
არის თუ არა დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკური კონტექსტი და რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ ეს თემა მაინც და მაინც არჩევნებს დაემთხვა. ზოგ ანალიტიკოსს კი მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პირიქით, ეშინია დაკავებული მეცნიერები არ ალაპარაკდნენ და არ თქვან, რომ მათ მითითება რუკების გადამალვის შესახებ ხელისუფლებისგან ჰქონდათ.
ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომზადებული სქემა პროკურატურამ თვენახევარში გაშიფრა. გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აზერბაიჯანს შორის 2007 წელს შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები 1938 წლის რუკაზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს არ ემთხვევა და რიგი შეუსაბამობებია.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი დავით გარეჯის საქმის პოლიტიზება მიუთითებს, რომ შესაძლოა, ამ საქმის უკან იმაზე მეტი იმალებოდეს, ვიდრე ჩანს.
კითხვაზე, რა მოტივი შეიძლება ჰქონდეთ ამ საქმეზე დაკავებულებს, კობახიძე ამბობს, რომ შესაძლებელია, მიზეზი ანგარება იყოს.
„ეს საეჭვო პოლიტიზება ამ საქმის, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს იმაზე მეტი იმალება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა მოტივი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რამაც რუსეთს ფედერაციას გაუადვილა ოკუპაცია და ბორდერიზაცია, რომელიც დღემდე წარიმართება, რა მოტივაციაც ჰქონდათ, ალბათ, იგივე მოტივაცია აქვთ ახლაც. ეს არის გამოვლინება იმის, რომ არ უყვარდათ საკუთარი ქვეყანა, სხვა მოტივაციას ვერ ვხედავ და შესაძლოა, მხედველობაში მივიღოთ ანგარების მოტივი“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც ის აცხადებს, დავით გარეჯთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაული „დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი“.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ექსპერტების მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები არ ალაპარაკდნენ, კობახიძე ამბობს, რომ ეს ეჭვი ლოგიკურია.
„ეს ეჭვი, ბუნებრივია, ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სავარაუდო დანაშაული დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი, ამიტომ ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არის ეჭვი და ჩვენთვის მთავარია, დაველოდოთ სამართალდამცველებს. ჩვენთვის მთავარია ამ საკითხის მოგვარება ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,- განაცხადა კობახიძემ.
კავკასიოლოგი და უასფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ამ თემის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ ემხრობა და ამბობს, რომ დავით გარეჯის თემაზე ის თითქმის 6 წელია მუშაობს. ის და სხვა ორგანიზაციები 2014 წლიდან ცდილობდნენ ხელისუფლების იმაში დარწმუნებას, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. არეშიძე ამბობს, რომ ეს რუკა, რომელიც ახლა პროკურატურამ მოიპოვა, ქართული მხარისთვის ვიღაცის მიერ მიზანმიმართულად გადამალული იყო და არავინ იცოდა. თუმცა ამის შესახებ, რომ ის არსებობდა, საუბარი ყოველთვის იყო.
„მე მქონდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან ამ თემაზე საუბარი და თქვეს, რომ თუ ახალი გარემოებები გაჩნდა, თუ ახალი დოკუმენტებია, ეს მათთვის საინტერსოა და არაფერი განსაკუთრებული აჟიოტაჟი მათი მხრიდან არ არის. სიმშვიდეა ჯერჯერობით და მათთვისაც საინტერესოა რაზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარების პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ, უკვე დოკუმენტებით ხელში. ოპოზიციისგან ბოლო დღეების განმავლობაში მესმის, რომ დაამთხვიეს არჩევნებსო. მე პირადად 6 წელია ამ საქმით, ამ დოკუმენტების მოძიებით ვარ დაკავებული და ვიცი, რომ სხვა ჯგუფებიც მუშაობდნენ. უბრალოდ ეს დოკუმენტი ახლა გამოჩნდა, ივლისის დასაწყისში. ლაპარაკი იმაზე რომ იმას დაემთხვა, ამას დაემთხვა, არის ნონსენსი. ამ თემაზე წლებია ხალხი ვმუშაობთ და ხელისუფლების დარწმუნებას ამაში მუდმივად ვცილობდით“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქრეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ რუკების შესახებ ინფორმაცია სიმართლესაც რომ შეესაბამებოდეს, საქართველოს ხელისუფლებას ამის გახმაურება ერთი თვე მაინც უნდა მოეცადა, რადგანაც ყარაბაღის ომის ფონზე, საკმაოდ დიდი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ თუ კი ჩვენს ხელისუფლებას საკუთარი თავი და რეიტინგი არ ადარდებს და გარეჯი მათთვის მნიშვნელოვანია, მაშინ გახმაურებისგან თავი უნდა შეეკავებინა. ყოფილი მინისტრი საქმეში პოლიტიკურ მოტივს ხედავს და ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მხოლოდ არჩევნების მოგებაზე ფიქრობს. ამიტომაც პოლიტიკური კონტექტსი საქმეს თავად ხელისუფლება აძლევს და საქმეში სიმართლის ძიება იკარგება.
„არ ვიცი ეს ამბავი რელურია თუ არა, ვინ გადამალა ეს რუკები და რა მიზნით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ პროკურატურამ ამის მოტივიც უნდა გვითხრას. ფულის გამო მოხდა მისი გადამალვა? რა დგას ამ დანაშაულის უკან, თუ ეს დანაშაული რელურად მოხდა. მე როგორც ვიცი, ეს რუკა ხარვეზიანი იყო და მისი გამოყენება ვერ მოხდებოდა. მდინარის კალაპოტი და სხვა ტერიტორიები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
ამიტომაც ამ რუკის დაწუნება მოხდა. თუ მისი ორიგინალი რუსეთში ინახებოდა, მაშინ ეს დაკავებულები რა შუაში არიან, ეგეც ვერ გავიგე. ერთი კითხვა ჩნდება, რატომ ახლა? დარწამუნებული ვარ ამის შესახებ დიდი ხანია ხელისუფლებამ იცის, ამიტომაც წინსაარჩევნოდ მის გახმაურებას აპირებდნენ. კი ბატონო, მესმის მათი ლოგიკაც, მაგრამ ყარაბაღის ომის გამო თავი ერთი თვე მაინც უნდა შეეკევებინათ. სხვა მხრივ ახლა მხოლოდ ჩვენვე შეიძლება დავზიანდეთ. დარწმუნებული ვარ ეს ამბავი დიდი ხანია რაც იციან. მითუმეტეს ამაზე საპატრიაქრო ამბობს, რომ არა ერთხელ გვისაუბრიაო. აქამდე რატომ არავინ დაინტერესდა? ამიტომაც საქმეში სუფთა წყლის პოლიტიკურ მოტივს ვხედავ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.