცილებს, რომლებიც წარმოადგენს შესაძლო ალერგენებს. გმ პროდუქტებს შეუძლია კიბოს პროვოცირება. ტრანსგენებს აქვს თვისება ჩაერთოს ნაწლავის მიკროორგანიზმების გენურ აპარატში, ეს კი უკვე მუტაციაა. როგორც ცნობილია, სწორედ უჯრედების მუტაცია იწვევს კიბოვანი უჯრედების წარმოქმნას.

გმ ორგანიზმების ინგრედიენტებს, პრაქტიკულად, უკვე ყველა სახეობის საკვებში უმატებენ: ნახევარფაბრიკატებში, ძეხვებში, საკონდიტრო და რძის ნაწარმში, ნაყინში, ჩიფსებში, სწრაფი მოხმარების პროდუქტებში, მაიონეზში, სოუსებში, გაზიან სასმელებში. ტრანსგენურ კომპონენტებს შეიცავს "ნესტლეს", "სიმილაკის" და "დანონის" კომპანიების პროდუქტები, შოკოლადი "მარსი", "სნიკერსი", "ტვიქსი", "კოკა-კოლას" პროდუქტები: "კოლა", "სპრაიტი", "ფანტა"... და ყველაფერ ამას ჭამენ და სვამენ ჩვენი შვილები!

ცნობილია შემთხვევები თუ როგორი ზიანი მიაყენა ადამიანებს გენეტიკურად შეცვლილმა პროდუქტებმა. მაგალითად, გენეტიკურად შექმნილი ელ-ტრიპტოფანის (საკვებდანამატი) გამო ათასობით ადამიანი გარდაიცვალა ან მძიმედ დაინვალიდდა სისხლის დაავადებით (ეოზინოფილია-მიალგიის სინდრომი).

გენურ ინჟინერიას შეუძლია ახალი მცენარის, ახალი ცხოველის, ახალი ადამიანის მიღება. უკვე აშენებენ ტრანსგენურ ტყეებს, მიმდინარეობს ცხოველებისა და ადამიანის კლონირება. რას უქადის ეს მსოფლიოს?

გენური ინჟინერია უკვე გამოიყენება კაცობრიობის რასის "გასაუმჯობესებლად" (პროექტი ცნობილია ევგენიკის სახელით). პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დააპატენტეს ცხოველთა სპერმის გენეტიკურად შეცვლის მიღების მეთოდი, თაობიდან თაობაზე გადაცემული თვისებების შეცვლის მიზნით. ეს, ანალოგიურად, შესაძლებელია ადამიანების შემთხვევაშიც. როგორ მოგვაგონებს ეს ნაცისტების სურვილს "სრულყოფილი" რასის შექმნისა. არის საშიშროება, რომ მცირე კორპორაციული ელიტა მალე გააკონტროლებს პლანეტის ყველა გენეტიკურ მემკვიდრეობას.

არსებობს გენეტიკურად შეცვლილი ბიოლოგიური იარაღის შექმნის საშიშროება. ასეთი იარაღი მოიცავს ყველა ანტიბიოტიკის მიმართ მდგრად ბაქტერიებს, ასევე ახალ ორგანიზმებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინის მოქმედების ანულირება ან ადამიანთა და მცენარეთა ბუნებრივი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, ჰორმონული ბალანსის დარღვევით გამოწვეული უვნებელი ბაქტერიების (რომლებიც ბინადრობენ ადამიანის ნაწლავებში) ტრანსფორმაცია მკვლელებად.

გმ ჯიშების სტანდარტიზაცია ძალიან რთული საკითხია. გმ ორგანიზმების ინგრედიენტების განსაზღვრა გემოთი და სუნით შეუძლებელია. ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის გარეგნულ სახეს: სტანდარტული, ზუსტად ერთნაირი, ყოველგვარ ნაკლს მოკლებული პროდუქტი პირდაპირ მიუთითებს გმ ორგანიზმების შემცველობაზე. თუ სოიას შედგენილობაში შედის მცენარეული ცილა, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ იგი გენმოდიფიცირებულია.

ევროპისა და აფრიკის ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა გმ პროდუქტებზე. აკრძალვა შემოიღეს აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც. აფრიკის მთელი რიგი ქვეყნების მინისტრების მიმართვაში - "მოდით, კვლავაც მივიღოთ ბუნებრივი მოსავალი" - ნათქვამია: "ჩვენ გადაჭრით ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ დაუშვებელია ღარიბი და მშიერი ხალხის მდგომარეობის გამოყენება ტრანსნაციონალური გიგანტური კორპორაციების მიერ ისეთი თავსმოსახვეული ტექნოლოგიებით, რომელიც არ არის უსაფრთხო და არც ეკონომიკური მოგება გააჩნია. მიგვაჩნია, რომ ეს გაანადგურებს მრავალფეროვნებას, ადგილობრივ ადათ-წესებს, ჩამოყალიბებულ აგრარულ სისტემას, რომელთაც ჩვენი გლეხები ათასობით წლის განმავლობაში ქმნიდნენ".

