რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მოწილეები ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს წილების იძულებით წართმევასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ირწმუნებიან, რომ ყოფილმა გუბერნატორმა მისი ძმისა და რუსთავის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მეშვეობით მათ წილები დაათმობინეს, ხოლო მaათ, ვინც ეს არ გააკეთა, პროკურატურის მეშვეობით სისხლის სამართლის საქმეები "შეუთითხნეს" და ციხეში ჩასვეს, თუმცა მოგვიანებით, ისევ და ისევ წილების დათმობის ხარჯზე, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს.
თავად დავით კირკიტაძე, რომელზეც ამჟამად სხვა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის აგორებას ცდილობენ. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ რუსთავში შპს "ერთობის" (რომლის საკუთრებაშიც იყო სტამბოლის ბაზარი) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწილე, რომლის ვინაობასაც კირკიტაძე არ ამხელს, მასთან კონკრეტული წინანადებით მივიდა და შეთანხმება შესთავაზა.
დავით კირკიტაძეს, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება, ტელეფონით ვესაუბრეთ. ის "რეზონანსთან" საუბრისას იმ შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელიც მის კაბინეტში ამ პიროვნებასთან შედგა. ამბობს, რომ მასთან მივიდა ეს პიროვნება და შესთავაზა გარიგება - მერიას მისთვის უნდა დაეთმო რუსთავ ქალაქის კუთვნილი სტამბოლის ბაზრის მფლობელი კომპანიის 40%, სანაცვლოდ კი ის იმ კანონიერი ქურდების სახელებს გაამხელდა, რომლებიც ამ ბაზრობას თანხას სძალავდნენ.
ყოფილი გუბერნატორი
"თქვენი გამოცემა პირველი იქნება, რომელიც ამ თემას გააშუქებს და დღის სინათლეზე გამოიტანს. უნდა გითხრათ, რომ აქამდე ამის გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდი, თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ ყველა დეტალი უნდა იცოდეს, რა და როგორ მოხდა. ასევე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია აწარმოონ," - აცხადებს დავით კირკიტაძე, - ამ ადამიანს ერთი კონკრეტული პიროვნების თხოვნით შევხვდი, მაშინ ეს პერსონა შპს "ერთობის" წარმოადგენელი და ყველაზე დიდი წილის მფლობელი გახლდათ. სწორედ მას ჰქონდა უფლება ამ ორგანიზაციის სახელით ესაუბრა. მან მითხრა, რომ 2003 წლამდე მხარს უჭერდა და აფინანსებდა რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააჩნდა, ვინაიდან მისი სურვილი იყო ადგილობრივ ბიზნესმენებს ის მძიმე ტვირთი ჩამოსცლოდათ, რასაც კანონიერი ქურდებისათვის გადახდილი ხარკი ერქვა. მინდა გითხრათ, რომ ახლა მის სიტყვებს ვციტირებ:
"მან მითხრა, რომ ყველაფერი ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ უწევდა ბაზრობის თანხებიდან კანონიერი ქურდებისთვის ფულის გადახდა. მას უნდოდა, რომ საქმეს სისხლის სამართლის მსვლელობა მისცემოდა და ამ მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებულიყო. ეს ხანში შესული ადამიანი გახლდათ, ამიტომ თავიდან მისი საუბარი საკმაოდ რეალისტური მეჩვენა. მაშინ ვუთხარი, რომ მე როგორც გუბერნატორს მხოლოდ ერთი ქმედითუნარიანი ნაბიჯის გადადგმა შემძლო და ეს იყო სამართალდამცველი ორგანოების საქმეში ჩართვა.
მითხრა, რომ ამ წინანადებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვთანხმდებოდა, თუ რუსთავის მერია, რომელიც აღნიშნულ შპს-ში 40%-ის მფლობელი გახლდათ, წილს უსასყიდლოდ გადასცემდა. ეს იყო ჩვენი საუბრის პირველი ნაწილი. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ამის დამტკიცება შემიძლია," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კირკიტაძე.
