რეზონანსი
10.10.2020

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ოჯახმა განცხადება გააკეთა.

ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმე პოლიტიკურ თამაშებს ემსახურება, მისი მეუღლე სიმართლის თმისთვის ისჯება.

"ის დიდი სპექტაკლი, რომელიც დადგა "ოცნებამ", იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, თითქოს "ნაციონალების" დროს მოხდა რაღაც მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით მოეპოვებინათ ხმები, ამის გამო დადგეს ეს სპექტაკლი. ეს ერთი და ორი დღის დადგმული არ არის, ერთი წელი, წელიწადნახევარია უკვე, რაც ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. ხოლო როდესაც ამის გამო ღალატში დაადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა, რადგან უაღრესად პატიოსანი, წესიერი და პატრიოტი ადამიანია. მართალია, ის პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ხელი შეუშალა ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც მან თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების გადაცემის კუთხით და ამიტომ მათ განახორციელეს ამ ორი ადამიანის მიმართ დაკავების ღონისძიება და ბრალდების წარდგენა,"- განაცხადა თამარ სულაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა ივერი მელაშვილს მსგავსი მოლაპარაკება გაჩუმების სანაცვლოდ, თამარ სულაძე პასუხობს, რომ არა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ივერი მელაშვილს წინააღმდეგობა, რომ არ გაეწია, შესაძლოა, არც დაეკავებინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×