პირველი გმ პროდუქტი 1994 წელს გამოჩნდა. 1996 წელს, საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით, შემოიტანეს ტრანსგენური კარტოფილი. 1997 წელს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასეთი კარტოფილი მაინც დათესეს. საბედნიეროდ მოსავალი დაიღუპა. კარტოფილს გაუჩნდა სოკო და ვერ შეეგუა ადგილობრივ კლიმატს.

არსებობს გენური ინჟინერიის მიღწევების ანტიადამიანური მიზნით გამოყენების საფრთხეც. შეიძლება შეიქმნას ძალიან საშიში ბიოლოგიური იარაღი, წარმოიქმნას დედამიწისათვის უცნობი ახალი ორგანიზმები, რომელთა საწინააღმდეგო იმუნიტეტი ადამიანს არ გააჩნია. ჯერჯერობით უცნობია ისიც თუ რა გავლენას მოახდენს ორგანიზმზე გენური ვაქცინები. ამასთან ვირუსებმა თავიანთ "თანამოძმეებთან" შერწყმით შეიძლება ისეთი ჰიბრიდები წარმოქმნან, რომ შიდსი ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენოს. საშიშროებას წარმოადგენს ისიც, რომ გენეტიკურმა ინფორმაციამ შეიძლება ადამიანთა დისკრიმინაციის ახალი სახე წარმოშვას (გენეტიკური ნიშნების მიხედვით).

ამგვარად, გენური ინჟინერია აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც არღვევს ბარიერებს არა მარტო სახეობებს შორის, არამედ ადამიანებს, ცხოველებს და მცენარეებს შორისაც. ცხოველთა და ადამიანის გენებსაც კი ამატებენ მცენარეთა ან ცხოველთა გენებს, რაც იწვევს წარმოუდგენელი ტრანსგენური სასიცოცხლო ფორმების წარმოქმნას. გმ პროდუქტები მორწმუნეთათვის შეიძლება მარხვის დარღვევის მიზეზი აღმოჩნდეს. მცენარე, რომელშიც ხელოვნურად შეყვანილია ცხოველის გენი, იძენს მის გენეტიკურ თვისებებს და აუცილებლად შეიცავს ცხოველური ცილებს, რაც ნებით თუ უნებლიედ იწვევს მარხვის დარღვევას.

პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი სიცოცხლის არქიტექტორად გვევლინება. შესაძლებელი გახდა ცოცხალი არსებისგან მისი ასლის წარმოქმნა იმ გენეტიკური მასალის გამოყენებით, რომელსაც შეიცავს მოცემული უჯრედი (კლონირება). კლონირებულ ცხოველთა უმრავლესობა იღუპება დაბადებამდე ან დაბადებისთანავე, ხოლო მათ, რომლებიც იბადებიან, აქვთ ჰიპერტროფირებული ორგანოები, დეფორმირებული კიდურები, დარღვეული აქვთ იმუნური სისტემა, დაავადებულნი არიან დიაბეტით.

პერსპექტივა შემაშფოთებელია. გენურმა ინჟინერიამ წარმოშვა უპრეცედენტო ეთიკური და სოციალური პრობლემები, ასევე საფრთხის ქვეშ დააყენა გარემოს კეთილდღეობა, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობა და სოფლის მეურნეობის მომავალი.

გენური ინჟინერიის მოწინააღმდეგეა გამოჩენილი ბიოქიმიკოსი, მოლეკულური ბიოლოგიის მამა ირვინ ჩარგოფი. "ყველა ინოვაცია ყოველთვის როდი იწვევს პროგრესს. გენური ინჟინერია უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მსოფლიოს, ვიდრე ბირთვული ტექნოლოგიები. მე ვგრძნობ, რომ მეცნიერებამ გადააბიჯა იმ ბარიერს, რომელიც ურღვევი უნდა დარჩეს", - წერდა იგი თავის ავტობიოგრაფიაში.

ასე რომ, გენეტიკურ მანიპულაციებს ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ღვთაებრივ საწყისში შეჭრა და სამყაროს ჰარმონიის უგულებელყოფა ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება.

არსებობს ორი გზა:

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელება ჩვენ უცხოელ კომპანიებზე დამოკიდებულს გაგვხდის და საფრთხეს შეუქმნის ეკოსისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით;

2. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე უარის თქმა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა უზრუნველგვყოფს სურსათით, დამოუკიდებლობით, ხოლო პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტი მოგვიტანს უზარმაზარ მოგებას;

თუ რომელ გზას ავირჩევთ და საით გადაწონის სასწორის პინა, ჩვენზეა დამოკიდებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×