მისივე თქმით, ამ საუბრის შემდგომ მან საქმის კურსში ჩააყენა პროკურატურა და უშუალოდ ზურაბ ადეიშვილი. საბოლოოდ სახელმწიფომ გადაწვიტა, მერიის კუთვნილი წილი აუქციონზე გაეტანა და გაესხვისებინა.
"ამ ყველაფრის შემდგომ მე ვალდებული ვიყავი საქმის კურსში მთავარი პროკურატურა და ზურაბ ადეიშვილი ჩამეყენებინა. ადეიშვილს ვუთხარი, ეს ადამიანი აცხადებს, რომ ავიწროებენ-მეთქი. მან მითხრა, რომ ყველაფერს ბოლომდე გამოიკვლევდა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბუნებრივია, ეს პასუხი ჩემთვის მისაღები იყო," - ამბობს დავით კირკიტაძე.
"შემდგომ მოვლენები ჩემდა დამოუკიდებლად განვითარდა, მოგვიანებით კი ზურაბ ადეიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ქონების ნაწილი იყო სახელმწიფო ბალანსზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ დროებითი მმართველი უნდა შეგვერჩია, რომელსაც სურვილი ექნებოდა სახელმწიფოსგან ქონება და აღნიშნული ბაზრობა შეეძინა. ჩვენ ეს მოვახერხეთ - აუქციონზე გამოტანის შემდგომ წილი ებრაელმა ინვესტორმა შეიძინა. შემდგომ რა მოხდა და ვინ როდის დაიკითხა, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.
"ამის შემდგომ ადამიანმა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, მოიარა მთელი პროკურატურა, სამართალდამცველი ორგანოები და ფინანსური პოლიცია და საქმე ყველგან გაასაჩივრა. ვარაუდი იმაზე, რომ კირკიტაძემ ე.წ. სტამბოლის ბაზრის ხელში ჩაგდება მოინდომა, არის აბსურდი, ამის არავითარი ინტერესი არ მქონია. არც ის მაინტერესებდა, ვინ იყვნენ შპს "ერთობის" მეწილეები. გარწმუნებთ, რომ ამ ადამინის წინააღმდეგ ყველანაირ დოკუმენტაციას შევკრებ და თავის დროზე ცილისწამებისთვის სასამართლოში ვუჩივლებ," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კირკიტაძე.
ყოფილი მოწილეები
თავად ყოფილი მოწილეები კი ჩვენთან საუბრისას საწინააღმდეგო ვერსიას ყვებიან და ამბობენ, რომ კირკიტაძეს წილები პირადი საკუთრებისთვის უნდოდა, რისთვისაც საკუთარი თანამდებობა გამოიყენა და მათზე კონკრეტული ადამიანების მეშვეობით ზეწოლა დაიწყო. როგორ ჩვენთან საუბრისას ყოფილი მოწილე ლიანა აბაიაძე ყვება, მოწილეებზე წნეხი 2009 წლიდან დაიწყო.
ამბობს, რომ მათი დაპატიმრება ეტაპობრივად დაიწყო, ქონების დათმობის სანაცვლოდ კი ისინი სასჯელისგან რამდენიმე თვის შემდგომ გაათავისუფლეს. აბაიაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ყველაფრის შემდგომ წნეხი უშუალოდ მასზე განხორციელდა, მაგრამ მან არ დათმო წილი და, შვილთან ერთად, ქვეყანა დატოვა.
"წილის არდათმობის შემდგომ ჩემზე ზეწოლა დაიწყო - ფინანსურ პოლიციაში გვიან ღამით დაბარება, დაკითხვები და წილის არ დათმობის შემთხვევაში პროკურორის პირდაპირი მუქარა, რომ დამიჭერდა. მივხვდი, რომ ძალით დამათბობინებდნენ წილს, ამიტომ იძულებული გავხდი 2010 წლის აგვისტოში დამეტოვებინა ქვეყანა ჩემს შვილ დავითთან ერთად, რადგან ბავშვობიდან ინვალიდი ვარ და მარტო გამიჭირდებოდა მგზავრობა. დაახლოებით სამ კვირაში დანარჩენი მოწილეები დააპატიმრეს.
"იქიდან გამომდინარე, რომ მე წილი ვერ წამართვეს, დაუსწრებლად 14 წელი მომისაჯეს, ხოლო ჩემს შვილს, დავით ბლუაშვილს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს კი 10 წელი. ამის გამო ჩემი შვილი უკან ვეღარ დაბრუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ რუსთავის მაშინდელი თავმჯდომარის, კახა გურგენიძის მხრიდან შუამავლის მეშვეობით იყო შემოთავაზება სასჯელების გაუქმება წილის დათმობის სანაცვლოდ, რაზეც, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას აბაიაძე.
მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რუსთავის მერიამ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მისი საკუთრება ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. ახლა კი ოჯახის მთავარი პრობლემა ის სასჯელია, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრება.
"ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენმა ადვოკატმა მთავარ პროკურტურაში შეიტანა სარჩელი საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით, თუმცა მსვლელობა არ მიეცა," - ამბობს დაზარალებული ლიანა აბაიაძე. საქმის მსვლელობის შესახებ "რეზონანსს" ბლუაშვილისა და აბაიაძის ადვოკატი ლაშა პარასტაშვილი ესაუბრა.
"არსებობდა კომპანია შპს "ერთობა", რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე ფართი. ამ კომპანიის დამფუძნებელი და მეწილე იყო 6 ადამიანი და ქალაქ რუსთავის თვითმმართველობის ერთ-ერთი ფონდი. ამ ფართებით საკმაოდ წონიანი მაღალჩინოსნები დაინტერესდნენ, ისეთები, როგორებიც იყვნენ დათო კირკიტაძე და რუსთავის საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარე კახა გურგენიძე. საქმეში ჩართული იყო დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძეც. ცხადია, სერიოზული ზურგის გარეშე ასეთ თავხედობას ვერ გაბედავდნენ.
"სწორედ მათ, შუამავლების მეშვეობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლაიანა აბაიაძესა და სხვა მეწილეებს წილის დათმობა მოსთხოვეს. ცხადია თავიანთი ნებით არავის არაფერი დაუთმია, ამიტომ საქმის კეთება პროკურატურის მეშვეობით დაიწყეს. ამის შემდგომ დაიწო ზეწოლა - დააკავეს რამდენიმე მეწილე, კერძოდ, კი გიორგი ჭანტურია და დავით ქიქოძე. პროკურატურის მოთხოვნა ასეთი იყო - თუ თვითმართველობის სასაგებლოდ წილებს ერთიანად ყველანი დათმობთ, დანარჩენებს გამოვუშვებთ, წინააღმდეგ შემთხევევაში ზეწოლა თქვენზეც გაგრძელდებაო.
"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს და იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, დანარჩენმა მეწილეებმა კი სანოტარო აქტის საფუძველზე კუთვნილი წილები თვითმართველობას აჩუქეს და წნეხისგან გათავისუფლდნენ. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, ლიანასა და დათოს, ბრალდება იყო შემდეგი - ამ ორ დაკავებულს აიძულეს ხელი უკვე გამზადებულ ჩვენებაზე მოეწერათ, სადაც ჩვენებას ლიანა აბაიაძის წინააღმდეგ აძლევდნენ და აცხადებდნენ, რომ აბაიაძე ფულს სალაროს გვერდის ავლით იღებდა, რაშიც მისი შვილი დავითიც იყო ჩართული. ცხადია, ეს იყო ზეწოლის შედეგად მიცემული ცრუ ჩვენება.
"გასული წლის ზაფხულში ჩვენი მოთხოვნის შედეგად ანტიკორუფციულმა სააგენტომ ამ საქმის გამოძიება დაიწო. მათ დაკითხეს საქმეში არსებული მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ჩვენებები წნეხის ქვეშ ჰქონდათ მიცემული. აქედან გამომდინარე, მათ ჩვენი პოზიცია გაამაგრეს. "სასამართლო განჩინების თანახმად, დავით ბლუაშვილს ერთი მუხლის საფუძველზე 10-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო ლიანა აბაიაძეს 2 მუხლით 15-წლიანი სასჯელი, ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ წილი საკუთარი ნებით არ დათმეს.
"მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვითარება შეიცვალა, სააპელაციო სასამართლოში ის განაჩენი გავასაჩივრეთ, რის საფუძველზეც აბაიაძესა და ბლუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა ვინაიდან ვადებში არ ჯდებოდა, განხილვაზე უარი მითხრეს, რის შემდეგაც მე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მივმართე და გასაჩივრების ვადის აღდგენა მოვითხოვე, სასამართლომ ეს შესაბამის საფუძვლად არ მიიჩნია. რადგან სასამართლოსთან ყველა გზა ამოიწურა, პროკურატურას მივმართე, მათ დაკითხეს მოწმეები და ჩემთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
"ვინაიდან მოწმეთა ჩვენების შედეგად ზეწოლა დადასტურდა და განაჩენი ყალბ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, ჩვენ ვითხოვთ პროკურატურამ სასამართლოს სასჯელის შეცვლის შესახებ მიმართოს. ანუ, მარტივი და გასაგები ენით რომ ვთქვათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ქვეყანაში დაბრუნებისა და ძალოვან სტრუქტურასთან თანამშრომლობის საშუალება პატიმრობის გარეშე მისცენ, რათა მათ თავიანთი სიმართლის დადასტურება შეძლონ. ოქტომბერში ამაზე თანხმობა განმიცხადეს, თუმცა მას შემდეგ არავინ დამკავშირებია," - ამბობს ადვოკატი.
დაახლოებით იგივეს ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული მოწილეს შვილი გიორგი ჭანტურია, რომელიც 3 თვით იყო დაჭერილი.
"ყველაფერი იყო მარტივად, რამდენიმე ოჯახი ვფლობდით წილებს, კირკიტაძემ მოგვთხოვა წილების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დათმობა. ბუნებრივია, მიიღო უარი. ამის მერე შემოვიდა ქვემო ქართლის ფინანსური პოლიცია. მაშინ კირკიტაძის ძმა, ირაკლი, თბილისის ფინანსურში მუშაობდა, ძიების პროცესში იყო უამრავი დაბარება პროკურატურაში, გუბერნატორთან, მერიაში, გვემუქრებოდნენ დაჭერით. ამის გამო იყო რომ ბლუაშვილებმა დატოვეს საქართველო და დავრჩით მე და გარდაცვლილი გიორგი ქიქოძე. ჩვენ ორნი დაგვაკავეს კიდეც. ვიჯექით გლდანში 3 თვე. მთელი ეს პერიოდი მიდიოდა ვაჭრობა. გარდა ბაზრის წილებისა, წაგვართვეს მიწის ნაკვეთებიც. ამ ყველაფრის დათმობა მოხდა ჩემი და ქიქოძის წილების სანაცვლოდ. 2010 წლის 2 დეკემბერს მოხდა წილების გადაფორმებაც და ჩვენი გამოშვებაც, რაც შეეხება ჩვენების მიცემას, ეს იყო მათი მოთხოვნა საქმის "გასაპრავებლად". მეც და ქიქოძესაც უნდა მიგვეცა აღიარებითი ჩვენებები," - ამბობს ჭანტურია.
რაც შეეხება ირაკლი კირკიტაძესა და კახა გურგენიძეს, ისინი "რეზონანსთან" მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლენ - ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და აბსურდი უწოდეს.
როგორც "რეზონანსს" შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ.